ლევან ვასაძე - ეს მხოლოდ დასაწყისია

არქივი
ლევან ვასაძე - ეს მხოლოდ დასაწყისია
არქივი

ლევან ვასაძე - ეს მხოლოდ დასაწყისია

4 აპრილი, 2020

erimedia_ravk/GjsH7Vi4g.png

"დედამიწა დიდ სულთათვის კვლავ შვებულია. მწირთათვის და წყვილად მობინადრეთათვის კვლავ ცარიელია მრავალი საჯდომი, სად სუფევს ოხვრა წყნარ ზღვათა სუნნელებისა."

ფრიდრიხ ნიცშე „ასე იტყოდა ზარატუსტრა“

“საკუთარი სახლი,რაც არ უნდა დაუცველი და დაძველებული იყოს იგი,მაინც სხვის ციხესიმაგრეს სჯობია, რადგან შენია, შენი ნაფიქრალით, შენი სუნითაა გაჟღენთილი და არა მარტო, უტყვი მოწმე, შენი შიშისა თუ შიმშილისა, სევდისა თუ იმედისა, არამედ – მოზიარეც, თანამგრძნობელი და გამტანი.”

ოთარ ჭილაძე „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“

„ესე არაკი მართალი ჩის ქვასა ზედა წერია, ვინც მოყვარესა არ ეძებს,იგი თავისა მტერია...“

შოთა რუსთაველი „ვეფხისტყაოსანი“

„ჭეშმარიტად დიდი ადამიანები ამქვეყნად უნდა გრძნობდნენ დიდ სევდას“.

ფიოდორ დოსტოევსკი „დანაშაული და სასჯელი“

ჩვენი ღმერთი რომ ცოცხალი იყოს, ის აუცილებლად ჩაერეოდა იმაში, რაც ხდება ჩვენში და დააგვირგვინებდა მორიგი შვებით ამ მორიგ დროებას გადამწიფებული სასოწარკვეთისა და გამოუვალობისა.

ჩვენ, შეშლილებს სარგებელის დევნისაგან, ის გაგვიყინავდა ჩვენი მოღვაწეობის უდაბნოებს, რათა შეეხსენებინა, რომ ეს არ არის მთავარი. ერთ დღეში გაშეშდებოდა მილიონობით მწარმოებელი არა საჭიროსი, არამედ სასურველისა, დაცარიელდებოდა მილიონობით ცოდვის, მრუშების, გარყვნილების, თრობის სახლი, განკუთვნილი მარტოსული, ბოროტი, მხდალი ქმნილებისათვის დაკმაყოფილების ძიებაში, გაშეშდებოდა მილიონობით დაწესებულება ნაყროვანებისა და ფასიანი მოფერებისა, ბავშვებზე ძალადობისა და ადამიანების დამცირებისა, თამაშებისა და გამდიდრების ამო ძიებისა, შურისა და ცრემლისა.

და ამ ჩვენი მყრალი ნაკადის გაშეშებისას, ჩვენი ღმერთი რომ ცოცხალი იყოს, ის ამორჩევით დასტოვებდა მომუშავედ მილიონობით ქარხანასა და საქმეთ წარმოებას, რომლებიც ყველაფერს აუცილებელს აწარმოებენ სიცოცხლისათვის, და ისიც მთლიანად არა, რამეთუ ის, რასაც ჩვენ აწი ვეძახით აუცილებელს, დიდი ხანია აღარ არის ასეთი.

იმუშავებდა საცხობი და გამოკვებავდა მეპურესაც და პურის მჭამელსაც, მაგრამ, არ იმუშავებდა მაღალი მოდის მკერავი და მისი შეკერილი კაბა აღარ გაათბობდა მედიდურ ავ ქალს და მკერავს მოუწევდა შეეკერა სამოსელი პირველი. იმუშავებდა აგურის ქარხანა და ხრეშის საფშვნელი, მაგრამ გაშეშდებოდა საკედლე ფარჩის ქარხანა დამცინველი გიჟებისათვის. იმუშავებდა მეღვინეობა, მაგრამ, არა ოპიატების ქარხანა. იმუშავებდა კეთილი ექიმი ძირითადი, დიდი ხნის წინ გამოცდილი წამლებით, მაგრამ, ყირამალა გაფრინდებოდნენ უსინდისო გიგანტი ფარმაცევტები, რომლებიც ავადმყოფობებსაც იგონებენ და ზოგიერთი მათგანის წამალსაც.

ჩვენი ღმერთი რომ ცოცხალი იყოს, ის დაგვეხმარებოდა ჩვენ, დაკარგულებს ჩვენს უსასრულო სურვილებში, თავიდან გაგვეაზრებინა თუ რა არის ის, რასაც ვერ ავიცილებთ, ანუ აუცილებელი და პლანეტაზე ერთი თითის გაქნევით გაყინულ მილიონობით პორტსა, ქარხანასა, გემსა, მატარებელსა, თვითმფრინავსა, ტვირთსა, გზასა და გზაჯვარედინზე ამოშრებოდა უაზრო მოძრაობა და იმოძრავებდა აუცილებელი. ძნელად, მაგრამ იმოძრავებდა.

და როგორც იფანტება გამონაბოლქვი ტოქსიკური ღრუბელი ძლივს ამოსუნთქული პლანეტის თავზე, ასე დაიწყებდა გაფანტვას სიცრუისა და სიგიჟის ბინდი ჩვენს თვალებში.

გაჩერდებოდა მილიარდობით ადამიანი, მილიონობით საჩივარი და საზვერე სასამართლოებში, რომლებიც ნამუსიან და აღშფოთებულ ხალხს უქადოდნენ სასჯელს და უნამუსოებსა და ცივგონიერებს პირდებოდნენ სარგებელსა და დამცინველობას. მოშივდებოდათ და შეშინდებოდნენ ძირითადად მხოლოდ ისინი, ვინც იკვებებოდა მოძრაობის სიგიჟისიგან, ხოლო მოძრაობას ჩამორჩენილების თვალწინ გაიელვებდა იმედი სამყაროს განახლებისა.

ორი ათასი წლის შემდეგ მისი მსხვერპლის, სიყვარულისა და სიტყვისადმი ადამიანის სრული სიყრუვის დანახვისას, ის, აუწერელი და ყოვლადმოწყალე, ყოვლადბრძენი და კეთილი, შეუზღუდავი და არ შემზღუდველი, ისევ გამონახავდა გზას, თუ როგორ გადავერჩინეთ ჩვენ, თვითმკვლელები.

თავის უსაზღვრო სიყვარულში თითოეულ ჩვენგანზე ზრუნვისას, პირველ რიგში, ის, როგორც ყოვლად სამართლიანი, გამოესარჩლებოდა ყველაზე უმანკოებსა და დაუცველებს ჩვენში, უსუსურ ჩვილებს, მოკვლადებს თვეში ოთხი მილიონის ოდენობით საკუთარი „დედების“ საშოებში დანის მეშვეობით მთელს პლანეტაზე. ის დასვამდა ამ „დედებს“ სახლებში კარანტინში და აიძულებდა გამოეტოვებინათ აბორტის ბოლო ვადა და ამით გადაარჩენდა 4 მილიონ ბავშვს ყოველ თვე. ჩვენ მოგვეჩვენებოდა, რომ ის ჩვენ გვსჯის, ვირუსის მეშვეობით ძირითადად ჩვენი მოხუცების გარკვეული ნაწილის დროზე ადრე წაყვანით, სინამდვილეში, კი ის აარიდებდა ამ ჩვენი მოხუცების ნაწილს, რომლებზე ზრუნვაც ჩვენ გვეზარება, აუცილებლობას, კიდევ ეცქირათ ამ ჩვენი დაცემული მსოფლიოსათვის. მოხუცებს, რომლებმაც მოასწრეს ეცხოვრათ ისეთ დროს, როდესაც წესიერება ჯერ კიდევ არსებობდა, როდესაც კდემა და მორცხვობა ამკობდათ ქალებს, ხოლო სიმამაცე - კაცებს, დროში, როდესაც ვეფოფინებოდით იმედს, რომ ორი მსოფლიო ომის გამომსყიდველი მსხვერპლი თაობებს ეყოფოდათ, მოხუცებს, რომლებსაც სრულიად გაუცრუვდათ გული, რომლებიც გააწამეს უპატივცემულობით საკუთარმა შვილებმა, რომლებიც ვერ ინახავენ ერთგულებას საკუთარი მეუღლეებისადმი და რომლებიც ანგრევენ საკუთარ ოჯახებს, და რომლებიც ამით უკლავენ გულს ამ მოხუცების შვილიშვილებს, მოხუცებს, რომლებიც ჩუმად სტირიან ამის შედეგად ამ თავიანთი შვილიშვილების სრული გაველურებისა და გარყვნის შემხედვარენი, მოხუცებს, რომლებიც ზოგჯერ ფიქრობენ, „ნეტავი მალე დამთავრდებოდეს ეს ყველაფერი.“ ჩვენ, გიჟებს, რომლებიც დანაზოგებს ვალაგებთ სოროებში, როგორც კაკლებს, და ურწმუნოებით ვკანკალებთ მომავლის წინაშე, რაც მეტი დანაზოგი გვაქვს - მით მეტად, ცოცხალი ღმერთი დაგვაჯენდა სახლში და გვაიძულებდა გვეცქირა არა ბრტყელი შუშისათვის, არამედ ჩვენი მეუღლეების და ჩვენი შვილების თვალებში. და ძალიან მალე აღმოჩნდებოდა, რომ არანაირი მარაგი სოროში არ გვაძლევს სიმშვიდეს, და კბილთაღრჭენამდე მისული შიშის თვალბინდში გამოიკვეთებოდა გამჭოლი განცდა იმისა, რომ მთელი იმედი მხოლოდ მასზე გვაქვს. და ჩვენი ღმერთი რომ ცოცხალი იყოს, იგი ყველაფერ ამას იზამდა ზუსტად დიდ მარხვაში ნამდვილი კალენდარის მიხედვით, რათა ყველას დაენახა, თუ ვინ არის მისი მართლა მადიდებელი. ბრძოლებიც, შიშიცა და გამოუვალობის ამაო განცდაც გაიზრდებოდა ვნების კვირისაკენ და აღდგომის სიხარული მოვიდოდა აღდგომას. და ჩვენ მარხულები აღვდგებოდით მკვდრეთით მასთან და ჩვენი მიწების ზღაპრულ ბუნებასთან ერთად.

მანამდე კი, სახლში მსხდომარენი, ჩვენ აღვიდგენდით ჩვენს ადამიანობას შიშში, და სწრაფად აღმოვაჩენდით, რომ ბედნიერება არა რაღაცის ძიებაშია, არამედ ჩვენს მეუღლეებსა და შვილებში, მათთან საუბრებში, მათთან ერთად შრომაში სახლის მოვლისას და დაცვისას, ვისაც რა შეუძლია, ვისაც რისი ძალა შესწევს.

ამ საუბრებში გაიხსნებოდა სიმშვიდის უძირო ბედნიერება, დრო, თავისი ჩვეული, მბურღავი სახით უკან დაიხევდა და შემოვიდოდა დრო უჩვეულო, წრიული, უსასრულო, რომლის შიგნითაც ნებისიერი ფაციფუცი სირცხვილია. და ამ შრომაში გაგვეხნსებოდა დღეგრძელობის საიდუმლო - მეხუთე მცნების აღსრულებისა და მისით მოწევნული საჩუქრით სარგებლობის სურვილი.

მაგრამ, ამის გაცნობიერებამდე ჩვენ შეშლილებივით ვიბოგინებდით, და უნებლიედ ჩაკეტილები გახელებით ვითამაშებდით ჩვენი დროის მთავარი სიმბოლოს ატრიბუტებით: ხან მის მოსაწმენდ ქაღალდს ავკენწლიდით და ხან მისი ჯდომის ადგილებს გავლოკავდით და ერთმანეთს გამოვიწვევდით ამ სოც-შეჯიბრებაში. ის კი არ გამოგვიშვებდა სახლიდან, სანამ ჩვენ არ მოვიგიჟიანებდით და არ დავშოშმინდებოდით, არ დავიღლებოდით ჩვენი ბოლო ტლინკაობისა და ტოკვისაგან, არ გავისუსებოდით და არ დავფიქრდებოდით, არ ავტირდებოდით და არ ვილოცებდით, შიშისაგან, საშინელებისაგან, თუ დარდისაგან.

ჩვენი ღმერთი რომ ცოცხალი იყოს, ადამიანს, რომელიც homo urbanicus hedonicus მუტანტად იქცა, რომელიც საკუთარ თავს მოსტაცა ქალაქების კაინიტური კულტურის ჰიპნოტიურმა ლოგოსმა, ადამიანს, რომელიც ბავშვობიდან ზის პლატონის ქვაბულში მიჯაჭვული და საკუთარი სასტუმრო ოთახის კედელზე უცქერს ჭეშმარიტების გამრუდებულ გამოსახულებებს, ის მოუწოდებდა შეეტრიალებინა თავი ჰიპნოზის საწინააღმდეგო მხარეს.

ეს მხარე არის სწორედ ის გასასვლელი ამ მყრალი ქვაბულიდან, იქით, სადაც ანათებს ნამდვილი მზე, სადაც გალობენ ნამდვილი ჩიტები და სად სუფევს ოხვრა წყნარ ზღვათა სუნნელებისა.

და მუტანტი homo urbanicus hedonicus იძულებული ქალაქებში შიმშილით, ან ქალაქებში შიმშილის შიშით, ტკივილითა და სიზარმაცით, მაგრამ მაინც შეტრიალდებოდა სოფლისაკენ, ჩვენი ზღაპრული მიწების მხარეს, რომლებიც სტირიან მიტოვებულნი, ჩვენი წინაპრების გადაბარდული საფლავებისაკენ, მათი ერთადერთად ჭეშმარიტი ყოფიერებისაკენ. ყოფიერებისაკენ მიწაზე შრომისა და მიწისათვის ომისა, მიწისაკენ, რომლის გარეშეც კარლ შმიტტის ომიც ამაოა და კარლ მარქსის შრომაც - ბილწი და უაზრო.

და მის გამო ჩვენ დავიწყებდით დაბრუნებას: უცხოეთიდან - სამშობლოში, ქალაქებიდან - მიწასთან, ჰიპნოზისაგან - ყოფიერებისაკენ. საჭმელი, მომაბეზრებელი თავისი მრავალფეროვნებით, კვლავ გემრიელი გახდებოდა მისი უკმარისობისა და ერთფეროვნების წყალობით, ჩვენი მონობა ნივთებისა შეიცვლებოდა ჩვენი თავისუფლებით მათგან, ჩვენი დღეები გახდებოდნენ განმქანცველნი შრომისაგან, ხოლო ჩვენი სიზმრები - ნეტარნი სიმშვიდისაგან.

ჩვენი ცხოვრების წესი შეიცვლებოდა ძირფესვიანად მისი განჩინების წყალობით. ჩვენი შვილები აღარ იქნებოდნენ მათი ჩვენგან მომტაცებლების მიერ დასაკლავად განმზადებული ნასუქარი საკლავი. მოზარდობაში ისინი იქნებოდნენ ჩვენთან ერთად და დაგვეხმარებოდნენ, ხოლო, მათ მიერ ჩვენგან შორს რამის შესწავლა - იქნებოდა გააზრებული იშვიათობა და არა უაზრო სტანდარტი. ისინი დაღვინდებოდნენ ბევრად სწრაფად, იქორწინებდნენ და გამრავლდებოდნენ ბევრად მალე, და ჩვენი დარდი მათზე, მათ უაზრო ცხოვრებაზე იქცეოდა არარაობად, როგორც ეს უნდა იყოს.

სიკვდილი იქნებოდა ყველგან, გარდა „სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის“ ეფემერისა. ჩვენ დავიღუპებოდით მინდვრებში, ნადირობისას, ომებში, თოვლში, ტყეეებში და ქვიშებში, და არა ავადმყოფობისაგან სახლისა და საავადმყოფოების სარეცელზე, როგორც მისჯილები.

მისი, ანუ სიკვდილის წყალობით, ჩვენ კვლავ მოვიპოვებდით ადამიანობას, და ამ დაზაინში ყოფნისას, რომელიმე ჩვენგანი, მიწაზე შრომისაგან თავისუფალ დროს, მიუჯდებოდა მაგიდას და ყველასათვის დასწერდა ახალ კონსტიტუციას, არა უფლებებზე, არამედ მოვალეობებზე ადამიანისა და ოჯახის, როგორც ახალი სამყაროს ბირთვის უფლებებზე.

ყველაფერი, რაც ამოიზარდა სახელმწიფოებს ზევით აორთქლდებოდა და მეფენი, ანუ ფილოსოფოსები და პოეტები, ახალგაზრდობაში მეომრებად ყოფილნი, იმეფებდნენ ჩვენზედ.

ჩვენი ღმერთი რომ ცოცხალი იყოს, ის დაუშვებდა რათა სულელებმა, რომლებსაც იმ სხვის მოყვანა თავიანთი მიღწევა ჰგონიათ, განახორციელონ თავიანთი მორიგი სულელური გეგმა ვირუსის, ომებისა და კონფლიქტების ზრდის მეშვეობით, რათა გამოფიტონ კაცობრიობა დარდით.

მაგრამ ამ ომებისა და დარდის შიგნით, გაიხარებდა სამართლიანობის ალისფერი რისხვის მშვენიერი ყვავილი. ის აენთებოდა რამოდენიმე სახელმწიფოში, რომლებსაც თავი კეთილი და ბოროტებასთან მებრძოლი ჰგონიათ და ღირსების მეძიებელ მოქალაქეს გაუჩნდებოდა არჩევანი, ერთადერთი არჩევანი, რომლის ქონაც ღირს: ყოფილიყო ფიჩხი ალისფერი რისხვის ცეცხლისა, ან მისი სამართლიანი მსხვერპლი.

ჩვენი პირველი განცდების სიღრმე, ამ დროის დადგომისას, იქნებოდა ძალზედ ზედაპირული, როგორც ეს გვჩვევია. სახლებში ჩაკეტილები ჩვენ ვიდარდებდით ისეთ მირაჟებზე, როგორებიცაა სახლთმშენებლობა, ანუ ეკონომიკა, ხაზოვანი დრო, ანუ პროგრესი, და იმის შესახებ თუ რა მოყვება სამართალს, ანუ როგორც ბერძნები მას ეძახდნენ - კრიზისს.

და როგორც გამოუცდელ ტურისტ-მთამსვლელებს, მოგვეჩვენებოდა, რომ ამ მწვერვალის დაძლევისას ჩვენ დავეშვებით უდარდელი მოგონებების ველებში. და ამ მწვერვალის ნეოფიტური სიმარდით დამძლეველნი, ჩვენ განვცვიფრთებოდით: მწვერვალზე, როგორც ეს კავკასიონმა იცის, ჩვენს შვების მოლოდინით გათანგულ მზერას წარმოუდგებოდა ასეთივე მწვერვალების უკიდეგანო ზღვა, მკაცრების, უტყვების, ცივების და არაფრის შემპირებლების.

შემზარავი სანახაობით გულგახეთქილნი, ჩვენ მივხვდებოდით, რას გრძნობდა ვაჟა ფშაველა, როდესაც წერდა:

"მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ, თვალთ წინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა."

უკან შეტრიალების ფიქრზეც კი შეგვამცივნებდა გამყივანი მარადისობის მდუმარება და ჩვენი ღმერთი რომ ცოცხალი იყოს, ჩვენ მივხვდებოდით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

ლევან ვასაძე

დიდი მარხვა.

04.04.2020 კიკეთი

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები არქივი
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N18. კორონას გლობალური შედეგები
ლევან ვასაძე და მეგობრები საუბარი N17. კორონა - ლიბერალური ეპოქის გვირგვინი
ლევან ვასაძე და მეგობრები - (დაგვიანებით) საუბარი N16. ალკუინის საფეხურებით ( ნაწ.2)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N16. ,,ალკუინთან დაბრუნება" (ნაწ.1)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N15. "ეთნოფსიქოლოგია კვდომის და შრომის"
Სარეკლამო
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N 14. "ბერეშითი" (დაგვიანებით)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N13. "ქვაბულიდან მზისაკენ" (დაგვიანებით)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N12. "ქართველი ერის მიზანი"
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N 11. "იმიგრაცია" (ნაწ. 2)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N11. ,,იმიგრაცია" (ნაწ.1)
მეტის ჩვენება
Სარეკლამო