ომი, როგორც სულიერი ვარჯიში

ბლოგები
ომი, როგორც სულიერი ვარჯიში
ბლოგები

ომი, როგორც სულიერი ვარჯიში

ზაზა შათირიშვილი

23 მაისი, 2022

erimedia_ravk/h12MF7r7R.jpeg

პირველი მსოფლიო ომი (1914 – 1918 წწ.) ევროპელი ხალხებისათვის სრულიად შოკისმომგვრელი მოვლენა იყო. 1870-იანი წლების შემდეგ გაიზარდა მთელი ორი თაობა, რომელმაც არაფერი უწყოდა მასობრივი ხოცვა-ჟლეტვის შესახებ. ეს იყო პროგრესის, ეკონომიკური ზრდისა და საყოველთაო მშვიდობის ორმოცი წელიწადი.

ერნსტ იუნგერი (1895 – 1998) როცა პირველ მსოფლიო ომში ჩაება, 19 წლის გახლდათ. 4 წლის შემდეგ მან ომი დაასრულა, როგორც ნამდვილმა გმირმა, რომელიც შვიდჯერ დაიჭრა. მაგრამ მთავარი გამოცდილება, რომელიც მან ამ ომიდან გამოიტანა, აისახა მის წიგნში სათაურით - „ფოლადის მეხთატეხა“ (1920 წ.).

თუკი ჰემინგუეი და რემარკი, ასევე, თომას მანი, გვიჩვენებენ ომის უსაზრისობას და ომს, როგორც „დაკარგულ დროს“, იუნგერი წარმოგვიდგენს მეომარ ადამიანს, რომლის სიდიადე სიკვდილის წინაშე ყოფნით გამოიხატება. ომი ამ დოკუმენტურ პროზაში - ესაა ექსისტენციური განსაცდელის ზღვრული ქრონოტოპოსი, ხოლო მეომარი - ნამდვილი ასკეტი.

ამავე დროს, იუნგერმა დაინახა თანამედროვე ტექნიკის აღზევება და მეომრის, როგორც სიმბოლური ფიგურის დასასრული, რომელსაც Der Arbeiter - მუშა-მშრომელი ანაცვლებს. მუშა - ესაა „გეშტალტი“ - არქეტიპული სახე-ხატი, რომელიც, იუნგერის მიხედვით, განსაზღვრავს თანამედროვე (მოდერნის) ეპოქას. მოდერნის ხანაში უკვე ყველაფერი ინდუსტრიული ხდება, მათ შორის - ომიც. იუნგერის გამოცდილება სწორედ იმიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ მან დაინახა კლასიკური მეომრის ფიგურის დასასრული და მოდერნული ტექნიკის ტოტალური გამარჯვება, რომელიც აღარ ტოვებს ადგილს იმისათვის, რასაც წინათ მეომრის ასკეზა და ომი, როგორც სულიერი ვარჯიში, ერქვა.

ინდოევროპული არისტოკრატიული ეთოსის მთავარი გამოხატულება - ესაა ჰომეროსის „ილიადა“ და კლასიკური ინდური ეპოსი - „მაჰაბჰარატა“. ორივე ნარატივის მიხედვით, ომი - ესაა ის მეტაფიზიკური ქრონოტოპოსი, საიდანაც იწყება კულტურა. უფრო მეტიც - „ბჰაგავად-გიტას“ თანახმად, რომელიც „მაჰაბჰარატას“ ყველაზე უფრო მეტაფიზიკურად მნიშვნელოვანი ტექსტია - ომი წარმოადგენს იოგას ნაირსახეობას, ომი - ესაა შინაგანი სულიერი ვარჯიში და მხოლოდ მერე - მამაკაცთა შორის გარეგანი მკაცრი და ღირსეული ბრძოლა.

იუნგერის „ფოლადის მეხთატეხაში“ გვხვდება ეპიზოდები, როცა მთხრობელი, ავტორი და პროგაგნისტი შინაგანი ინტუიციით წვდება ომის, როგორც შინაგანი მედიტაციური ვარჯიშის საზრისს - კერძოდ, იმას, რომ ომი ისევე გარდაუვალია, როგორც - სიკვდილი, ხოლო ჭეშმარიტი მეტაფიზიკა სხვა არაფერია, თუ არა - სიკვდილისათვის მზადება, როგორც ეს პლატონის „ფედონში“ სოკრატემ დაგვისაფუძვლა - იმ სოკრატემ, რომელმაც ომიდან საკუთარი მოწაფე - დაჭრილი ქსენოფონტე ზურგზემოკიდებული გამოიყვანა, რათა მას (ქსენოფონტეს) რამდემინე ათწლეულის შემდეგ დაეწერა ომის შესახებ ყველაზე უფრო შთამბეჭდავი და პერსონალური ისტორია - „ანაბასისი“.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო