პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი

ბლოგები
პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი
ბლოგები

პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი

ზაზა შათირიშვილი

13 ივნისი, 2022

erimedia_ravk/wW7JcJj7R.jpeg

კარლ პოპერის (1902 - 1994) “ღია საზოგადობა და მისი მტრები” (1945 წ.) ორ ტომს მოიცავს -პირველი პლატონს ეხება, მეორე - მარქსს. ესაა, ალბათ, პირველი წიგნი, რომელიც დაწერილია მთლიანად ლიბერალური პოზიციიდან და რომელიც მარქსისა და მარქსიზმის ფუნდამენტურ კრიტიკას შეიცავს არამემარჯვენე (მაგრამ, ცხადია - არც მემარცხენე) პოზიციიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის დაწერილია “ლიბერალური ცენტრიდან”.

რა თქმა უნდა, სულაც, არ არის შემთხვევითი წიგნის გამოსვლის თარიღი -1945 - ნაციზმზე გამარჯვების წელი, რაც კარლ პოპერისათვის, ავსტრიაში დაბადებული ემიგრანტისათვის, რომელიც ნაცისტურ რეჟიმს ბრიტანეთში გაექცა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პოპერმა ძალიან ზუსტად იგრძნო, რომ მსოფლიო ომში გამარჯვებული კომუნიზმის კრიტიკა მემარჯვენე პოზიციიდან უკვე შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომაც, მან მოიფიქრა ნამდვილად ახალი “ბრენდი” - ტერმინი და კონცეპტი -“ღია საზოგადობა”, რომელიც უპირისპირდება, ერთი მხრივ, ტრადიციულ (“ჩაკეტილ”), საზოგადობას, რომლის მთავარ იდეოლოგად პოპერმა პლატონი გამოაცხადა, ხოლო, მეორე მხრივ, - კომუნისტურ წყობას, რომელიც მოდერნიზმის პერიოდის ტოტალიტარიზმს განასახიერებს. სიახლე იყო ის, რომ მის ნაშრომში პლატონი და პლატონის “სახელმწიფო” მარქსისტული ტოტალიტარიზმის წინასახედ და წინაპრად წარმოჩნდა. ასე რომ, ტრადიცია და ტრადიციული კულტურა კომუნისტურ ტოტალიტარიზმს ისტორიულად და მიზეზ-შედეგობრივად გადაება. ამით პოპერი ორ კურდღელს იჭერდა-ერთი მხრივ, პროგრესის სახელით ის გაუსწორდა წარსულს და კლასიკურ ევროპულ კულტურას, ხოლო, მეორე მხრივ, შეეცადა “გარეგნულად” ჯერ კიდევ პროგრესული კომუნისტური იდეის დისკრედიტაციას და მისი “არქაული”, ჩამორჩენილი და “ჩაკეტილი” ბუნების ჩვენებას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ არსებობს ერთადერთი სწორი პროგრესი და სწორი პროგრესული საზოგადოება - “ღია საზოგადოება”, როგორც - ლიბერალური დემოკრატია.

როგორც მარქსის კომუნისტურ იდეას განსახორციელებლად დასჭირდა პრაქტიკული სტრუქტურა - კომუნისტური პარტია, ასევე, პოპერის “ღია საზოგადოებასაც” გამოუჩნდა საკუთარი ლენინი - ჯორჯ სოროსი, რომელმაც თავის ენჯიო-ქსელს, პოპერის პატივსაცემად, სწორედ “ღია საზოგადოება” დაარქვა და ამ იდეის პარაქტიკულ განხორციელებას შეუდგა.

თუკი “ცივ ომში” ჩერჩილის ფულტონის სიტყვა (“რკინის ფარდა”) და ნატო-ს ალიანსი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მთავარი იდეოლოგიური და მილიტარისტული იარაღი აღმოჩნდა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ “ახალი მარშალის გეგმის” როლი პოსტსაბჭოთა სივრცისათვის პოპერის იდეამ და სოროსის ფონდმა იტვირთა - ტოტალიტარიზმის ნანგრევებზე უნდა აღმოცენებულიყო “ღია საზოგადოებათა” მთელი თანავარსკვლავედი.

ამ ბრძოლაში “ღია საზოგადოების” მტრები მხოლოდ მარქსი და მარქსიზმი (კომუნისტური წარსული) კი არ გახლავთ, არამედ - ტრადიციული ეროვნული კულტურები (“პლატონი”), რომლებიც ტოტალიტარიზმის “შინაგანი” მოკავშირეები არიან. ფაქტობრივად, ახალი ღია საზოგადოების მტერი მთლიანად წარსულია, როგორც - საბჭოთა (კომუნისტური), ისე -ეროვნული.

ასე რომ, “ღია საზოგადოება” - ესაა კომუნიზმის ლიბერალური ანალოგი. ტრადიციული (პლატონი) და ტოტალიტარული (მარქსისტული, კომუნისტური) საზოგადოებები გაგებულია, როგორც - “ჩაკეტილი” და “იერარქიული”.

პოპერის ძირითადი დოგმები ამგვარია:

1. “ჰორიზონტალი” (“ღიაობა”, “ღია საზოგადოება”) - ნაცვლად “ვერტიკალისა” (“ტრადიციული საზოგადოება” და “ტოტალიტარული საზოგადოება”), რაც ნიშნავს კულტურული იერარქიის უარყოფას, საიდანაც გამომდინარეობს კულტურული მემკვიდრეობისადმი შინაგანი ნიჰილიზმი - ამ პოზიციიდან, აუცილებელია მემკვიდრეობის ტრანსფორმაცია თანამედროვე მულტიკულტურიზმის სიტუაციაში;

2. სრული აგნოსტიციზმი - ტრანსცენდენტური სფეროს იგნორირება, ან, სულაც - უარყოფა;

3. ტრანსფარენტულობა: ინფორმაციის უწყვეტი და შეუზღუდავი გავრცელება, როგორც - ლამის “ახალი რელიგია”;

4. სულიერების სრული რედუქცია (სულიერება, როგორც “ცრურწმენა”);

5. “კრიტიკული აზროვნება”, როგორც სრული უნდობლობა ტრადიციისადმი, რელიგიისადმი, კლასიკური კულტურისადმი და სხვ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, “ღია საზოგადოებისათვის” არ არსებობს ეროვნული კულტურა და ეროვნული თვითშეგნება (ამ პოზიციიდან, ესაა - “ცრურწმენა”), ის უნდა ტრანსფორმირდეს, შეიცვალოს და ჩანაცვლდეს ე.წ. “მულტიკულტურული ღირებულებებით”.

დაბოლოს, თანამედროვე კანადელი ფილოსოფოსი ჩარლზ ტეილორი “ღია საზოგადოებას” მოიაზრებს, როგორც “დახშულ, ჩაკეტილ სამყაროს”, სადაც ადგილი აღარ რჩება, არც “ტრანსცენდენტური სფეროსათვის” და არც -სულიერი კულტურისათვის.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო