ლევან ვასაძე - ტრადიციონალიზმი 2016 წლის შემდეგ

არქივი
ლევან ვასაძე - ტრადიციონალიზმი 2016 წლის შემდეგ
არქივი

ლევან ვასაძე - ტრადიციონალიზმი 2016 წლის შემდეგ

29 მარტი, 2019

erimedia_ravk/4uhIO4m4R.jpeg

XIII მსოფლიო საოჯახო კონგრესი, ვერონა, იტალია

გამარჯობა! მოხარული ვარ აქ ყოფნით! ყოველთვის, როდესაც იტალიაში ჩამოვდივარ, მე თავს სახლში ვგრძნობ. საბჭოთა პერიოდში საქართველოს ხშირად ეძახდნენ საბჭოთა კავშირის იტალიას, ქართული ღვინის, საჭმლის, სანაპიროებისა და მთის გამო, მისი მუსიკალური კულტურისა და სამხრეთული ტემპერამენტის წყალობით. მე, როგორც ქართველი პატრიოტი, რომელსაც უყვარს იტალია, რა თქმა უნდა, შემოგიტრიალებდით ამ კომპლიმენტს და ვიტყოდი, რომ სინამდვილეში პირქითაა: სწორედ იტალია გახლავთ ევროპის საქართველო, და ეს არის ის უდიდესი კომპლიმენტი, რომელიც მე შემიძლია შევთავაზო ჩვენს გულუხვ მასპინძლებს.

ვუმასპინძლეთ რა ჩვენ ამავე კონგრესს თბილისში სამი წლის წინ, ნება მიბოძეთ გაგიზიაროთ გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორი გავლენა მოახდინა მან ქვეყნის ცხოვრებაზე შემდგომში. მრავალი ტრადიციონალისტი საქართველოში (მე დიდად არ მიყვარს ტერმინი კონსერვატიზმი, რადგან მიმაჩნია, რომ მარადიულ ტრადიციაში ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოძველებული ტრადიციის დაკონსერვება) მიიჩნევს, რომ სწორედ მსოფლიოს საოჯახო კონგრესის მე-10 სხდომამ შეცვალა მოვლენათა მიმდინარეობა ჩვენს ქვეყანაში.

მკვეთრად გაიზარდა ტრადიციონალისტური სულისკვეთების ორგანიზაციების, ბლოგერების და აქტივისტების ფლანგი, და თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი სოროსისტ დემონებზე სრული გამარჯვების ბედნიერ დღემდე, ასეთი დიდი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებამ მძლავრი ბიძგი მისცა ჩვენს ტრადიციონალისტ თანამემამულეებს, რომლებმაც, ერთის მხრივ აღმოაჩინეს, რომ ისინი მარტონი არა ყოფილან მსოფლიოში და მეორეს მხრივ დარწმუნდენ, რომ თურმე ყველა ამერიკელი და დასავლეთ ევროპელიც არ ყოფილა ცინიკური გარყვნილი ადამიანი. ასე რომ, მე მჯერა, რომ ამ კონგრესსაც ექნება მსგავსი გავლენა იტალიის სიცოცხლის მხარდამჭერ და ოჯახურ კულტურაზე და ნება მიბოძეთ მივულოცო ეს შესანიშნავი მიღწევა ჩვენს იტალიელ მეგობრებსა და ორგანიზატორებს.

2016 წლის თბილისის კონგრესი ასევე დაემთხვა ბევრად უფრო გლობალური მასშტაბის განსაკუთრებულ ცვლილებებს. იმავე წელს, მოგვიანებით, დონალდ ტრამპმა შეძლო მოეპოვებინა ისტორიული გამარჯვება მთელი ამერიკული მასმედიისა და პოლიტიკური ისტაბლიშმენტის წინაარმდეგ და შეეტანა გარდატეხა გლობალური ლიბერალიზმის საყოველთაო მარშში. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებული პოლიტიკა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ, მიუხედავად ამ პოლიტიკის მიმდინარე გააფთრებული საბოტაჟისა სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერ კიდევ ჩაბუდებული გლობალისტების მხრიდან, უკვე იძლევა საგრძნობ შედეგებს. ჩვენ, ამერიკული იმპერიის კოლონიური პროვინციების მაცხოვრებლები, უკვე ვგრძნობთ შესუსტებულ სოდომისტურ წნეხს ჩვენ-ჩვენს ქვეყნებში. არაფერი შეგეშალოთ, ურჩული ჯერ არ მომკვდარა და მისი სიკვდილი დიდხანს გაგრძელდება და სისხლიანი აღმოჩნდება, მაგრამ ტენდენცია აშკარაა.

ამავე დროს, ევროპის ახალი ტრადიციონალისტი ლიდერების აღზევებაც, მატეო სალვინისა და სხვათა ჩათვლით, ასევე იქცა თვალსაჩინო მოვლენად. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ესენი შემთხვევითი ანამალიებია, და პოპულისტური მონაცემები გვარწმუნებს იმაში, რომ ლიბერალური მონო-პოლარულობისადმი მკაცრი დაპირისპირება გარდუვალი პროცესია.

აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, რა გველის წინ? ბევრი თანამედროვე მოაზროვნე მიიჩნევს, რომ მსოფლიო, რომელმაც ჩვენი ცხოვრების პირველ ნახევარში გაიარა ორ-პოლიუსიანი პერიოდი, და მეორეში - ერთპოლიუსიანი, ამჟამად შესულია მრავალ-პოლიუსიანობის ახალ ეპოქაში.

21-ე საუკუნე გვევლინება რამოდენიმე დაპირისპირებული ცივილიზაციური პოლიუსის აღზევებისა თუ აღორძინების საუკუნედ და თუ აპოკალიფსი კვლავ უნდა გადაიდოს, ასეთ შემთხვევაში პლანეტის ერთი პოლიუსის მიერ დომინირების უკუქცევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს აღზევების გზაზე დამდგარი ალტერნატიული პოლიუსები შეძლებენ განავითარონ რაღაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე უბრალოდ დოლარის სისტემისაგან დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხი. მე აქ ბუნებრივია ვგულისხმობ ალტერნატიულ ცივილიზაციურ იდეოლოგიებს. თუ აფრიკულ, ლათინო-ამერიკულ, აზიურ ან ნებისმიერ სხვა ალტერნატივას უწერია განხორციელება, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ამ ცენტრებს აქვთ რაიმე უფრო ღრმა სათქმელი, ვიდრე მეტი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე.

მე უკვე კარგა ხანია ვსაუბრობ ამ უმნიშვნელოვანესი ინოვაციის აუცილებლობის შესახებ ტრადიციონალისტებისათვის. შარშან მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვშიც და შარშანწინ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტშიც, მსოფლიო საოჯახო კონგრესის მე-12 და მე-11 სხდომებზე შესაბამისად, მე წარმოვადგინე ჩემი შეხედულებები პოსტ-ლიბერალური იდეოლოგიის ძირითადი კონტურების შესახებ. ამ მოხსენებებში, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ უნდა ჩავანაცვლოთ კაცობრიობის გონებრივი შეშლილობა ე.წ. „ადამიანის უფლებებით“, რომლებიც მნიშვნელოვანწილად გახლავთ ფრანგი რევოლუციონერების გამოგონება, რომლებმაც ვანდეის გენოციდის დროს 200 ათასი ადამიანი მოსპეს, რაღაცა ბევრად უფრო ტრადიციულითა და მისაღებით ადამიანთა ნებისმიერი საზოგადოებისათვის, დამოუკიდებლად მისი ეთნიკურობისა და რელიგიური ტრადიციისა. მე უკვე მოგახსენეთ, რომ კარტეზიანული ე.წ. „ინდივიდუმის“ უფლებების ნაცვლად ჩვენ უნდა დავისახოთ მიზნად მსოფლიოში პირველი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება ოჯახის უფლებებზე და ადამიანის ვალდებულებებზე ოჯახისა და საზოგადოების წინაშე.

ჩემი აზრით, ეს არის აზროვნების რევოლუცია, რომლის შედეგებიც ძნელია შევაფასოთ. მოლდოვაში შარშანდელი მსოფლიო საოჯახო კონგრესის შემდგომ, ერთ-ერთ სამუშაო სესიაზე დაისვა კითხვა, თუ რატომ უნდა გავიღოთ ჩვენ ამგვარი რამის შექმნის ჯაფა, მანამდე, სანამ არ არის ქვეყანა, რომელიც მზადაა ამ იდეოლოგიის მისაღებად. მე მაგ სესიაზე ვთქვი, რომ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით გახლავთ: ჯერ ჩვენ უნდა შევქმნათ პოსტ-ლიბერალური იდეოლოგიის მამტკიცებელი ნარატივი და მერე ისტორიის დინება თავად გაგვიძღვება იმ ქვეყნისაკენ, რომელიც მიიღებს მას. ასე, რომ, რამდენადაც არ უნდა მინდოდეს მე ამ იდეოლოგიის პირველ რიგში საქართველოსა და მერე დანარჩენ კავკასიაში განხორციელება, მე იძულებული ვარ თავად დავემორჩილო ზემოთხსენებული თანმიმდევრობის უტყუარ ლოგიკას.

ამრიგად ყველას გეპატიჟებით ამ ამაღელვებელ და უაღრესად კრეატიულ სამუშაოში: მსოფლიოში პრიველი კონსტიტუციის შექმნაში, რომელიც დაფუძნებული იქნება არა ადამიანის უფლებებზე, არამედ ოჯახის უფლებებზე და ადამიანის ვალდებულებებზე ოჯახის წინაშე. ეს სამუშაო, რომელმაც ჩემი უახლოესი წარულის მნიშვნელოვანი ნაწილი შთანთქა, დიდად წაიწევს წინ აქ დამსწრე დიდი მოაზროვნეების, იურისტების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების მონაწილეობის წყალობით.

ორგანიზაციულად ეს ყველა მსურველისათვის ძალიან ადვილია, თითოეულ თქვეთაგანს ყოველთვის შეგიძლიათ მოიძიოთ ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია ბრაიან ბრაუნისა და მისი შესანიშნავი თანამშრომლების მეშვეობით.

აქვე, ნება მიბოძეთ შევაჯამო ზოგიერთი ინოვაციური მიმართულება, რომელიც ჩემი აზრით აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს პოსტ-ლიბერალური იდეოლოგიისა და კონსტიტუციის შინაარსში, რომელსაც, ჯერ-ჯერობით, სამუშაო სახელად ჩვენ ვუწოდებთ ტრადიციონალისტურ იდეოლოგიას:

1. თეოცენტრიზმი, ანთროპოცენტრიზმის ნაცვლად - თუ გვსურს, რომ წარმატებას მივაღწიოთ, ჩვენ უნდა შევატრიალოთ ფრიდრიხ ნიცშეს „ღმერთის მკვლელობის“ პარადიგმა და უნდა დავაბრუნოთ უფალი ჩვენი საზოგადოებების ეპიცენტრში. ეს არ ნიშნავს თეოკრატიას, მაგრამ ასევე ეს არ ნიშნავს დემოკრატიას საღმრთო და ზნეობრივ საკითხებში.

2. არავითარი უნივერსალიზმი - ლიბერალიზმისა, მარქსიზმისა და ფაშიზმისაგან განსხვავებით, ტრადიციონალიზმს არ უნდა გააჩნდეს დედამიწაზე უნივერსალიზმის პრეტენზია. ყველა ცივილიზაციამ უნდა წაიკითხოს ის თავისი, უნიკალური გზით და ამით უნდა გაამდიდროს მსოფლიოს ტრადიციონალისტური მოძრაობის რენესანსი.

3. არავითარი გლობალიზმი - ზემოთხსენებული სამივე მოდერნის პოლიტიკურ თეორიას ჰქონდა ამბიცია მსოფლიო ბატონობისა. ჩვენსას ეს ამბიცია არ უნდა გააჩნდეს. ის საზოგადოებები, რომლებიც იმდენად ღრმად არიან ჩაფლულნი სულის მღაფველ ლიბერალიზმში, ან თუნდაც უკვე დამარცხებულ ფაშიზმსა და კომუნიზმში, რომ სურთ მათ შიგნით დარჩენა, არ უნდა გახდენ ჩვენი მხრიდან არანაირი ჩარევის ობიექტები. ჩვენ გვწამს ნაციების კოლექტიური ინტელექტისა ხასიათების და ასევე თითოეული მათგანის ისტორიული მოვლენების დინებების ინდივიდუალური სიჩქარეებისა. ამრიგად, ის რაც კარგია, ამ ეტაპზე მაგალითად ქართველებისათვის, შეიძლება ამავე დროში ცუდი, ან საერთოდ სასიკვდილო იყოს იტალიელებისათვის. ასე რომ, რა გზაც არ უნდა აირჩიოს ნაციამ თავისუფლად, ეს მათი საქმე უნდა იყოს. ამავე დროს, ვიცით რა მშვენივრად ლიბერალიზმის არადემოკრატიული ბუნება, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მის ქვეშ მოქცეული ნაციების ნების თავისუფალი გამოხატვა შეიძლება მნიშვნელოვან წილად იზღუდებოდეს. მაგრამ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გლობალისტების მსგავსი ნებისმიერი ქმედება, მე ღრმად მწამს, რომ ტრადიციონალისტთა საერთაშორისო საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი საზოგადოების ცხოვრებაში ჩარევისაგან.

4. არავითარი ვახში - ფული არ უნდა იზრდებოდეს ავტომატურად დროში. მიმაჩნია, რომ ეს დიდად სასურველი და სრულიად მიღწევადი მიზანია პოსტ-ლიბერალური საზოგადოებისათვის. იგი სრულ თანხმობაშია სამივე აბრაამისეული რელიგიის ფილოსოფიასა და თეოლოგიასთან და საუკუნეების მანძილზე გახლდათ საყოველთაო პრაქტიკა მთელს მსოფლიოში, ამ დალოცვილი მიწის ჩათვლით. სამწუხაროდ ამჟამად იგი შენარჩუნდა მხოლოდ ისლამური ბანკინგის ნაწილებში, ხოლო დანარჩენებმა კი ის დავკარგეთ. ჩვენ ის უნდა აღვიდგინოთ.

5. მონტესკიეს ხელისუფლების სამი შტოს დოგმის გადახედვა - დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ, თუმცა მე ვარ პირდაპირი სახალხო მმართველობის სრული მხარდამჭერი (მე ძალიან არ მიყვარს ბერძნულ ევფემიზმი „დემოკრატია“, რადგან ლიბერალებმა ყველაფერი ქნეს მის შესაბილწავად), მიმაჩნია, რომ ეს დოგმატური დაყოფა შესაძლოა ბევრად ნაკლებად აუცილებელი აღმოჩნდეს ახალი იდეოლოგიისა და კონსტიტუციის პირობებში.

ბოლოს ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, რომ თუ ჩვენ არ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას, და არ დავდებთ ტრადიციის მამტკიცებელ ნარატივს, ჩვენ, როგორც ლიბერალიზმის უნაყოფო დისიდენტები, აღმოვჩნდებით მასთან ერთადვე დაღუპვის საფრთხის ქვეშ. და თუმცა ნებისმიერი ჩვენთაგანი სიხარულით შესწირავს საკუთარ სიცოცხლეს ჩვენი ოჯახებისა და საზოგადოებების გადასარჩენად მიმდინარე გახრწნისა და დეგრადაციისაგან, მოდით ვქნათ ამაზე მეტი: მოდით ვიცხოვროთ და მოდით ერთად ავაშენოთ პოსტ-ლიბერალური სამყარო, კაცობრიობის ცივილიზაციის იმ ნაწილებში, რომლებსაც სურთ რომ დარჩნენ ცოცხლები, ღვთის-მოშიშები და ამრიგად ადამიანურები.

გმადლობთ!

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები არქივი
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N18. კორონას გლობალური შედეგები
ლევან ვასაძე და მეგობრები საუბარი N17. კორონა - ლიბერალური ეპოქის გვირგვინი
ლევან ვასაძე და მეგობრები - (დაგვიანებით) საუბარი N16. ალკუინის საფეხურებით ( ნაწ.2)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N16. ,,ალკუინთან დაბრუნება" (ნაწ.1)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N15. "ეთნოფსიქოლოგია კვდომის და შრომის"
Სარეკლამო
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N 14. "ბერეშითი" (დაგვიანებით)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N13. "ქვაბულიდან მზისაკენ" (დაგვიანებით)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N12. "ქართველი ერის მიზანი"
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N 11. "იმიგრაცია" (ნაწ. 2)
ლევან ვასაძე და მეგობრები - საუბარი N11. ,,იმიგრაცია" (ნაწ.1)
მეტის ჩვენება
Სარეკლამო