მამუკა არეშიძე - აზერბაიჯანი არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდება, ვიდრე პროგრამა-მაქსიმუმს არ შეასრულებს

ამბები/ წყარო: kvirispalitra.ge
მამუკა არეშიძე - აზერბაიჯანი არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდება, ვიდრე პროგრამა-მაქსიმუმს არ შეასრულებს
ამბებიწყარო: kvirispalitra.ge

მამუკა არეშიძე - აზერბაიჯანი არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდება, ვიდრე პროგრამა-მაქსიმუმს არ შეასრულებს

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/P5lVOs7VR.png

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა. რა მოხდება რეგიონში და რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ამ ვითარებამ საქართველოს - ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრა" ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს.

- ფაქტობრივად, საქართველოს ჩრდი­ლოეთით და სამხრეთით ომი მიმდინარეობს. ჩვენთან ჯერჯერობით მშვიდი ვითარებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომი ჩვენზე გავლენას არ მოახდენს. აუცილებელი არ არის საომარ მოქმედებებში ჩართვა. გეოპოლიტიკური სურათი ისეთია­, ისეთი­ კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება ყველაფერი, არ არის გამორიცხული, გარკვეული ძალისხმევა დაგვჭირდეს, მათ შორის, სამხედრო-პოლიტიკურიც. არ ვიცი, სწორად გაიგებენ თუ არა ჩემს ნათქვამს, მაგრამ ვფიქრობ, სამზადისი აუცილებელია...

აზერბაიჯანი არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდება. მან მსოფლიოში ლოჯისტი­კური ვითარება სათავისოდ დაალაგა და არ გაჩერდება, ვიდრე პროგრამა-მაქსიმუმს - ყარაბაღის დაბრუნებას - არ შეასრულებს. პროგრამა-მინიმუმი, რომლის გამოც­ ახლა დაპირისპირება დაიწყო, არის იმ ხელშეკრულების სრულად რეალიზაცია, რომე­ლიც 2020 წლის ომის შემდეგ დაიდო. აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ნახიჩევანამდე გზის გაჭრაზე დოკუმენტი ხელმოწერილია, მაგრამ სომხეთი ამას არ აკეთებს და გასაგებიცაა, რადგან ეს სომხეთისთვის უაღრესად დამამცირებელი და, გარკვეულწილად, დამანგრეველიცაა. მაშინ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა რუსეთის ძალისხმევით მოხერხდა, რადგან რუსეთს სჭირდებო­და, რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო სამხედრო დაპირისპირება, თან უნდოდა, გამოკვეთილიყო მისი, როგორც მთავარი შუამავლის როლი. დღეს რუსეთი­ თავის მოკავშირეს ვერ ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ ამას ავალდებულებს უამ­რავი დოკუმენტი, მათ შორის - კოლექ­ტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება. ფაქტობრივად, რუსეთმა სომხეთი მიატოვა და მხოლოდ რევერანსულ განცხადებებს სჯერდება, აზერბაიჯანი კი არ გაჩერდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ რეგიონში, სადაც პერმანენტული ომი მიმდინარეობს. გავითვალისწინოთ ისიც, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ჩვენს ტერიტორიაზე არიან შემოჭრილი. მაგალითად, წითელი ხიდის ტერიტორიაზე არის სამკუთხედი ადგილი, ფერდები, სულ 3 კილომეტრი, სადაც თავის დროზე შემოიჭრა ორივე იმისთვის, რომ იქიდან ერთმანეთი ეკონტროლებინათ. ფორმალურად, ამ ომში საქართველო ჩართულია თავისი ტერიტორიით.

- უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ...

- პირველი საფრთხე ის არის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელებიც და სომხებიც... მეორე - ასეთი საომარი მდგომარეობა რეგიონში ეკონომიკის განვითარებას უშლის ხელს. პრაქტიკულად, ამ დარტყმის ქვეშ ვართ. წარმოვიდგინოთ ასეთი ჰიპოთეზური სურათი: მხარეებმა მოინდომონ ერთმანეთის იმ კომუნიკაციების განადგურება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა. მაგალითად, სომხეთი საქართველოს ტერიტორიიდან მარაგდება რუსული გაზით; გარდა ამისა, აზერბაიჯანული ელექტრომატარებლები საქართველოს გავლით გადის ევროპაში. ხომ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება მოხდეს?! გარდა ამისა, ეს არ არის დაპირისპირება მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ეს არის რუსულ-თურქული დაპირისპირება. თურქეთმა, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მძლავრად მოიკიდა ფეხი სამხრეთ კავკასიაში. რუსი პატრიოტები ამბობენ, რომ პუტინის ხელისუფლების დანაშაული არა მარტო უკრაინაში ომი და ამ ომის მოუმზადებლად დაწყებაა, არამედ ისიც, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაუშვა სამხრეთ კავკასიაში თურქეთის დაბრუნება, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. დღეს რუსეთსა და თურქეთს შორის მიმდინარეობს ბრძოლა მთელი კავკასიის ტერიტორიაზე გავ­ლენის მოსაპოვებლად. ამ თვალსა­ზრისით თურქეთი­ გაცილებ­ით წინ არის. რუსეთმა ბევრი რამ დათმო, დღეს მას თურქე­თთან კონფრონტა­ცია არ შეუძლია, რადგან თურქეთი რუსეთის სერიოზ­ული პარტნიორია. დაპირისპირების შემთხვევაში რუსეთს ის ეკონომიკური ძაფიც გაუწყდება, რომელიც, გარკვეულწილად, ამარაგებს და ამის გამო მოსკოვი ითმენს, მაგრამ მომავალში ამ პოლიტიკური წარუმატებლობის რევერსი წარმოუდგენლად მიმაჩნია... რაც შეეხება ჩვენი და თურქეთის მეგობრობას, თურქეთი ჩვენი ლობისტია ბევრ საერთაშორისო ინსტიტუტში, ერთ-ერთი ლობისტია ნატოში საქართველოს გაწევრების და ა.შ. ის ჩვენი ეკონომიკური პარტნიორიცაა - სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და თურქეთს შორის განსაკუთრებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავითვალისწინოთ თურქეთის მადა. თურქეთის სახელმწიფო იდეოლოგია დაფუძნებულია თეორიაზე, რომელიც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის გავლენის აღდგენას­ იმ სივრცეში, რომელსაც თავის დროზე აკონტროლებდა. ეს არ არის მხოლოდ ბალკანეთი, წინა აზია და არაბული სამყარო, ეს არის კავკასიაც, მათ შორის - დასავლეთ საქართველო. ამას თურქეთი ერდოღანის ხელისუფლების პირობებში არ გააკეთებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გავლენის გაძლიერების პროცესი შეწყდება. ეს მარტო არმიით და ტანკებით არ ხდება,­ გავლენის გაძლიერება იდეოლოგიური, მათ შორის - რელიგიური და ეკონომიური გზითაც ხდება.

- ანუ ჩვენც მოგვიბრუნდება?

- კარგა ხანია, მობრუნებულია. იდეოლოგიურად მუშაობენ. საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არაბული პოლიტიკური ისლამისა და თურქული პოლიტიკური ისლამის დაპირისპირებასაც ვხედავთ. რამდენიმე წლის წინ ეს ძალიან ინტენსიური იყო, ახლა შესუსტებულია, ისევე, როგორც ირანული ჯგუფების აქტიურობა. ამას თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში არ გაძლიერდება. ყველა სახელმწიფო თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მთავარია, შენ შენი ინტერესებიდან გამომდინარე იმუშაო და კონტრღონისძიებების სისტემა შექმნა. ამ კონტრღონისძიებებთან დაკავშირებით ბევრი მაქვს საკრიტიკო. ერთია, როდესაც კონტრღონისძიებების პაკეტსა და სისტემაზე მუშაობენ უსაფრთხოების სამსახურები და შედეგიც აქვთ, მაგრამ მეორეა, როცა ამაზე სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ. მთავარია, საზოგადოება და ხელისუფლება კონსოლიდირებული იყოს ამ გამოწვევების წინააღმდეგ, მაგრამ ამას ვერ ვხედავ... ჩვენ საფრთხეები უნდა გავაერთიანოთ. რუსეთი დღეს უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვის, ფაქტობრ­ივად, დასავლეთის წინააღმდეგ. მიმდინარეობს ბრძოლა რუსეთის­ გავლენის ლიკვიდაციისთვის, რუსეთი კი ამას წინააღმდეგობას უწევს. უკრაინის ომი რომ არ ყოფილიყო, აზე­რბაიჯანი ასეთ აქტ­იურ ნაბიჯებს არ გადადგამდა. ახლა აზერბაიჯანს რუსე­თის არ ეშინია,­ იცის, მისთვის ვერ მოიცლის. მან პირველად გაბედა ხმამაღლა თქმა, რომ დაბომბა სომხეთის ტერიტორია. ჭურვები აქამდეც სულ ხვდებოდა სომხეთის ტერიტორიას, მაგრამ აზერბაიჯანი ამას უარყოფდა. კაპანში 50-მდე სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და რუსეთს ამაზე რეაგირების თავი არა აქვს, აზერბაიჯანმა კი აღიარა, რომ ეს მან გააკეთა... თუ ადრე ევროკავშირი აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების მიმართ ძალიან აგრე­სიული იყო, დღეს ასეთი აგრესიული­ ვეღარ არის. აზერბაიჯანმა­ სათავისოდ სწორი­ ნაბიჯები გადადგა -­ მოაგვარა ურთიერთობა რუსეთთან, შეისყიდა მათგან­ 5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარა­ღი, ფაქტობრივად, ააწყო ფინანსური ურთიერთობაც და 23 თებერვალს ხელი მოაწერა სამოკავშირეო ხელშეკრულებას. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, ვნახეთ ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი, რომლის დროსაც აზერბაიჯანი წარმოჩნდა, როგორც მთელი ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგომიმწოდებელი. სხვათა შორის, ადრე იყო ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის შექმნილი ფორმულა, რომ ევროპისთვის ენერგომატარებლების მიმწოდებლები იყვნენ აზერბაიჯანი და საქართველო. დღეს მიმწოდებელია აზერბაიჯანი, საქართველო კი ჩახსნილია. ჩახსნილია ის ქვეყნებიც, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ სქემაში უნდა იყვნენ და ევროპისკენ მათი გაზიც უნდა წავიდეს. ესენია თურქმენეთი და ყაზახეთი.

- გამოდის, რომ ახლა ევროპასაც არ აძლევს ხელს აზერბაიჯანის განაწყენება...

- აზერბაიჯანმა მოახერხა და ახლა ყველაფერს სათავისოდ აკეთებს, მაგრამ ჩვენი ტერიტორიის გვერდის ავლით აზერბაიჯანი ვერავის ვერაფერს მიაწოდებს, ამიტომ, ჩვენ ჩვენს თავს ფასი უნდა დავადოთ და სტატუსი დავიბრუნოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უნდა გავაძლიეროთ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოება და ამ საკითხშიც საზოგადოება­ და პოლიტიკური ელიტა კონსოლიდირებული უნდა იყოს...

- აქციები იმართება ფაშინიანის წინააღმდეგ. ეს პროტესტი სადამდე მივა?

- მის ადგილას, მე წავიდოდი, რადგან ფაშინიანს არ აქვს რესურსი, სიტუაცია გამოასწოროს. ის მოკავშირეებმაც მიატოვეს და სომეხი საზოგადოების დიდმა ნაწილმაც. რუსეთმა დაარღვია მე-20 პუნქტი. მე არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც სამხედრო დაპირისპირება უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კრემლს ძალიან მკაცრად და აქტიურად მოქმედება მართებდა, რაც არ გააკეთა, ეს კი ფაშინიანისთვის დიდი დარტყმაა. აქციის მონაწილეთა ტექსტს დააკვირდით! ფაშინიანის ხელისუფლებას არ ენდობა მოსკოვიო, ამბობენ. ეს არ არის მართალი, მაგრამ ლოზუნგისთვის ვარგა. სომხეთს არავინ დაეხმარება. რასაკვირველია, კულუარული მუშაობა გაგრძელდება, რომ აზერბაიჯანი შეაჩერონ, მაგრამ ეს დროებითი პროცესი იქნება. აზერბაიჯანი და ოფიციალური ანკარა ხედავენ ვითარების ხიბლს სათავისოდ, ამიტომ ბაქო არ გაჩერდება, თუ ნახიჩევანამდე გზა არ გაიჭრა, მისი მეორე და მთავარი ნაბიჯი კი მთლიანი ყარაბაღის დაბრუნება და იქიდან რუსი სამხედროების გაყვანაა.ბევრი რამ დამოკიდებულია უკრაიანა-რუსეთის ომზეც. გამარჯვების შემთხვევაში რუსეთი ჩვენც მოგვიბრუნდება და სამხრეთ კავკასიასაც, ოღონდ - ხანმოკლე პაუზის შემდეგ. პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები მას ნამდვილად აქვს, მაგრამ დღეს არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ ბერკეტების ასამუშავებლად მოიცალოს. ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე ომზე. თუ გამოჩნდა, რომ რუსეთი ომს ვერ იგებს (ლაპარაკი არ არის უკრაინის მოგებაზე), ჩვენ რუსეთიდან საფრთხე არ გვემუქრება, მაგრამ, სამაგიეროდ, რეგიონის აფეთქებაა შესაძლებელი და ამაზე მუშაობენ. მსხვილი მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ, რომ სხვადასხვა ადგილას დაძაბულობის კერები გაჩნდეს. ვნახეთ, რომ უცებ დაიწყო დაპირისპირება ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის; აპრილ-მაისში რუსეთმა ძლივს შეაჩერა თალიბანი; კალინინგრადის საკითხი დამოკლეს მახვილივით კიდია; საყურადღებოა სერბეთისა და კოსოვოს საკითხიც, სადაც ცეცხლი დანთებულია, მაგრამ ჯერჯერობით აფეთქების შეკავება ხერხდება. მსხვილი მოთამაშეები აკონტროლებენ ვითარებას და ააქტიურებენ იმ ნაღმებს, რომლებიც თავის დროზეა ჩადებული. ეს ნაღმები მაშინ აფეთქდება, როცა საჭირო იქნება, ისე, როგორც ახლა აფეთქდა სომხეთ-აზერბაიჯანის ნაღმი. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ.

ავტორი - თეა ხურცილავა

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
განათლების ხარისხის ცენტრი - მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილი იყოს შეუფერხებელი სასწავლო პროცესი, რათა არ მოხდეს აკრედიტაციის სტანდარტების დარღვევა
საზოგადოება „ქართული“ - კატეგორიულად ვგმობთ ევროპელი პარლამენტარების უდიერ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ხალხის მიმართ
ირაკლი კობახიძე - მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
ირაკლი კობახიძე ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, იან ბორჯს შეხვდა
Სარეკლამო
ირაკლი კობახიძე ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საპატრიარქო - მიხაელ როთმა თავისი განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან, ეს არის ეკლესიის სტიგმატიზაციის სამწუხარო მცდელობა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლეს
სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება
აქციის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს, თუმცა, მათ გამოჩენას აქციის მონაწილეებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო