ლევან ვასაძე - სასწრაფო მიმართვა საქართველოს მთავრობას

არქივი
ლევან ვასაძე - სასწრაფო მიმართვა საქართველოს მთავრობას
არქივი

ლევან ვასაძე - სასწრაფო მიმართვა საქართველოს მთავრობას

11 აპრილი, 2020

erimedia_ravk/Yc8h74mVg.jpeg

კორონა ვირუსის პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, საქართველოს შემთხვევაში, მოსახლეობის შიმშილის საფრთხის წინაშე გვაყენებს. ამის მიზეზი არის ის, რომ გასული წლების ანტი-ეროვნული ლიბერალური იდეოლოგიის შედეგად, ჩვენს ქვეყანაში საკვები პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა იმპორტზე შემოდის და ჩვენს სავაჭრო და სავალუტო ბალანსს ზიანს აყენებს.

მოსახლეობის ხელმისაწვდომ ფასებში სურსათით უზრუნველყოფა მთავრობის უპირველესი ამოცანაა. წლების მანძილზე ჩვენი, ისევე როგორც ეროვნულ-ტრადიციონალისტური ყაიდის ყველა მოაზროვნისა და სპეციალისტის რეკომენდაციები, უგულებელყოფილი იყო საქართველოს ყველა მთავრობის მიერ.

ახლა ამისი დრო არ არის. გასული ორი თვის განმავლობაში სასურსათო ფასები საბაზისო საკვებ პროდუქტებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და არის რეალური საფრთხე, რომ ეს ტენდენცია მხოლოდ გაგრძელდება, იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა იმპორტზე შემოდის. ასეთ ფასებს ვერ გაუძლებდა საქართველოს მოქალაქეების ვირუსამდელი საშუალო შემოსავლის დონეც კი და მითუმეტეს, ვერ გაუძლებს ის დავარდნილი შემოსავლები, რომლებიც ელოდება მოსახლეობას კრიზისის შედეგად.

სასურსათო ფასების ხელმიუწვდომელობა მოსახლეობისათვის შეიცავს სოციალური არასტაბილურობის საფრთხეს, კრიმინალიტეტისა და საპროტესტო ქაოსის ზრდის რეალურ პოტენციალს.

ნებისმიერ ქვეყანაში სურსათის ფასების ზრდის შეჩერების ორად ორი გზა არსებობს, მანამ, სანამ მთავრობები იძულებულები ხდებიან მოხმარების რაოდენობის გაკონტროლება სცადონ ე.წ. სასურსათო ბარათების შემოღებით. ესენია ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასების ხელოვნური კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან და საკვები პროდუქტების შიდა წარმოების მკვეთრი ზრდა.

ფასების ხელოვნური კონტროლის რესურსი, რომელიც ტრადიციულად ენერგორესურსების ექსპორტის, ან რაიმე სხვა რეზერვებით სუბსიდირების ხარჯზე ხდება ხოლმე ასეთ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობას არ გააჩნია.

ამიტომ, თუ არ გვინდა, რომ ნახსენები სასურსათო ბარათების კატასტროფამდე მივიდეთ, საკვებ პროდუქციაზე ფასების ზრდის შესაჩერებლად ერთადერთ რეალურ გზად რჩება შიდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მკვეთრი გაფართოება. ნებისმიერი დამატებითი კილოგრამი სიმინდი ან ლობიო და ნებისმიერი დამატებითი ფრთა-ქათამი და ხბო არის, ასეთ პირობებში, პირდაპირი დარტყმა ქვეყანაში საკვების ფასების ზრდაზე და ამრიგად, არის ეროვნული საქმე.

ამ შანსს კი ამჟამად მთავრობა ხელიდან უშვებს, რადგან სახნავ-სათესი სეზონი ამ დღეებში მიმდინარეობს და ხელიდან გვეცლება. იმისათვის, რომ ავიცილოთ მშიერი და ქაოტური შემოდგომა და ზამთარი, მთავრობამ საჩქაროდ უნდა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები სახნავ-სათესი სეზონის მაქსიმალურად გამოსაყენებლად.

ამისათვის, უნდა გაუქმდეს კარანტინის ყველა ზომა სახნავ-სათესი სეზონის სამუშაოებთან მიმართებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და უნდა საჩქაროდ შეიქმნას სასოფლო-სამეურნეო ანტიკრიზისული შტაბი, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ უფროსი თაობის სოფლის მეურნეობის სპეციალისტები და პროფესიონალები, რომელთა რეკომენდაციებსაც თქვენ წლების მანძილზე უგულებელყოფდით.

ამ შტაბმა, როგორც მინიმუმ, უნდა განახორციელოს მომავალი დღეების განმავლობაში, სამი ანტიკრიზისული პროექტი:

1. უქმად მყოფი მიწების დახვნა-დათესვა. - სავარგულების დიდი მასივები, რომლებიც ეკუთვნით ხალხისა და მესაქმეების გამაკოტრებელ ბანკებსა და ფიქტიურ მფლობელებსა თუ სპეკულიანტებს - თუ ქართველებს, თუ უცხოელებს - უნდა იქნას: (ა) იდენტიფიცირებული ეკონომიკის სამინისტროსა და რეგიონალური მმართველობის სამსახურების კოორდინაციის მეშვეობით და (ბ) საჩქაროდ ჩართული სახელმწიფო სახნავ-სათეს პროგრამაში. უნდა მოხდეს მათი დამუშავება სახელმწიფოს მიერ, დამოუკიდებლად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ეს მიწები ამჟამად და ამრიგად, მათი გამოყენება ერთიანი სახელმწიფო-სასურსათო პროგრამის ფარგლებში. სახელმწიფოს შეუძლია გადაწყვიტოს ამ ფლობელებს მისცეს ის იჯარა, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ, ან დაუქვითოს მათ მომავალში დასაწესებელი გადასახადი დაუმუშავებელ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, რომელიც საჩქაროდ შემოსაღებია. 2. შტაბმა უნდა მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილებები სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სასწრაფო დახმარების შესახებ. დახმარება არ უნდა ეხებოდეს სასურსათო პროდუქციით მოვაჭრე კომპანიებს და პირველ რიგში, უნდა მოიცავდეს ერთწლიანი კულტურების მომყვან კომპანიებსა და მესაქონლეობის, მეფრინველეობისა და მეთევზეობის მეწარმეებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პროექტები მათ მიერ წარმოებული კულტურების და ხორცისა და კვერცხის წარმოების გაფართოებისა, რომლებსაც ისინი ვერ ახორციელებენ მიწის, საწვავის, ტექნიკისა და სხვა სახსრების ხელმიუწვდომელობის გამო. პრიორიტეტი ამ სახანძრო ეტაპზე უნდა მიენიჭოს ერთი წლის შიგნით მოსწრებადი გაფართოების პროექტებს და იმ მეწარმეებს, ვინც ამ ამოცანას წარმატებულად გადაჭრის, უნდა შემდგომშიც აღმოვუჩინოთ გრძელვადიანი დახმარება.

3. შტაბმა უნდა მოახდინოს კოორდინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით სოფელში დამბრუნებლების დახმარებაში ქალაქებიდან და ყველა იმ ოჯახს, რომელსაც სურს დაუბრუნდეს თავიანთ ადგილ-მამულებს და იქ ააღორძინოს ნებისმიერი სახის საკვებ-პროდუქტის მეურნეობა, საჩქაროდ უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება საწვავით (ახალ, დავარდნილ ფასებში და არა ჩვენი ნავთობის მოვაჭრეების მაღალ ფასებში), ტექნიკით, საშენი მასალებით და სათესლე და ფრინველ-საქონლის შესაძენად აუცილებელი სახსრებით.

ასევე, აუცილებელია სოფლის, როგორც საცხოვრისის განვითარება, ხარისხიანი სკოლების, საბავშვო ბაღების, კლინიკების და სხვა სოციალური უზრუნველყოფის ობიექტების განსავითარებლად, რისკენაც არაერთხელ მოგიწოდეთ საჯაროდ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამისი დრო არ გვაქვს და ამ სახანძრო მდგომარეობაში უნდა დავიწყოთ წერტილოვანი დახმარებებით ოჯახებისადმი, ვისაც სურთ ქალაქებში უმუშევრად ყოფნას, დაბრუნდნენ ადგილ-მამულებში და ნებისმიერი სახის აგრო-სამრეწველო პროდუქცია წელსვე აწარმოონ, რომლის გამოცდილებაცა და ცოდნაც მათ ჯერ კიდევ გააჩნიათ.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა უნდა გააკონტროლოს ანტიკრიზისული შტაბისა და მასთან ურთიერთობის მქონე რეგიონალური მმართველობის ორგანოების ურთიერთქმედება, რათა არ დაუშვას კორუფცია - სახელმწიფოს სახსრების ფლანგვა, დროულად გამოავლინოს ასეთი შემთხვევები და მისცეს პასუხისგებაში მსგავსი კორუფციონერები.

ამ სამივე პროგრამის დასაფინანსებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა მიმართოს ფინანსურ-მონეტარული შერბილების პოლიტიკას, დასწიოს საპროცენტო განაკვეთი, აიძულოს კომერციულ ბანკებს შეამცირონ ამ განაკვეთზე მათი ზედნამატი, სანაცვლოდ შეურბილოს მათ რეგულაციები გაცუდებულ კრედიტებზე და მოახდინოს ლარის დამატებითი ემისია.

ამ ემისიის მიზნობრივ განკარგვას, რათა თავიდან ავიცილოთ კორუფციითა და უნიჭო ხარჯვით გამოწვეული ინფლაცია და ეროვნული ვალუტის გაუფასურება, უნდა აკონტროლებდეს სპეციალური კომისია, რომელიც შედგენილი იქნება გამოცდილი ეკონომისტებისაგან, რომლებიც არ არიან ლიბერალური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ და წლების მანძილზე ემხრობიან საქართველოს ეროვნული ეკონომიკური სუვერენიტეტის გაძლიერებას. ეს კომისია უნდა იყოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელის პირადი კონტროლის ქვეშ და თუ მას არ ესმის ეს საკითხები და მათი სტრატეგიული მნიშვნელობა, მაშინ, ის აღარ უნდა იყოს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური მმართველი. ის უნდა გადადგეს და ხელი შეუწყოს სასწრაფო ობიექტურ არჩევნებს არსებულ ვითარებაში.

ბანკები აღარ უნდა იყონ ბანკირების უზარმაზარი სიმდიდრის წყარო საქართველოში, ისინი უნდა იყონ ფულის გამტარები წარმოებისათვის, რომლის მეშვეობითაც უნდა მდიდრდებოდეს მოსახლეობა. საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეროვნულმა ბანკმავე უნდა მოახდინოს გამოსვლა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ თავს მოხვეული კაბალური მონეტარული პოლიტიკის შეზღუდვებიდან, მაგრამ ეს სცდება ჩვენი წერილის თემატიკას, რადგან, იგი მხოლოდ მოკლევადიან, სახანძრო ზომებს ეხება.

ასევე, საჭიროა სახელმწიფოს მართვის იდეოლოგიისა და პოლიტიკური სტრუქტურის რადიკალური ცვლილება, დასაწყისისათვის ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკის პოლიტიკური სტრუქტურის სასწრაფო დაბრუნება, ქვეყნის რეორიენტაცია შიდა წარმოებაზე და დეურბანიზაციის გზით ხალხის სოფელსა და წარმოებაში დასაქმებაზე, სოფლებში კოოპერატიული სისტემის ჩამოყალიბებაზე, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის რადიკალურ ამაღლებაზე, ხარისხიანი საყოველთაო გაწვევის შემოღებით ისრაელისა და შვეიცარიის მსგავსად, ძალოვანი უწყებების, პოლიციის, უშიშროების და ჯარის უფლებების, სტატუსის, და დამოუკიდებლობის ხარისხის მკვეთრი ზრდის მეშვეობით, ნარკოტიკების მოხმარებისა და აზარტული თამაშების ძალოვანების მეშვეობით განადგურება და ქვეყნისათვის მავნებელი მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის, როგორც დე-ფაქტო უცხოელი აგენტების, უმკაცრესი კონტროლი, რაზეც არა ერთი წელია ვსაუბრობთ ჩვენ, მაგრამ, ახლა ამის დრო არ არის. სასწრაფოდ მიიღეთ ზემოთ ხსენებული მოკლევადიანი მინიმალური ზომები, თუ გსურთ, რომ თავიდან აიცილოთ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი გაჭირვება - გამოწვეული სასურსათო ფასების მკვეთრი ზრდით ჩვენი მოქალაქეების გათხელებული ჯიბის პირობებში.

მე, როგორც ანტი-კრიზისული მმართველობის მეოთხედ საუკუნეზე მეტი გამოცდილების მქონე ადამიანი საერთაშორისო დონეზე და ჩემი ქვეყნის პატრიოტი და რიგითი მოქალაქე, მზად ვარ დაგეხმაროთ ნებისმიერი ფორმით, ოღონდ, ამისათვის, უნდა დამთავრდეს ეს თქვენი „ნაცებთან“ ძიძგილაობის თეატრალური დახურული პოლიტიკა და საჭიროა გამოვიყენოთ ყველა ის საშუალება რაც ქვეყანას აქვს, ამ კრიზისის დასაძლევად და სახელმწიფოს ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად. ძირეულად გადასახედია ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომელიც პრაქტიკულად არ გაგვაჩნია, მისი მიბმით ჩვენს გარემომცველ მძიმე რეალობაზე.

როგორც ხედავთ, ვირუსის მოქმედების დაწყების დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ მის ხელნაკეთობაში და პროექტულ მასმედია მართვაში, მე სრულიად გავაუქმე თქვენი ნებისმიერი კრიტიკა და, ერთი კაცის კვალობაზე, რასაც შემიძლია ვაკეთებ გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად, ისევე როგორც უამრავი ჩვენი მოქალაქე. დარწმუნებული ვარ, იგივეს გეტყვით ყველა პატრიოტი, ვისაც რამე გაუკეთებია მმართველობაში და მეურნეობაში, ვაი-პატრიოტიზმისა და ეკლესიის გინების გარდა.

იმოქმედეთ, ნუ კარგავთ დროს, წამზომი ჩართულია, სახნავ-სათესი სეზონი ხელიდან გვეცლება. რა და რამდენი და სად დავთესოთ და მოვიყვანოთ, გამომდინარე მომსპარი სარწყავი სისტემების მდგომარეობიდან და ხალხისაგან დაცლილი სავარგულების ზონების გათვალისწინებით, უნდა გვითხრან ნამდვილმა პროფესიონალებმა, რომლებსაც თქვენ აქამდე არ უსმენდით.

იმოქმედეთ საჩქაროდ, ნუ გადაყევით ამ ჩვენს ოქრო ექიმებთან ერთად ხალათებში სიარულს და ეკლესიის ერთი კოვზით ზიარების თემას, რომელიც, როგორც მე მარტივად დაგითვალეთ საჯაროდ, ეპიდემიოლოგიური რისკის 1%-საც კი არ შეადგენს. ვირუსი მართლა არსებობს, მაგრამ, მისი მოქმედებით გამოწვეული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური შედეგები აშკარად გლობალური მედია პროექტია, შორს მიმავალი მიზნებით, რომლებზეც ამ წერილში არ ვისაუბრებ. ვირუსით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური შედეგები კი ბევრად მძიმე იქნება ქვეყნისათვის, თუნდაც, ჩვენზე მოვლენილი გაჭირვებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და სოციალური კატაკლიზმების სახით, ვიდრე თავად ვირუსი.

იმოქმედეთ, რათა თავიდან ავიცილოთ ხალხის შიმშილი მაინც!

ლევან ვასაძე 11.04.2020

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები არქივი
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N18. კორონას გლობალური შედეგები
ლევან ვასაძე და მეგობრები საუბარი N17. კორონა - ლიბერალური ეპოქის გვირგვინი
ლევან ვასაძე და მეგობრები - (დაგვიანებით) საუბარი N16. ალკუინის საფეხურებით ( ნაწ.2)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N16. ,,ალკუინთან დაბრუნება" (ნაწ.1)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N15. "ეთნოფსიქოლოგია კვდომის და შრომის"
Სარეკლამო
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N 14. "ბერეშითი" (დაგვიანებით)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N13. "ქვაბულიდან მზისაკენ" (დაგვიანებით)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N12. "ქართველი ერის მიზანი"
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N 11. "იმიგრაცია" (ნაწ. 2)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N11. ,,იმიგრაცია" (ნაწ.1)
მეტის ჩვენება
Სარეკლამო