მეტაფიზიკური შეკითხვა

ბლოგები
მეტაფიზიკური შეკითხვა
ბლოგები

მეტაფიზიკური შეკითხვა

ზაზა შათირიშვილი

10 მაისი, 2022

erimedia_ravk/W-qHK79ng.jpeg

თითქმის ოცი წლის წინ, როდესაც ერაყის ომი ახალდაწყებული იყო, ბერკლის უნივერსიტეტს მიწვეული მეცნიერის სტატუსით ვსტუმრობდი. სწორედ ამ დროს ჩემი ბალტიისპირელი მეგობრები მეწვივნენ, რომელთაც ძალიან საინტერესო პროექტი ჰქონდათ - 12 ამერიკელ ფილოსოფოსთან აპირებდნენ ინტერვიუს ჩაწერას. პროექტი წარმატებულად განახორციელეს, ესაუბრნენ რიჩარდ რორტის, ჯონ სერლს, დონალდ დევიდსონს და ა.შ. თითქმის ყველა მათგანს, სხვა შეკითხვებთან ერთად უსვამდნენ ამგვარ შეკითხვას - ვედანტას ფილოსოფიის თანახმად, არსებობს ერთადერთი ომი, რომელსაც ონტოლოგიური სტატუსი აქვს - ესაა ომი, რომელსაც კლასიკური ინდური ეპოსი „მაჰაბჰარატა“ წარმოგვიდგენს, ხოლო ყველა სხვა ომი არის მისი ანარეკლი, გამეორება, - რას ფიქრობთ ამ ჭრილში ერაყის ომზეო.

ზოგი რას პასუხობდა, ზოგიც - რას. ერთნი იუმორს იშველიებდნენ, მეორენი - სერიოზულად პასუხობდნენ. ერთადაერთი სიუზენ ზონტაგი აღმოჩნდა, რომელმაც ძალიან მკაცრად უთხრა ჩემს მეგობრებს, - ან სერიოზულად მელაპარაკეთ, ან აქედან მიბრძანდით, რადგანაც ერაყში ქალები, ბავშვები და მოხუცები იხოცებიანო.

გამოხდა ხანი და სწორედ ის ჩემი ბალტიისპირელი მეგობარი ამას წინათ, ერთ ნობელის პრემიის ლაურეატს ესაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ გახლავთ, რომელიც იუთუბზე დევს. საგულისხმოა, რომ ჩემს მეგობარს შეკითხვა ომის ონტოლოგიურ სტატუსთან დაკავშირებით არც გახსენებია.

რამდენიმე დღე ვფიქრობდი, რა შეიცვალა ამ ოცი წლის განმავლობაში, რომ ჩემს მეგობარს ეს მეტაფაზიკური შეკითხვა არათუ არ დაუსვამს, უფრო მეტიც, მაქვს შინაგანი განცდა, რომ ამ კონტექსტში მისთვის ეს შეკითხვა მკრეხელობაც კი იქნებოდა.

მაშ, სიუზან ზონტაგი მართალი აღმოჩნდა? მე მგონი, აქ საქმე სიმართლეში სულაც არ გახლავთ. მაშინდელი ერაყის ომი ჩვენგან „შორს“ იყო, ხოლო ახლანდელი, უკრაინული - „ახლოსაა“. ცხადია, გეოგრაფიას არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ ე.წ. „შინაგან ჩართულობას“. სიუზენ ზონტაგი მაშინ ისევე იყო „შინაგანად ჩართული“ ერაყის ომში, როგორც ახლა ამ ახალ კონფლიქტში - ჩემი ბალტიისპირელი მეგობარი.

აბა, მაშ რას ნიშნავს „შორს“ და „ახლოს“, თუკი, მართლაც, გეოგრაფიას უკუვაგდებთ? რა განაპირობებს ამ ფსიქოლოგიურ „შინაგან ჩართულობას“?

ვფიქრობ, ესაა - განსაცდელის ექსისტენციური გრძნობა, როცა - ეს, პირადად, შენ და შენს ახლობლებს ეხებათ. მაგრამ შინაარსი და მოლოდინი ამ განცდისა, ცხადია, სხვადასხვანირია ხოლმე. არ გამოვრიცხავ, რომ არსებობს განსაცდელის გრძნობის საზოგადო განზომილება, რომელიც ხშირად ამგვარად ჟღერს - „სამშობლო საფრთხეშია“...

ასეა თუ ისე, განსაცდელისეს ექსისტენციური გრძნობა, წესისამებრ, „შინაგანი ჩართულობის“ საფუძევლია.

დაბოლოს, ამ კონტექსტში ალბათ ღირს დაფიქრება ამგვარ ცნობილ ფრაზაზე, რითიც მთავრდება ერთი კლასიკური ტექსტი: - „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან!“

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო