erimedia_ravk/W2z8AOtIR.jpeg

ლევან ვასაძე – უძლურის დღიური

არქივი
ლევან ვასაძე – უძლურის დღიური
არქივი

ლევან ვასაძე – უძლურის დღიური

erimedia_ravk/W2z8AOtIR.jpeg

14.08.2021 - 10.05.2022

გთავაზობთ ლევან ვასაძის დღიურს, რომელიც, შეძლებისამებრ, ყოველდღიურად შეივსება ავტორის მიერ.

ლევან ვასაძე - უძლურის დღიური. სრული ვერსია.pdf

თავი I - შესავალი

ეს უცნაური სახელწოდება სამმაგი მნიშვნელობისაა.

უძლურებაში მყოფმა, ვიფიქრე, იქნებ ჩემი განსაცდელი ისე წარიმართოს, რომ მისთმენის გამოცდილება სხვას გამოადგეს მომავალში. ჰემინგუეი წერდა, კაცი მოვალეა წეროს, თუნდაც იმიტომ, რომ შვილების თაობამ ცარიელი ფურცლიდან არ დაიწყოს ცხოვრებაო და, ეს მამოძრავებს აქ.

მეორე მნიშვნელობა „უძლურის დღიურისა“ კი არის ის, რომ ბევრი ჩვენთაგანი თავს უძლურად ვგრძნობთ რამე შევცვალოთ ამ უფსკრულისაკენ მოწყვეტილ სამყაროში. ალბათ, ეს ყველა დაღვინებულს ეჩვენებოდა ყველა საუკუნეში, მაგრამ, არა მგონია ასეთი ვარდნის მომსწრე ყოფილიყოს ოდესმე კაცობრიობა.

მესამე კი, ჩვენთვის ყველაზე მშობლიური: მხოლოდ საკუთარი უძლურების წრფელი აღიარებით ღებულობს ადამიანი ხელთუქმნელ მადლს.

აქ დგება ორი პრობლემა, პოეტური და ფილოსოფიური. პოეტური ასეთია: წეროს და თქვას ადამიანმა უფსკრულზე, რომელშიც კაცობრიობასთან ერთად მიექანება, რასაც ლამის ყველა აკეთებს ვისაც კალამი და სიტყვა სარჩოდ გაუხდია, თუ თვალი აღმა შეაქციოს და გულში ვარდნის ქრიალის მიუხედავად წეროს ცაზე, რომელიც კაცობრიობას შორდება. ფილოსოფიური კი ასეთი: სტოიციზმით ჭვრეტდეს კაცი ვარდნას, და ზოგჯერ მიდიოდეს კიდეც იმ დასაცინ მდგომარეობამდე, რომელსაც ათინას მაცხოვრებელნი ἰδιώτης – იდიოტესს, ანუ პოლიტიკუმში არ მონაწილე ადამიანს ეძახდენ, თუ შეაკლას თავი ამ ვარდნის შეჩერების მცდელობას.

ყველა თავისას ირჩევს. ჩემი მრწამსი ამ ორივესდამი ცხადია: პოეტურად არ შემიძლია დაღმა ყურება და მხოლოდ ცას ვეძებ, რომელიც სულ უფრო გვეკარგება და ფისოლოფიურად, რამდენიც არ ვეცადე განდგომას, მაინც თავის შეკვლა მომიწია პოლიტიკაზე.

აქედან სრული სიმარტოვე, მიუხედავად, თითქოსდა სრული მხარდაჭერისა. ერის იდეალისტურ ძარღვში, არისტოტელეს მიხედვით ζῷον λόγοϛ ἔχων (ზოონ ლოგონ ექონ) ანუ სიტყვის, ან ლოგოსის მქონე ცხოველში, ეს ძმობაა, მაგრამ სხვა ნაწილში, უბრალოდ ზოონში, რომელიც მხოლოდ ნივთიერს მოიხმარს და გადაამუშავებს, ეს ზიზღს, ან უკეთეს შემთხვევაში დაცივნას იწვევს.

მაგრამ, თუ “დედამიწა დიდ სულთათვის კვლავ შვებულია, მწირთათვის და წყვილად მობინადრეთათვის კვლავ ცარიელია მრავალი საჯდომი, სად სუფევს ოხვრა წყნარ ზღვათა სუნნელებისა,”¹ მაშინ, იქნებ ღირდეს კიდეც მასეთი ადგილებიდან შემოძახება (მე ხომ ახლა მასეთ ადგილას განმაწესა შემოქმედმა) კაცობრიობის დარჩენილ ნაწილზე, რომელსაც ჯერ კიდევ ესმის ათრთოლებული რხევა ნამდვილი თავისუფლების მწყურვალე ხმისა.

იმ ახალგაზრდებს, ვინც რატომღაც გადაწყვიტავენ ადევნონ თვალი „უძლურის დღიურს“, ვთხოვ, ნუ შეუშინდებიან გაუგებარს, ისინი მას ჩემზე უკეთ გაიგებენ, როდესაც ნადვილად დასჭირდებათ ცხოვრებაში.

ვეცდები, ვწერო ყოველდღე, პირველი წამლების მერე, სანამ ეს ჩემი სხეული ქმედითია ხოლმე და სანამ, მის სიღრმეებში მიმავალი უცნაური ქარიშხლები მოლეკულარული ბრძოლებისა ორ შხამს შორის, არ დამასუსტებენ ხოლმე. ქიმიის დღეებში, ანუ კვირაში ერთი ან ორი დღე, შეიძლება ვერ შევძლო ხოლმე, და ალბათ ეგრეც აჯობებს. დავწერ ყველაფერზე ცოტ-ცოტას, ასე თითო ფურცელს, ოღონდ, ისე, რომ რაღაცაში დაგვეხმაროს ყველას. დილას დავწერ, დღისით დაიდება ხოლმე. მაშ, ხვალამდე. გილოცავთ მარიამობა მარხვას.

_____________________________________

¹ფრიდრიხ ნიცშე – „ასე იტყოდა ზარატუსტრა“

14.08.2021

II თავი

ამ დღიურის წერისას, ხან მოვიწყენთ ხოლმე და ხან გავიხარებთ. კვირა დღის მადლს მოწყენა არ შეშვენის და ასეთ რამეს გავიხსენებ.

ათონზე, ივერონის მონასტერში ყოფნისას, დავესწარი საღვთისმეტყველო საუბარს ქართველ მღვდელმთავარს და ივერონის მონასტრის იღუმენს შორის. ორივე მამის საუბარი დინჯად, შესვენებებითა და ზოგჯერ, თვალმინაბული ჩაფიქრებით, ანუ მოსაუბრეთა გულში – ლოცვით მიმდინარეობდა. მე გასუსული ვუსმენდი.

ქართველმა მღვდელმთავარმა ჰკითხა ბერძენ ბერს, რა არის ადამიანის ცხოვრების აზრიო. იღუმენს არც უფიქრია, ევქარისტიაში მონაწილეობაო.

ჩემი საერო აზროვნებისათვის ეს მკვეთრი რამ იყო. ასე არასოდეს მიფიქრია, თუმცა, მეგონა, რომ რაღაცა ვიცი და რაღაცას ვაზროვნებ. ეს იყო ოციოდე წლის წინ. რაც წლები გადის, ვრწმუნდები, იღუმენის სიტყვების ყოვლისმომცველ სიბრძნეში.

რა არის ევქარისტია? პირდაპირი მნიშვნელობით, ის უმანკო კრავის ნებსით მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობაა, რომელიც მანვე საიდუმლო სერობას დაუდგინა წესად მოციქულებს. როდესაც მასში მონაწილეობ, პირდაპირ იმ სერობას უერთდები, არა სიმბოლურად, არამედ, ნამდვილად, თუმცა, გონება ამას ვერ წვდება. იღებ თვით ღმერთის სისხლსა და ხორცს, ყოველთა მაკურნებელს და ნაკლულევანთა აღმავსებელს.

რა მიგაქვს მანდ შენ? პირველ რიგში, წესით, შენი უღირსების სინანული და გულწრფელი მადლიერება სამყაროს შემოქმედისადმი, ვინც ექვს დღეს იქმოდა და მეშვიდე დღეს მოისვენა და შენც იგივე დაგიწესა. ანუ, წესი მოსვენებისა, გარინდვისა, მადლობისა, სიხარულისა.

თუ ამას ჭეშმარიტ სარწმუნოებაში ასრულებ, მანდ ყველაფერი დიდებულია, მანდ ხვდება ერთმანეთს ყველაფერი ყველაზე ნატიფი: სიტყვაც (წმინდა წერილი), პოეზიაც (ფსალმუნი), მუსიკაც (გალობა), მხატვრობაც (ხატი და ფრესკა), ხუროთმოძღვრებაც (აღმავალი ხაზოვანება სამი განზომილებისა), ყველაფერი, რაც ადამიანური ცივილიზაციის საფუძველთა საფუძველია, ყველაფერი, საიდანაც წამოვიდა მეცნიერება და კულტურა, აწ განძარცვული და ობლად დარჩენილი მთავარი წყაროსაგან. ცალ-ცალკე მათ ვერ გაიგებ ბოლომდე, მხოლოდ სული წმინდის მადლით გაერთიანებულ ერთობაში ხარობს გული, გინდა სვეტიცხოველში იდგე და გინდა სოფლის მცირე ბაზილიკაში. უბრალოდ უნდა დადგე, გაჩერდე, გაიყურსო და როგორც არ უნდა ცქმუტავდეს ხორცი, შეასრულო მეოთხე მცნება.

მაგრამ, მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევთ – ეს დღიური არ არის არც სასულიერო პირის კალმით ნაწერი და ვერც მე დავდებ თავს დიდ სულიერებაზე, სამწუხაროდ – და, აი, რას ვიტყვი: რომაც არ იყო ჭეშმარიტი ევქარისტიის მონაწილე, მაინც მოწოდებული ხარ მისკენ – ვინც არ უნდა იყო, რა ეროვნებისა და სარწმუნოებისაც არ უნდა იყო. მშვიდად დადგომა, გარინდება, მსხვერპლის შეწირვა, თავის დადება, სიხარული, თმენა, მადლიერება, საერთოს ნაწილად ყოფნა, ერთობა, რაობა, იმედი, ეს ხომ ყველა ადამიანს ესმისა და ახარებს – თუ ის ადამიანია.

ამიტომ არის ოცი წლის წინ ივერონის იღუმენის სიტყვა უზადო: ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების აზრი არის ევქარისტიაში, ანუ, ქართულად რომ ვთარგმნოთ, მადლში მონაწილეობის მიღება. ვაკეთებთ კი ამას კვირიდან კვირამდე? თუ ვზოზიალობთ ჩვენს უაზრობაში და არ გვცალია? რა სასაცილო სიტყვაა. არ გვცალია.

ეს ხომ ყველას შეგვიძლია. მეც კი. ახლა ყველაფერი მეკრძალება, კვირაში ერთხელ, სკაფანდრში, სავადმყოფოში ქიმიაზე გასვლის გარდა და აქაც არ მტოვებს შემოქმედი. ძირითადად ჩემი მშობლიური წმინდა გიორგის ქართული ტაძრის მამები მომაკითხავენ ხოლმე მე უღირსს საზიარებლად ბინაში. მაგრამ, ხანდახან, ძალიან რომ არ შევაწუხო ისინი, სხვებს ვთხოვ ხოლმე ამ მართლმადიდებელ ქალაქში.

და აქაც, საოცრება. ისე მოხდა, რომ ის რუსი მამებიც, ვინც ამ წყალობას იღებს ჩემზე, სადმე კი არ მსახურობენ, არამედ ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, „პალიანკაზე“, ბავშვთა დამწვრობის და ტრავმატოლოგიის საავადმყოფოსთან რომ არის. მშვიდები, ერთი მეორეზე კარგები და სიყვარულით სავსენი, საქართველოში შეყვარებულნი და ივერიის ღვთისმშობელზე შეწირულნი.

დღეს წინამძღვარი მესტუმრა, მამა ალექსი ემელიანოვი, სანთელივით ახალგაზრდა კაცი. სამივე ძმა მღვდლები არიან, სამივე ერუდიტი, სამივე ბრწყინვალე. რომ შემობრძანდა, სახე არ ჰქონდა, გული გამისკდა, სულ ვდარდობ, როგორ იტევს მისი გული ყოველი წირვის მერე იმ ბავშვთა საავადმყოფოში ნანახს.

მე ჩემს ბინტებში და სკაფანდრში დავხვდი, თვალი შემავლო და მივხდვი, რაღაც საშინელი გადაეტანა ამ დღესაც. თვალებით ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ნარკომანმა მამამ ორი წლის შვილი ფანჯრიდან გადმოაგდო ბებიის თვალწინ, მეხუთე სართულიდანო. პატარა პირდაპირ ასფალტზე დაეცა, სამანქანო გზაზე და მხოლოდ ფეხი მოტყდა, სხვა არაფერი დაუშავდაო. სამი კვირა ვუვლიდით და დღეს მოვნათლე, მაქსიმე დავარქვიო. ყველაფერი ახსოვს და ეშინიაო, ამბობს, გადმოვვარდი, მამიკომ გადმომაგდოო. მორიგი სასწაული ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძართან. მალე გამოწერენო. თითქოს ხომ სიხარულია, მაგრამ, შევატყვე, რომ მამა ალექსეის მლოცველ გულზე გაიარა ამ სიხარულის აღსრულებამ და კიდევ ერთი ღრმა იარა დააჩნია ამ კაცს.

რომ მაზიარა, ჩაიზე მივიწვიე და შევატყვე, კიდევ დარდობდა. კიდევ რა მოხდა-მეთქი. კამჩატკიდან 17 წლის ბიჭი ჩამოიტანეს, გოგო გადაარჩინა და თვითონ აწყვეტილ მანქანას შეუვარდა, კომაშიაო. ის, ვინც გაჭყლიტა, არ დასაჯეს და არც ეხმარებაო. ამ ბიჭის მამა სულ ტირის და ლოცულობს და დღეს აღიარა, რომ არა ამ ჩემი ბიჭის უბედურება, არც მოვიდოდი ღმერთთანო და აღსარება მითხრაო, თქვა მამა ალექსიმ და მზერა სივრცეში გაექცა. შევატყვე, განიცდიდა აღსარებაზე მოსმენილს, მე ხომ არ მეტყოდა.

რა ჰქვია ბიჭს, მეთქი. სტეფანეო. სპორტსმენი, ანგელოზივით ბიჭი და ორი თვის თავზე, თვალი ძლივს გაახილა დღესო. ის კი, ვინც გაიტანა, ვიღაცის შვილია და არც კი დაისაჯა და არც კი ეხმარება ამ ოჯახს, რა არის ესო, გაიმეორა.

ვისხედით ასე. აღარც ჩემი მოწამლული გული გვედარდებოდა, აღარც ჩემი ძვლის ტვინის ქიმიის ტკივილები. ფანჯრებში მზე შემოდიოდა და ჩუმად ვხარობდით, რომ ორი წლის მაქსიმე გადარჩა და რომ სტეფანემ თვალი გაახილა, თან, ზუსტად სტეფანე პირველმოწამის დღეს და ეს, ორივე, ივერიის ღვთისმშობლის კალთის წყალობით.

ჩემი ლექსის სტრიქონი გამახსენდა:

„მე უსამშობლოდ მინდოდა ყოფნა,

რადგან ვერ ვიტევ მის ცრემლს და ტკივილს“.

მაგრამ, სად წაუხვალ გულს. ყველგან ერთი და იგივეა. და ეს ერთი და იგივე აუტანელია ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრის, ანუ ევქარისტიაში მონაწილეობის გარეშე.

მე ვერ დავწერ ასე ყოველ ჯერზე. უფრო პროზაულ რამეებზე მოგვიწევს ალბათ საუბარი. მაგრამ, დღეს ასე იყოს, რადგან კვირაა. ხვალამდე.

15.08.2021

III თავი

გასულ კვირას დიდგორი ვიზეიმეთ. 900 წლის თავი. ეს წელი სულ მისი უნდა იყოს. და ამ ერთი წლის განმავლობაში, კარგად უნდა გავიაზროთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ დარჩენილი 100 წელი, რათა მის ათასწლეულს ღირსეულად შევხვდეთ, არა ისე, როგორც ახლა, არამედ ისე, როგორც მას ეკადრება. რა უნდა შეიცვალოს ჩვენში ჩვენი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, რათა ჩვენი შვილები და მათი შვილები დიდგორელები გახდნენ?! უამისოდ ერი აღარ ვიქნებით.

ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ, რომ დიდგორი გვაქვს და უბედური, რომ არაფერი ვიცით მის შესახებ. როცა მიჭირს, იქ მივდივარ ხოლმე, მათთან სასაუბროდ. ვუვლი მის მინდვრებს, ვცდილობ, აღვადგინო, სად რა ხდებოდა. ჩემი სახლიდან უკაცრიელი გზა ადის მისკენ, რკინის ცხენით ოციოდე წუთი მინდა იქამდე.

ვზივარ ხოლმე და ვეჩურჩულები მათ. ერთხელ, მზიანი დღე იყო, რომ მივედი, ქარი ამოვარდა და ამ საუბრისას ხილვები მქონდა. მერე, უცხოეთში ყოფნისას, ის საუბარი ლექსად წამომსკდა:

“მზეო წინაპრისა”

მზეო წინაპრისა,

დიდგორში გნახე და

მოთიბულ კალთებზე

გეხუტე ტკბილად,

ცრემლით გეჩურჩულე,

ქარში გესაუბრე,

ფარ-ხმალით გიჩოქე,

გიტირე ჩვილად.

მზეო წინაპრისა,

მე, რომც დაგეღუპო,

შენ ნუ მიმატოვებ

დაშანთულს ლახვრით,

თორზე დამაწვინე,

პირბანით მაგრილე,

ლაჟვარდს გამიტაცე

წყალობის ზრახვით.

იების ღვარებში

ცრემლად გიშობივარ,

რა იტყვის სიტურფეს,

რა იტყვის იებს,

მზეო გაყინულთა,

გამათბე, ჩამიკარ,

თრთვილად დამაბრუნე

მშობლიურ მთიებს.

მე რომ შემძლებოდა

რამე უკეთესი,

განა არ ვიზამდი

უკეთესს, დედავ,

მაგრამ რაც გავკაფე,

ვერ ვთქვი გამარჯვებად,

იქნებ აღარც ვგავდე

მეომარს, ხედავ?!

რამდენი სულია

ჩემსაზე ხმოვანი,

აქ ირგვლივ, ალგეთშიც,

ორბეთშიც, წვერშიც,

მე მათი შვილობა

მაინც გამიხსენე,

როდესაც გული

დადუმდება მკერდში.

მზეო წინაპრისა,

დიდგორში გნახე და

ზვინების სურნელში

გავშეშდი ფრთხილად,

ხვეწნით გეჩურჩულე

ჩემი სამშობლოსთვის,

მუდარით გიჩოქე,

გიტირე ტკბილად.

2011 წ.

ეს იყო ათი წლის წინ. იმის მერე არაფერი შეცვლილა, სულ უფრო მიყვარს იქაურობა. ჩვენი სამშობლო ყველგან ზღაპრულია, მაგრამ, დიდგორში სულ სხვა. რა ბედნიერია მერაბ ბერძენიშვილი, რომ შეძლო ის, რაც იქ შეძლო.

ყველა ჩვენთაგანი, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიდიოდეს მანდ ცოლ-შვილით. ღრეობის და საჭმლის გარეშე. სანთლით. იჯდეს ჩუმად შვილებთან ერთად, ერთი საათი, ორი საათი და მერე უთქმელად ბრუნდებოდეს სახლში.

ერთხელ „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწრთვნელმა, რიჩი დიქსონმა, მთხოვა, ნაკრების ფსიქოლოგიური მომზადება მეთავა მსოფლიო თასამდე ზელანდიაში და მთხოვა, საფრანგეთში ჩავსულიყავი ნაკრების შეკრებაზე. არ ვიცოდი რა მექნა, რით გამემართლებინა ასეთი ნდობა. დიდგორში ავედი და მათ ვესაუბრე. მერე წერილი დავწერე ბრძოლაზე, რომელიც ბიჭებს წავუკითხე. მისი ჩანაწერი მგონი დევს კიდეც სადღაც. როდესაც დააკვირდებით ჩვენი ლომების სახეებს, მიხვდებით, იქ დროში ტრანსცედენტული მოვლენა მოხდა, ბიჭები აღარ იყვნენ საფრანგეთში, იმ წუთებში ისინი დიდგორის ველზე იდგნენ.

პირველ თამაშზე ვერ ჩავდიოდი ზელანდიაში და „ბასიანის“ ბიჭებთან ერთად ისევ დიდგორში ავედით, იქიდან ეს ლექსი ვუთხარი და სატელიტის ლინკით გავუგზავნეთ:

“ხილვა”

ჩვენს პატრიარქს

ნეტა დავითის ლაშქარში ვიყო,

წინ მიძღვებოდეს ნათელი მეფე,

მწყალობდეს ღმერთი ხილული მტრებით

და ჩემს მხარდამხარ მოაბჯრე ძმებით.

ნეტა დიდგორის ბედნიერება

არა მცოდნოდა წინდაწინ ასე,

ჩვენს ლაშქრის უკან გზა ჩამეხერგა,

გამოვსულიყავ მის მაღალ ხმაზე.

მენახა მტერი, ასჯერ ნანახი,

მეფიქრა ცოლზე და ჩემს თბილ სახლზე,

ჩემი შვილების ზღაპრულ თვალებზე

და ჩემს საყვარელ, მშობლიურ ხალხზე.

ნეტა დავითის ბედაურის წინ

დავჩოქილიყავ მთელ ჯართან ერთად

და იესოსთვის ამოთქმით მეთქვა,

რომ მე მას ვესავ მაცხოვარ ღმერთად.

წამოვმდგარიყავ ჯიქურად ფეხზე,

გადამეხედა გასუსულ მტრისთვის,

ჩემს მდუმარე ძმებს გადავხვეოდი,

მოვმზადებულიყავ სიკვდილისთვის.

რაშზე შემომჯდარს შიშის მაგიერ

შემომრეოდა მე სიხარული,

რომ ვეძგერები დავითის რისხვად

მტერს მამაცი და ხმალაღმართული.

ნეტა ქართული ჯარის შეტევის

ერთი სუნთქვა მეც ვყოფილიყავი,

მტერს დაუნდობლად დავჯახებოდი

მისი ლეწვით არ დავღლილიყავი.

და საშინელი ბრძოლის გრიალში

თვალწინ მქონოდა დავითის თორი,

მისი მძვინვარე მარჯვენის ელვა

და ხმა მდრეკავი მთისა და გორის.

ვერ მივმხვდარიყავ ვერცერთ ჭრილობას,

გამკვირვებოდა ჩემ რაშის მოკვლა,

მაჯის ვერ გრძნობა, მუხლზე დავარდნა

და ჩემ საშველად ჩემ ძმების მოსვლა.

”ერთიც მაცადეთ წამოვდგე, ძმებო,

ერთიც დავუდგე საყრდენად დავითს,

სიცოცხლეს ღიმილით შევეგებო

გარდაცვალების სახით, რომ არის!”

თვალებმინაბულს მენახა მზეში

უკუქცეული მახინჯის ზურგი,

ველზე მოსული შხაპუნა წვიმა,

იავარქმნილი მწვანე და ლურჯი.

სახლში ჩემს ბიჭებს შესანდობარი

სტუმრებისათვის დაესხათ ღვინო,

ნუგეშით ლბილს და ძაძებში ლამაზს,

გამარჯვებული ვეტირე ნინოს.

და დამენახა ლაჟვარდი ციდან

გაბრწყინვებული სამშობლო ჩემი,

სანატრელი და მიუწვდომელი,

როგორც ცოცხლისთვის ბაღი ედემის.

ეხლაც დავითის ლაშქარში თუ ვარ,

ყოველი დღე, თუ დიდგორი არის,

უხილავ მტრების სისინა ზღვაში

მიმოფანტულა თუ ჩვენი ჯარი.

და იქნებ მალე, მე გაბრუებულს,

გამინათდება გონების კარი,

ჩემ პატრიარქის სიტყვას გავიგებ:

”მზიანი ღამის აისი არის!”

და ამიხდება რასაც ველოდი,

გაცამტვერდება თვალწინ ქაჯეთი

და დავით მეფეს დაუბრუნდება

აფხაზეთი და ტაო-კლარჯეთი.

2006 წ.

„ბასიანის“ ბიჭებმა კი ლილეო უმღერეს ჩვენებს დიდგორიდან.

გია ნიჟარაძემ მომწერა, 40 წუთი სიჩუმე იყო ზელანდიაში დარბაზშიო და მერე მამუკამ მთხოვა, კიდევ ჩაგვირთე ჩანაწერიო.

არავის არა აქვს უფლება დიდგორზე პოტინისა, გარდა მათი, ვინც საქართველოა, გინდა ქართველი იყოს ის ეროვნებით, და გინდა ნებისმიერი ჩვენი სხვა ძმა, ვინც საქართველოა.

მაკკეინი რომ იყო ჩამოსული, ხმა მომივიდა დიდგორს კეტავენო. კაცი გავუშვი, რომ გამეგო რა ხდებოდა, მაგრამ, ახლოს ვერ მივიდა. ღამე იყო, რაღაც რიტუალს გავდაო, ჩირაღდნები ენთოო. რა დოზანა იყო ნეტა. იქნებ, იმ 12 ტამპლიერის მემკვიდრეებად მიაჩნიათ თავი, იმ ტამპლიერებისა, ვინც მერე გარყვნა მასონერიამ, და რაღაც ქნეს იქ. რა ვიცი.

დიდგორი არ არის ჭიქის ჭახუნი. დიდგორი არის ჩვენი დაკარგული თვისება: დაუღალავი, ყოველდღიური, მშვიდი შრომა ოჯახისა და ქვეყნის სრულ ერთგულებაში, შრომა, რომლის ნაირიც არავის არ შეუძლია, შრომა მომთმენი, ცას მინდობილი, სარჩოსათვის და არა საგროვებელისათვის, შრომა სხვის დასახმარებლად, და რომ დაეხმარები, რომ არ დაგინახავენ და გიუმადურებენ, რომ არ გაბრაზდები, შრომა არა შრომის ნაყოფისათვის, არამედ მზაობისათვის, ყველაფერი ეს გაწირო, როცა ისინი დაგიძახებენ.

16.08.2021

IV თავი

სულ მინდა საჭირბოროტოზე გესაუბროთ და გული არ მიშვებს. ეტყობა, იცილებს უარყოფითს. გპირდებით, რომ დავძლევ. გუშინდელი ჩემი სიჩუმე მეოთხე ქიმიით იყო განპირობებული – როგორც პირველ თავში გაგაფრთხილეთ – ისევე, როგორც ჩემი დღევანდელი დაგვიანება ამ ნაწერისა, რისთვისაც, შენდობას ვითხოვ.

მინდა შევეხო ოჯახის სიწმინდეს. მთელი ამქვეყნიური სითბო ადამიანისათვის ოჯახში იშვება და ყველა უბედურება და გულქვაობა მისი ნგრევისას მოდის.

ურბანული თანამედროვეობა მოდერნის დაბადებიდან ერჩის მას – როგორც უკანასკნელ ბასტიონს ადამიანის ბედნიერებისა. ეს ის ბასტიონია, რომლის ნგრევაც მოიყვანს ანტიქრისტეს.

სანამ ეს მოხდება, ჩვენ მოწოდებულნი ვართ არა მხოლოდ დავიცვათ ის, არამედ, ასეთ დროსაც კი, ავიყვანოთ მსოფლიოსათვის გამაოგნებელ სიმაღლეზე. სწორედ მაგიტომ ვერ დაიდგამს ბოლომდე აქ ტახტს ანტიქრისტე, ღვთისმშობლის შემწეობითა და ჩვენი საქმით დამტკიცებული რწმენით.

ითვლება, რომ ამაში მთავრობა და პოლიტიკა უნდა დაგვეხმაროს. ეს, ჩემი აზრით, კარგია – თუ როდისმე მივაღწიეთ ამას – მაგრამ, ნუ გაგიკვირდებათ, ეს მეორადია. მთავარი არის თითოეული ჩვენთაგანის მოქმედება, აყოლებული გულისთქმას და არა უბრალოდ „ვაი-ვიში“ მიტოვებულ მიწაზე.

პირველ რიგში, რა არის ტრადიციული – არ ვიტყვი, მხოლოდ ქრისტიანული – მაგრამ, პირველ რიგში, ქრისტიანული ოჯახი? ეს არის კიდობანი, რომელიც ამქვეყნიური ბობოქარი ზღვის ტალღებში მიცურავს. რა არის მისი ამ ცურვის საბოლოო მიზანი? ნავსაყუდელი, რომელშიც დრო აღარ არის და რომლის ბინადარნიც მარადიულ ნეტარებაში გადადიან. რამდენ წევრს დაჰკარგავს ხომალდი ამ მსვლელობისას და საერთოდ, მივა თუ არა ის მარადიულ ყურემდე, დამოკიდებულია, პირველ რიგში, ხომალდის მესაჭეზე, ანუ მამაზე, რომლის მთავარი მოვალეობაც არის ცოლ-შვილის ერთგულება – როგორც ხორციელი, ისე სულიერი და მათზე დაუღალავი ზრუნვა. ის დგება პირველი და ის იძინებს ბოლო, ის მიუჩენს ამ ხომალდში ყველას ადგილსა და საქმეს, თუმცა, ის უძლურია ნებისმიერი ამ საქმის აღსრულებაში მეუღლის გარეშე.

სიმფონია გულთა, რომელიც ასეთ შემთხვევაში ჟღერს ასეთ ხომალდზე, არის ენით აღუწერელი სიმყუდროვე და ბედნიერება. არანაირი სხვა სახის ლხინი და ხორცის სიამე, რომელსაც ბრძენი ქართული ენა ავხორცობას ეძახის, არ მივა მასთან ახლოსაც კი.

ბუნებრივია, ამ ხომალდისა შურს და ებრძვის მის ყურემდე მისვლას ადამიანის მტერი. საფრთხე უამრავია, წყალქვეშა კლდეებიც უცნობ ფარვატერში, ქარიშხლებიც, ხომალდის ბინადართა უიმედობაც და უსიხარულობაც, გარე ჯადოებიც, ხომალდის გარშემო მცურავი ნიმფების დამღუპველი ძახილიც, რომელსაც, როგორც გვახსოვს, ოდისევსი თავისი ხომალდის ბინადრებთან ერთად ასე გაუმკლავდა: მათ ყურები ცვილით დაუცო და უბრძანა, თავად ის ყურებდაუცობელი ანძაზე მიებათ და დროებით დაყრუებული მეზღვაურები გააფრთხილა, როცა გავგიჟდები და მუდარას, მუქარას და ბრძანებას გეტყვით ამიშვათ, რათა ნიმფებთან გადავეშვა, არ ისმინოთ ჩემი სიგიჟის და უფრო მაგრად მიმაბით იმ ანძაზეო. პროტოქართული კულტურიდან, და არა მარტო მისგან, ნაგლეჯ-ნაგლეჯ მოპარული პირველი ინდოევროპული (ჰინდუისტურს თუ არ ჩავთვლით) მითოლოგიის ეს ეპიზოდი, ძალზედ საინტერესო და მრავალწახნაგოვანია და აშკარად ატარებს ჩვენებური სიბრძნის კვალს.

ერნსტ იუნგერი იტყოდა, რომ მითოსს რამოდენიმე შრე აქვს ყოველთვის და მათი გარჩევა მითოლოგიური მეცნიერების ანაბანაა.

ჩვენს ალეგორიას რომ დავუბრუნდეთ, შეგვიძლია ასეთ დასკვნებამდე მივიდეთ:

  • ოდისევსის გადაწყვეტილება, დარჩეს ყურებდაუცობელი, სიმბოლოა იმ ღვთაებრივი სიბრძისა – თუნდაც ის წარმართული იყოს (ქართულში ხომ წარმართი – წარსულში მართალს ნიშნავს, კიდევ ერთი საოცრება ჩვენი ენისა) – რომელიც ქადაგებს, რომ ოჯახის მამა ნებისმიერ საფრთხეში არ უნდა იყოს გათიშული, ყრუ, ბრმა ან ზურგშექცეული, თუ მას უნდა, რომ ხომალდი არ დაიღუპოს;
  • ამავე დროს, უმცროსებისთვის ყურების ცვილით დავსება – უფროსის სიბრძნე და გამოცდილებაა, რომელმაც გაიარა მათი ასაკი, იცის, რომ ისინი ამ სინამდვილეს ვერ გაუძლებენ, მამას არ დაუჯერებენ, ნიმფებთან გადაეშვებიან მაცდურ უფსკრულში და პოსეიდონის სამკაპის (ანუ უხსენებელის სამკაპის საოცარი წინასახის) კბილებზე მოფართხალე ტანჯულები გახდებიან;
  • და ბოლოს, ყველაზე საოცარი რამ: ამგვარი ხრიკით, ხომალდის მართვის იერარქიის წესის დროებით, ნებაყოფლობით, თავდაყირა დაყენება – როდესაც ყრუ უმცროსები, რეალობისაგან შეშლილ უფროსს, მისივე წინასწარი ბრძანებით არ ემორჩილებიან და მის სიგიჟემდელ ნებას აღასრულებენ – არის დაცემული კაცობრიობის მიერ კოსმიურ გონთან მიახლების ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი. როდესაც განსაცდელი (კიდევ ერთი საოცარი ქართული სიტყვა, რომელიც ცდას, ანუ დროს, ანუ T-ს უსვამს ხაზს და ასე ანუგეშებს ადამიანს მისი წარმავალობით) გადაივლის, მაშინ უმცროსები უფროსის კიდევ ერთ, ბოლო ბრძანებას შეასრულებენ: აუშვებენ მას და ის ამოუღებს მერე მათ ყურებიდან ცვილს და არა პირიქით. ამაშიც დიდი სიბრძნეა ჩაქსოვილი.

ბევრი ჩვენთაგანი, ამ ამბის გახსენებისას, ალბათ, უმალ ჩვენს პოლიტიკუმზე დაიწყებს ფიქრს, მაგრამ, აი, რა არის აქ ბევრად უფრო საინტერესო.

ოჯახი – „ოდისეის“ ამ ეპიზოდის კონტექსტში. მამას სიბრძნის უკიდეგანო სიფართე და უძირო სიღრმე სჭირდება. ის რაღაც, გადამწყვეტ მომენტში, ნებსით კარგავს ხელისუფლებას, მაგრამ, იმიტომ რომ, მამაა და ყველაფერი სწორედ გააკეთა მანაც და მისმა უმცროსებმაც, ზუსტად მაგიტომ არის ანძაზე მიბმული, დუჟმომდგარი და დროებით გაგიჟებული ოდისევსი, სინამდვილეში, ამ თავის უხელისუფლებობაშიც სრული ხელისუფალი, რადგანაც ყველაფერი, რაც ხდება მის თავს, ხდება არა წინდაუხედავობით, არამედ, წინდახედულობით. რატომ არის საჭირო მისი არ დაყრუება მასეთ დროს, მითი ბოლომდე ვერ განსაზღვრავს, მაგრამ, ნათლად მიგვანიშნებს, რომ განსაცდელში ოჯახის მამას ხუთივე გრძნობა შეუბოჭავი უნდა ჰქონდეს, თუნდაც, ეს მისი დროებითი სიშლეგის ფასად ხდებოდეს.

მასეთი მამის ხელში გაზრდილი უმცროსიც, თავისი ხომალდის შექმნისას, დიდებული მესაჭე იქნება, მამის ხომალდთან ერთად გააგრძელებს მსვლელობას და მისგან აიღებს რჩევას ყველა ღელვისას.

ამ ალეგორიას რომ არ გადავყვეთ, ვთქვათ, რომ ოჯახში, ისევე როგორც ხომალდის მსვლელობაში, არ არის არაფერი მდგრადი, საბოლოოდ განსაზღვრული და განაღდებული. მშვენიერ ოჯახებშიც კი, როგორც კი ისინი მოადუნებენ ყურადღებას საღმრთო მცნებების დაცვაში, ეგრევე ჩნდება სარეველა მის ბოსტანში, როგორც ჟანგი ხომალდზე. და თუ მამა, დედა და შვილები დროზე, ხელჩაკიდებულნი, ლოცვითა და სიყვარულით არ ამოძირკვავენ ამ სარეველას, მათი ბოსტანი მოიშთობა ისევე, როგორც ჩაიძირება მთვლემარე მესაჭის ხელში ჟანგიანი ხომალდი.

ამიტომ გვმართებს მუდმივი სიფხიზლე ოჯახთან მიმართებაში, მისი მუდმივი გამარგვლა საკუთარი ხელით და მისი მუდმივი მოვლა. ყველა სიტყვას, ყველა ქცევას მნიშვნელობა აქვს, იუმორიან, პირადი მაგალითიანად; პასიური, აპათიური მამა უკვე მოღალატეა თავისი მოწოდებისა, რადგან, მეუღლეს აღარ რჩება მომწოდებელი, შვილებს მაგალითის მიმცემი. მეუღლე ცდილობს მამის ადგილის დაკავებას და ამის გამო ხშირად ციკლოპებსა და ჰეკატონჰეირებს შობს; ოჯახის სითბო ნელდება და სიცივე შემოდის – სიცივე მომასწავებელი უბედურებისა.

ჩემთვის, როგორც ქალაქში გაზრდილი მეოთხე თაობა მთაწმინდელისათვის, კაცობაში უკვე ცხადი გახდა, რომ ეპოქა ქალაქური სიკარგისა მთავრდება. ჯერ კიდევ იოსებ გრიშაშვილი ემშვიდობებოდა მას და მე რასაც „კარგ თბილისს“ ვეძახდი, ალბათ სასაცილოდაც არ ეყოფოდა.

ამიტომ ვხედავ მე ერის მომავალს დაცლილი საქართველოს თავიდან უხვად დასახლებაში და ჩვენს ზღაპრულ მიწებზე დაბალსართულიან და მიწიან სახლებად გაშლაში. თუ რა სჭირდება ასეთ რევერსს, არა ერთი წელია გვისაუბრია მეგობრებთან ერთად და საჭირბოროტოზე როცა გადავალ, კიდევ შევაჯამოთ. მაგრამ, ხილულის გარდა, მას ის მეხუთე ელემენტი, ანუ როგორც ლათინები იტყოდენ, ის კვინტესენცია სჭირდება, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ შევაბრუნებთ ამ ვითომ „ჩამომაქალაქებელი ჰიპნოზის“ ბორბალს. ამ მეხუთე ელემენტს ჩვენი გულის გონით მოქმედება ჰქვია.

მეუღლისდამი „სატრფიალოში,“ ჩემი სათაყვანო ჯანო კახიძის მუსიკის შთაგონებით, მე მას, მათ შორის, ასეთ რამესაც ვეუბნები:

„წამყე გრილი ტყეებისკენ,

შეველიოთ ამ ქალაქსა,

რირა-ვო-რერა,

იქ დაგიფენ მზეებისგან

ამოქარგულ ლურჯ ფარდაგსა,

რირა-ვო-რერა.

უკეთესად დაგიცავ და,

უფრო მშვიდად გეფერები,

რირა-ვო-რერა,

გულში შვილებს ჩავიკრავ და

უფალს მათთვის ვევედრები,

რირა-ვო-რერა.”

და ვეუბნები მას ამას არა მხოლოდ თბილისზე, არამედ, ყველა ქალაქზე, სადაც გვიცხოვრია. ცინიკოსი იტყვის, შენ რა გიჭირს, საშუალება გაქვსო. და რამდენადაც არ უნდა ავხნა, რომ მე ეს საშუალება ლამის მთლიანად იმ სოფლის უანგარო კეთილმოწყობასა და სხვა ოჯახებისათვის სასკოლო-საეკლესიო, სასოფლო-სამეურნეო ბიძგის მიცემას შევალიე, მაინც, აზრი არა აქვს.

მე რომ კაცმა მკითხოს, რა მინდა ჩემი შვილებისათვის, მე ვიტყვი, რომ ეს არის დიდი, ერთგული ოჯახები. და ძალიან გამეხარდება, თუ ისინი არ იქნებიან თბილისში. ამაყი და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შვილები დაცლილი საქართველოს თავიდან დასახლებაში შეიტანენ წვლილს. ამაყი და ბედნიერი ვიქნებით მე და ნინო, თუ ისინი რძლები და სიძეები იქნებიან სვანეთში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, სამეგრელოში, ყველგან, სადაც საქართველოა და, ჩემი აზრით, რაც უფრო ახლოს იქნებიან მიწასთან, მით უკეთესი. მანამდე კი ისწავლონ ყველგან, დააგროვონ გამოცდილება და ოღონდ არ დააყოვნონ დაოჯახება ერგულ ადამიანებთან ერთად.

მე კი, თუ უფალმა ინება და გამიშვა, გული ჩემს საყვარელ დედულეთსა და ჩემს საყვარელ მამულს შორის მეგლიჯება. არა მგონია, ოდესმე შევძლო ჭალაში არ ჩასვლა, მაგრამ, ვნატრობ მზიანში, ყოფილ ფიჩხიჯვარში სახლის აღდგენაზე და იქ შვილიშვილების მიღებაზე – ჩემი და ნინოს ნახელავით. თქვენ რას ნატრობთ, ჩემო კარგებო: მოჩურჩულე საქართველოს კვლავ ამღერებაში მონაწილეობასა და მისი მიტოვებული სასაფლაოების გაკოპწიავებას თუ რაიმე სხვას?

18.08.2021

V თავი

მრავალ ფერისცვალებას!

მამები ამბობენ, რომ თაბორზე მაცხოვარმა კი არ იცვალა ფერი, არამედ, მოციქულებს აეხილათ თვალი, რათა მისი ჭეშმარიტი და დაუტევნელი სისპეტაკე ეხილათ წამით და ამიტომ დაცვივდნენ შიშისაგან მიწაზე.

იქნებ, ჩვენც ვთხოვოთ შემოქმედს, ოდნავ მაინც აგვიხილოს თვალი?!

და ელიასა და მოსეს გამოცხადების და მათთან მაცხოვრის საუბრისას იქნა პეტრე ვითარცა მთვრალ, და უთხრა მაცხოვარს, ვქმნათ ჩვენ აქ სამ ტალავარ, ანუ კარავი, და ვიყოთ აწი სულ აქ.

ჩვენ ეს განცდა სამშობლოში ყოფნისას გვაქვს, თუ თვალი ოდნავ აგვეხილა, და, კიდევ, მის უწმინდესობასთან – როდესაც უღვინოდ ხარ მთვრალი და არსად არასოდეს არ გინდა წასვლა, სულ აქ გინდა ყოფნა.

არსებობს თაბორის მთის ხელთუქმნელი ენერგიის სწავლება წმინდა გრიგოლი პალამასი, რომელიც მე-14 საუკუნეში შეიქმნა, თითქოსდა, უკვე ყველაფერშექმნილ საქრისტიანო კულტურაში. სამყაროს შექმნამდე არსებული თაბორის ნათელის ეს სწავლება ენით ვერ გადმოიცემების ჩემნაირისაგან, მაგრამ, გულით სრულიად შეიგრძნობა.

არის რაღაც ენერგია, რომელიც თან ახლავს ჭეშმარიტებას და რომლითაც ცოცხლობს და სულდგმულობს ყოველი ცოცხალი. მისი მსახურებისას, არავითარი იარა არ გაშინებს; მისგან განშორებისას, სიბნელე ისადგურებს შენში. ამაზე ამბობდა წმინდა სერაფიმე საროველი, ადამიანის ცხოვრების აზრი მადლის მოხვეჭააო.

მთელი ბიბლიის ერთ-ერთ ყველაზე პოეტურ და ნატიფ ადგილას, ჯერ კიდევ ელია წინასწარმეტყველის სიცოცხლეშივე, ეუბნება უფალი, სად არის ის. იქნება ძლიერი ქარი, გამარღვეველი მთათა და დამანგრეველი კლდეთა, მაგრამ, არ არის ქარში უფალი. ქარის მერე მიწა იძვრის, მაგრამ, არ არის მიწისძვრაში უფალი. მიწისძვრის მერე – ცეცხლი, მაგრამ არც ცეცხლში არ არის უფალი. ცეცხლის მერე ჩუმი სიო დაჰბერავს და იქ არის უფალი.

ასე ვართ ჩვენ ამ ჩუმი სიოს, თაბორის ხელთუქმნელი ენერგიის მოლოდინში – ამ ქარში, ამ მიწისძვრებში, ამ ცეცხლში, უკვე რახანია. და ველით იმ ჩუმ სიოს, ოღონდ, მისი შეგრძნება არ მოგვეცემა არც ხმაურში და არც უსაქმურობაში. ის მოგვეცემა გაფაციცებულ ცხოვრებაში. აი, ისეთში, ჩვენებმა რომ იცოდნენ და ჩვენ რომ დავივიწყეთ.

ჩემს დედულეთში, ზემო იმერეთში, ჭალაში, ჩემს ბავშვობაში – გაგანია კომუნიზმის დროს – ამ გაფაციცებაში, ფერისცვალებამდე ზაფხულის ხილსაც კი არ სჭამდნენ წესში მაცხოვრებელნი. ფერისცვალებას მაყვლით ჯვრებს ვიხატავდით შუბლებზე, იმ მაყვლით, რომლის ბუჩქის დაუშთობელ ცეცხლშიც ესაუბრა თაბორის მეორე თანამოსაუბრეს, მოსეს, მის ცხოვრებაში უფალი.

ჩვენ ვერ გავზომავთ ვერასოდეს სიღრმეს ქართული კულტურისა, მაგრამ, მთელი ცხოვრება კი უნდა ვიმოგზაუროთ მასში ამ საზომით.

გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილ ლექსში, „იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა“, მე ამ ძიების კითხვების ნაწილს ვსვამ გოდერძის თვალით:

„… სად ნახა, ნეტავი, ნიკალამ ჟირაფი,

რატომ აგვიშენა ვახტანგმა თბილისი,

რად სურდა ამირანს იმედის კიაფით

გაეღვიძებინა ჯვარმცმელთა სინდისი,

რას ნიშნავს ბერძნისთვის კოლხეთში ქურდობა

და სინამდვილეში რა არის საწმისი,

რატომ დააბრალეს მედეას მკვლელობა,

მითარგმნე პრომეთე – აღთქმა, თუ საწყისი.

როდის ამიჩეხეს ეს ცნობიერება,

რეებით მტენიან, როგორ მაბრუებენ,

შენ თუ არ მიშველი, მე რა მეშველება,

იმდენად მჩაგრავენ, ისე მატყუებენ.

პატარა ბიჭისთვის სასირცხვო იარებს

მამას ვერ ვაჩვენებ, გასკდება ეს გული,

ტკივილს შურისგება ვეღარ დამიამებს

და უღირსებისგენ გამძვრება ეს სული …“

ვერა და ვერ გადავდივარ პროზაულზე, საჭიროზე ამ დღიურში, ცოტაც მინდა. მაგრამ, დღეს აი რას ვიტყვი:

იმ უღირსებაში, ქარიშხლებში, მიწისძვრებში, ცეცხლში, რომელშიც ჩვენვე ჩავიგდეთ საკუთარი თავი, გამოსავალი არ გვაქვს, გარდა დამშვიდებისა, მაგარი შრომისა და გაფაციცებული ლოცვისა, რომ მოგვასწროს უფალმა იმ ჩუმ სიოს, რომელიც ყველაფერს დაალაგებს. მე, უვიცს, ასე მგონია, ის სულ აქ არის, ნუგეშინისმცემელი, პარაკლეტ – ბერძნულად, უფალმა ხომ უთხრა მოციქულებს, ჩემს მოსვლამდე ის სულ თქვენთან იქნებაო.

და რატომ არ ვუსმენთ მას?!

19.08.2021

VI თავი

რადგან კოვიდი ასე ნავარდობს და ბოლო კვირებში საზოგადოება ასე შეჭამა მასზე დარდმა, იქნებ დღეს ამ კუთხით გამოადგეს ეს ჩემი დღიური ვინმეს. მე ჩემს დაავადებაზე მოვყვები, რათა ყველაფერი შედარებითი თვალსაზრისით ვაჩვენო; ასევე ჩემს დამოკიდებულებას გავუსვამ ხაზს პანდემიისა და აცრისადმი, რაც არაერთხელ გამიკეთებია მისი დაწყების დღიდან და არასოდეს შემიცვლია აზრი ამ ხნის განმავლობაში. მაგრამ, ვიცი, რომ რამდენჯერაც არ უნდა ვთქვა, ყოველთვის მოინახება ადამიანი, ვისაც, რადგან თვითონ არ გაუგონია ჩემი ეს აზრი, ჰგონია, რომ მე ის არ გამომითქვამს საჯაროდ.

დავიწყოთ იმით, რომ რაც არ უნდა გვჭირდეს, დავწყნარდეთ. გავიხსენოთ, რომ სიმშვიდეშია მხოლოდ ღმერთი, იმ ჩუმ სიოში, რომელზეც ფერისცვალებას ვწერდით. მის გარეშე არაფერი კარგი არ დაგვემართება და ვერაფერ სწორ გადაწყვეტილებამდე ვერ მივალთ.

მეორე, მივხვდეთ, რომ ძალიან ბევრი იქიდან, რაც ჩვენს თავს ხდება, ან მთლიანად გამოგონილი, ან სიმართლესთან აზელილი სიცრუის ნაზავია. მატრიცა, ისევე როგორც ეს მკვლელი ვირუსი, ნამდვილად არსებობს და ჩვენს მართვას ნამდვილად ცდილობს, თავისი დაქირავებული მინიონებით, რომლებიც თავიანთ გიგანტურ გასამრჯელოს მისგან იღებენ, სრულიად დამოუკიდებლად ქართული სახელმწიფოს ეკონომიკის მდგომარეობისაგან.

აი, დღეს, ვინც შეამჩნიეთ, მატრიცამ ფეისბუქის სახით, დაგვიბლოკა ჩემი წერილი ქართულ ენაზე, ჩვენი „მსოფლიო საოჯახო კონგრესი“-ს გვერდზე, სადაც მე ჩემი ავადმყოფობის უცნაურ გარემოებებზე ვსაუბრობდი. გავიხსენოთ, მე იქ ვბედავ და ვსვამ კითხვებს, რატომ დაემთხვა ჩემი ეს დაავადება ჩემს პოლიტიკაში შესვლას, რატომ ატეხეს ლიბერასტულმა ტელევიზიებმა, როცა მე საიდუმლოდ სტამბოლში გადავფრინდი, თვითონ სკანდალი, რომ მე მომწამლეს, რატომ არ ინტერესდება ამა და ამ გარემოებებით სუს-ი და ასე შემდეგ. ეს „სიტყვის თავისუფლების ამ მოყვარულთათვის“ საკმარისი აღმოჩნდა რომ დაებლოკათ წერილი. ერთმა, რომელიმე მინიონმა „დაარეპორტა“, ანუ დაასმინა, როგორც გასული საუკუნის ოციან წლებში ბოლშევიკები აკეთებდნენ, მეორე მინიონმა მიიღო ეს დასმენა და შეასრულა ბრძანება, ანუ ეგზეკუცია მოახდინა. არაფერი არ შეცვლილა.

„ვიციკლები“ ამ ჩემი ავადობის ამბავზე და ვამეტებ მატრიცის მანიპულიაციის ხარისხს ჩვენს მიმართ? კარგი ბატონო. რომელი ერთი გითხრათ: შეგიძლიათ, ამიხსნათ, სად გაქრა ნამოხვან ჰესი თავის პერსონაჟებით, რომელიც ჩვენს სასუნთქსა და საცხოვრისს ავსებდა და განსაზღვრავდა ამდენი თვე, ხოლო პიროვნების სტატუსს საზოგადოებაში ლამის მხოლოდ მისი ამ მშენებლობისადმი დამოკიდებულება განაპირობებდა? საერთოდ ვინმემ იცის რა ხდება იქ? შენდება, არ შენდება, რა ხდება? და გარეჯი? და კარტოგრაფები? და ალიევი? და მავთულხლართები? უფრო უკან-უკან ვიაროთ? მოკლეს ჟვანია თუ მოკვდა? ბადრი? ლევან მიქელაძე? გურამ შარაძე ვინ მოკლა? სულხან მოლაშვილი? ნარკოტიკების ლეგალიზაცია და მთელი თაობის დაბოლება? რომელი ერთი ვთქვა, როდესაც დაგიქოქავენ, აგაცვენენ და გადაგრთავენ შემდეგზე, წინაზე პასუხის გაცემის გარეშე.

აკვარიუმის თევზის სინდრომი გახსოვთ? მას 7 წამიანი მეხსიერება აქვს. რომ არა ეს, ის აკვარიუმს დაიმახსოვრებდა და გაგიჟდებოდა მისი საზღვრებისაგან. აქ კი, იმ მომენტისაკენ, როდესაც მისი ცნობისმოყვარეობა და მოთმინება დაძაბულობის ზღვარს აღწევს, ის „გადაიტვირთება“ და თავიდან იწყებს ყველაფრის თვალიერებას და გაცნობას. ასეა სოციოლოგიურად მასაც, რომელიც ეპიზოდურად, „კლიპურად“ აზროვნებს და ვერ ამჩნევს მატრიცის ციმციმს და 25-ე კადრს.

იგივეა აქაც. ეს უმძლავრესი მედია-მედიცინური ვირუსი, უკანასკნელი მასშტაბური გამოგონებაა, რომელიც დანომრილ ტალღებად გამოიყენება მატრიცის მიერ, მისი დანარჩენი, ტალღათაშორისი სამუშაოს შესავსებად.

დიახ, ვირუსი ნამდვილად არსებობს და ნამდვილად გვხოცავს. დიახ, მე კაცობრიობის იმ ნაწილს განვეკუთვნები, რომელსაც მიაჩნია, რომ ის ხელოვნურად შექმნეს და განზრახ გამოუშვეს. მაგრამ, ზუსტად ასეთივე უფლება აქვს საპირისპირო აზრსაც, რომ ის თავისით გაჩნდა ბუნებაში, იმიტომ, რომ ამ ორიდან ვერცერთ ვერსიას ვერ ვამტკიცებთ და ამ ორივეს ემხრობიან მსოფლიოს წამყვანი და ნობელიანტი ვირუსოლოგები.

ახლა რაც შეეხება აცრას. მგონი ყველანი ვხედავთ, რომ თითქმის ოჯახიც კი არ არსებობს, სადაც ყველა ერთ აზრზეა მასთან დაკავშირებით. და, როგორ შეიძლება, ასეთ პირობებში არსებობდეს რაიმე საზოგადოებრივი ან პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ერთ აზრზეა?!

არსებობს მხოლოდ ამა თუ იმ ორგანიზაციის წესებით დადგენილი რეგლამენტი, რომლის გავლის ფარგლებშიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციამ, ამ წინააღმდეგობრივ საკითხზე, თავისი შიდა წესების დაცვით, ესა და ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ასე მაგალითად, ეკლესია ორგანიზაცია არაა, ის ქრისტეს სხეულია, რომლის თავიც თავად ქრისტეა, მაგრამ წმინდა ეკლესიამ, თავისი კანონიკური წესების სრული დაცვით, იმსჯელა აცრის საკითხზე და გამოიტანა უეჭველად კანონიკური განჩინება: ვისაც გნებავთ აიცერით, ვისაც გნებავთ არა, დაძალება არ შეიძლება, უნდა იყოს ნებაყოფლობითი. მორწმუნე ადამიანისათვის ეს ჭეშმარიტებაა, ურწმუნო, თუნდაც ნომინალურად ქრისტიანისათვის – უბრალოდ ფურცელი ცნობისათვის.

ჩემნაირისათვის ეს განჩინება ძალიან დიდ რამეს ნიშნავს: აცრაში არ არის ცოდვა, ისევე, როგორც არ აცრაში. შენ თვითონ გადაწყვიტე, შენი თავისუფალი ნების ფარგლებში. ადამიანისათვის, ვისაც უყვარს და უნდა ნამდვილი თავისუფლება, ეს შვება და კურთხევაა, მისთვის, ვისაც ეს არ უნდა – ძნელი მდგომარეობა.

მაგრამ, ამ პირობებში, ლაპარაკი აცრის სატანიზმზე ზელოტიზმია, აცრა რომ სატანიზმი ყოფილიყო, ამას ეკლესია თავის კანონიკურ განჩინებაში იტყოდა და არა ცალკეული სასულიერო პირების სახით, რომელთა განდგომაც სინოდის განჩინებებისაგან ყოველთვის იყო, არის და იქნება.

ახლა, თუ დედაეკლესია ნებას მრთავს ორივე გადაწყვეტილებაზე, ესე იგი, ჩემთვის გამოირიცხა მთავარი – ამ ნაბიჯით სულის მაცხონებელი ან დამღუპველი ნაბიჯის საფრთხე, და მე უნდა ავირჩიო, როგორც თავისუფალმა ადამიანმა, ავიცრა თუ არა.

მაქვს თუ არა უფლება არ ავიცრა? რა თქმა უნდა, მაქვს. სრულიად ლოგიკურია, რომ არავინ იცის რა ზიანს მიაყენებს ეს აცრა ჩემს ორგანიზმს გრძელვადიან პერსპექტივაში. ელემენტარულად, არ გასულა იმისი შესაბამისი ვადა, რომ სამეცნიეროდ დადგინდეს ასე ნაჩქარევად შემუშავებული ამდენნაირი ვაქცინის გავლენათა სრული ნუსხა ჩემს ორგანიზმზე.

მაქვს თუ არა არგუმენტები, რათა ავიცრა? რა თქმა უნდა, მაქვს – როგორც სამედიცინო, ასევე მორალური. სამედიცინო თვალსაზრისით ცხადია, რომ ბევრი გამონაკლისის მიუხედავად, საშუალოდ, აცრილს უფრო ადვილად გადააქვს ვირუსი, ვიდრე აუცრელს; მორალური თვალსაზრისით ცხადია, რომ, საშუალოდ, აცრილს, მრავალი გამონაკლისის მიუხედავად, ნაკლებად „გადააქვს“ ვირუსი სხვაზე გადასადებად ვიდრე აუცრელს.

ამიტომ, მე მშვიდად ვზომავ ყველა ამ ფაქტორს და ვწყვეტ: ავიცრა, რათა შევამცირო ჩემი ვირუსისაგან დაღუპვის ან სხვაზე ვირუსის გადადების ალბათობა ამ აცრით, თუ არ ავიცრა, იმიტომ, რომ მეშინია – და ესეც სრულიად ჩემი უფლებაა – რას უზამს ეს ჩემს ან ჩემი არასრულწლოვანი შვილის ორგანიზმს მომავალში.

აქვს თუ არა ვიღაცას, ვისაც საპირისპირირო აზრი აქვს, უფლება ჩამქოლოს ჩემი აზრისათვის?! არა და არა. თუ მას აუცრელების ეშინია, აიცრას და შეეგუოს იმას, რომ საზოგადოების ნაწილია, პიროვნების – ანუ პირის ნების – პირობებში და არა ცხვრის ფარისა. და ეს ერთნაირად ეხება, როგორც აცრილთა, ასევე აუცრელთა მხარეს.

ყველას მდგომარეობა უნიკალურია, არ არსებობს ორი ერთნაირი ოჯახი და ადამიანი. და დიახ, ცხოვრება ძნელია და გადაწყვეტილებები არ არის შაბლონურ-ტოტალიტარული. მაგალითად მე, სანამ ავად გავხდებოდი, არ ვიცრებოდი, რადგან მიმაჩნდა, რომ, დიდი ალბათობით, გადავიტანდი ვირუსს ლეტალური შედეგის გარეშე და არ მინდოდა გამერისკა აცრის უარყოფითი კვალით ჩემს ორგანიზმზე, რომელიც არავინ იცის, რა იქნება.

მაგრამ, სამაგიეროდ, იძულებული ვიყავი სასტიკად დამეცვა დისტანცია ჩემს საყვარელ 100 წლის ბებიასთან და მშობლებთან, რათა, რამე არ გადამედო მათთვის. იგივეს ვეუბნებოდი შვილებსაც.

როდესაც მხარდამჭერებთან დავიწყე შეხვედრები, დავფიქრდი, რა იყო მორალურად სწორი. საკმაოდ მოსაწყენი ალბათობის თეორია, სამწუხაროდ, სამჯერ მაქვს ნასწავლი – უმაღლეს ფიზიკაში, უმაღლეს მათემატიკასა და უმაღლეს ფინანსებში და ჩემთვის თავიდანვე გასაგები იყო, რომ ხალხთა ჯგუფების საშიშროება ჩემს მიმართ – ვინც მათ ცენტრშია და ლამის ყველას სათითაოდ ეხება – ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ის საშიშროება, რასაც, ნებისმიერ ასეთ შეხვედრაზე მე წარმოვადგენდი მათთვის. მაგრამ, მასე ხომ არ იმოქმედებ. ამიტომ, ვფიქრობდი, უფრო საპასუხისმგებლო ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან, მიუხედავად ჩემი არ სურვილისა, ავცრილიყავი და ეს ჯვარიც ამეღო იმ მსახურებისას, რაც ვიტვირთე. მაგრამ, ვერ მოვასწარი. მოგეხსენებათ, რაც დამემართა, თუ დამმართეს.

მერე, როდესაც დავავვადდი, მითხრეს, ქიმიამდე უნდა აიცრა, თორემ ისედაც დავარდნილი იმუნიტეტის პირობებში, მაგ დაზიანებული მიოკარდით კოვიდს მაინც ვერ გადაიტანო. და ავიცერი პირველი აცრა. მაგრამ, მერე დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. დამატებითმა ანალიზებმა მკურნალობის საჩქაროდ დაწყების აუცილებლობა გამოავლინა. დავდექი კიდევ ერთი დილემის წინაშე – გავრისკო და მეორე აცრის მოლოდინში ამ უიშვიათეს ჭირს მოვაკვლევინო თავი თუ დავიწყო მკურნალობა, და რამდენჯერაც კლინიკაში მივალ სკაფანდრში, მქონდეს რისკი, რომ ნებისმიერი მედდა მომკლავს ხალათის სახელოდან გადმოდებული კოვიდით. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვიწვალე, ისედაც ასე ნაწვალებმა და მეორე ავირჩიე და ვარ ახლა ასე. ნინო და ჩემი სიდედრი, ვინც აქ მორიგედ არიან ჩემს მოსავლელად, იძულებულნი გახდნენ აიცრან, თუმცა, ბინიდან მაინც ვერ გადიან, კურიერის მოტანილ საჭმელს დეზინფექტორს ასხურებენ და ხელთათმანებით შემოაქვთ ბინაში. და ვართ ასე.

ამიტომ, ყველა ადამიანის გარემოება და შემთხვევა განსხვავებულია, და რაოდენ ტრაგიკომიკურია, რომ სწორედ ამ ჩვენი ინდივიდუალიზმისა და გასხვავებულობის მოყვარულ ათეისტ-ლიბერალებს არ ესმით ეს და უნდათ სწორედ ტოტალიტარიზმი, რომლის მტრებადაც მოაქვთ თავი მთელი ცხოვრებაა.

ახლა სიკვდილის სიახლოვეზე და მისი შეხსენების მარგებელობაზე ადამიანისათვის. მე მაგაში ვცხოვრობ ბოლო ორი თვეა, თან პირობებში, როდესაც არც კი ვიცი, დაუშვა ეს ჩემზე უფალმა, თუ მომიწყვეს და ალბათ, არც არასოდეს მეცოდინება.

მინდოდა, კონტრასტისათვის, აღმეწერა აქ რას გადის ჩემი სხეული და ჩემი ფსიქიკა, და აღვწერე კიდეც. მაგრამ, ვერ გავბედე ბოლოს და წავშალე, ჩემები შემეცოდნენ. თუმცა, ყველაფერი ისედაც იციან, ასე ჩამოთვლილზე, მივხვდი, რომ დავზაფრავდი მშობლებსაც და შვილებსაც და ამიტომ აღარ ვიზამ ამას აქ. შეიძლება მერე გავაკეთო სხვა ფორმით, თუ ძალიან საჭირო გახდა.

უბრალოდ გეტყვით, რომ ყველანი გარდავიცვლებით, ვინც ამ სტრიქონებს ვკითხულობთ. ზოგი ამ სტრიქონების წაკითხვიდან ერთ დღეში, ყველას ჯვარი სწერია, და ზოგი, ჰა, მაქსიმუმ 31,025 დღეში, თუ ახლა 15 წლის ბრძანდებით და ღმერთი ას წლამდე გაცოცხლებთ – ყველას მოგმადლოთ უფალმა.

და ღირს კი ამ წუთისოფლისათვის, რომელიც წარმავალია, ასეთი ერთმანეთის მტრობა და ჭამა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ?! თუ ჯობია ერთმანეთს დავეხმაროთ მარადისობისათვის ღირსეულად მომზადებაში, ერთმანეთის ჯვარი ვიტვირთოთ და ასე აღვასრულოთ სჯული ღმრთისა. როგორ ფიქრობთ?

20-21.08.2021

VII თავი

დღეს იქნებ ცოტა პოლიტიკურსაც გავწვდეთ, არა მატრიცის მიერ მართულ მიმდინარეს, არამედ, უფრო ფუნდამენტურს, და დავიწყოთ ნაწილ-ნაწილ მასზე მსჯელობა. პირველად, შევეხოთ ერთ-ერთ ყველაზე მარგინალურსა და, ნაწილობრივ, უმნიშვნელოს და მომავალ დღეებში წავიწიოთ უფრო მნიშვნელოვანისკენ. ეს არ ნიშნავს, რომ პოეტურს, ან ფილოსოფიურს თავს ვანებებთ, მაგრამ, დღიურიც ნაკლებად ერთფეროვანი გამოგვივა ასე.

სანამ „მსოფლიო საოჯახო კონგრესი“-სა და „პოეზია და მწერლობა“-ს გვერდებზე ჩვენი ადმინისტრატორისათვის წვდომა დაბლოკილია წინა თავში აღწერილი მიზეზის გამო, ამ დღიურის თავებიც ადმინისტრაციას მხოლოდ „ერთობა, რაობა, იმედი – ე.რ.ი.“-ს გვერდზე შეუძლია დადოს. ეს კი ნიშნავს, რომ დღიურს ამ დღეებში ბევრად ნაკლები ხალხი წაიკითხავს და ეგონება, რომ რაღაც მიზეზის გამო ვეღარ ვწერ. შენდობას გთხოვთ ამისათვის. ასევე სამწუხაროა, რომ როდესაც ადმინისტრატორს „სიტყვის თავისუფლების“ მესვეურთა მხრიდან ბლოკი მოეხსნება, დაგვიანებით დადებული თავები ერთიანად დაიდება ნახსენებ გვერდებზე და ესეც გამოიწვევს ამ თავების ნაკლებ კითხვადობას.

არაფერი შემთხვევით არ ხდება. ლიბერალურ საკონცენტრაციო ბანაკში ჩვენ არ უნდა ვარსებობდეთ – არც ფიზიკურად, არც პოლიტიკურად, არც მასმედიურად, და ჩვენს ეროვნულ დისკურსს უნდა წარმოადგენდნენ მხოლოდ ლიბერალური რესპუბლიკის ლევიათანის მიერ დაფინანსებული და მართული რადიკალები, რომლებსაც ორი ამოცანა აქვთ: იყონ „ეროვნულები“ ეკლესიის გარეშე და მოახდინონ ყველაფერი ეროვნულის რადიკალიზაცია და მარგინალიზაცია, რათა ადამიანს არ უნდოდეს არაფერი საერთოს ქონა ეროვნულობასთან და მიაჩნდეს, რომ ნათელი და პროგრესი ლიბერალიზმშია.

შემთხვევითი არ არის, რომ ყველაზე მეტი თავდასხმა, ცილისწამება, შეურაცხყოფა და მტრობა პირადად მე ამ წლებში სწორედ ასეთი მართული ფსევდო-ეროვნული ძალებისაგან განმიცდია. ისინი ყველაფერზე მიდიან, ახლოდან ლაქუცზეც, შორიდან ყეფაზეც და პირდაპირ, სინქრონიზებულ თავდასხმებზე, ყოველთვის, როდესაც ჩვენი ქმედებები ლიბერალურ ხელისუფლებას (და არა ლიბერალურსავე ოპოზიციას) რაიმე საფრთხეს უქმნის.

ეს გახლავთ ლიბერალური რესპუბლიკის დიქტატურის სტრუქტურის ანაბანა, რომელიც მე სახელებისა და მაგალითების დონეზე ვიცი ჩემი კონსერვატორ-ტრადიციონალისტი მეგობრებისაგან იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, რუსეთში, მოლდოვაში, ნიგერიაში, რუმინეთში, უნგრეთში, პოლონეთში.

ხედავთ ფაშისტ-ნაციონალისტს, ვინც გულზე ხელების ბრაგაბრუგით ლიბერალებს აგინებს, მაგრამ, ამავე დროს ერჩის თავისი ქვეყნის ეკლესიას და სხვა ეროვნულ ძალებს, ვინც მისი ერთგულნი არიან, დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, ასიდან ას შემთხვევაში, როგორც წესი, ეს არის გვარგადაკეთებული, სხვა ეროვნების ტიპაჟი, რომელსაც აფინანსებს ამ ქვეყნის უშიშროება, რომელიც გამოჭერილი ჰყავს გარყვნილების, „სტუკაჩობის“ და ნარკოტიკების კომპრომატის კადრებით, რომელსაც არასოდეს არანაირი შანსი არა აქვს ხალხში მხარდაჭერის ერთი პროცენტის აღებისაც კი და არც არის ეს მისი დანიშნულება.

მისი დანიშნულებაა ურტყას ეკლესიას, მის ერთგულ ეროვნულ ძალებს და არაფრის მცოდნე „სვეცკი“ ობივატელებში მოახდინოს ეროვნულობის დისკრედიტაცია, ხან ნამდვილ ეროვნულ ხალხთან მიტმასვნით, როცა ეს შეუძლია, და ხან ისეთი ისტერიული ქცევით, რომელიც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანში მყისიერ ანტიპათიას იწვევს.

მას, როგორც წესი, ჰყავს აყოლიებული რამდენიმე ათეული ადამიანი, ზოგი ალალი და უანგაროც კი, რომლებსაც, თავისი სუფთა გულიდან და გაუნათლებლობიდან გამომდინარე, უჭირთ მართალ-მტყუანის გარჩევა. ეს ალალ-მართლები, ხანდახან აზრზე მოდიან, როცა ხედავენ რასთან აქვთ საქმე, ღონდებიან, უპირისპირდებიან თავიანთ ფლიდ ლიდერს და მოდიან მისგან ლანძღვა-გინებით. მათ ადგილს კი, ან ცინიკოსებად ქცეულივე ადამიანები იკავებენ, ან ახალი და უხმარი პოლიტიკური პლანქტონი, რომელსაც 12-ოდე თვის განმავლობაში იგივე ელის. საქართველო ამ მხრივ არაფრით გამოირჩევა, რადგანაც, ჩვენდა სამწუხაროდ, იგი ჩავარდნილია კლასიკური ლიბერალური რესპუბლიკის მოდელის ხაფანგში.

ერთადერთი გზა ამ პოლიტიკური ცხოვრების უმდაბლეს ფორმასთან ბრძოლისა – ჩვენი მძლავრი და მასშტაბური საერთაშორისო კონსერვატიული საზოგადოების აზრით, რომლის წევრიცა და მეგობარიც მე ვარ, როგორც მსოფლიო საოჯახო კონგრესის მსოლფიო ელჩი – არის ამ პოლიტიკური ცხოვრების მდინარის ფსკერის ლამის სრული იგნორირება, მის არცერთ პროვოკაციასა და შეურაცხყოფაზე პასუხის არ გაცემა, თუმცა, ეს ზოგჯერ ემოციურად ძნელი რამ არის.

ხდება ხოლმე პასუხის გაცემაც. მაგ დროს ლიბერალური რესპუბლიკის უშიშროება, რომლის ოფიცრებიც, ხშირად, სამწუხაროდ, შიზოფრენიულად გაყოფილი ფსიქიკის მატარებლები არიან, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ეროვნულ ძალებს ეჩურჩულებიან, თქვენსკენ ვართო, იმიტომ, რომ მამაკაცები არიან და მეორე მხრივ, მათვე ვნებენ და ებრძვიან, „რა ვქნათ აბა, ბრძანებააო“ ლოზუნგით, თავიანთ საწადელს ერთჯერადად აღწევენ. ანუ მართულ რადიკალზე პასუხის გამცემ ჭეშმარიტ ეროვნულ ძალას ნაწილობრივ სვრიან რადიკალებთან „ტილაობაში“, მაგრამ, ამავე დროს მკვეთრად ამცირებენ თავიანთი აგენტის ეფექტურობას, იმიტომ, რომ იგი ასეთი დაპირისპირებისას ბევრად უფრო ზიანდება და ნადგურდება, თავისი სილაჩრის, დაბალი რეპუტაციის, დაზიანებული ფსიქიკის და სიმართლის მხარეს არ ყოფნის გამო და ამიტომ, პრინციპში, ასეთი წაკიდებები ნამდვილ ეროვნულ ფრონტსა და მართულ მაიმუნებს შორის არავის არ აწყობს.

ამიტომ, ჟანრის დრამატურგიის პროზაული ნაწილია მართული რადიკალების მხრიდან გაბმული ყეფა-ყმუილი ეროვნული ძალებისა და ეკლესიის მიმართ – ხელფასი ხომ უნდა გაამართლონ – და მათი თმენა სიმართლის მსახურთა მხრიდან.

ეს ყველაფერი ძალიან სავალალოდ მთავრდება ფაშისტებისათვის კონსერვატიული შემოტრიალების დროს. მიუხედავად მათი ლეგენდარული გაიძვერობისა, ასეთ შემთხვევაში, სწორედ ისინი არიან სრულიად განძარცვულნი ნებისმიერი რეპუტაციისა და იმუნიტეტისაგან, რათა არ დაისაჯონ ეროვნული ძალების მხრიდან და როგორც წესი, ისინი ისჯებიან უფრო მკაცრად, ვიდრე თვით მოღალატე ლიბერალებიც კი.

უკეთეს შემთხვევაში, მათ ეძლევათ ქვეყანაში, რომლის იდეალებსაც ისინი ლიბერალური ოკუპაციის ქვეშ აყალბებდნენ და დისკრედიტაციას უწევდნენ, უბრალოდ ცხოვრების საშუალება, ყოველგვარი პოლიტიკური, ან ბიზნეს მოღვაწეობის უფლების გარეშე, მაგრამ ეს ძალზედ იშვიათად ხდება. როგორც წესი, ასეთი რადიკალ-პროვოკატორები, ლიბერალური რესპუბლიკის გადატრიალების შემდეგ, სამხედრო დროის სასტიკი კანონებით ისჯებიან და თუ გაუმართლათ, უბრალოდ დიდი ხნით მიდიან საპყრობილეში, ქვეყნის ღალატისათვის.

ყველა, ვინც ამოიცნობს თავს ამ პორტრეტში, უნდა დაფიქრდეს თავის უახლოეს მომავალზე, იმიტომ, რომ საქართველოში ლიბერალიზმის დიქტატურა მთავრდება და ეროვნული ჭექა-ქუხილი გვიახლოვდება, დამოუკიდებლად იმისაგან, რა ბედი ეწევა ნებისმიერი ეროვნული ფრონტის მოღვაწეს პიროვნულად.

და ამ ჭექა-ქუხილს, რომლის ელვაც დაწვავს ეკონომიკისა და დემოგრაფიის დამანგრეველი ლიბერალიზმის ნარჩენებს, და რომლის უხვი წვიმაც გარეცხავს მის ფერფლს, მოყვება საქართველოს ნანატრი კარგი-ამინდი ცაზე ფართოდ გაშლილი ცისარტყელით, რომელსაც ჩვენ არავის დავუთმობთ, და იმ ეროვნულ-კონსერვატიული შეუჩერებელი აღმშენებლობით, სადაც ყველა მშრომელი იქნება დასაქმებული და დაფასებული და ყველა თაღლითი იქნება დასჯილი.

უსამართლობაცა და უბედურებაც ასეთ საქართველოშიც, სამწუხაროდ, ყოველთვის იქნება, გამონაკლისის სახით, რადგან შეუძლებელი და მკრეხელურია ამქვეყნიური სამოთხის ნატვრაცა და მშენებლობის მცდელობაც – მოაზროვნემ კარგად იცის, რით მთავრდება ეს ყოველთვის. ამიტომ, ამქვეყნიური სამოთხე ამ ჩვენს სამოთხისებრ სამშობლოში, სამწუხაროდ, არასოდეს იქნება, მაგრამ, აღარ იქნება აღარც ის ჯოჯოხეთი, რომელსაც გასული წლების საქართველო ჰქვია.

22.08.2021

VIII თავი

აი, ისევ მიწევს პირადს დავუბრუნდე, მას მერე, რაც წინა თავში მისგან ცოტა მოვისვენეთ.

გრძელდება ჩვენი ბლოკადა „მსოფლიო საოჯახო კონგრესი”-ს გვერდზე, ჩემი წერილის – „ჩემი ავადმყოფობის უცნაური გარემოებები“-ს გამო, ფორმულირებით, „სიძულვილის ენის გამოყენება“. ახლა კი შემატყობინეს, რომ ეს გვერდი, რომელიც ამდენი წელია გვაქვს და ამდენ საოჯახო და ეროვნულ თემატიკას ემსახურება და ამდენმა ხალხმა იცის, ფეისბუქმა „გააწითლა,“ რაც, როგორც ამიხსნეს, მაღალი ალბათობით, მის წაშლასა და მასზე განთავსებული უამრავი მასალისა და ვიდეოს განადგურებას ნიშნავს.

საოცრებაა. არც ველოდი ასეთ რეაქციას. მე ხომ იმ წერილში ცნობილი კითხვები დავსვი და ეტყობა, რაღაც საიდუმლო და მტკივნეულ სიმს გამოვკარი ხელი ლიბერასტების გულისნაცვალ ორგანოზე.

კიდევ საოცრება ისაა, რომ ამ სიკვდილთან ბრძოლის მდგომარეობაში (ხალხი რა საყვარელი და მიამიტია, ვიღაც დადებს ნაწყვეტს ჩემი ორი წლის წინანდელი ვიდეოდან ნარკომანების მკურნალობაზე, და იწერება: უი, რა კარგად გამოიყურებით, ბატონო ლევან, ესე იგი, მალე გამოჯანმრთელდებითო), როდესაც, არც კი იცი ადამიანმა, რაც დაგემართა მოგიწყვეს, თუ თავისით მოხდა, და როდესაც ნებისმიერი ნერვიულობა ამ ჩემს დაზიანებულ გულს სასტიკად ვნებს, რატომღაც, საერთოდ არ ვნერვიულობ ამ ბარბაროსულ შეტევაზე ჩვენს მიმართ.

უბრალოდ, ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით ვაკვირდები მას და ვეკითხები ჩემ თავს, ნუთუ, მართლა შესაძლებელია ასეთი ბოროტება ამ ძალების მხრიდან, ნუთუ, მართლა ისეთი მიამიტი ვარ, რომ ის, რასაც ალბათობად ვუშვებ, სინამდვილეში ჩემს ცხვირწინ მდებარე რეალობაა.

აბა, სხვანაირად როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ნაც-ქოცურმა ალიანსმა თითქოს მოგვსპო, გაგვაქრო, წარბიც კი არ შეუხრია, ისე გაისუსა – თუმცა, რამდენს ვიცნობ – რაც თბილისური და ქართული წესებით საერთოდ სირცხვილია და წარბშეუხრელად გააგრძელა თავისი ტანგო გახარიასა და ლჭყპტ პარტიებთან. არა მგონია, მეყოს ცინიზმი დავიჯერო, რომ ხელოვნურადაც რომ ხდებოდეს ეს ჩემს თავს, მათ (ნაცებს არ ვგულისხმობ) ყოფნოდათ ამის სისასტიკე და გასაგებია, რომ დიდი ალბათობით, მაშინ ეს მათმა უცხოურმა უფროსობამ დაგეგმა და შეასრულა, მაგრამ, ამათ რა შეეშინდათ ასეთი, რომ ყველა გაჩუმდა. ის კი არა, რომ მე ეგ არ გაჩუმება რამეში მჭირდება ან დამეხმარება, მაგრამ, დამეთანხმეთ, საოცარი სილაჩრისა და გულგრილობის, სიმხდალისა და მედროვეობის სურათი გვაქვს.

და ახლა ეს არ ყოფნით, ვებგვერდებს გვიბლოკავენ და გვინადგურებენ, რომ ჩვენი სახსენებელიც არ იყოს.

ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა ვკითხო ყველა ჩვენს მტერსა და კრიტიკოსს, განსაკუთრებით მოტყუებული ახალგაზრდების ნაწილს: დარწმუნებულნი ბრძანდებით, რომ რაც ამდენი წელია ჩემზე და ჩვენზე იცით თქვენი დაღრეცილი სარკეებიდან, რომლებსაც მატრიცა მართავს, ობიექტური და ნამდვილია?

ახალგაზრდას, და საერთოდ, ადამიანის მოწოდება ხომ ჭეშმარიტების ძიებაა და მინდა მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობის იმ ნაწილს, რომელსაც გაგნებინებენ, რომ თქვენთვის თავისუფლება უნდათ, რომელიც თქვენს ყველაზე მდაბიო ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებზე თქვენს დამონებაში გამოიხატება, და რომ ამ თქვენი „თავისუფლების“ შემზღუდველები და მტრები თქვენი მშობლები, თქვენი ეკლესია და ჩემნაირი ხალხი არიან: ნუ, ნუ მოატყუებინებთ თავს, შვილებო, ამ გაბოროტებულ ჭინკებს, ნუ დახვალთ მათი ზედაპირული, ფსევდოსამეცნიერო ლექციების სანაგვე დონეზე, ნუ შეუშვებთ თქვენს წმინდა გულებში კომპრომისს, დააკვირდით, გნებავთ, ამ ჩემს შემთვევას, და გნებავთ, ნებისმიერ სხვას და ჰკითხეთ თქვენს თავს, რა მირჩევნია, გამაბაიბურონ და მომთაფლონ, თუ ვიყო ჭეშმარიტების მაძიებელი, ანუ ნამდვილად თავისუფალი ადამიანი?

იდიოტი კარლ პოპერის ნაცვლად წაიკითხეთ რენე გენონი, ბერნარ-ანრი ლევის ნაბოდვარის ნაცვლად – იულიუს ევოლა, ფრანკფურტის სკოლის პროვოკატორების ნაცვლად – მირჩა ელიადე, ჟაკ ლაკანის ნაცვლად – პიტირიმ სოროკინი, ზიგმუნდ ფროიდის ნაცვლად დიმიტრი უზნაძე და რადიარდ კიპლინგის ნაცვლად ლევ გუმილიოვი, ან კლოდ ლევი-სტროსი. უფრო სწორად, ეს ყველა წაიკითხეთ, ოღონდ, ესენიც წაიკითხეთ, მას მერე, რაც პლატონს მაინც გაიცნობთ, რომ ორივე მხარე იცოდეთ და მერწმუნეთ, რამდენიც არ უნდა იკითხოთ, ჭეშმარიტებას ვერ მიაგნებთ ქრისტეს გარეშე.

მე კი ხვალ ვერ დავწერ – ისევ ქიმია მაქვს – და ზეგ შეგეხმიანებით ახალი ფურცლით, რომელიც ეგებ ისევ რამდენიმე კაცმა მაინც ნახოს, ამ თავისუფლების მოყვარულთა ბლოკადის პირობებში.

23.08.2021

IX თავი

დღეს მოულოდნელად მომეცა საშუალება წერისა, თუმცა, არ ველოდი და ისევ გწერთ. იქნებ სჯობდეს, არც პირადზე და არც პოლიტიკურზე, როგორც წინა ორი-სამი თავი იყო, არამედ, ფილოსოფიურზე და ცოტა პოეტურზეც.

აქაც უფრო ვიწროდ, ადამიანის პიროვნულ ჭრილში და არა საქვეყნოში, რომელიც ასე მაღელვებს, შემინდეთ.

ჩვენ სულ უკმაყოფილონი ვართ. ეს ჩვენი ცოდვით დაცემული ბუნების შედეგია, რომელიც მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიკურნების.

ეს ჩვენი დაუკმაყოფილებლობა, ადრე, პრე-მოდერნში, ტრადიციულ საზოგადოებაში, ჩვენს ნაკლად იყო შერაცხული მთელ იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში – აღმოსავლურ და დასავლურ საქრისტიანოშიც და ისლამშიც.

და როგორც არ უნდა ეცადა ადამიანს მასეთ საზოგადოებაში თავისი ამ დაუკმაყოფილებლობის შევსება, იგი მაინც საზოგადოებრივი ნორმისა და მორალის წინააღმდეგ მიდიოდა, რომელიც მას არსებულით დაკმაყოფილებისაკენ მოუწოდებდა და ეგოიზმსა და მომხვეჭელობას განიკითხავდა.

ამიტომ, მიწათმესაკუთრე მხოლოდ არისტოკრატი იყო, ანუ ის, ვინც ომში საკუთარი სისხლითა და თავდადებით დაიმსახურა მეფისაგან წყალობა, ხოლო ვაჭარი სულ თავის მართლებაში – რომ ვაჭრობს. და ეგ მესაკუთრეობაც არ იყო დიდი ბედენა, თავადი პასუხს აგებდა უამრავ ხალხზე, ომში ისევ პირველი მიდიოდა და ვაჟებს პირველი სწირავდა.

სამმა ნახსენებმა სამყარომ სამი განსხვავებული გზა გაიარა მას მერე.

აღმოსავლურმა ქრისტიანულმა, თავისი დიდებულების დონეზე, ვერ გაუძლო სწორი ცხოვრებით მომადლებულ ფუფუნებას და გაიხრწნა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქალაქში. ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებაცა და მისი საბოლოო დამხობაც 1453 წელს, მხოლოდ შედეგი იყო შიდა ლპობისა.

ისლამმა, თუმც ნაკლებად ურბანიზირებულმა და, თავის მხრივ, მინიმუმ ორ სამყაროდ გაყოფილმა – თუმცა, ალბათ მეტადაც, თუ მაზდეიზმის გავლენას გავიაზრებთ სპარსულ შიიზმზე – იერუსალიმზე და კონსტანტინოპოლზე ტრიუმფის მიუხედავად, იმპერიულ ცდუნებას ვერ გაუძლო და ხალიფატის ჩამნაცვლებელმა სულთანატმა თითქმის გაქრობის პირას მიიყვანა შემდგომში თურქეთი. ის, რაც აღსდგა ქემალ ფაშას წყალობით, უკვე სხვა იყო. ის, რაც ანგლოსაქსებმა შექმნეს არაბიაში – კიდევ სხვა. ის, რაც ირანის კულტურაა, კიდევ სხვა.

და აი, ყველაზე მავნე ბედი კაცობრიობისათვის დასავლურ ქრისტიანობას ერგო. ჩემი აზრით, ის ფილოსოფოსების ბრალია, რომლებიც ღვთისმეტყველებიდან იწყებდნენ. ჯერ იყო და არაბული კულტურის გავლით მათთან შესულმა არისტოტელეს თარგმანების შეუთანხმებლობამ მათ სქოლასტიკასთან, გამოიწვია უმწვავესი ე.წ. ავეროისტული კრიზისი. ამან კი, სქოლასტიკა უბრალოდ დაღუპა და გარდაქმნა ტვინის ჭყლეტად და ტანჯვად. მის რეაქციად წამოსულმა რენესანსის სამივე ტალღამ კი გაიბრწყინა კაცობრიობის იმედად, მაგრამ, მედიჩების კარზე ჩასული ჭეშმარიტების რენეგატი პლიფონის ხელიდან, საბოლოო ჯამში, საღმრთო რა უნდა აღმოცენებულიყო?! თუ არ ვცდები, სადღაც ამ ორის მიჯნაზე (სქოლასტიკისა და რენესანსის) – ან თუმცა, იქნებ, უფრო ადრეც – თავისი გიგანტური წვლილი დასავლური ცივილიზაციის დაღუპვაში შეიტანა უილიამ ოკამმა, თავისი ცნობილი სამართებლითა და ნომინალიზმით, რასაც გასული საუკუნის საოცარი ამერიკელი ფილოსოფოსი, რიჩარდ უივერი, ჯერ კიდევ 40-იან წლებში მიხვდა, მოულოდნელი გამჭრიახობით.

ასეა თუ ისე, შემოალაჯა მოდერნმა. ბევრს კამათობენ, ვისგან დაიწყო ის: რენე დეკარტისგან თუ ჯონ ლოკისგან, ფრენსის ბეკონისგან, თუ თავად მარტინ ლუთერისგანაც კი. მაგრამ, ასეა თუ ისე, დადგა ხანა, სადაც იგივე ბეკონმა ადამისეული ღირსება სამყაროს პატრონისა და სახელის დამრქმევისა სრულიად გადაღრიცა და ამ ჩვენს დაცემულ სამყაროში ადამიანს ბუნების დამორჩილებისაკენ მოუწოდა.

მანდ დამთავრდა ჩვენი დაუკმაყოფილებლობის ცოდვად შერაცხვა. დანარჩენი მხოლოდ დროის საკითხი იყო. ინდივიდუალიზმიც, ფრანგული რევულუციაც, მონარქიების დამხობა-გამოფატვრაც, კოლექტივიზმის ორი უღმერთო ფორმა – მარქსიზმი და ფაშიზმიც და ამ სამი ბასტარდის ერთმანეთში ომით სისხლში ჩამხრჩვალი გასული საუკუნე.

ჩვენი საყვარელი სამშობლო ამ ხორცის მანქანაში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებულია მოსახლეობის ოდენობასთან შეფარდებით. სამას ორმოცდაათ ათასზე მეტი გმირი შესწირა მან ფაშიზმთან ბრძოლას. და რამდენი შეეწირა კომუნიზმს – ჩემი დიდი ბაბუების ჩათვლით ყველა მხრიდან – თუმცა, ბევრად ნაკლები, ვიდრე ფაშიზმთან ბრძოლას. და რა დღეში ვართ ახლაც, რომ იმ გმირების მოხსენიებას გამარჯვებული ლიბერალიზმი გვიკრძალავს და სასწაულად ცოცხლად დარჩენილ რამდენიმე ვეტერანს, ყოველ წელს თავს ესხმის ვაკის პარკში შეშლილი, უვიცი და დაზომბილი, საწყალი ახალგაზრდების სახით. და რამდენი ბავშვი შეეწირა დედის საშოში ლიბერალურ იდეოლოგიას, აბორტების სახით?! ამ მოვლენამ, რაც საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ ლენინის დროს იყო დაშვებული, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ დედის საშოში მილიონ ნახევარი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, ვინაიდან, წელიწადში საშუალოდ ორმოცდაათი ათასს აბორტს ვაკეთებთ აგერ უკვე 30 წელია. და არავინ დათვლის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა საქართველოში ნარკომანიას, რომელიც ლიბერალური იდეოლოგიის ნაწილია, როგორც მასიური მოვლენა.

რა ვქნათ აწი, როგორ ვიცხოვროთ?! აღარც განათლება, აღარც ინდუსტრია, აღარც უსაფრთხოება, მხოლოდ ვალები და შავი ღრუბელი. გაინძრევი და…

მე მგონია, რომ ყველაფერი ადამიანიდან იწყება. ჩემს მდგომარეობაში უამრავი დრო მაქვს ვილოცო, ვიფიქრო ჩემს ცოდვებზე და არ მივცე ამ ავადობასაც და ამ პატარა დღიურსაც საშუალება, ისევ გამიტაცოს ამპარტავნებაში, ქების სმენაში და ლანძღვაზე ბრაზში. იქნებ ის, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტ ბავშვს ჩვენ ვხოცავთ პროცენტულად აბორტებით, მაგაზე გვეფიქრა? იქნებ გაგვებედა, ჩვენს შეცდომებზე საუბარი, რაც დავუშვით საბჭოთა კავშირის დაშლისას? იქნებ დაგვეშვა, სულო ცოდვილო, რომ ნებისმიერი მთავრობა, რომელიც გვყავს, არის უკეთესი, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ? თქვენ არა, დავუშვათ მე. იქნებ გვეღიარებინა, რომ გავზარმაცდით, ნაწილი მაინც, გავამპარტავნდით და იქნებ, ეგ მარტო საბჭოთა კავშირის ბრალი არ არის და ჩვენი ბრალიცაა? და იქნებ, არ ჩაგვექოლა ერთმანეთი ყველაფერზე? და იქნებ, მაშინ დაწყებულიყოს ჩვენში ის, რასაც ასე ველოდებით საიდანღაც?

24.08.2021

X თავი

სოციოლოგიის მამა, იტალიელი ვილფრედო პარეტო საზოგადოებას ჰყოფს:

1. ელიტად, რომელიც მართავს ქვეყანას;

2. კონტრ-ელიტად, რომელსაც უნდა მართვა და მზადაა კბილებით გადაღრღნას ელიტა;

3. ანტი-ელიტად, რომელიც არის მუდმივად ყველაფერზე მოწუწუნე და არაფრის მაქნისი ინტელიგენცია – რომელსაც, ჩვენებურ ჟარგონზე რომ ვთქვათ, ყველაფერი „უტყდება“ და ასევე, მგავსი სხვა ფენის ადამიანებიც; და

4. მასად, რომელსაც ჭამა-სმის და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარდა დიდი არაფერი ედარდება. მაგ განსაზღვრებით ჩვენი „სვეცკების“ დიდი ნაწილიც ამ მასას განეკუთვნება, რამეთუ მასად განგსაზღვრავს არა ის, თუ რა იშოვა მამაშენმა, არამედ ხარ თუ არა იდიოტეს.

გავაკეთებ ფრთხილ დაშვებას, რომ, თუ ადამიანი რატომღაც ამ დღიურს კითხულობს, იგი მეოთხე კატეგორიას არ განეკუთვნება.

პარეტოს თეორია თანამედროვე სოციოლოგიაში ძალზედ ღრმა და გავლენიანია, ის კი, მოგეხსენებათ, პოეზიისა და ფილოსოფიის მერე, იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყოს მიწიერ ცხოვრებში, რა თქმა უნდა, უმთავრეს ღვთისმეტყველებას თუ არ ჩავთლით.

მაშინ გამოდის, რომ პარეტო თავისი თეორიით საკმაოდ მწარე არჩევანს გვიყენებს: ვინ ვართ ჩვენ დარჩენილი სამი კატეგორიიდან?! აირჩიეთ.

თუ ელიტას განეკუთვნებით, ანუ იმ ფენას, რომელიც მართავს დღეს ქვეყანას, ჰკითხეთ თქვენს თავს, რამდენად შეესაბამება ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ერის გამრავლებისა და საქართველოს გამთლიანების მიზნებს. და რამდენად გაქვთ უფლება თავს ადამიანი უწოდოთ, თუ თვლით, რომ მაგას მაინც არაფერი ეშველება და მთავარია, სანამ ელიტაში ხართ, ოჯახში რამე შეიტანოთ.

თუ კონტრ-ელიტას განეკუთვნებით, მაშინ, რომელ ოპოზიციურ ბანაკში ხართ, რა მანიფესტებზე აქვს მოწერილი მაგ თქვენი ბანაკის ხელმძღვანელობას ხელი და თუ თქვენ გახდით ელიტა, რა სამსახურს გაუწევს ეს ერის გამრავლებასა და ქვეყნის გამთლიანებას.

თუ ანტი-ელიტა ხართ, მოგიწიათ რა ცხოვრება პერიოდში, როდესაც თქვენი ერი რაოდენობით განახევრდა, თქვენი ქვეყნის ტერიტორია მეოთხედით შემცირდა, თქვენი ხალხი და თქვენ გაღატაკდით, ვალებში დაიხრჩეთ, განარკომანდით, გაბოზდით, გალუდომანდით, გამამათმავლდით და გადაიხვეწეთ, რაღა ფასი აქვს თქვენს ნატიფ გემოვნებას და „არავინ არ მაგინოს“ ცხოვრების სტილს.

მწარე და მურტალი არჩევანია. მე ის ოციოდე წლის წინ გავაკეთე, როდესაც საშუალება მომეცა ემიგრაციაში ცოტა ამოსუნთქვისა, თუმცა, შემეძლო ნებისმიერ ქვეყანაში ცხოვრება. ოჯახიცა და ჩემი საქმეც, როგორც შემეძლო, ღვთის შეწევნით შევქმენი და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოვედი ჩემი ქვეყნის სიყვარულით.

სანაცვლოდ არასოდეს მნდომებია არც თანამდებობდა, არც ფული, არც არაფერი და სამწუხაროდ, მეტი დაცინვა, გინება, ცილისწამება, შეურაცხყოფა და აწ, იქნებ, ფიზიკური განსაცდელიც დამითმენია ვიდრე ბევრს.

უბრალოდ, ბოლომდე მეგონა, რომ თავად პრაქტიკულ პოლიტიკაში არ შესვლით, იდეოლოგიურ და პუბლიცისტურ, ორატორულ და საქველმოქმედო საქმიანობით შევძლებდი ქვეყანაში რამის შეცვლას, მაგრამ, როდესაც დავინახე, რომ ეს არ არის საკმარისი, გადავდგი ის ბოლო, იქნებ, ჩემთვის საბედისწერო ნაბიჯიც, რომელსაც არ ვნანობ მაინც.

იქნებ, ამ ბოლო ნაბიჯის არ გადადგმაში იყო ჩემი ეგოიზმიც. არ მინდოდა თავისა და ოჯახის გაწირვა, იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ არ ვარ მზად კომპრომისებზე ძირითად პრინციპებზე, რომ მატრიცამაც იცის ეს და არ შემიშვებს და არავითარი „უფალმა დაგლოცოთ“ და „ჯანმრთელობას გისურვებთ“ ინიტერნეტკომენტარები ამას არ შეცვლის.

არც ჩემს მშობლებს, არც ჩემს მეუღლეს, არც ჩემს ზრდასრულ შვილებს ეს არ უნდოდათ. და მართლებიც იყვნენ.

უბრალოდ, როგორ ვთქვა, სოკრატეს მოვიშველიებ: სასამართლოზე, სადაც მას სიკვდილი მიუსაჯეს, და სადაც მან ადვოკატზე უარი თქვა და თავად იცავდა, წარუმატებლად, თავს, მან განაცხადა, რომ მას ბავშვობიდან ესმოდა უჩუმარი ხმა, რომელსაც მან „დაემონი“ უწოდა (Daemon).

სოკრატემ ბრძანა, რომ დაემონი მას არასოდეს ეუბნებოდა რა ქნას. მაგრამ, ყოველთვის ეუბნებოდა რა არ ქნას.

პლატონის მასწავლებლის ეს წინასწარმეტყველური სიტყვები (მოსეს სჯულში ათივე მცნება აკრძალვითია), სიკვდილის მისჯის მერეც გამართლდა.

საქმე იმაშია, რომ ათინელებმა კი მიუსაჯეს სოკრატეს სიკვდილი, მაგრამ, ათენის კანონებით მათ არ ჰქონდათ უფლება სასჯელის აღსრულებისა, სანამ ათენიდან დელფოსში დემეტრას ტაძარში გაგზავნილი საკრალური ძღვენის გემი ათენში არ მობრუნდებოდა. და სოკრატეს მიეცა მოულოდნელი შვება, თუ არ ვცდები, თვეზე მეტი, როდესაც ის სიკვდილს ელოდებოდა გემის დაბრუნებით.

ხოლო ამ „შემთხვევითობის“ წყალობით მის მთავარ მოსწავლეს, ფილოსოფიის მამას, პლატონს, რომელიც ისე ცუდად იყო მასწავლებლის დაპატიმრებისა და სიკვდილით დასჯის გამო, რომ არც კი მიეცა საშუალება სასამართლოზე დასწრებისა, სამაგიეროდ, მიეცა საშუალება ორი უდიდესი ნაწარმოების, დიალოგი „კრიტონის“ და დიალოგი „ფედონის“ დაწერისა, რომლებიც არიან მარგალიტები მსოფლიო კულტურისა და იკითხებიან როგორც საბავშვო წიგნები.

„კრიტონში“ თავად კრიტონი სთავაზობს სოკრატეს, მცველების მოსყიდვის გზით, ციხიდან გაქცევას და ათენიდან გადასახლებას და სოკრატე უსაბუთებს თავის უარს.

„ფედონში“, სადაც აღწერილია სოკრატეს სიცოცხლის უკანასკნელი დღე, თავად სიკვდილით დასჯა, ციკუტას შხამის თასის შესმით და სოკრატეს ბოლო სიტყვებით, სოკრატე იძლევა მაცხოვრის განკაცებამდე უძლიერეს პასუხს ათეიზმის წინააღმდეგ. იგი ამბობს რომ, როგორც ფილოსოფოსი, სულ ეძებდა სიკვდილს და თუკი ის ცდება, რომ მიღმიერი არსებობს, ის უბრალოდ დაისვენებს ამ უსამართლო და წვალებით სავსე ცხოვრებისაგან, და თუ ის არ ცდება, მაშინ ის მიღმიერში შეხვდება უდიდეს ფილოსოფოსებს და გამოსცდის მათ გონებას საუბრებში.

„ფედონში“ უკვე სარეცელზე წამოწოლილს (მანამდე ზრდილი მცველი მას აუხსნის, რომ თასის შესმის მერე, მან კამერაში უნდა იაროს მოტირალი მეგობრების თვალწინ, რათა შხამმა კარგად გააჯეროს მისი სხეული, რასაც სოკრატე მორჩილად შეასრულებს), ის იგრძნობს რა რომ სიკვდილი ახლოსაა, წამოწევს თავს და ეტყვის თავის მეგობარს: „არ დაგავიწყდეს, ჩვენ მამალი გვაქვს ვალად წამოღებული ასკლეპიოსისაგან.“

კრიტონისადმი დასაბუთებულ საოცარ უარსაც და ბოლო ვალის დაბრუნების განკარგულებასაც, სოკრატეს უჩურჩულებს სინდისის დაემონი. იგი იმ ჩუმი სიოს ექოა, რომელზეც ფერიცვალებას ვსწერდით. მისი ჩაჩუმება ძალიან ადვილი საქმეა ხილულში, მაგრამ, მის ჩაჩუმებაზე მეტი ზიანი არ შეიძლება ადამიანმა თავს მიაყენოს, არც არანაირი ტყვიით და არც არანაირი ავადობით.

ვინც აქამდე ვერ მიხვდა, რისი თქმა მინდოდა, მე აღარაფერი მაქვს სათმელი ამ თემაზე.

პარეტოს რომ დავუბრუნდეთ, პიერ მილზას მუსოლინისადმი მიძღვნილ ბრწყინვალე ბიოგრაფიაში, ნახსენებია პარეტოს გავლენა დუჩეზე, თუმცა ჩემთვის ცხადია, რომ პატარა ბენიტოს სკოლის წლებიდანაც კი სჩანს სრულიად უკომპრომისო და დაემონის ჩამქოლველი და ჩამჩუმებელი კონტრ ელიტანტი ცხენი, რომელიც, ღმერთო მაპატიე, მთელი ცხოვრება მიდიოდა იმ საშინელი აღსასრულისაკენ, რომელიც მას, სოკრატესაგან განსხვავებით, სამართლიანად ერგო.

როგორ დავიცვათ ჩვენ სინდისი, არ ვიყოთ იმპოტენტი ანტი-ელიტა და ვეცადოთ, ქვეყანა გადავარჩინოთ. და თუ ეს ჯვარი დაგვედო, როგორ არ გავხდეთ ის, რაც თითქმის ყველა ხდება ხელისუფლებაში – მასების სპორადიკულ ჯუჯღუნს და მოწონება/არ მოწონებისათვის ცეკვას აქ არ ვგულისხმობ.

ვგულისხმობ, როგორც ვაკეთოთ ის, რაც საჭიროა, ანუ ჭირის წამალია, დამოუკიდებლად იმისაგან, ესმის ეს ჭამა-ყლაპვისტს მისი ეპიზოდური გამოღვიძებებისას თუ არა. რამდენად შესაძლებელია ეს?

მე, რატომღაც მგონია, რომ საქართველოში ეს შესაძლებელია, იმიტომ, რომ მიუხედავად იმ ჯოჯოხეთისა, რაც ლიბერალიზმმა მოაწყო აქ ბოლო 30 წელია და კომუნიზმსაც კი აჯობა უკვე ამაში, ჩვენი საოცარი ხალხის უმრავლესობა, წარმოიდგინეთ, არ იქცა მასად. რაც უფრო უჭირს ქართველს, მით უფრო არაა ის მასა. მემგონი, ჩვენთან მასა სწორედ ძირითადად ლიბერალური ელიტა და „სვეცკების“ ნაწილია, პარეტოს განსაზღვრების მიხედვით და ამიტომ ინგრევა ჩვენთან პარეტოს სტერეოტიპი, როგორც ბევრი სხვა დასავლური მოდელი საქართველოზე.

ეს არ ესმით გლობალისტ სპონსორებს, და ამიტომ არიან ისინი წარუმატებლები საქართველოში. მომხრედ ჰყავთ მარტო ისინი, ვინც ხელფასზე უზით და ასეთი დაბალი ეფექტურობა მგონი მათ ავღანეთშიც კი არ ჰქონიათ.

დღეს აღმოვაჩინე რომ ეს დღიურიც დაბლოკეს. პირდაპირ არა. ხალხი ვერ აზიარებს მას. ანუ, თუ პირველ თავს რვაასზე მეტი კომენტარი ჰქონდა, წინას – მხოლოდ ორმოცი, და, თურმე, მაგის ბრალი ყოფილა. Eri.ge ზე ჯერ არ დაუბლოკავთ. საოცრებაა პირდაპირ. რაც უფრო მეტს იქცევიან ასე, ნაც-ქოცები და მათი მედია და ფაქტ-ჩეკერ-შტეკერები, მით უფრო მარწმუნებენ, რომ ტყუილა არ დამმართვნია, რაც დამემართა. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, მაინც ვერასოდეს გავარკვევთ. ძილი ნებისა.

26.08.2021

XI თავი

აწ შემობრძანებულ მარიამობას გილოცავთ! სამყარო ირინდება, მოციქულები, ვინ ცოცხალნი, სული წმინდით აღიტაცებიან, ვინ წამებით უკვე მოკლულნი, მკვდრეთით აღდგებიან, ეს თავად მათგან ვიცით, არავის შეუძლია არ დაესწროს მარადის ქალწულის მიძინებას. რა გვედღესასწაულება? რა და ის, რომ მისი პირველი წილხვედრი ჩვენა ვართ და ჩვენ ვუერთდებით სამყაროს ღვთისმშობლის ზეცად ასვლას თავის ძესთან და ეს სასწაული დღეა ჩვენთვის.

როდესაც ამ წილხვედრობას რაღაც ჩვენს განსაკუთრებულობას მივაწერთ და ვამაყობთ, გვემართება ის, რასაც ვხედავთ ირგვლივ, ხოლო როდესაც ვხვდებით, რომ ეს წილხვედრობა საშინელი პასუხისმგებლობაა, რადგან ჩვენ ვართ მისი დესპანები სამყაროში, ანუ ყველა ჩვენი ქალი მოწოდებულია მას ემსგავსოს კდემითა და სიყვარულით და ყველა ჩვენი კაცი – მის ძეს და ჩვენს ღმერთს სიმამაცითა და სიყვარულით, მაშინ ვხვდებით დავითის ლაშქარში, დიდგორში და ჩვენი მშობლიური თრიალეთის ქედზე ვამარცხებთ ყველას.

დღეს ვერ დავწერ ვერაფერ სხვაზე, და ვერც ბევრს ვერ დავწერ, არც ღვთისმეტყველი ვარ და არც სასულიერო პირი, ამიტომ, არ მაქვს ამის უფლება. სულ ვუფრთხი მესამე მცნების დარღვევას და მითუმეტეს, ინტერნეტისთვის არ მემეტება, დღიური მე ვიცი გაყვითლებული ფურცლებით, მელნით დასვრილი, როგორებიც მაქვს, მაგრამ, იმას ვინ წაიკითხავს და როდის.

ამიტომ, რადგან ამ სივრცეში მოვხვდი თქვენთან ერთად, და რადგან ამ სივრცეშიც არ მასვენებენ უხსენებელის შიკრიკები და აქაც, ცოცხალ-მკვდარს, ყველანარიად მიტევენ, მებრძვიან და მავიწროებენ, ამ ბრძოლასაც გავუმართავ მათ, და როგორც უფალს უნდა და როგორც დედა ღვთისმშობელი შეავედრებს მას, ისე იყოს ჩემს თავს. მაგრამ, დღეს ვეღარ დავწერ ბევრს.

ხვალ საერთოდ ვერაფერს დავწერ, შემინდეთ. ათორმეტთაგან საუფლოთა დღესასწაულთა, როგორ ვთქვა, მაგრამ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელია ეს. ჩვეულებრივ ჭალაში ვხვდები ხოლმე მას, მე-11 საუკუნის სპეთის მაცხოვარზე, მერე ყვირილაში ვცურავ შვილებთან ერთად და მერე სუფრა გვაქვს სააბაშიძეოში, ზალიკაშვილების კუთხეში, იმ სუფრას არაფერი მირჩევნია მე. წელს ბევრი წავიდა ჩვენი კუთხიდან ჩემი ნათესავი მიღმიერში: გივიკო და მაკა ქამუშაძეები, მანამდე ტატო აბაშიძე, მანამდე დათუნა ბიძია და რა ვიცი, რა მოვყვე ეს ამბები. ჩემი ყველაზე საყვარელი ადგილი ჭალაში არის აბაშიძეების საგვარეულო სასაფლაო, სადაც ჩვენები ასვენიან, ჩემი დიდი ბაბუის, დეკანოზ ერეკლე აბაშიძის აკლდამასთან ერთად, რომელსაც მისი უწმინდესობაც კი ესტუმრა სახლში პატივის მისაგებად, და რომლის დიაკვნად და მღვდლად კურთხევის სიგელებზე წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ხელმოწერებია ჩვენს „ზალაში“. მაგ „ზალაში“ დალია სული ბატონმა გიზო ნიშნიანიძემ ჩვენ ხელში თამადობისას, ლექსის თქმისას.

და წმინდა ანტონ ეპისკოპოსიც და წმინდა გაბრიელიც სტუმრად არიან მანდ ნამყოფნი. ისევე, როგორც ოლივერ და მარჯორი უორდროპები და რა ვიცი კიდევ ვინ. ლიზიკო ბებიას, დეკანოზი ერეკლეს რძალს, ჩემი დიდი ბაბუის, ივლიანეს მეუღლეს, ვაჟამ, ჩვენთან თბილისში სახლში სტუმრობისას, როდესაც 16 წლის ლიზიკო ბებიამ დილას ვარდები შემოუტანა ნაქეიფარ მგოსანს, ლექსი მიუძღვნა:

„ყვავილები შემომიძღვენ,,

თვით ყვავილმა ახლად შლილმა,

ვით არ გიძღვნა მე მადლობა,

გულ მოკლულმა ქართლის შვილმა.“

ეგ ხელნაწერი მერე გაქრა როგორღაც ჩვენი ოჯახიდან. არც მინდა მაგაზე საუბარი. ერეკლე ბაბუას სიტყვა კი, მიძღვნილი აკაკის იუბილესადმი, გურამ შარაძის წიგნშია სრულიად დაცული.

როდესაც პატრიარქი ჩვენთან სახლში მოდიოდა ჭალაში, მისი ყოფილი გარემოცვის ნაწილიც და მთავრობაც (მე საქართველოში არ ვიყავი და ბედნიერი ჩემი ბებია და მშობლები ელოდებობდნენ გაფაციცებულები), ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ მას ამაში. როდესაც ის მაინც წამოვიდა, პატრულის უფროსი ჩაუდგა წინ და გამოუძღვა. უფროსობამ დაურეკა გზაში და სად მიდიხარ ერთი, გვაინტერესებსო. იმან უპასუხა, მე ჩემ პატრიარქს მივყვები და თქვენ სად მიდიხართო. სად გაქრნენ ეს კაცები აწი?

ჩემი ბებია, თავადის ქალი, მარიამ აბაშიძე, ჩემი ბუბა, 100 წლისაა, წელს 101-ს გახდება და ყველას გვეხმარება დღემდე, გვასწავლის, როგორი უნდა იყოს ადამიანი. მისი მეუღლე, ჩემი ბაბუ, ლევან ჭანტურიშვილი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გეოფიზიკოსი, უნივერსიტეტის ჩემპიონი კრივში, მევიოლინე, ბრწყინვალე პოეტი, ხელს ვერ ვუწევდით კარგა ხანს ვერავინ, 37 წელს დახვრეტილი გურიის ერობის თავმჯდომარის, ჩემი დიდი ბაბუის, სიო ჭანტურიშვილის მესამე ვაჟი – სიო ბაბუასი, რომელმაც 1921 წელს უარი სთქვა მაზნიაშვილის ხალხთან ნოე ჟორდანიას ხალხს გაყოლოდა, „სამი ბიჭი მყავს და ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ და რავა გავაფრანგოო, ჯობია დამხვრიტონო!“ – მისი შვილი იყო ჩემი ბაბუ, ლევანი, ვისი სახელიც მე მქვია, სააბაშიძეოს ერთგული სიძე. მათივე კლასელი, ტიციანის ქალიშვილი ნიტა ტაბიძე, ტიციანის და პასტერნაკის ლექსების მუზა, ნიტიკო ბებია, ვინც ჩემს პირველ ლექსებს აფასებდა ბუბასთან ერთად, როცა წერა არ ვიცოდი და 3 წლისა ლექსად ვლაპარაკობდი და ბუბა იწერდა და ნიტიკო ბებია ხარობდა, და როცა იცინოდა, გეგონებოდა ტიროდა, ბუბამ მითხრა, ეს ტიციანის დახვრეტის მერე დაემართაო. მათივე კლასელი, „თეთრი გიორგის“ დამაარსებელი, მუსტაფა (ლევან) შელია, მოკლული ჩეკისტის მიერ 43 წელს, მათივე კლასელი ლუკა ტყემალაძე, 17 წელი ციმბირ-ნახეხი, იმიტომ, რომ მუსტაფას ერთი ღამე გაათევინა სახლში, ბაბუაჩემის უახლოესი ძმაკაცი და თანამოჭადრაკე (ბაბუ გროსმეისტერებს უგებდა ხოლმე). მათივე კლასელი, ახოვანი არისტოკრატი, ბიჭიკო თუშმალიშვილი, სორბონაში მეღვინეობაზე ლექციებს კითხულობდა და მთელი “სამტრესტის” სინდისი და ხელმძღვანელი იყო იმ კორუფციის მიუხედავად; მან მითხრა ჭალაში, ბუბას და ბაბუს ქორწინების 50 წლისთავზე: ლევანიკო, შვილო, იცოდე მარტო ჩვენ და ფრანგებს გვეთქმის რამე ღვინოზე მსოფლიოში და გთხოვ, ეს თანმიმდევრობა არ აგერიოსო – მისი მოწაფეობით ვცდილობ დღემდე მეღვინეობა მევენეხეობის განვითარებას საქართველოში, თორემ, მაგ ფასად ორ შატოს ვიყიდდი საფრანგეთში და ამდენ ღალატს და ცინიზმის არ ვნახავდი, რაც ვნახე. მათივე კლასელი, თამარა დოლიძე, და რა ვიცი, კიდევ ვინ. არის საოცარი ფოტო ამ ადამიანების, მეათე კლასში, კლასიკურ გიმნაზიაში, აწ პირველ საშუალო სკოლაში: ყველას ვიღაც დაუხვრიტეს უკვე, ბუბას – ბიძა, ანტონი (ქუცა) აბაშიძე, ბაბუს – მამა, ნიტიკო ბებიას – მამა, და ასე შემდეგ, ყველა შერაცხული მტრის ოჯახად, ყველა დაობლებული და დარჩენილი მშობელი ან დაჭერილი, ან უმუშევარი. სხედან ეს 16 წლის ბავშვები 40 წლის ადამიანის თვალებით და ქვევით ერთ-ერთი მათგანის ლექსი უწერიათ:

„მოდი, ძვირფასო ერთხელ კიდევ ავწიოთ თასი,

ნუ დავივიწყებთ, რომ ოდესღაც ჩვენც ბალღებს ვგავდით,

ჩემთვის სიცოცხლე რომ ეჩუქნათ ასჯერ ათასი,

საქართველოსთვის არცერთ მათგანს არ დავზოგავდი.“

ვასაძეების შტოზე, და უდიდეს და ნაწამებ ოჯახზე თავის გაგუებით, მერე მოვყვები როგორმე, ცალკე – ის ჩემი მამულია, ეს ჩემი დედულეთი. მამაჩემის დედის, ყიფიანების შტოზე კიდევ ცალკე, ლეგენდარული ჩემი ბებიის, თამარ ყიფიანის თაოსნობით.

მანდ არის ჩემი გულიც ამ მარიამობას, სანამ მე, ჩემს მოსკოვის ბინაში ვზივარ და კვირაში ერთხელ სკაფანდრში დავდივარ ქიმიოთერაპიაზე, და სანამ ჩემები დაზაფრულები ლოცულობენ და მადლობენ ღმერთს ყველაფრისათვის კიკეთში, და ჭალის სახლი ამ მარიამობას მოწყენილია.

მათი შვილები ვართ ჩვენ. და ჩვენ ვართ სამშობლოს მოღალატეები და თქვენი მედროვე „ნაბოლშევიკარი“ ნაშიერები და დამსმენების და დამხვრეტების შვილები და შვილიშვილები, და კიდევ კომუნისტები რომ არ იღებდნენ თავიანთ რიგებში – თუმცა, ამათ მშობლებს ძალიან რომ უნდოდათ, მაგრამ რომ არ ვარგოდნენ – იმათი ნაშიერებიც არიან წინსვლის მგოსნები, ხომ?!

და მსოფლიოში უდიდესმა ტერორმა რომ ვერ დააშინა, და მერე მსოფლიოში უდიდეს ომში რომ სამშობლოსათვის იომეს და გაიმარჯვეს, იმათ შვილებს დაგვაშინებენ თქვენი პატრონები, ჩვენი რაღაც გვერდების დაბლოკვით იმისათვის, რომ კითხვებს ვსვამთ, რატომ გვჭირს მოულოდნელად, რაც გვჭირს და რა ხდება ჩვენს თავს? და თქვენ გაგვაჩუმებთ ჩვენ და თქვენ დაგვამარცხებთ ჩვენ?

არც კი მეცინება უკვე ამაზე. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ რამით ვგავართ ჩვენს დიდებულ მშობლებს და ბებია-ბაბუებს, ჩვენ მათი აჩრდილები ვართ. მაგრამ, თქვენ და თქვენს მხდალ და უკულტურო პატრონებს გეყოფით.

განა ჩვენგნითა?

მეოხებითა ყოვლად წმინდისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, რამეთუ დროის მიღმა მდგომმა შემოქმედმა წინასწარ იცოდა, რომ არცერთი მოციქულის ვედრება არ ეყოფოდა სწორედ ჩვენი, ქართველების ცოდვებს, და მაგიტომ გაგვხადა იმის წილხვედრი, ვისაც ვერ ეტყოდა უარს ვედრებაზე, რადგან ჩვენი გადარჩენაც სურდა.

და აწი ასეა, ბატონებო და მათო უცხოელო პატრონებო, თქვენ, სამწუხაროდ, იმ ბანაკში აღმოჩნდით, რომელიც არ ავედრებს თავის ცოდვებს მას, და ამიტომ, სამწუხაროდ, არც ვიცი როგორ გიშველოთ, და ჩვენ, სწორედ ის ხალხი ვართ, ვინც ხვალ დავდგებით სანთლებივივით, ჩვენები – ტაძრებში, მე – ჩემს ბინაში და შევავედრებთ თქვენს პატიებას მას, მთელი გულით, რომ იქნებ, რამე გეშველოთ ჩვენთან ერთად, რამეთუ არა უწყით, რასაცა იქმთ.

27.08.21

XII თავი

კვირა დღის მადლი შეგეწიოთ.

ცნობილია, რომ წითლებმა, ღმერთთან ბრძოლაში, სოლოვეცკის კუნძულებზე უხსენებელის ძეგლი დადგეს და ტროცკის ბრძანებით, 7 დღიანი კვირები გააუქმეს და 5 დღიანი “пятидневки” შემოიღეს.

პრინციპში, ადამიანის ნება წითელი ტერორის პირობებში იმდენად დათრგუნული და დაშინებული იყო, რომ ამ ცვლილებას წინ ვერ აღუდგებოდა. ეს იყო აპოთეოზი ღმერთთან ბრძოლისა კაცობრიობის ისტორიაში, თავისი მნიშვნელობით უმძლავრესი დარტყმა ყველაფერზე, ბერეშითის, ანუ სამყაროს შექმნის მერე, თავად ბაბილონის გოდოლზე მეტი სითავხედე ადამიანის მხრიდან.

პენტაგრამის, ხუთქიმიანი ვარსკვლავის – რომელიც თავისთავად არის ანთროპოცენტრული სამყაროს სიმბოლო, რომლის შუაშიც ხელებ და ფეხებ გაშლილი თავხედი დგას – მსგავსად, კვირაც უნდა შეცვლილიყო დედამიწის მეექვსედზე ხუთდღიანი წრეებით. „ყველაფერი ადამიანისათვის”.

მიუხედავად დატერორებული მოსახლეობის სრული მორჩილებისა და დირექტივების აღსრულების რკინის დისციპლინისა, ბოლშევიკებს მალე მოუწიათ ამ ცვლილების გაუქმება და კვირის დაბრუნება.

აღმოჩნდა, რომ ვერც სახალხო მეურნეობაში, ვერც მიწათმოქმედებაში, ვერც მემცენარეობასა და მეცხოველეობაში, ვერც უბრალოდ ადამიანების ღონისძიებათა ორგანიზებაში ანთროპოცენტრული პენტაგრამა ვერ მოქმედებს.

ყველაფერი აირია: დაგეგმარებაც, დისციპლინაც, ბუნებრივი ცილკლებიც, ცხოველების კვებისა და მცენარეების მორწყვის მეთოდიკები, დედამიწის ერთი მეექვსედი ქაოსისაკენ გადაიზნიქა.

არაა ზუსტად ცნობილი, თუ რა საბაბით მოხდა ამ უღმერთო გადაწყვეტილების გაუქმება, ბოლშევიკებს არ უყვარდათ თავიანთი ნების რამეზე დამორჩილება. თუ არ ვცდები, გადაწყვეტილების გაუქმების გამართლება მოხდა მსოფლიო რევოლუციის ექსპორტის იდეოლოგიის ეგიდით, ანუ იმ მოსაზრებით, რომ მარქსიზმის გავრცელება დანარჩენ სამყაროში ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა იგივე სტანდარტების ლიანდაგებით, რომელსაც მიჩვეული იყო დანარჩენი მსოფლიო.

ნებისმიერ შემთხვევაში, უღმერთოებს მოუწიათ დანებება.

იგივე ხდება დედამიწაზე ასი წლის შემდეგაც. კულტურული მარქსიზმისა და ტროცკიზმის პირდაპირი მემკვიდრე და „სიმპათიზატორი“, ლიბერალურ-გლობალისტური იდეოლოგია, თავის მცდელობაში აწ მთელი კაცობრიობის გადაკეთებისა ერთ, რაღაც „დემოკრატიულ ფასეულობებზე“, იფშვნება, ინგრევა და ქაოსისაკენ მიექანება. მისი მცდელობა კაცისა და ქალის ცნების აღრევისაც კი და ბავშვებზე ამ სიგიჟის დაძალებისა, მთავრდება იმით, რითიც მოსალოდნელი იყო.

თავისი მეტროპოლიის ცენტრში დასავლური იმპერია დაბნეულობისაგან კონვულსირებს, შავკანიანებისა და ჭარბწონიანების ჩექმებს ლოღნის, საკუთარი დამაარსებლების ძელგებს ამხობს და სამომხმარებლო საკრედიტო პირამიდის ბოლო წლებს ან თვეებს ითვლის, მორიგ ხელოვნური ჟანგბადის ბალიშამდე და „კორექციამდე“, თორემ, სინამდვილეში, ის რეანიმაციაში წევს 2008-წლის „ფენი მეი“-ს და „ფრედი მაკი“-ს კრიზისის მერე ტრილიონ დოლარიანი საბანკო „ბეილ-აუთის“ მერე.

საგარეო პოლიტიკაში, ავღანეთიდან მისი „ფართხაფურთხით“ გამოქცევა მხოლოდ პროცესის დასაწყისია.

ავღანეთი „(მარადიული) დუმილის ქვეყანას“ ნიშნავს და იმპერიათა სასაფლაოდ არის წოდებული. მასზე წაიმტვრია ცხვირი დარიუსმაც, რომმაც, პართიამაც, ირანმაც, ოსმალომაც, ბრიტანელებმაც, საბჭოთა კავშირმაც და ამერიკელებმაც.

თავად ავღანელებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ სამმა დამპყრობელმა შეძლო მათი დამორჩილება: მათ საპატივცემულოდ უზარმაზარი ქვის სტელაც უდგათ ავღანეთში და იქვე, ამ სამი დამპყრობლის სამი სიმბოლური საფლავი.

ესენი არიან: ალექსანდრე მაკედონელი, ჩინგიზ-ყაენი და ქართველთა მეფე, გიორგი XI. ვისაც არ წაგიკითხავთ გენერალ-მაიორ, თენგიზ ეპიტაშვილის მოგონება, როგორ სცა მან თაყვანი ჩვენი ამ დიდი მეფის საფლავს საბჭოთა ინტერვენციის დროს ავღანეთში, ძალიან გირჩევთ, არ ინანებთ. ჩვენს „მსოფლიო საოჯახო კონგრესი“-ს გვერდზე დევს, სანამ ეგეც არ დაუბლოკავთ „სიტყვის თავისუფლების“ მოყვარულ ლიბერალ-ტროცკიცსტებს.

ავღანეთის მორიგი დეოკუპაცია, ნიშნავს მთელი ანგლოსაქსონური გეოპოლიტიკური სკოლის მორიგ მარცხს, ჰელფორდ მაკინდერიდან მოყოლებული, ვიდრე ზბიგნევ ბჟეზინსკიმდე, ევრაზიის გარშემო „ანაკონდას ცეცხლოვანი რკალის“ გარღვევას და ეს მხოლოდ დასაწყისია, უფრო სწორედ, გაგრძელება სირიაში მათი მარცხის შემდეგ.

ეს ობიექტური მოცემულობაა, რომლის შედეგებიც, შესაძლოა, კორონავირუსზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ჩვენთვის.

ზედაპირულ დონეზე, როგორც მინიმუმ, ეს ნიშნავს დომინანტი იდეოლოგიის წნეხის უკვე შეუქცვად შესუსტებას ავღანეთის ოკუპაციის მთავარ სამიზნეებზე – ირანსა და პაკისტანზე. ესვე ნიშნავს ნარკო-ნაკადების კოლოსალურ გადანაწილებას, რადგან ამერიკული ოკუპაციის პირობებში, ავღანეთში კოკას პლანტაციების ფართი დაახლოებით 200-ჯერ გაიზარდა, თალიბანი კი, აპირებს მათ განადგურებას.

გარდა ამისა, ეს ცვლილება ნიშნავს ირანის, რუსეთის, თურქეთისა და პაკისტანის გავლენების ზრდას რეგიონში, რაც მულტიპოლარული სამყაროს საბოლოოდ შემობრძანების პირდაპირი სიმპტომებია.

განსაკუთრებული წნეხი ამ მდგომარეობაში გადადის შუა აზიის ქვეყნებზე, ხუთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა „სტანზე“ და კასპიის ენერგო მატარებლების ტრანზიტის ბედზე, აქ კი საქართველო ერთ-ერთ ცენტრალურ როლს თამაშობს.

ამ პირობებში ქვეყნისათვის აუცილებელია ეროვნული, შეკრული, მხედრული სულისკვეთებისა და დიპლომატიური მოქნილობის მქონე ლიდერი და მისი გუნდი და არა ის „აჯაფსანდალი“, რაც გვაქვს.

უფრო ღრმა, იდეოლოგიურ დონეზე, პროცესები კიდევ უფრო სახიფათოდ წარიმართება. „ჩიტების ენაზე“ ნაბოდვარი და არასამთავრობოების ხელფასებზე დაფინანსებული „გენდერული“ და ფემინისტური პარჭყა-პურჭყის ეპოქა წარსულს ბარდება, ეს გატუტუცებული ბავშვები უმუშევრები დარჩებიან და საზოგადოება კიდევ მოესწრება მათ გაკონსერვატორება-გაეროვნულობას, როგორც მოესწრო მათი კომუნისტი მშობლების გალიბერალებას.

ამ პირობებში ჩვენ ყველანი, მე ვისზე რა მეთქმის, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა ჩვენ და ჩვენმა ქვეყანამ ამ მორიგი მომაკვდავი გველეშაპის შხამიანი კუდი არ მივიღოთ სასიკვდილო იარად და ახალი წამოჩიტული და ჩვენთან დაბრუნებულ-შემოვარდნილი გველეშაპებიც მოვარჯულოთ.

დაჭრილი და მომაკვდავი გველეშაპი, როგორც ყოველთვის ყველაზე სახიფათოა, იმიტომ, რომ ჰგონია, რომ „პირველად კვდება.“ ის პარანოიდული ეჭვიანობით უყურებს და გესლავს ყველასა და ყველაფერს.

ამ დღეებში ჩვენს გვერდზე გამოქვეყნდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არასამთავრობოებისა და ჭინკების ერთერთი მთავარი „მამაშას“, კრისტინა პუშოუს (Christina Pushaw) წერილი ჩემზე, რომელიც მან დაწერა ვერის ბაღის მოვლენების მერე.

უკვე ტრადიციად ქცეული ბრალდებებისა რუსეთუმეობაში და დუგინიზმში, რომელსაც სწორედ მისგან იმეორებენ ჩვენი ადგილობრივი უჯიშო თუთიყუშები, ქალბატონი პუშოუ წერილის ბოლოს მეტად საგულისხმო რამეს წერს, რაც დამახასაითებელია რეალობასთან კავშირ-დაკარგული ჰეგემონის წარმომადგენლებისათვის.

კრისტინა პუშოუ ჩემთან მიმართებაში წერს, რომ: „…ის (ვასაძე) მზარდ საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც უნდა მოგვარდეს, სანამ გვიანი არ არის“ და რომ, „თუ ჩვენ გვინდა რომ შევაჩეროთ ის, სათანადოდ უნდა შევაფასოთ“.

წერილი უბრალოდ ზუსტი თარგმანი იქნება იმ წერილისა, რაც მან გამოაქვეყნა საჯაროდ ევროპაში, მაგრამ, ცხადია, ამასაც დაბლოკავენ.

მაგრამ, სანამ ეს მოხდება, მინდა ვკითხო ქალბატონ პუშოუს: რა ქენით, ქალბატონო, ქენით ეგ „რაღაცა“ თქვენ და თქვენმა აქაურმა ნაც-ქოცებმა ჩემთან მიმართებაში, სანამ გვიან არ იყო? როდესაც სახელმწიფო გვექნება, ჩვენ ამ შეკითხვას აუცილებლად დაგისვამთ თქვენ და თქვენს აქაურ დამქაშებს, ცოტა სხვა პირობებსა და ფორმატში, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ჩვენთაგანი იქნება მაგ დროისათვის ცოცხალი, მაგრამ, ახლა კი გვიპასუხეთ ამ კითხვაზე.

და თუ თქვენ და თქვენი ბანდა არაფერ შუაში ხართ, რატომ წააშლევინეთ ფეისბუქს ჩემი წერილი „ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები“ ჩვენი გვერდიდან, „სიძულვილის ენის“ ბრალდებით? სად იყო იქ „სიძულვილის ენა“? ჩვენ ხომ იქ მხოლოდ კითხვებს ვსვამდით. და რატომ დაბლოკეთ ამ უწყინარი „უძლურის დღიურის“ გაზიარებისა და მოწონების საშუალება მკითხველებისათვის, რის შედეგადაც თავების კითხვადობა 130 ათასიდან რამოდენიმე ასეულზე შეამცირეთ?

რა ხდება, ძვირფასო დემოკრატებო და ცივილიზატორებო, რისი გეშნიათ? რამეს ისეთს გამოვკარით ხელი იმ წაშლილ წერილში, რომ ძალიან შეგეშინდათ? მაგალითად, რატომ ატეხეს სკანდალი, ვასაძე მოწამლულიაო, ლიბერასტულმა ტელევიზიებმა, სანამ მე საიდუმლოდ სტამბოლში მივფრინავდი და მაგის ეჭვიც კი არც მქონდა ჯერ? და რატომ გაისუსნენ ერთ უნისონში ნაცების და ქოცების ტელევიზიებიც მას მერე, გეგონება, მე საერთოდ აღარ ვარსებობ. ვინ და რა უთაქა მათ ამისთანა?

ტროცკის ფიასკოს რომ დავუბრუნდეთ – ვიცი, ახლა სტალინიზმში დამდებენ ბრალს, მე, ბაბუებ-დახვრეტილ ინტელიგენტს ეს ნაკომუნისტარი-ლიბერალები – რომ არა სტალინის კონტრ-რეფორმა, უპრეცედენტო ინდუსტრიალიზაცია და დიდ სამამულო ომში ქვეყნის სრული პატრიოტული მობილიზაცია, ცხადია, რომ ბოლშევიკების ეს ხუხულა ბევრად მალე დაიშლებოდა.

ისტორიის რგოლების ლოგიკით, ამიტომ არ გამოვრიცხოთ, რომ, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ისევ გვიახლოვდებოდეს დიდი ომი. ოღონდ, ბევრად უფრო სახიფათო.

ამ პირობებში მე ვრჩები ჩვენი სუვერენული სახელმწიფოებრიობის განვითარების დაუღალავ აპოლოგეტად. მის დაუძნებელ მტრად მე მიმაჩნია ლიბერალური რესპულიკის მოდელი, რომელშიც ვართ. მის წამლად და გადარჩენად კი, ეროვნული, ნამდვილ სახალხო მმართველობაზე დამყარებული ქვეყნის მოდელი, რომელიც თითქმის ყველა ასპექტში 180 გრადუსით საპირისპიროა იმისა, რაც ამჟამად გვაქვს – იდეოლოგიურადაც, პოლიტიკურადაც და გეოპოლიტიკურადაც.

თუ რა უნდა გაკეთდეს ამისათვის, ამაზე ჩვენ კვირაში ორჯერ ვსაუბრობთ ზუმით ჩვენს მხარდამჭერებთან და ყველას გეპატიჟებით ამ საუბრებზე, შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია eri.ge-ზე.

არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი საუბრის ერთ-ერთი ჩანაწერი ამ დღეებში გამოვაქვეყნოთ კიდეც, რადგან ვიცით, რომ მაინც იწერენ და მაინც ცდილობენ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გადაღრეცით ჩვენს მორიგ განადგურება-დისკრედიტაციას.

რისა გვეშინოდეს?

29.08.2021

XIII თავი

ერთ-ერთი უარყოფითი თვისება ჩვენი დაცემული მდგომარობისა, არის დანაშაულის დამფარველობა.

მე არაერთხელ მითქვამს, რომ საკუთარი საზოგადოებისა და ერის უარყოფით თვისებებზე საუბრის უფლება მხოლოდ მას აქვს, ვისაც უზომოდ უყვარს ეს საზოგადოება და ერი და არა იმას, ვინც ბოღმითა და ღვარძლით სავსე მოღალატეა მისი.

ის ეპოქა, რომელშიც ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ, სწორედ ასეთი ადამიანების წინ წამოწევასა და ხმის ამაღლებას გულისხმობს, ისინი კი, ყველაფერ ეროვნულს ებრძვიან და მათგან არაფრის მოსმენა არ გინდა ადამიანს – თუნდაც სამართლიანისა შენს ერზე – იმიტომ, რომ გესმის, რომ ამ ხალხს ისე სძულს ქვეყანა და ხალხი რომელშიც ცხოვრობენ, ისე უნდათ მისი დასჯა და გადაკეთება, რომ მათი სამართლიანი განკითხვა ერის უარყოფითი თვისებებისა, რომელიც ნებისმიერ ერს გააჩნია, სრულიად გადაზელილია მათსავე ღვარძლიან და გესლიან სიძულვილში ჩვენი ერისა და მისი დიდებული თვისებებისა.

ამავე დროს, ამ უკუღმართ დროებაში, ის ხალხი, ვინც უანგარო და გულწრფელი ეროვნულობით გამოირჩევა, წესიერად ცხოვრობს და ცდილობს რამენაირად შეეწიოს არა მხოლოდ თავის ოჯახსა და სამეგობროს, არამედ ერსაც, სრულიად იგნორირებული, ჩაქოლილი, დაცინული და ცილნაწამებია ამ ჩვენი ქვეყნის მმართველი უცხოური ძალისა და მისი აქაური შიკრიკებისაგან.

ამიტომ, როდესაც ეროვნულ ადამიანს, გამონაკლისის სახით, რატომღაც, ცოტა ხნით ტრიბუნა ეძლევა, ეს იმდენად იშვიათი მოვლენაა, რომ ხშირად ის არჩევს კარგზე დახარჯოს ეს შეზღუდული დრო და არა ერისათვის ესოდენ საჭირო კრიტიკაზე.

შეხედეთ უფროსი თაობის მარგალიტ ადამიანებს, რომლებიც სულ უფრო ნაკლები გვრჩება, და რომლებმაც ჩვენზე ბევრად უკეთესად იციან ჩვენი მანკიერებები, თითქმის ვერასოდეს ვერ ნახავთ მათ გაუღიმებელს ტრიბუნაზე – მასმედია პლატფორმებს ვგულისხმობ – და ისინი ყოველთვის საუბრობენ ქართულ კულტურასა და ჩვენი საზოგადოების ნატიფ მხარეებზე.

ეს უმაღლესი დონეა შეგნებისა, და ისინი ამას ხშირად აკეთებენ არა იმიტომ, რომ ჩვენზე უკეთ არ იციან თუ რა გვჭირს, არამედ, იმიტომ, რომ ჩვენზე უკეთ ესმით ცხოვრების წარმავალობა, საკუთარი დარჩენილი დროის სიმცირე, და ისინი ცდილობენ, ცდილობენ, თუნდაც, ყოვლად ტუტუცი და გაუნათლებელი ჟურნალისტის გვერდზე ჯდომით, რაღაც სინათლე შემოიტანონ ამ ჩვენს უკუნეთში, რომელსაც ქართული მედია ჰქვია.

მაგრამ, ყველაფერ ამის შედეგად გამოდის, რომ თვითკრიტიკა, რომელიც ჯანსაღი ერისათვის აუცილებელია, სრულიად რჩება საზოგადოებრივი დისკურსის მიღმა, და მის ადგილს იკავებს ალქაჯების სისინი ერის წინააღმდეგ.

ეროვნულობის დამბრალებელი მლიქვნელები კი, ხშირად, მხოლოდ ფაშიზმამდე მიმავალი ლოზუნგების ბრაგუნში არიან – მათზე მე დაწვრილებით მეწერა ერთ-ერთ წინა თავში.

ასეც არ შეიძლება. ამიტომ ვაძლევ მე ზოგჯერ თავს უფლებას, შევეხო ჩვენი დაცემული მდგომარეობის ფაქიზ, უხერხულ მხარეებს და ვისაუბრო მათზე.

მაშ ასე, დანაშაულის დამფარველობა.

საუკუნეების მანძილზე უცხოელი დამპყრობლების ქვეშ მყოფი მცირე ერებისათვის, რაოდენ დიდი ისტორიაც და კულტურაც არ უნდა ჰქონდეთ მათ, ეს ძალზედ დამახასიათებელი თვისებაა.

სახელმწიფო უმეტესწილად სხვისია, პართიის, ბერძნების, რომაელების, არაბების, მონღოლების, სპარსელების, სელჩუკების, რუსების, ამერიკელების, შენ კი – ვასალი ხარ.

მათ, დიდ იმპერიებს, თავიანთი ჰორიზონტები აქვთ, თავიანთი წესები. იმპერიის შემქმნელი ხალხისათვის იმპერია მეტია, ვიდრე უბრალოდ სახელმწიფო, ის რელიგიასთან უფრო ახლოა. ამიტომ უჭირთ მათ ამ ორის განცალკევება ხშირად, და როცა ზედმეტი მოსდით – ინგრევიან კიდეც.

ჩვენნაირებს, თუმცა მთლად ჩვენნაირი არავინაა, სხვა გზა აქვთ. თავისის შენარჩუნებისა იმპერიების შიგნით.

ამიტომ, დანაშაული ჩვენთან დამპყრობლისაგან დაფარვის ტოლფასია ხშირად, ფსიქოლოგიურად. ეს გაიგივება იმდენად ღრმადაა ჩვენში გამჯდარი, რომ ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ მის გავლენას ჩვენს ეროვნულ შეგნებაზე.

ჩვენი ზმნები, ტერმინები და იდიომები, რომლებსაც ჩვენ ამ მოვლენის აღსაწერად ვხმარობთ, ხშირად, უძველესია და აუხსნელი მეტამორფოზების შედეგად არის შემონახული ჩვენს უღრმეს კულტურაში.

ასე, მაგალითად: „სიქოფანტები“ იყვნენ ათინელები, ვინც პლატონის დროს, ანუ ჩვ. წ. ა.-მდე მეოთხე საუკუნეში დადგინებულნი იყვნენ ლეღვის დაბალმოსავლიანი წლების დროს, როგორც ერთგვარი ზედამხედველები ლეღვის ბაღებში, რათა არ დაეშვათ ლეღვის მომგებიანი ექსპორტი ათენიდან ვაჭრების მიერ. ისინი ლეგენდარული მოქნილობით იმალებოდნენ ლეღვის მდიდარ ფოთლებში და ოსტატურად ასმენდნენ და აჭერინებდნენ კანონის დამრღვევებს, რომლებსაც სასტიკი სამართალი ელოდათ პნიკას კლდეზე.

მე არ ვიცი რომელი კოლხი ან იბერი მონაწილებდა ამ ბრძოლაში რომელ მხარეს, მაგრამ, სრულიად ცხადი და შესაძლებელია, რომ ეუფემიზმი „სიაფანდი“, ნეგატიურ კონტექსტში შემორჩა ჩვენს კულტურაში სწორედ მაქედან, იმიტომ, რომ ქართველური ტომების შეგნებაში დამსმენი ცუდია და არა კარგი.

ან რად ღირს ჩვენი ზმნა „ჩაშვება“, რომელიც არ ითარგმნება.

ინგლისში ცხოვრებისას, ჩვენ მუდმივად ვაწყდებოდით მასწავლებლებისაგან მოწოდებებს ჩვენი შვილებისადმი დაესმინათ კლასელები და სრულ გაუგებრობას მასწავლებლების მხრიდან რამის ახსნის მცდელობისას. ეს იყო რეგულიარული მოვლენა. უფრო მეტიც, ჩვენს შვილებს უწევდათ ხშირად უსამართლო დასმენების დათმენაც ჩვენი მითითებით, ოღონდ თავიანთი წესი არ დაერღვიათ.

იგივე არის რუსეთშიც და ნებისმიერ დიდ იმპერიულ ხალხში. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ და ირლანდიელები კარგები ვართ (თუმცა ჩვენ ასე ვთვლით), ან რომ ინგლისელები და რუსები არიან კარგები (თუმცა ისინი ასე თვლიან).

ამ უღრმეს კულტურულ განსხვავებაზე აღმოცენდა ის გიგანტური ხეც, რასაც კანონიერი ქურდების ინსტიტუტი ჰქვია, გასული საუკუნეების ოცდაათიანი წლების დასაწყისში. თუმცა, იქ კიდევ სხვა ფაქტორიც იყო, რომელსაც მე მატრიარქატის გამეფებისადმი დისიდენტურ პატრიარქატს ვუწოდებდი, მაგრამ, ეს ძალიან ღრმა თემაა, აქ ვერ დავატევ.

ასეა თუ ისე, ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც „ჩვენ“ ძალიან მალე კრავს პირს საზოგადოებრივის წინააღმდეგ და ყველაფერს უმალავს მას. ეს „ჩვენ“ შეიძლება იყოს პოლიციელების ჯგუფიც, მიდი აბა შეაღწიე მათთან და გარედან რამე სამართალი ნახე, სკოლელებისაც, სპორცმენებისაც, ნათესავებისაც, ვისიც გნებავს. ეს „ჩვენ“ წებდება ძალიან მალე, თუმცა, ხშირად, ძალიან მალეც იშლება და ღალატობს ერთმანეთს.

ძირითადი პრინციპი მისი მოქმედებისა არის: „ჩვენ“ სამართალზე მაღლა ვართ, ჯერ თქვენ მოგიშორებთ თქვენი სამართლიანად, და მერე ჩვენში გავერკვევით კაცურად. მთავარი, პირველი ამოცანა არის საიდუმლოს შენახვა და თქვენგან, ანუ საზოგადოებისგან, ან კანონისგან სასამართლოსა და სასჯელის აცილება. მერე ჩვენით გავერკვევით.

ეგ საერთოდ არა აქვთ იმპერიულ ხალხებს. ამიტომ არიან ისინი ნაკლებად ჯიგრები, მეტად უგულოები მეგობრობაში, მაგრამ, ამიტომ აქვთ მათ სხვაზე ძლიერი სახელმწიფოები.

სიღრმე ამ პრობლემისა, სახელმწიფოებრივ მშენებლობაში, საჭიროებს ფილიგრანულ გააზრებასა და ქმედებას. არც ტერორით და არც პროპაგანდით იგი არ გვარდება, ამის მოწმეები არიან წითლებიც, რუსების თაოსნობით და ცისფრებიც ამერიკელების და სააკაშვილის თაოსნობით.

როგორ ამოვიდეთ ჩვენ ჩიხური დანაშაულის დამფარველობის სინდრომიდან, რათა ქვეყანა ავაშენოთ და მაინც შევინარჩუნოთ ის, რასაც ჩვენი ზნეობრივი კოდექსი ჰქვია, როგორც კუთხურ, ისე საერთო საქვეყნო დონეზე, აი, კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამნაშავე, რასკოლნიკოვი, თეოდორე დოსტოევსკის გენიალურ რომანში, თავისი ჯოჯოხეთური გზის ბოლოს სახარებას შლის და მის კითხვას იწყებს და მანდ მოსდის მკითხველს განცდა ამ უბედური სულის დაშოშმინებისა.

იგივე ხომ არ გვეცადა ჩვენც?

30.08.2021

XIV თავი

რა უფრო ძნელია ადამიანისა და ერისათვის, ლხინში ადამიანობის შენარჩუნება, თუ ჭირში იგივეს გაკეთება?

ლხინს გააჩნია, ჭირს გააჩნია და ადამიანსა და ერს გააჩნიაო, ვიტყვით.

მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ ლხინში.

ხშირად მიფიქრია, რატომ ვართ ასე ამ საყოველთაო სამომხმარებლო ეპოქაში, ლამის ყველაზე ცუდად. მთელი ძალით ვილტვით ამ მოხმარების ცენტრისაკენ და რაც უფრო ვილტვით მისკენ, მით უფრო ვნადგურდებით, ვღატაკდებით, ვალებში ვიხრჩობით და ვქუცმაცდებით.

ჩვენი ამ ლტოლვის მოწინავე მნდომელებს სიმწრის დუჟის სდით, ბედნიერება თითქოს ახლოსაა და მათ ამ ბედნიერების მიღწევაში მღვდლები და ჩვენ ვუშლით.

ცოტაც, ერთი-ორი ჩვენი არჩევანის დამადასტურებელი აღლუმი, ნარკო-დისკოტეკა და კანონი და მიგვიღებენ ცენტრში.

ყველა ბოზს ექნება უფლება ღიად ბოზობისა, იმიტომ, რომ მამათმავლების გვერდზე ისინი წმინდანებად გამოიყურებიან (და ამიტომ არის ყველა ბებერი ბოზი მამათმავლების მხარდამჭერი) და უბრალოდ კაი, საინტერესო ქალების სახელები ერქმევათ, ყველა მამათმავალს – ნებისმიერ ბიჭთან თავისუფალი საუბრისა და ნებისმიერ ნარკომანს – შეუზღუდავი კაიფისა.

და ამას, ყველაფერს, მისცემს მათ ულევი ძუძუ ყოვლისდამტევი ევროპისა.

თუ ამ უტოპიას ეწინააღმდეგები, რუსეთის აგენტი ხარ, სამშობლოს მოღალატე, იმპერიალიზმის მხარდამჭერი.

მაგრამ, აი, რა არ გამოდის მაგ ლოგიკით: ვერც „მღვდლები“ და ვერც „ჩემნაირები“ ვერანაირ რეალურ გავლენას ვერ ვახდენთ პოლიტიკაზე, იგი სრულიად ჭინკების ხელშია. თუ გინდა, რომ მასში ოდნავ მაინც მიგაღებინონ მონაწილეობა – თუ პარტიად, თუ მასმედიაში – მათი ერთგულების ლჭყპტ მანიფესტებს უნდა მოაწერო ხელი და ნამუსი შესასვლელშივე აიხადო.

სხვანაირად, რამდენი ხალხიც არ უნდა გიჭერდეს მხარს, არაფერი გამოგივა და შეიძლება ვეღარც დარჩე ცოცხალი, აუხსნელი მიზეზების გამო, იმიტომ, რომ მოინდომე მათი ბილეთის გარეშე ამ პორნო-თეატრში შესვლა და სეანსის შეწყვეტა. პორნოს ვინ ჩივის, მაგ თეატრში უარესებიც ხდება, ხალხის ძარცვის სპექტაკლიდან დაწყებული, მათი გონების ამორეცხვითა და მათი შვილების განარკომანება-განადგურებით დამთავრებული.

ეს ჩვენი სინამდვილეა.

მაშ, რაღა არ უშვებთ უტოპიის მნდომელებს იმ „ბედნიერების კუნძულზე”, იმ კუნძულზეც ხომ ფიცულობენ, რომ კარი ღიაა, ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიღებენ, რომ არც აფხაზეთი და ცხინვალია პრობლემა, რომ ისინი მზად არიან გამონაკლისის სახით ამისათვის წესდების სათანადო პუნქტებიც კი გაყინონ ჩვენთვის და რომ ეს აუცილებლად მოხდება. თუმცა, აგერ მესამედი საუკუნე გავიდა და მიუხედავად ჩვენი ბიჭების სისხლისა ერაყსა და ავღანეთში, და მათ ომზე დახარჯული ჩვენივე საბიუჯეტო ასობით მილიონისა და ყველა პოზისა, რომელშიც ჩავდექით, მავთულხლართებთან შარვალჩახდილი და გადაკუზულის ჩათვლით (რამეს ხომ არ ვამეტებ შემთხვევით?), არა და არ დაადგა საშველი იმას, რაც ბევრად ნაკლები ჩალიჩით აჩუქეს იგივე პოსტსაბჭოთა ბალტიისპირელებს, აგერ ლამის იგივე ოცდაათი წლის წინ.

გასაგებია, რომ ამ კითხვაზე პასუხი ყველა ტელევიზორიდან გვესმის, თუ აბათურაი-აპატურაიებისაგან, თუ პავილიონისებისაგან, მაგრამ, ეგ ხომ უტოპისტი იდიოტებისთვისაა, ვისაც „პრიხვატიზატორი“ ბენდუქიძის დათრეულ „თავისუფალ უნივერსიტეტში“, სადაც ეს ჩემი ნაცნობი გაქნილი ადამიანი – გარდაცვლილზე მეტს ვერ ვიტყვი – აინ რენდის უმწიკვლო მიმდევარ-განმანათლებლად შერაცხეს, და სადაც ასეთ უტოპისტ ბალღებს რომელიმე მამათმავალმა „გენდერული თეორია“ აუხსნა.

რა არის ნამდვილი მიზეზი, რატომაც, მიუხედავად სრული მონოპოლიისა ქვეყანაზე ლიბერალების მხრიდან, და სრული მზაობისა „აბათურაების“ მხრიდან მიგვიღონ, ეს არ ხდება?

აქ, სამ-განზომილებიან სამყაროში ერთადერთი ახსნა შეიძლება იყოს. ჰოი, საოცრებავ, „აბათურაები“ ამდენი წელია გვატყუებენ და არც კი აპირებენ ჩვენს არსად მიღებას. თუ ეს ასეა, ეს მთელი თაობის შოკია და გასაგებია, რომ ასეთ შემთხვევაში მისი ნაწილი მათი აფრენილი თვითმფრინავის შასიდან გადმოვარდნას ამჯობინებს, ვიდრე ამის დაჯერებას, როგორც ეს ქაბულში მოხდა.

მაგრამ, სამიდან ოთხ განზომილებაში გადასვლისას, სამოთხისებრ აზროვნებაში სხვა ახსნაც არსებობს, რომელიც უცნაურად უნდა ამართლებდეს იდიოტების თვალში სამომხმარებლო ცენტრს.

მათ კი გულწფრელად უნდათ ეს, მაგრამ, არსებობს კიდევ მიღმიერი, უხილავი ძალა, რომელსაც ისინი ვერ ერევიან, და რომელიც მოვლენებს ისე წარმართავს, რომ ეს არ გამოდის. ჩვენებურად, რომ ვთქვათ, ამათ გაეცინებათ, ღმერთი არ გვიშვებს მანდ.

და აქ დავუბრუნდეთ თავის დასაწყისს, და ვიკითხოთ, რატომ?

გრიგოლ რობაქიძის შეუდარებელ, ენით აღუწერელ და სრულიად შეუძლებელი შედევრალურობის „გველის პერანგში“ ბრიტანელი არჩიბალდ მეკეში, სანამ გაიგებდეს, რომ ის სინამდვილეში არჩილ მაყაშვილია, პირველად ხედავს ქართველებს ირანში სამხედრო კამპანიის დროს. ჯგუფად გამოყოფილი სამხედრო დივიზიის ერთ-ერთი ნაწილი, უცნაურად ილხენსა და მღერის სუფრაზე და მეკეში, ამ სურათით მოჯადოებული, ეკითხება მათ ვინაობას თავის სპარს მისანსა და ბრძენ მეგობარს, ტაბა ტაბაის, ესენი ვინ არიანო.

ტაბა ტაბაის პასუხზე, რომ ესენი ქართველები არიან, მეკეში კითხულობს, და ქართველები ვინღა არიანო, და აი, აქ, რობაქიძის გენიალური კალმით, გენიალურივე ტაბა ტაბაი იძლევა ყველაფრის გასაღებს თავის პასუხში: იგი ბრძანებს, ქართველები ისინი არიან, ვინც ლხინში დრო არ იცისო.

თუ ამ ზუსტ აღწერას დავაკვირდებით, შეიძლება შექებადაც კი მოგვეჩვენოს ეს, შეცდომით. მითუმეტეს „სელფების“ ეპოქაში, როცა ჭინკების მკაცრი თვალის ქვეშ გაკონტროლებული ფეისბუქი, რომელიც „უძლურის დღიურს“ გაუთავებლად ბლოკავს, აჭრელებულია ჩვენი მოქეიფე მეგობრების ფოტოებით, ღმერთმა ყველას შეარგოს ლხინი.

მაგრამ, ძნელია რობაქიძეზე მეტი პატრიოტის წარმოდგენა, ჩემს ლექსში „ირრუბაქიძეს“ მე ავსახე ამბავი, რომელიც მის შესახებ ამ ამბის თვითმხილველმა, დიდმა მაესტრომ, ფრიდონ სულაბერიძემ მომიყვა, ჟენევაში „სუხიშვილების“ დასის სტუმრობისას. და რობაქიძე აქ არ აქებს თავის თავს და ჩვენ, ის დიდი მხატვრის ხელით, ერთი მოსმით ხატავს ჩვენს პორტრეტს, რომელშიც მთელი ჩვენი კოსმოსია ჩატეული.

შეიძლება თუ არა უფლისაგან ცუდი მოდიოდეს ადამიანისა და ერისათვის? არა. ეს ერთხელ თავად მისმა უწმინდესობამ მიბრძანა პირადი საუბრისას. იგი შეიძლება უშვებდეს ჩვენს თავს განსაცდელს, ჩვენივე სარგებელისათვის, როგორც ეკლესია გვასწავლის.

„ითხოვეთ და მოგეცემათო.“ შეიძლება თუ არა, რომ რაღაცას, რასაც ჩვენ ვითხოვთ (ჩვენ ვითხოვთ კი ამ რაღაცას?), არ გვეძლეოდეს? არა, თუ ორი და სამი შეკრებილი მისი სახელით ვართ. მაგრამ, აი, თუ არა…

ბევრ ჩვენგანს, მათ შორის მეც, მქონია ბედნიერება მის უწმინდესობასთან ერთად ყოფნისა სუფრაზე და ძალიან ხშირად, მიუხედავად ჩვენი წრფელი სურვილისა „ვქნათ აქ სამ ტალავარ“, იგი საკმაოდ სწრაფად ამდგარა, საღვთისმშობლო უთქვამს და სუფრა დაუმთავრებია.

რომელ ჩვენგანს არ ჰყავს ნაცნობი, რომლის დაღუპვაც თუ გინდა, ცოტა მეტი ლხინისა და ფულის საშუალება უნდა მისცე?!

მე ორივე მინახავს, სრული გაჭირვებაცა და უცხოეთში დიდი შრომის შედეგად დოვლათიც, ამ დოვლათის სამშობლოში ჩამოტანა და მისი უმეტესობის ქველმოქმედებაში დახარჯვა, მერე ისევ გაჭირვება, ცილისწამება და შეურაცხყოფა, უმადურობა და დაუნახაობა, და გეტყვით, რომ არანაირი კავშირი ბედნიერებასა და მატერიალურ დანაზოგს შორის არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე ის ვერ დავადგინე.

ახლაც, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი, ვმადლობ უფალს ამ ჭირისათვის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. იქნებ, უბრძენეს ქართულში „საჭირო“ შემთხვევით არაა ჭირის ფუძეზე აგებული.

და იქნებ ის, რაც ჩვენ ზოგჯერ გვინდა და ჩვენთვის ძალიან კარგი გვგონია, სულაც არაა ის, რაც ჩვენ გვეჩვენება. ასე მაგალითად, იგივე სამომხმარებლო ცენტრის ჩვენდამი ზრახვებზე და გეგმებზე მე მკითხეთ და მოგიყვებით, როგორც ეს ბევრჯერ გამიკეთებია.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ, თუ მის მონობას არ ვეძებთ, მაშინ რუსეთის მონები უნდა ვიყოთ? არა და არა, მაგრამ, რამდენჯერაც არ უნდა ვთქვა ეს, იდიოტებს არ ესმით, და სანამ შასიდან დაკონწიალება არ მოუწევთ, ჯვარი სწერიათ, ვერ გაიგებენ. და შეიძლება ვერც მერე გაიგონ.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ სამომხმარებლო ცენტრს უნდა ვემტეროთ და აწი მისი ჯოხები გადავიმტვრიოთ თავზე, როგორც ეს 90-იანებში ვქენით რუსული ჯოხებით? არა და არა. მაგრამ, არც ეს ესმით უტოპისტებს.

ჩვენი მიზანი არის საქართველო. მისი უხვად დასახლება ძლიერი და ჯანმრთელი ოჯახებით, მასში ღირსეული შრომა და ჩვენი გამრავლება, ისე, რომ ქართულ ზღაპართან სიახლოვეში, თითოეულ ჩვენგანს მიეცეს საშუალება ოჯახის რჩენისა, ქვეყანაზე შეწირვისა და მარადისობისათვის ღისრეულად მზადებისა, სხვა ყველაფერი, უცხოური იმპერიების ჩათვლით კი, არის ამ მიზნის მისაღწევი შესაძლო იარაღი. მაგრამ, როგორც იარაღი ვერასოდეს ვერ იქნება მიზანი, ისე მიზანი არ უნდა გავიხადოთ იარაღად და მაშინ ყველაფერი გამოსწორდება.

31.08.2021

XV თავი

ვინმე ქალბატონ კინწურაშვილის „ფაქტ-შტეკერებმა“ და მათნაირმა სამშობლოს მოღალატეებმა, ვინც ფეისბუქს „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ გვერდიდან წააშლევინეს ჩემი წერილი – „ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები“, საბაბით „სიძულვილის ენა“, სადაც მე ლოგიკურ კითხვებს ვსვამდი და ვამბობდი, რომც მოეწყოთ ეს ჩემთვის, ღმერთმა შეუნდოთ-მეთქი, და მომინახონ ერთი სიძულვილის ფაქტი მანდ მაგ გლობალიზმის შტეკერში დაერთებულმა „სიტყვის თავისუფლების“ ქომაგებმა, და რომლებიც მას მერე ბლოკავენ იმავე გვერდზე და “ერი“-ს ფეისბუქ გვერდზე თვით „უძლურის დღიური“-ს, ამ ავადმყოფობასთან მებრძოლი ადამიანის დღიურის გაზიარებისა და მოწონების საშუალებას, სადაც ის ცდილობს სხვები გაამხნევოს და ხალხს ეურთიერთოს, რა ეშინიათ ასეთი, აი, მაგ არაადამიანებმა მინდა, რომ გადამიმოწმონ ეს ფაქტები, რომელიც ქართულ ინტერნეტში გავრცელდა US Government Accounting Office-ის (GAO) წყაროზე დაყრდნობით, და თუ ეს ციფრები ნაკლებია, უფრო ზუსტი ციფრები დადონ.

მაშ ასე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამ წყაროს მიხედვით, „თალიბანს” დაუტოვა $83 მილიარდი აშშ-ს დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა. მათ შორის:

მსუბუქი ჯავშანტრანსპორტის მანქანა - - 22 174 ცალი.

მძიმე ჯავშანტრანსპორტი - - 634 ცალი.

MxxPro ნაღმსაწინააღმდეგო ტრანსპორტი - - 155 ცალი.

M113 დაჯავშნული ქვეითთა ტრანსპორტი - - 169 ცალი.

Pick-up საშუალო ზომის ავტომობილი - - 42 000 ცალი.

ტყვიამფრქვევი - - 64 363 ცალი.

სატვირთო მანქანა - - 8 000 ცალი.

რაცია - - 162 043 ცალი.

ღამის ხედვის მოწყობილობა - - 16 035 ცალი.

ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი - - 358 530 ცალი.

პისტოლეტი - - 126 295 ცალი.

საარტილერიო მოწყობილობა - - 176 ცალი.

ასეთი საჩუქარი საქართველოს არმიამ, აშშ-ს ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორმა ინატროს, ნაცვლად აგვისტოს ომის დროს გამოგზავნილი სასმელი წყლისა და „პამპერსებისა“, და ნაცვლად ამ ოცდაათი წლის განმავლობაში მოცემული $5 მილიარდისაგან ყველაფერზე, რომლიდანაც დიდი ნაწილი უკან, ამერიკაში წავიდა ამერიკელივე კონსულტანტებისა და არასამთავრობოების კურატორების ხელფასებზე, აქეთ-იქეთ ბიზნესკლასით ფრენისა და „მარიოტებში“ ცხოვრებისა, ნაწილი კი – ქვეყანას ვალად დაედო.

დავამატოთ ამას ის ფაქტიც, რომ რაც ჩვენმა ბიჭებმა ერაყსა და ავღნეთში სისხლი ღვარეს, ეს ქართული ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა. ჩვენმა ერთ-ერთმა ექპერტმა დათვალა ჩვენი ოფიცრებისა და ჯარისკაცების რაოდენობა ამ ორ ოპერაციაში და გადაიყვანა მათზე ხარჯები ამერიკულ ხელფასებზე, დაზღვევაზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ტექნიკაზე და აღჭურვაზე, მათი პენსიების ჩაუთვლელად. და გამოვიდა, რომ იმ რაოდენობის ჯარისკაცების ხარჯი, სისხლის ხარკს თუ თავს დავანებებთ, რაც ჩვენ ჩვენი ბიუჯეტიდან ვიხადეთ, ამერიკელებს დაუჯდებოდათ დაახლოებით $10 მილიარდი. და ვინ იტყვის, რომ ჩვენი ბიჭები ერაყშიც და ავღანეთშიც ვინმეზე ნაკლებად მამაცად და შედეგიანად იბრძოდნენ.

ასე რომ, ვის ვისი ვალი აქვს, კიდევ საკითხავია. ნუ გაგიკვირდებათ. ეს ასეც უნდა იყოს. არაფერი დახმარება დამპყრობელსა და დაპყრობილს შორის არ არსებობს. არის ეპიზოდური და იშვიათი გამონაკლისები, მაგრამ, დაპყრობილი ამას მაინც ვერ ხვდება და უმადურად ხელს კრავს დახმარებას, მარტო დამპყრობლის ბოროტი – რომელიც ნამდვილად იყო – ახსოვს და უკეთესი ბატონის ძებნაშია, მონის სინდრომით შეპყრობილი. ესეც გაგვივლია. ამიტომ, არ მინდა მე საქართველოს არავის მონობა, ამ სხვადასხვა ნირის მონებისაგან განსხვავებით.

დავუბრუნდეთ „თალიბებს.“ რატომ შეაიარაღეს ასე კბილებამდე გლობალისტებმა ისინი? იმიტომ, რომ მათ მეორედ შექმნეს განადგურებული ისლამული სახელმწიფო, რომელიც მათ პირველად შექმნეს ერაყის ოკუპაციით, და რომელმაც „არაბული გაზაფხულის“ სახით გადაუარა არაბიას.

მერე, მას, როგორც „მართულ ქარიშხალს“ სირიაში რუსულმა ავიაციამ გამოუსვა ცელი და გლობალისტებს, უკვე გადატეხილზე მოუწიათ შეერთება განადგურების ოპერაციაში, როგორც ეს დიდ სამამულო ომში იყო.

მაგრამ, ეს არ შედის მათ გეგმებში. ასე რომ, გარდა დაახლოებით 200-ჯერ გაზრდილი კოკასა და ოპიუმის პლანტაციებისა, რაც მათ დაუტოვეს თალიბებს, მათ ისინი შეაიარაღეს ზღაპრულად. და თუმცა თალიბები იქადნიან, ამ პლანტაციებს გავანადგურებთო, მე ვვარაუდობ, რომ სამწუხაროდ ისინი ამ ცდუნებას მხოლოდ ნაწილობრივ მოერევიან და „ჯიჰადის“ საქმეში გამოსაყენებლად შეიძლება, სამწუხაროდ, ამ პლანტაციების ნაწილი დატოვონ.

რას ნიშნავს ეს რეგიონისათვის? იმას, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში ისინი დაალაგებენ შარიათის მიხედვით ქვეყანას და წავლენ სხვა „არასწორი“ მუსლიმი მეზობლების გამოსასწორებლად. გაუბედავენ ისინი ამას ირანს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, თუ დივერსიებისა და მიმდევართა დაჯგუფებების სახით დასცხებენ არაბიის სუნიტურ, თუ სალაფიტურ ნაწილებს, დაეხმარებიან ქურთებს სეკულარული ასადის წინააღმდეგ, თუ ერდოღანის წინააღმდეგ, მაგას ვნახავთ, მაგრამ სულ მალე, ჯერ კიდევ ბაიდენის ლეგიტიმურ ვადაში, ჩვენ ვნახავთ დიდ აფეთქებას ახლო აღმოსავლეთში, და სავარაუდოდ უფრო სისხლიანს ვიდრე 9/11-ს მერე იყო, და, რა თქმა უნდა, ამ აფეთქების ჩასაქრობად იქ ჩასულ დემოკრატიზატორ-ცივილიზატორებს.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ამაზე წინა ორ თავში ვწერდი.

ვინმე იკითხავს, რა აზრი აქვს ამ ბროუნის მოძრაობას, ან რა აზრი ჰქონდა გასულ ოც წელს გლობალისტებისათვის ავღანეთში? ძალიან მარტივი. მომაკვდავი სამომხმარებლო სისტემა საჭიროებდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ამოქოქვით, თავის ნაწილობრივ, თუნდაც დროებით რეანიმაციას, რაც მოხდა, და ეს გველეშაპი არსად წასულა, მას ხახა ისევ დაფჩენილი აქვს და სულ უფრო და უფრო მეტ სისხლს ითხოვს. ეს იმათ გასაგონად, ვინც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საკუთარ წელსქვევითას ვერ გასცდენია და „ძალადობა“ ცუდი ჰგონია, იმიტომ, რომ სისხლი აკლია ტვინში.

ბროუნის მოძრაობასა და მუდმივი ქაოსის მნიშვნელობას რაც შეეხება, გოგი და მაგოგი გარდაუვალია.

ყველას ვურჩევდი სახარების ბოლო ნაწილი იკითხოს ხშირად, მას იოანეს გამოცხადების წიგნი ჰქვია, აპოკალიფსს რომ ეძახიან. იქ ყველაფერი წერია. ოღონდ, ნუ დავშინდებით. უფალი ჩვენთანაა, სანამ ჩვენ გვინდა მასთან ყოფნა.

02.09.2021

XVI თავი

ვისაუბროთ ერთობისა და პირველობის შესახებ.

ამ ორზე ერთად, იმიტომ, რომ პირველი ყველას გვიჭირს და მეორე – ყველას გვინდა.

ჩვენი ეს თვისებები იმ ჩამონგრევის შედეგია, რომელსაც ტრადიციული, იერარქიული საზოგადოების განადგურება ჰქვია.

თავად ამ სიტყვაზეც, იერარქიაზეც, ანუ უფროს-უმცროსობაზეც კი, მოდერნის ჰიპნოზი გვაიძულებს ლამის ალერგიული რეაქციის მიცემას, იერარქია ჩვენი ამაყი სულებისათვის რაღაც მეტ-ნაკლებობას ნიშნავს, ჩაგვრას, წინსვლის შესაძლებლობის ხელოვნურ შეზღუდვას და რა ვიცი კიდევ რას.

ხალხის მკვლელი ფრანგი რევოლუციონერების ლოზუნგების ექო მე-18 საუკუნის ბოლოდან ჩაგვესმის ჩვენს კავკასიურ ყურებში, და მას, ანუ ლიბერალურ გადატრიალებას მოყოლილი ორი შემდგომი ამბოხი მისი ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ – მარქსისტული და ნაცისტური – მთლად გვირევს ტვინს, და განა მარტო ჩვენ. ამ სამ დამპალ ხეს შორისაა დაკარგული კაცობრიობის ის ნაწილი, რომლისაკენაც ჩვენ მივილტვით გაუთავებლად და შეცდომით.

მაგ სამიდან ერთიღა დგას, ამ სამში ყველაზე ძველი – ლიბერალიზმი, იმ ორისაგან კი კუნძებიღა დარჩა, რომლებიც სულ ცდილობენ კვლავ ამოისხან ტოტები ჩვენს ცნობიერებაში, და თითქოს, აღარ დარჩა აღარაფერი ამ ქვეყნად ამ მრუმე სურათის გარდა, რომელსაც მოდერნი ჰქვია. ამ სურათის გამხიარულების, მისი ალოგიკურობის რელიგიის დონეზე დაჯერების და სათაყვანო კულტის ხარისხში აყვანის მცდელობას კი უკვე – პოსტმოდერნი, რომელზეც ბევრს კამათობენ როდის დაიწყო, ზოგს 1968 წლის პარიზი მოჰყავს ათვლის წერტილად, ზოგს ჩერჩილის „ფულტონის სიტყვა“, ზოგს კი, სულაც ჯერ ტროცკის და მერე როკფელერ ფონდის მიერ დაფინანსებული ფროიდის ვოიაჟი ამერიკაში. მე კი ვთვლი, რომ ეს მოხდა ბიოლოგთა იმ უცნობ კონფერენციაზე, სადაც საბოლოოდ გაირკვა დარვინის თეორიის სამეცნიერო დაუმტკიცებლობა და ამის მიჩუმათება და რწმენის ხარისხში გადაყვანაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

ასეა თუ ისე, თუ დარჩენილი ლიბერალიზმის ხის ქვეშ არ მოკალათდი და მისი შხამიანი ნაყოფით არ იკვებე, იმ წამსვე ბრალი გედება, რომ იმ ორი კუნძიდან ერთ-ერთის მოტრფიალე და გულშემატკივარი ხარ – ეს კი სასიკვდილო განაჩენია.

და ადამიანი, გაჭედილი ამ ტიტველ პეიზაჟზე, იძულებული მხარი აუბას საერთო გუგუნს, საკუთარ თავისუფალ არჩევანად ასაღებს ისეთ გაუგებარ და გაუგონარ სიცარიელეებს, როგორებიცაა „ადამიანის უფლებები“, „თანასწორობა“, „დემოკრატია“, „გენდერი,“ და სხვა. სანაცვლოდ იღებს სალაფავს, ადგილს, ბრუს, და ეწერება ცხოველების ფერმის დასაკლავ მომხმარებელთა რიგებში.

იმ ფერმაზე მას ერთი დანიშნულება აქვს, რაც შეიძლება მეტი მოიხმაროს და ამ მოხმარებაში რაც შეიძლება მეტი იმკურნალოს, რათა გაიხანგრძლივოს თავისი რგოლის როლი უფიქრალ მომხმარებელთა ზღვაში.

ამ ფერმაში ერთობაცა და პირველობაც გადაღრეცილი ცნებებია.

ერთობა ძალზედ შორს დგას აბბა დოროთეს სქემისაგან, როდესაც ყველა ადამიანის ცენტრი შემოქმედია, და ყველა მისგან თანაბრად არის დაშორებული საწყისში, პირველქმნილი ცოდვის გამო, ანუ სქემატურად ერთ წრეწირზე დგას სახით მისი ცენტრისაკენ. და საკმარისია ადამიანმა განღმრთობისაკენ გადადგას ნაბიჯი, მოხმარების ნაცვლად – სხვისი დახმარების არჩევით, მაგალითად, დათმენით, სიყვარულით, მსხვერპლის გაღებით, იგი ინაცვლებს საერთო წრეწირიდან ცენტრისაკენ, ანუ შემოქმედისაკენ. თუ მეორე ადამიანიც ასეთ არჩევანს აკეთებს, მისი მოძრაობის ვექტორიც ცენტრისკენული ხდება და ისინი ავტომატურად შედიან უფრო მცირე რადიუსის წრეწირზე, ანუ, ღმერთთან მიახლოებით, ისინი ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან, ერთობა სინამდვილე ხდება.

თავად ქართული სიტყვა „ღმერთიც“ საიდუმლოა ამ კონტექსტში. მისი პირველი ნაწილი „ღმ“, ანუ „ოუმ“ სწორედ ის საკრალური ბგერაა, რომელსაც მრავალი იაფეტიდური კულტურა საღმრთო ჭვრეტისას გამოსცემს, ხოლო „ერთი“ სწორედ იმ ერთობისაკენ მიმართვაზე მიუთითებს, რომელსაც აბბა დოროთე აღწერს თავის სქემაში.

სამომხმარებლო ფერმაზე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთობა ძალიან ძნელია. მისი წესწყობილებაც, აირიცა და გარემოც იმგვარია, რომ ერთობა ნიშნავს დასაკლავთა ერთსულოვნებას დამკვლელთა მითითებებზე წაყრუებით მორჩილებაში.

ამიტომაა, რომ მოდერნსა და პოსტმოდერნში, მასეთი „ერთობა“ ჭინკებს ბევრად უფრო ეადვილებათ ვიდრე ჩვენ, ფერმის შემორჩენილ რენეგატებსა და დისიდენტებს.

ახლა პირველობაზე. აქაც იგივე.

სულიწმიდით ჯერ გაუნათლებელ მოციქულებს, მათი კამათისას, ვინ იქნება პირველი მაცხოვართან, მათი დედის მარიფათის ჩათვლით, ეკარგებათ მთავარი არსი პირველობისა, რომელსაც მათ ჯვარცმისათვის განმზადებული შემოქმედი აჩვენებს – მათი ფეხების დაბანვით.

ჩვენთან პირველობა ჩვენი დაუოკებელი „მე“-ს ძახილია, და რომც ვაღიაროთ ვინმე წინამძღოლად, ეგეც თავის მოტყუებაა, რამეთუ, არც მის დადგენილ წესსა და იერარქიას ვცნობთ და არც მის ვინმე სხვასთან სიახლოვეს ვიგუებთ. ის მხოლოდ ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, და სინამდვილეში, საქმე საქმეზე რომ მიდგება და ნამდვილი ბრძოლა და გაჭირვება დაგვატყდება თავს, ძალიან უცბად აღმოჩნდება, რომ არც ამ აღიარებული წინამძღოლის ერგთულები ვყოფილვართ, იმიტომ, რომ ჩვენი „მე“ ვერ იტანს ვერავის მორჩილებაში ჭირის დათმენას და გარბის კურდღელივით ნაწყენი.

ამ ორი მიზეზით, ერთობის უუნარობისა და პირველობის ამოტრიალებული გაგების გამო, ვართ იმ დღეში, რა დღეშიც ვართ. და არც ვნანობთ ამას, ვამაყობთ ამით, „თავისუფლების მოყვარეობას“ ვუწოდებთ მას და ამიტომაა, რომ არ გვაქვს არანაირი იმუნიტეტი მომხვდურისაგან და ვიმართებით ვისაც როგორ უნდა გარედან.

ამ ჩვენი დაცემის ფესვებს მრავალი ჩვენი მამა და გენიოსი ეძიებს თავის შემოქმედებაში და ყველას ჩვენი არჩევანი გვაქვს, ვისი ნაფიქრი არის ჩვენთვის ამასთან მიმართებაში ყველაზე ძვირფასი. მეც ასე ვარ.

ჩემთვის ყველაზე დიდი ნაწარმოები ჩვენს კულტურაში, რომელიც ამ უმძიმეს თემას ხსნის და კოსმიურ დონეზე ალაგებს შეუდარებელ რექვიემად, არის ჩემთვის ყველაზე დიდი მწერლის, ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა.“

ოღონდ, ეს რექვიემი არ არის უიმედო. დიდი გენიოსი მას იმედით მღერის და სადღაც სიღრმეში სწამს, რომ ბედიას თოკმაც კი შეიძლება დაიწყოს კვლავ დამოკლება, თუ ჩვენ ჭილაძისეული სიღრმითა და განცდით აღვიქვამთ ჩვენს დაცემულობას, მისი გამყინვარი ტკივილით დავინახავთ ჩვენსავე შეცდომებს და რაც არ უნდა იყოს, არ ჩამოვყრით ხელებს, არა იმისათვის, რომ ვიბრიქოთ და ვიგმიროთ, არამედ, პირველ რიგში იმისათვის, რომ აღვაპყროთ ისინი და სანამ მაგარ შრომას დავიწყებდეთ, შევთხოვოთ შემოქმედს, მოგვცეს ძალი ერთობისა და სწორი შეგნება პირველობისა.

04.09.2021

XVII თავი

მთავარი მიზანი ჩემი დღიურისა, როგორც პირველ თავში ვწერდი, არის რომ ის ადამიანს რამეში დაეხმაროს. მინდა ვთქვა, პირველ რიგში ავადმყოფს, მაგრამ, სხვისი არ ვიცი და, მე მაქვს განცდა, რომ ამა თუ იმ ფორმით ჩვენ ყოველთვის ავად ვართ.

ეს სიავე იკურნება სიწმინდესთან მშვიდად ზიარებისას, მაგრამ ადამიანი, შეგდებული ცოდვით დაცემულ უსამართლო სამყაროში, დიდხანს ვერ ძლებს და ისევ ავადდება.

ალბათ, ამიტომ ეცოდება ის შემოქმედს და ამიტომ გვპატიობს ის აურაცხელ უპატიებელს.

მაგრამ, რადგან ჩემი ავადობა ამ შემთხვევაში ძალზედ მკაფიოა, მისი მიმდინარეობა, მასთან ჩემი სულისა და სხეულის ბრძოლა, უზარმაზარ ეპიკურ ტილოსავით იშლება სრულად მხოლოდ ჩემს თვალწინ.

მე რამდენჯერმე აღვწერე ამ ტილოს ნაწილები და ვერა და ვერ გავიმეტე ისინი გამოსაქვეყნებლად, თუმცა, მეჩვენებოდა, რომ ის სხვებს დაეხმარებოდა.

მაგრამ, ამის მიუხედავად, მინდა ხაზი გავუსვა ავადმყოფობის ორ ძირეულად განსხვავებულ ხედვას: ავადობა მიმყვანი ადამიანის დასასრულისაკენ და ავადობა მიმყვანი ნამდვილი სიცოცხლის დასაწყისისაკენ.

მე არცერთს არ ვაპირებ, ისევე, როგორც ნებისმიერი ავადმყოფი, თუ უფალი ინებებს, ამაზე არ ვისაუბრებ. მაგრამ ამ ორიდან, რა თქმა უნდა ჩემთვის, რაც არ უნდა იყოს, ეს ავადობა ვერ აღიქმება დასასრულად.

ამ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენ ვართ ათეისტ-ლიბერალურ იდეოლოგიასთან, ჩვენ მათ ვძულვართ და არ ვეცოდებით, ჩვენ კი მათი ცოდვა გვძულს და ისინი გვეცოდებიან და ვლოცულობთ მათთვის.

და მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეუძლია ადამიანს გადაიტანოს ის, რაც ამდენ ადამიანს გადააქვს ამ ქვეყნად ასეთი ავადობების სახით, მიღმიერის იმედისა და რწმენის გარეშე. მეცოდება მასეთი ადამიანი-თქო ვთქვა, არაფრის თქმაა, გული მეთუთქება, როდესაც მის ასეთ მდგომარეობას წარმოვიდგენ.

რა არის ძირეული განსხვავება ამ ორს შორის ავადობისას, გარდა უკვე თქმულისა?

მორწმუნე ადამიანის უნარი, ჩაიკეტოს დღევანდელ დღეში და ამდენი არ იდარდოს მკურნალობის შედეგზე, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი რამაა გამოსაჯანმრთელებლად.

მთლად არ იდარდოს არავის შეუძლია, მაგრამ, განსხვავება ცხადია: ათეისტი, რომლისათვისაც გარდაცვალება არ არსებობს და არსებობს სიკვდილი, შეუდარებლად უფრო დაძაბულია მომავალში ცქერით და ამით იზიანებს ჯანმრთელობას, ხშირად უარყოფს და ვერ ამჩნევს წყალობას, და ამით, სამწუხაროდ, იმძიმებს და თავისით იუარესებს მდგომარეობას.

ისიც მართალია, რომ ბევრი სწორედ ასეთი განსაცდელის დროს მიდის უფალთან, ბლეზ პასკალი, თავის გენიალურ ტრაქტატში „ფიქრები“ საერთოდ თვლიდა და მათემატიკოსის სიზუსტით ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში ათეისტი არ არსებობს.

მაგრამ სულ სხვაა მზაობა ადამიანისა, ვინც ავადობამდეც ღმერთს ეძიებდა. ის მადლობს მას ავადობისთვის, იმისთვის, რომ იგი მას შეხვდა და არა მისიანებს, და ღებულობს ენით აღუწერელ ნუგეშს უფლისაგან, ტკივილთა შემსუბუქებას და გონების სიმშვიდეს.

ამიტომ, თუ მე მაქვს რაიმე რჩევის უფლება დღევანდელი გადმოსახედიდან, ადამიანისათვის ვინც ავად ხდება, ყველას ჯვარი სწერია, რომც არ თვლიდეს ის თავს მორწმუნე ადამიანად, როგორც არ უნდა უჭირდეს, გაუმკლავდეს თითო დღეს პირისპირ და არ იფიქროს რა იქნება თუნდაც ხვალ, იმიტომ, რომ უფალი არავის არ ტოვებს და რაც იქნება ხვალ, მისგანვე იქნება დაშვებული ადამიანის თავს, მისი სულის გადასარჩენად.

ფსალმუნთა პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გულის ამაჩუყებელი ადგილი, რომელიც ყველა მაზიარებელმა ზეპირად იცის, არის ამ ფილოსოფიის სიმფონიის უმაღლესი მწვერვალი:

„უფალმან მმწყსოს მე და მე არაი მაკლდეს,

ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე;

წყალთა ზედა განსასუენებელთასა გამომზარდა მე,

მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა

სახელისა მისისათვის,

ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილისათა,

არა შემეშინოს მე ბოროტისაგან,

რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ…“

ფსალმუნი 22.

და მე მინდა მთელი გულითა და სულით, ყველას ვინც ავადაა ვუთხრა, არა შეგეშინოს თქვენ ბოროტისაგან, რამეთუ ის თქვენთანა არს…

05.09.2021

XVIII თავი

რადგან არ მსურს ეს დღიური მოსაწყენი და ბლაგვი გახდეს, ზოგ დღეს ვდგები რთული არჩევანის წინაშე: შთაგონებით წერას განწყობა უნდა, ყოველდღიურს კი – გონებრივი წესრიგი, რომელსაც რომაელები დისციპლინას ეძახდნენ.

ამიტომ, როდესაც მდგომარეობა მიუარესდება, შთაგონებამდე ყოველთვის ვერ მივდივარ და მაწუხებს, რომ კიდევ ერთ დღეს გაღალატებთ.

ამიტომ, ვაძალებ თავს წერას, მაგრამ, თუ ნაწერი ჩემი გემოვნების შინაგან მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, დამარცხებული ვუბრუნდები ხოლმე ლოგინს ან წაწოლილ სავარძელს. ამით აიხსნება დათქმული, ქიმიის 1 დღეზე მეტი გამოტოვებები, და არა იმით, რომ ვიზარებ, ან ვაღალატებ მკითხველს.

ყველა იტყვის, იმკურნალე, ეგ რა სადარდებელიაო, მაგრამ, აქ საქმე უფრო რთულადაა. იგი ჩვენს ეროვნულ თვისებებს ეხება, რომლებზე მუშაობასა და რომელთა გააზრებასაც მე მთელი შეგნებული ცხოვრება მივუძღვენი და ვცდილობ, ჩვენი სკოლის ბავშვებს საუკეთესო მივცე.

რადგან ასეა, მოდით, ამ გონებრივ წესრიგზე და ჩვენთვის მის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ.

ჩინგიზ-ყაენის იმპერიაში, რომელიც ამაყობდა იმით, რომ ქალწულს შეეძლო მისი ერთი კიდიდან მეორემდე ხელუხლებელს გაევლო, ამ გონებრივ წესრიგს ჩინგიზ-ყაენის მეომრების გრძელი ნება ერქვა.

იგი გულისხმობდა უზადო წესრიგს და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში – უსასტიკეს სასჯელს.

ეთნოლოგებსა და კულტუროლოგებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ნების გამომუშავებას ხელი შეუწყო ევრაზიის სტეპების უკიდეგანობამ, რომლის სივრცეებში ცხოვრებისას ადამიანს არაფრის მიღწევა არ შეუძლია უდიდესი მოთმინებისა და გამძლეობის გარეშე, და რომ თავად ბუნება ახდენს გადარჩევას ისეთი გენეტიკისა და ისეთი ჯიშის ადამიანებისა, ვისაც შეუძლიათ მისი შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

გეოპოლიტიკის მეცნიერების გაჩენამდე, XVIII – XIX საუკუნის პირველი გერმანელი მოაზროვნეები, ვინც ეთნოფსიქიკაზე ლანდშაფტის გავლენაზე ალაპარაკდნენ – როგორებიც იყვნენ ფრიდრიხ რატცელი და გაგიკვირდებათ, მაგრამ, თავად ჰეგელიცა და შელინგიც – თავიდანვე მიხვდნენ ამ ორის ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელობას და საფუძველი ჩაუყარეს გერმანული გეოპოლიტიკური სკოლის ფუძემდებლის, კარლ ჰაუსჰოფერის, და ანგლო-საქსონური, საპირისპირო გეოპოლიტიკური სკოლის, ალფრედ მაჰენისა და, რაც მთავარია, სერ ჰელფორდ მაკინდერის ნააზრევს. ფრანგულმა და რუსულმა გეოპოლიტიკურმა სკოლებმა, სამწუხაროდ, ნაკლები განვითარება ჰპოვა, თორემ მეოცე საუკუნის ისტორია ცოტა სხვანაირი იქნებოდა.

ეთნოლოგიაში ჩემი ორი საყვარელი ავტორის, დიდი რუსი პოეტების, ნიკოლოზ გუმილიოვისა და ანა ახმატოვას შვილის, ციმბირის ბანაკებში ნაწამები დიდი ლევ ნიკოლაევიჩ გუმილიოვის ეთნოგენეზის თეორიაა ყველაზე საგულისხმო და სრულიად განმაცვიფრებელია კლოდ ლევი-სტროსის ნაშრომების აბსოლუტური უმრავლესობა. ამათზეც დიდი გავლენა მოახდინეს ნახსენებმა გერმანელებმა.

გახსოვთ დიმიტრი უზნაძის ცნობილი დახასიათება ჩვენი ერისა, როდესაც იგი ბრძანებს, რომ ჩვენ ადვილად ავენთებით, მაგრამ, მაჯა და გული მალე ცივდება და საქმეს ბოლომდე არ ვაკეთებთ? ანუ, საერთოდ არ გვეტყობა ჩინგიზ-ყაენის მეომრების გრძელი ნების ნასახიც კი. არ გვაქვს უნარი, წინააღმდეგობის პირობებში, რაიმე დიდხანს, განმეორებით ვაკეთოთ.

ამ დახასიათებას ალბათ ბევრნი ვეთანხმებით, და თუ გვინდა, რომ ქვეყანა თავზე არ დაგვენგრეს და თან ავაშენოთ კიდეც, ალბათ ამ ჩვენს მდგომარეობას რაღაც უნდა ვუყოთ. ლიბერალურ პარადიგმაში ამის შველის წამლები მექანიკურია და ე.წ. ეკონომიკური მეცნიერების წვრილმანებში ძევს. ლიბერალური წესწყობილებისათვის ფაშიზმის ნიშნებია იმის თქმა, რომ ერები რამით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, და რომ მათი ყოფისა და განვითარების ბედზე რამე მოქმედებს, გარდა ამ მექანიკური კანონებისა.

მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ არის, მთელი მსოფლიოს ისტორიაცა და ჩვენი უახლესი ისტორიაც იმაზე მეტყველებს, რომ ერი მით უფრო სწორად ვითარდება, რამდენადაც იგი ახერხებს თავისი ისტორიისა და თავისი ამჟამინდელი ეთნოფსიქოლოგიური მდგომარეობის შესაბამისი იდეოლოგიური და შესაბამისად, პოლიტ-ეკონომიკური წესწყობილების შერჩევას.

ერთ დიდ რუს პატრიოტსა და მოაზროვნეს ვკითხე, რა უნდა რუს ერს-მეთქი, და თუმცა, ძნელია წარმოიდგინო მაგ ადამიანზე დიდი მოტრფიალე თავისი სამშობლოსი, მან განმაცვიფრა საოცრად თვითკრიტიკული და გულახდილი პასუხით. მან მიპასუხა, რუსებს უნდათ თანასწორობა დამოუკიდებლად სამართლიანობისგანო.

ამ პასუხის სიზუსტისა და სიღრმის გარდა, დამაფიქრა, რამდენად გვყოფნის ჩვენ უნარი ასე გულახდილნი ვიყოთ ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური მდგომარეობის გააზრებისას, რომელიც აუცილებელია სწორი გზის შესარჩევად, რათა ქვეყანა გადავარჩინოთ.

პირველ რიგში, საჭიროა ვკითხოთ ჩვენს თავს, იყო თუ არა ეს უზნაძისეული მოკლე ნება ჩვენი თვისება მუდმივად, რაღაც კლიმატური და ეთნოგენეტიკური მიზეზების გამო, როგორც ამას გენიალური გუმილიოვი იტყოდა თავისი ეთნოგენეზის თეორიაში.

ცნობილია, რომ ასეთივე თვისებები ახასიათებთ ევროპის სამხრეთელ ხალხებს და ნებისმიერ ქვეყანაშიც კი, სამხრეთი უფრო მჭვრეტელი, დაუდევარი და ზარმაცია, ვიდრე ჩრდილოეთი. გოას მუქი ბრახმანული საწყისიც ძირეულად გასხვავდება რაჯასტანელი მარვარის ლეგენდარული მესაქმეობისგან, და მილანის ინდუსტრიული იტალია სხვა პლანეტაა და ჩვენებური ძველი ბიჭებივით ფეხ-შეკეცილი სიცილიელების პალერმო სხვა.

ამასწინათ, ტელეარხ „კულტურაზე“ გამოქვეყნდა ინტერვიუ იური როსტთან, სადაც ის იხსენებს დაავადებულ ბავშვთათვის ჩვენს მიერ საქველმოქმედოდ მოწყობილ მოტო-მოგზაურობას ლონდონიდან თბილისამდე და ამ ინტერვიუს ამონარიდი ჩვენს გვერდებზეც დავდეთ.

და თუმცა იური მიხაილოვიჩი, თავისი ძალიან თბილი და საქართველოსადმი ჩვეული სიყვარულით განმსჭვალული საუბრისას და მოგზაურობის სიძნელეების და დაცემების გახსენებისას, ამბობს, რომ დაძაბული რალისტი გზის გარდა ვერაფერს ხედავს, მე მაინც ბევრი რამ ვნახე მაგ ჯირითისას.

რადგან ბენზინის ბაკის დღეში სამჯერ-ოთხჯერ შევსება მიწევდა, თერთმეტივე ქვეყანაში, რომელიც დიდი სისწრაფით გავიარეთ, მქონდა ურთიერთობა ხალხთან და ბუნებრივია, ბევრად უკეთესი საშუალება ბუნებასა და გარემომცველ ინფრასტრუქტურაზე დაკვირვებისა, ვიდრე ეს მანქანიდან ხდება.

და აი, რა აღმოვაჩინე: დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მოძრაობისას (არავის წყენინება არ მინდა), უარესდებოდა ინფრასტრუქტურა და უმჯობესდებოდა ურთიერთობაში ხალხი. თიბათვე იყო და ბელგიის სათიბებზე დადგმული უზარმაზარი ოქროსფერი თივის დოლები თეთრი შურით აღავსებდნენ ნებისმიერ სოფლის მეურნეობის მოყვარულს და ჩამავალი მზის ელვარებაში მხოლოდ თანამედროვე ვან გოგის ფუნჯს ითხოვდნენ, ბავარიის მთების ზღაპრულ სურათებში, ისეთი განცდა მქონდა, რომ დამლაგებლები იქ მთებსაც კი ალაგებენ, და, რა თქმა უნდა, ზედაპირულ ღიმილში, ზრდილ მიღებასა და სოსისით და კარტოფილით გამასპინძლებაში ბიურგერს არაფერი დაეწუნებოდა. მაგრამ, აი, სამხრეთ სლავურ მიწებზე შესვლისას სურათმა ამოტრიალება დაიწყო: კათოლიკურ ხორვატიაში ერთგვარი სინთეზი იყო, არც მთლად დასავლური ინფრასტრუქტურისა და არც მთლად გულგრილი ხალხისა. აი, სერბებთან და ბულგარებთან კი, უკვე წავიდა დაღრეცილი ღობეები და გულში რომ ჩაგიხუტებენ და დაგკითხავენ, ფულს რომ არ გადახდევინებენ სადილზე, მასეთი ხალხის რიგი. ანომალია იყო თურქეთი, რომელზეც ბევრს არ ვისაუბრებ, ვინმეს რომ არ ვაწყენინო, ჯიგარი ხალხიც შეგვხვდა, მაგრამ, მძღოლების აგრესიულობა ჩვენს მიმართ საოცარი იყო.

ამიტომ, ზემოთ ნახსენებ ჩრდილო-სამხრეთულ დიქოტომიას, უნდა დავუმატოთ, თუ გნებავთ, სარწმუნოებრივიც, ძირეული განსხვავება ამქვეყნიური სამოთხის მაგვარის მშენებლობაში წარმატებულ, მაგრამ, ნაწილობრივ გულდაკარგულ დასავლურ ქრისტიანობასა და ამქვეყნიურ საზრუნავზე ნაკლებად მოდარდე, მაგრამ, შეუდარებლად უფრო თბილი ხალხის აღმოსავლურ ქრისტიანობას შორის. რა თქმა უნდა, ბოროტებაცა და მზაკვრობაც, სიკეთეცა და სიალალეც ორივეგანაა, მაგრამ, სურათი მკვეთრად კონტრასტულია.

ამიტომაა, რომ საკუთარი ხალხის გადაკეთების მსურველი უვიცი ახალგაზრდა, თუ მითუმეტეს ცინიკურ უცხოელ პატრონს იპოვის, როგორც ეს საქართველოში მოხდა ნულოვანი წლების დასაწყისში, პროლეტარული სიძულვილით რეცხავს და ანადგურებს თავის საზოგადოებას, რადგან საკუთარი გაუნათლებლობისა და მენივთე ოჯახში აღზრდის გამო მიაჩნია, რომ ხალხის გადაკეთება შესაძლებელია.

ასე მიაჩნდათ ლიბერალებამდე ბოლშევიკებსაც და ფაშისტებსაც. მაგრამ, მერე საოცარი მეტამორფოზა ხდება, ესვე ახალგაზრდა, თავისსავე, თუნდაც ნახევრად ნარევ, სისხლს ვერსად გაურბის და ხელისუფლების ხიბლში ჩავარდნილი, უარეს ბანჯგვლიან ღორს ემგვანება, ვიდრე ის „ღიპიანი ბიძები“, ვისაც ის თავის სიბეცეში ებრძვის, ცდილობს ეს დამალოს რაღაც ახალგაზრდული ჩაჯაჯული ”ზმანებითა” და სათვალეებით და საერთოდ ჯამბაზი ხდება და ზარავს თავისსავე პატრონს, იმდენ კომპრომატს უგროვებს მას თავის თავზე, თავისი გარყვნილი, ნარკოტიკებით გაჟღენთილი და უნამუსო ცხოვრებით.

და რა თქმა უნდა, მის პატრონს რომ დასავლური მორალური კოდექსის სინდის-ნამუსის ნარჩენები მაინც ჰქონდეს, იგი მას გამოცვლიდა, მაგრამ, ეს არ ხდება მისივე სრული უნამუსობის გამო და კოჰაბიტაცია და ნაც-ქოცური დიქოტომიის გზით დიფუზია გრძელდება „our son of a bitch”, ანუ „ჩვენი ნაბიჭვრის“ ცინიკური პრინციპით.

თუ ვინმე გაბედავს და დაუკითხავად შეჰყოფს ცხვირს მაგ იდილიაში, ან უნდა მოისყიდონ, ან კომპრომატი ჰქონდეთ, ან თუ არცერთი არ გამოსდით, ის შეიძლება უეცრად ძალიან ავად გახდეს და ან დაიღუპოს, ან მრავალთვიანი მკურნალობა დასჭირდეს, და რომც რამეს წერდეს სარეცელიდან, იმ ნაწერსაც კი დაუბლოკავენ, რათა რაც შეიძლება ნაკლებმა ხალხმა გაიგოს მის შესახებ.

დიმიტრი უზნაძის ჩვენს არასახარბიელო დახასიათებას რომ დავუბრუნდეთ, ამავე დროს ჩვენი ქვეყანა სავსეა ნივთიერი მტკიცებულებებით, ჩვენი ციხეებისა და ტაძრების სახით, რომლებიც სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. ვერც დიდი აბულის ციხეს და ვერც ჯვრის მონასტერს ჩვენნაირი ხალხი, ხარებითა და ურმებით, კვერცხის გულებითა და დაწნული თოკებით ვერ ააშენებდა, ამ ჩვენი მოკლე ნებით. ეს ცხადია.

მაგრამ, აი, რა არის უფრო საყურადღებო: სად არის თავდაცვითი და სასულიერო ნაგებობების გარდა, რომლებშიც არავის ტოლს არ ვუდებთ მსოფლიოში, სხვა ნაგებობები ჩვენი საცხოვრისისა, ვგულისხმობ, სახლებსა და სასახლეებს.

ის, რაც ჩვენ შემოგვრჩა, ან წინა რუსული ან რუსული ეპოქის ბევრად უფრო გვიანდელი რამ არის, ვიდრე ის, რითიც სავსეა თუნდაც იერუსალემი, ისპაჰანი, ევროპაზე რომ არაფერი ვთქვათ.

ჩვენი ისტორიოგრაფია ამას ცალსახა პასუხს სცემს – დამპყრობლური ომები, რომლებმაც ყველაფერი გაანადგურა.

მაგრამ, მე ბავშვობიდან მიჭირდა ამ თხრობის ასე ცალსახად დაჯერება, რადგან არ მესმოდა, მაშინ რატომ არ გაანადგურეს მათვე ის, რაც შემორჩა, თუ ისიც იგივე ხუროთმოძღვრული ცოდნით იყო აგებული, როგორც ეს?

მგონია, რომ პასუხი ცოტა სხვა ჭრილში ძევს.

ჩვენი გასაოცარი კულტურა, რომელიც ამქვეყნიურ ცხოვრებას წუთისოფელს უწოდებს, არასოდეს აგებულა შვილების მიერ ერთმანეთის საშუღლო და დასახოცი ქვის სახლების ირგვლივ, რომლების ძეგლებსაც წარმოადგენს ნებისმიერი პიაცა ან პლაცი ევროპაში.

ეს მერე მოგვეძალა, მოდერნში. ამას ჩემი სახლის მაგალითზეც მივხვდი, რომელსაც ვერ გავხერხავ 8 შვილზე. ამიტომ, მისი ნახევარი უკვე სკოლის ბავშვების განკარგულებაშია. და როდესაც დრო მოვა, თუ ოჯახს საშუალება ექნა, იქნებ მთლიანადაც სკოლასთან გადავიდეს, ან რამე სხვა საზოგადოებრივ ობიექტად გადაკეთდეს.

საერთოდ ის, ვინც ფიქრობს რომელ შვილს რა დაუტოვოს, ვერ გააჩენს 1-2-ზე მეტს, როგორც ეს საბჭოთა დროს ხდებოდა.

სახლი, ქართულ კულტურაში, იმავე ჩვენი ბუნებრივი პირობების წყალობით, უმეტესად ხის იყო და არ გულისხმობდა მარადისობასთან ადამიანის საცხოვრებლის ჭიდილს, ის ერთი-ორ თაობასთან ერთად ამოიზრდებოდა და მერე, როგორც უფალი ფუძეს გაახარებდა, ის ბედი ეწეოდა. რა თქმა უნდა, სამცხესა და ქართლ-კახეთში იყო დიდი კულტურა ქვით ნაგები საცხოვრებლებისა, მაგრამ, იგი თავდაცვითი საჭიროებებით იყო განპირობებული, მთაში საგვარეულო კოშკებისა და ბარში ყორეების ჩათვლით, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დენთის შემოსვლისა და ლეკიანობის გახშირების მერე.

ამიტომ არ გვაქვს ჩვენ ქალაქური კულტურის ქართული მემკვიდრეობა, ჩვენ სოფლური კულტურა ვართ, და ისეთი სიტყვებიც, როგორიცაა მსოფლიო, მსოფლმხედველობა, წუთისოფელი, ქვე-ყანა, სწორედ ამაზე მეტყველებს.

ეს იმდენად ღრმა თვისებაა ქართველური ლოგოსისა, რომ ჩვენ მხოლოდ მაგ მიმართულებით შევძლებთ ამოსუნთქვასა და განვითარებას, ამ ჩვენი დამახინჯებული ქალაქების კლანჭებში, ოღონდ, არა ამ აზრთან სიტყვით დათანხმებით, არამედ საქმით, ანუ ქალაქში სიმწრით საშოვნი დოვლათის მამულზე, შეძლებისდაგვარად, გადანაწილებით და რაც მთავარია, თითოეული ჩვენგანის იქ ცხოვრებით.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველამ ხელში თოხი უნდა დაიჭიროს, გინდა, მაღალ ტექნოლოგიებში ვიმუშაოთ და გინდა, განათლების სფეროში, მაგრამ, ჩვენი ჰაბიტატი კვლავ უნდა გახდეს ერთსართულიანი საქართველო.

ხალხი, ვინც ამ აზრს ეთანხმება, ხშირად შეცდომით თვლის, რომ ამას სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი და კარგია, თუ ამას ოდესმე მივაღწევთ, მაგრამ, ურბანოცენტრულ ლიბერალურ რესპუბლიკაში, და, რაც მთავარია, მისსავე კულტურულ კოდში, ეს ძალიან ძნელია და არ არის მთავარი.

მთავარი არის ჩვენი სურვილი, დაფუძნებული ამ ცვლილების არა მატერიალურ, თვლად, არამედ ბევრად უფრო მნიშვნელოვან, სულიერ გააზრებაზე, რომელიც საბოლოო ჯამში ადამიანისათვის ამქვეყნადაც ბევრად მეტი სიმშვიდისა და ბედნიერების მომტანია, ვიდრე ნებისმიერი მატერიალური დოვლათი.

ამის საწინააღმდეგოდ სპილენძის საყვირში დაუდუმებლად იყმუვლებს ბაბილონის მეძავის საშო, რომელიც ეცდება დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებით ვაკლდებით სარგებლისათვის შეჯიბრს ქალაქში და ამით ვჩაგრავთ საკუთარ შვილებს. მე ეს არაერთხელ მინახავს ჩვენი სკოლის მაგალითზე, როდესაც, თავად მოუსვენარ მშობელს მიჰყავს ბავშვი ამ მიზეზის გამო, მიუხედავად ყველა რაციონალური არგუმენტისა ამის წინააღმდეგ და მერე ბავშვი ტირის და განიცდის ამ ცვლილებას და სკოლაში უნდა დაბრუნება.

საბოლოო ჯამში, მაგ საყვირის ჩაჩუმება და მისდამი სიყრუე სრულიად შეუძლებელია, ისევე, როგორც ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილ თავში ნახსენები ოდისევსის „კალიფსოს“ ბინადართა მხრიდან სირენების ძახილის უგულვებელყოფა, მაგრამ, ეს უკვე უძღები შვილის იგავის მრუდეა, რომელიც ყველა ადამიანმა და ყველა ოჯახმა უნდა გაიაროს.

მაგრამ, იგავი ვერ შედგება და კარგად ვერ დამთავრდება ჩვენს ახალგაზრდებთან მიმართებაში, თუ მათ, უძღები შვილისაგან განსხვავებით, მამასთან დასაბრუნებელი მამული არ აქვთ, და მხოლოდ უკეთეს ბეტონის გალიას „ჩალიჩობენ“, ვიდრე ის, რომელშიც იგი მშობლებმა გაზარდეს.

ამ მდგომარეობაში ვართ ჩვენ ბოლო ორიოდე თაობის სიცოცხლის განმავლობაში და რამე თუ ახლავე არ შევცვალეთ, საბოლოოდ შეიძლება ახდეს რეფორმატორების უტოპია და ჩვენც, როგორც ერი, შევიცვალოთ, ოღონდ ეგ აღარ იქნება ქართველი ერი, ეგ იქნება სახელწოდებით ქართველი, სინგაპურიზირებული ერი და ამის არ დაშვება, გრძელი ნების ჩვენში ჩამქრალი თვისებების მოხმობითა და აღდგენით, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, თუ ჩვენ ეროვნულობასთან რამე გვესაქმება საერთოდ.

მიტოვებული მამულისათვის ქვითინის დრო მორჩა, დადგა დრო მიტოვებული მამულის ჩვენი ხელით, ჩვენი გულით, ჩვენი გონებით აღორძინებაში ქმედებისა, მიუხედავად ყოველგვარი წინააღმდეგობისა. და ეს ერთნაირად საჭიროა დაღვინებული ხალხისთვისაც და ახალგაზრდებისთვისაც. და რაც მეტი ახალგაზრდა ოჯახი გაისიგრძეგანებს ამას, ოღონდ არა პირველი ენთუზიაზმის ჩაქრობამდე, როგორც საბჭოთა დროს რამდენიმე ასეთი წამოწყება ჩავარდა, არამედ სიღრმისეულად, მით უკეთესი მათთვისაც და ქვეყნისთვისაც.

ეს კი შეუძლებელია ასეთი აღორძინებული, ან თავიდან შექმნილი დაბისა თუ სოფლის გულის – ტაძრის გარეშე, რომელიც არის აზრთა აზრი ამგვარი მოქმედებისა.

ბიბლიოლოგიაში და მამათა ნააზრევში ხშირად საუბარია არა ადამიანის სამოთხეში მოხვედრაზე, არამედ, მის იქ დაბრუნებაზე. და ეს დაბრუნება, ბევრად უფრო ადვილია ადამიანისათვის, თუ იგი, წინააღმდეგობის მიუხედავად, მას მიწიერ სიცოცხლეშივე დაიწყებს.

თუ მეოცე საუკუნე ჩვენი მხრიდან ქართული მიწის ღალატის საუკუნე იყო, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, XXI საუკუნე მისთვის შენდობის თხოვნისა და მასთან დაბრუნების საუკუნედ უნდა ვაქციოთ.

ერთ-ერთი პირველი ქართველოლოგი, უილიამ ალენი, XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე საინტერესო დაკვირვებას აკეთებს ჩვენზე. იგი ამბობს, რომ ჩვენ ძალიან ვგავართ ესპანელებსა და ირლანდიელებს იმით, რომ გვახასიათებს მათი მსგავსი კოლექტიური უპასუხისმგებლობა.

2013 წელს დაწერილ ჩემს ნაშრომში „ერი და სახელმწიფო“, მე ვამბობდი, რომ ეს დაკვირვება საგულისხმოა არა მარტო იმით, რომ ალენმა უნებლიედ იწინასწარმეტყველა იმ დროისათვის ჯერ კიდევ უცნობი და შემდგომში დადგენილი ფაქტი დასავლეთ იბერიული და კელტური კულტურების ნათესაობისა ჩვენთან, არამედ იმითიც, რომ ჩვენ ამ კოლექტიური უპასუხისმგებლობის მაგალითებს ყველგან ვხედავთ.

თბილისი, რომლის ე.წ. ელიტაც ყველაზე მეტად იჭაჭება ევროპელობაზე ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დედაქალაქებიდან, ერთადერთია ამ დედაქალაქებს შორის, რომელმაც თავისი საცხოვრებელი კორპუსების საქვაბეები ჯართში გაზიდა და თავისი თავი ქვის ხანაში გადაისროლა. ეს იმიტომ, რომ ბინის ინდივიდუალურად გათბობის სინამდვილე, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, გარდა იმისა, რომ სამჯერ მეტი ჯდება ამ ჩვენი ღატაკი მოსახლეობისათვის, ვიდრე საქვაბით გათბობა, ზუსტად შეესაბამება იმას, როგორც ქვის ხანაში ათბობდა ადამიანი საკუთარ გამოქვაბულს. ეს სხვაგან არსად მომხდარა, არც ერევანში, არც მინსკში, არც კიშინიოვში, ამავე რესპუბლიკების მეორადი ქალაქების ჩათვლით.

და ეს ქვეყანაში, სადაც, ამავე ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადარბაზოში ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველასთან შერბის გოზინაყითა და ტკბილეულით ახალ წელს, ჭიქებს აჭახუნებს და ერთმანეთს ბედნიერებას უსურვებს, მაგრამ, ძირძველი ქართული კეთილმეზობლური კოდექსიც იმდენად გადაღრეცილი და გაყალბებულია ქართველისათვის არაორგანულ გარემოში, რომ მას ურჩევნია იწყინოს ჭორი, მეკვლემ ფული არ დადო საქვაბისთვისო და ჯართში გაზიდოს ის, ვიდრე კოლექტიური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს. ჩვენივე უნიკალური და მსოფლიოში ერთადერთი გამოგონებაა, ამავე ეთნოფსიქოლოგიური მიზეზით, ლიფტებში ხურდის ჩასაგდები აპარატები, რომლებსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.

ეს უნიკალური ყოფითი მაგალითი, ჩვენი სადარბაზოების სამარცხვინო სიბინძურეს რომ თავი დავანაბოთ, ბევრისათვის, სიტყვის დონეზე, დიდი სირცხვილია. გამოდის, რომ ჩვენ წითელი იმპერიის ფარგლებში, დაგვძალდა ინდო-ევროპული ყოფის სტანდარტი და როდესაც ის აქედან წავიდა, ჩვენ მეტი ევროპა გვინდას ძახილში მეტი აზია აღმოვჩნდით.

მაგრამ, გარდა ამ შეხედულებისა, მინდა დავუბრუნდე ზემოთ ხსენებულ აზრს ჩვენი კულტურის სოფლურობისა და მაგ კუთხით წარმოვაჩინო ეს მოვლენაც. ჩვენ არ ვართ ქალაქის კულტურა და გრიშაშვილის ლექსები და ცაბაძის ლირიკა აქ არაფერ შუაშია.

უკაცრავად, ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ, ცუდად ყოფნის დროს, ტკივილის დაძლევითა და გრძელი ნების მოხმობის მცდელობისას, ჩვენ, ამ თვისება დაკარგული ქართველები, პარადოქსულად კარგად ვხდებით და თავს უკეთ ვგრძნობთ. ასე მოხდა ახლაც.

ერთხელ, მყინვარწვერზე ლეგენდარულ ბიძინა გუჯაბიძესთან ერთად ყოფნისას, რომ მეგონა, მწვერვალზე საერთოდ აღარ დამრჩა ძალები და ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა დავეშვა ქვევით, ბიძინამ მითხრა, რომ სინამდვილეში, მისი დაკვირვებით, მაგ დროისთვის მე ჩემი სხეულის შესაძლებლობების მხოლოდ 3-4% მქონდა გამოყენებული, და მსოფლიოში ამ ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი მთამსვლელის შეგონებამ ჩემში სწორედ ის გრძელი ნება გააღვიძა, რომელმაც „მეტეომდე“ საკმაოდ ადვილად ჩამომიყვანა.

და ბოლოს, კიდევ ერთი დაკვირვება ჩვენი საუბრის თემასთან დაკავშირებით.

კიკეთში, ჩვენთან ერთად წლების მანძილზე მშრომელი მუშები და ხელოსნები, თავიანთი ხელმძღვანელით, არაჩვეულებრივი და სინდისიერი ადამიანის, ნიაზ გაფრინდაშვილის თაოსნობით – რომლებთან ერთადაც მე არაერთი წელია, ჩემს შვილებთან ერთად, ვშრომობ და ხან ვეჩხუბები და ხან ვაქებ და დიდ პატივს ვცემ – შეიძლება თვითონ ვერ ამჩნევენ, მაგრამ, მკაფიოდ განსხვავდებიან მუშაობის მარგი ქმედების თვალსაზრისით, სამუშაოს სახეობიდან გამომდინარე.

ყველაფერი, რაც ეხება ბოსლის, საქათმის, თივის შესანახის, მარნის აშენებას, ან თუნდაც, სახლის საფუძვლისა და მისთვის საჭირო დაწნა-ჩასხმა-მშენებლობას, ყველაფერი ადვილად მიდის. მაგრამ, როგორც კი საქმე ეხება რაიმე სხვას, საცხოვრებელი სახლის შეკეთება-გაკოპწიავება იქნება ეს, თუ სკოლისა, იქ საქმე იწელება და ნაკლები ხალისით მიდის. თუმცა, საკმარისია იმავე სახლში რაიმე მიწის სამუშაო გავაკეთოთ, ბაღში ქვის კიბე იქნება ეს, თუ ეზოში ტალავერი, ხალისი კვლავ ბრუნდება.

და ეს არ არის ხელოსნისა და მუშის კვალიფიკაციის საკითხი, ჩემი აზრით, ეს არის სიღრმისეული ეთნოფსიქოლოგიური ანარეკლი იმ მივიწყებული მიმართულებისა, რომლის გარეშეც ჩვენს ქვეყანას ჩვენ ვერ გადავარჩენთ და ვერ ავაღორძინებთ.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი განვითარების მოდელი ვინმესაზე ნაკლებად წარმატებული იქნება, პირიქით. უბრალოდ, ყველას თავის გზა აქვს. ჩვენი გზა არის მიტოვებული საქართველოს კვლავ დასახლება მისი ერთგული ოჯახებითა და იმ მტვერსასრუტების გამოთიშვა, რომლებსაც ქართული უპერსპექტივო და ჩახერგილი ქალაქები ჰქვია.

07.09.2021

XIX თავი

ლექსი: “ლოგინში სიკვდილს რა ვუთხარ”.

ლოგინში სიკვდილს რა ვუთხარ,

რომელსაც ნატრობს ყველაო,

ფეხზე მდგარ მამკალ კაცივით,

ო-დელი-დელი-დელაო.

გინდა შრომაში დამხარჯე,

ფერებით, ნელა-ნელაო,

შრომის ნაყოფი - ქვეყანას,

ო-დელი-დელი-დელაო.

გინდ დამაბერე, მაგრამა

არ მჭირდებოდეს შველაო,

შვილების შვილებს ვუვლიდე,

ო-დელი-დელი-დელაო.

ან იქნებ ღირსი გამხადო,

ჩემ უღირს ლოცვის სმენაო,

მუხლმოყრილს გარდამიცვალო

ო-დელი-დელი-დელაო.

ან იქნებ დამრჩა ბევრიცა

გაჩეხვა, თიბვა, ცელაო,

ბალახად ყოფად მნდომელსა,

ო-დელი-დელი-დელაო.

მაშინ შენ მითხარ, რა ძალით

შევძლო ამდენის თმენაო,

მეც ბოროტებად არ ვიქცე,

ო-დელი-დელი-დელაო.

მაგ მეომრობის მადლია

ქვეყნის მტრებისთვის წყევლაო,

მისთვის ძგერს მარტო ეს გული,

ო-დელი-დელი-დელაო.

თუმცა მე იმდენს გაწუხებ,

მგონი ვერ მჯობნის ყველაო,

შენი ვარ, როგორც გენებოს,

ო-დელი-დელი-დელაო...

ლევან ვასაძე

09.09.2021

XX თავი

გილოცავთ იოანე ნათლისმცემელის თავის კვეთის დღეს. თუმცა, რა მაქვს მოსალოცი?! მაგრამ, ასე ვიცით ქრისტიანებმა, ერთმანეთს ვულოცავთ ჩვენს შორის საუკეთესოთა ნებსით სიკვდილზე წასვლას სიმართლისათვის.

ამიტომაა, რომ ქრისტიანობამდე, პლატონის მასწავლებელს, სოკრატეს მივაგებთ პატივს, რომლის ბოლო დღეებიც, როგორც ადრე ვახსენე, პლატონმა აღწერა საბავშვო ენით დაწერილ გენიალურ დიალოგებში „კრიტონი“ და „ფედონი“. თუ აქამდე არ მოგიცლიათ, ძალიან გირჩევთ, ისიამოვნებთ.

მაგრამ, ახლა შობილთა შორის უდიდესზე, როგორც მას ქრისტემ უწოდა, მის ნათლიაზე. წარმოგიდგენიათ, ქმნილება იყოს ღმერთის ნათლია?

მე, ბუნებრივია, შეზღუდული ვარ აქ მსჯელობისას, იმიტომ, რომ განსხვავებით დასავლელი ქრისტიანებისა, და, მითუმეტეს, მათგან ნაბარტყი უამრავი დენომინაციისა, მართლმადიდებელ საერო პირებს არ გვჩვევია ღვთისმეტყველებაზე საუბარი, თუ ქემაინც ამ მეცნიერებას არ ვფლობთ. და თუმცა მე საშუალება მომეცა ღვთისმეტყველების სწავლისა, რაც იყო ყველაზე საინტერესო და ამაღლებული, რაც ოდესმე მისწავლია, მე მხოლოდ ცოდვილი ერის კაცის ორიოდე სიტყვა შემიძლია გავბედო ამ სასწაულ დღეზე.

ეს დღე კი ჩვენი უნამუსობის ყველაზე დიდი დღეა, როგორც კაცებისათვის, ისე ქალებისათვის. მისი გახსენებისას, ჩვენ თავი იოანე ნათლისმცემელად კი არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომლიც ქალამნის თასმის ღირსნიც არა ვართ, არამედ ჰეროდედ, მის მეუღლე ჰეროდიადად და მათ გარყვნილ, 14 წლის ქალიშვილად.

ფაბულა კი მარტივია.

გარდაცვლილი ძმის, მეფე ფილიპეს, ცოლის შერთვა მოსეს სჯულის უხეში დარღვევა იყო ჰეროდეს მხრიდან და ამაში ამხილა აქლემის ბეწვით შემოსილმა ღმერთის ნათლიამ მეფე. დატუსაღებით კი, ჰეროდემ თავი დაიტუსაღა, რადგან იოანესადმი ხალხის უკიდეგანო სიყვარულის გამო აღარ იცოდა რა ექნა აწი.

მაგრამ, ბილწ ქალს არ ასვენებდა ცოცხალი ნამუსი, თუნდაც, ჯურღმულში გამოკეტილი, მის სასახლედ შენარჩუნებულ ოთახებსა და დარბაზებში ყველგან უხუცესი წმინდანის აჩრდილი დაჰყვებოდა და ევას მაცდუნებელი გეგმას უჩურჩულებდა.

გავიხსენოთ: ლხინი მეფის დარბაზში, სჯულის დამრღვევი მეფე, გარშემორტყმული დიდებულებით, რომლებისთვისაც, როგორც ყოველთვის, „ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა“. ყველაზე მეტი უნამუსობა ხომ ელიტის სიცილ-ხარხარში ხდება, და არა განსხეულებული ჯალათის ხელში, რომელიც უბრალოდ მის ნებას ასრულებს გასამრჯელოს სანაცვლოდ.

და აი, ღვინით – ჩვენ ვინ გაგვაკვირვებს ღვინით – თრობის აპოთეოზში, დარბაზის გულში ჩნდება დედისაგან წინასწარ დარიგებული, აღმაგზნებელი როკვითა და სამოსით, ანუ მისი ნაკლებობით, ჰეროდიადას ქალიშვილი, შლომით, ჩვენებურად, სეპტუაგიტაში თარგმნილი სალომედ. და იწყებს როკვას ერთადერთი მიზნით – ავხორცობით აღაგზნოს საკუთარი ბიძა-მამინაცვალი.

ლხინში ყველაფერი მოსულა, ტაში, რა გოგოა! როგორ კარგად ცეკვავს! რა ლამაზია! ცეკვა მთავრდება და აი, შემთვრალი და შეფარული ავხორცობით ანთებული ჰეროდე თავის ძმისშვილსა და შვილობილს ეუბნება, რაც გინდა მთხოვე და აგისრულებო. და უავესი დედისაგან წინასწარ დარიგებული 14 წლის ქალწულის (ქალწულის რომ?) თხოვნა, ჟღერს როგორც ქუხილი მოწმენდილ ცაზე.

არავინ იცის, რა ხდება ამ დროს დარბაზში. საუკუნეებია ეს წამი ხელოვნების ყურადღების ერთ-ერთი მთავარი საგანია.

მაგრამ, ვერც ბოტიჩელის, ვერც მაზაჩოს, ვერც ლიპის, ვერც პანიკალეს, ვერც ჯოტოს, ვერც გოცოლის, ვერც დიურერის, ვერც რემბრანდტის, ვერც კარავაჯოს, ვერც ტიციანის შედევრები, ვერც ბლოკის, რემიზოვის, ფლობერის, მალარმეს, იუისმანსის, ჰაინეს კალამი, და ვერც უაილდისა პიესაზე დაწერილი რიხარდ შტრაუსის ოპერა ვერ გადმოგვცემს იმას, რასაც უბრალო მართლმადიდებელი დაინახავს ხატის ფანჯარაში თავისი გულით.

როგორ ვზეიმობთ ამ უნამუსობის ზეიმს, ამ უდიდეს ტრაგედიას ჩვენ? რა შეგვიძლია ვქნათ, რომ განვეშოროთ ჩვენს საქციელში „ყველაფერი მოსულა“ მუდამ მოძიგძიგე ბნელიტას, რომლის საქციელშიც არაფერია ახალი, და მივეახლოთ იმ უდიდეს ნეტარებას, რასაც ჭეშმარიტების მსახურება ჰქვია?

ჩვენ თვითონ – არანაირად. ჩვენ ყველანი ის ბნელიტა ვართ, რომლისათვისაც „ყველაფერი მოსულა“. ზოგჯერ გვგონია, რომ ჩვენ მასეთები არ ვართ და მაგ უზნეობას ვებრძვით, მაგრამ, რამდენი შესულა მაგ ლხინზე ხალხიდან და იგივე უქნია, ტაში დაუკრავს შლომითისათვის, ან თუნდაც გაჩუმებულა იმ ქუხილის დროს, კრედიტი მაქვს აღებული, თანამდებობა მაქვს, შვილებს რა ვაჭამოო, თუ სიმართლეს გამოვესარჩლებიო.

ერთხელ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიწმინდის ეზოში კაცი მომიახლოვდა, მხარზე მემთხვია, მაქო, მადიდა, და მერე მითხრა, გვერდში დამიყენეო. უკვე მეხამუშა და როგორ-მეთქი?! მოდი, შენ დამიყენე მე გვერდში-თქო. ვერ გაიგო. კარგი, რა შეგიძლია-მეთქი. დაფიქრდა და ვინმეს მაინც გავუმწარებ ცხოვრებასო. ღმერთო მაპატიე, მაგრამ, არ მგონია ეგ კაცი რომ „ყველაფერი მოსულა“ ბნელიტას ლხინზე დაუშვან, მან რამე უკეთესი ქნას, რაც ხვალ მოხდება ჰეროდეს სასახლეში. არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიზამ რამეს უკეთესს.

მაშ, რაღა ვქნათ, რა გვეშველება? ვისაც როგორ უნდა. მაგრამ, ხვალ მძიმე მარხვაა. მარტო ერთი დღე. ვისაც როგორ შეგვიძლია, ჩვენი საზომის მიხედვით, თუ ასე აღვნიშნავთ ჩვენი უვარგისობის დღეს, იქნებ, მაშინ გვიშველოს იმან, ვისაც ყველაფერი შეუძლია, თორემ ჩვენ რა შეგვიძლია, გარდა იმისა, რასაც მთელი ცხოვრებაა ვაკეთებთ.

10.09.2021

XXI თავი

თანამედროვეობის დამახასიათებელი თვისება არის ჯირითი. ჯირითი ტრადიციულ ცხოვრებაში დღესასწაული იყო, ან ბრძოლა. მარულა იქნებოდა, თუ რომელიმე ჩვენი აურაცხელ ომთაგანი, ეს იყო აჩქარება ერთეული. ან თავდაცვითი, ან გასართობი.

დანარჩენი დრო გახლდათ ტრადიციულ ყოფაზე მიბმული. არ არსებობდა ცხრიდან ექვსამდე ძგერა ერთი დოლის ხმაზე და მერე საღამოს „კერძო სივრცე და მოდუნება“.

იყო ჟამი დიდი შრომისა, ხვნისა, თესვისა, მკისა, ჭირნახულის აღებისა, დაბინავებისა, და იყო ჟამი ჭვრეტისა, შუაცეცხლთან ჯდომისა, ხელოვნებისა. ამას, ყველაფერს, განაგებდა სიკვდილიც, რომლის გასაღებიც მხოლოდ უფლისაა, და ავადობაც, რომელიც იყო ბევრად ნაკლები, ვიდრე ახლა.

იყო რაღაც ჯირითი მეფისა ან თავადის კარზე, იყო ცილობა, ჭორი, ღალატი, წინასახე იმისა, რაც აწი ყველგანაა, მაგრამ, ცხოვრების დინების ბუნებრივობა და ამ დინებაში დიდ ჯაფასთან შეხამებული ტკბილი მჭვრეტელობა იყო ის ზღაპარი, რომელიც დავკარგეთ – ზოგმა ხალხებმა ადრე, ასე 300-400 წლის წინათ, ჩვენგან დასავლეთით, შორს, და ზოგმა მოგვიანებით, ასე 150 წლის წინ, როდესაც ჩვენც მოგვედო მოდერნის პირველი ალები.

ახლა ადამიანი ძლივსღა ასწრებს დღის შიგნით რამეს.

ადრე დრო არ იყო ხაზოვანი და წარმავალი, ადამიანი არ იდგა ამ წარმოსახვით, ცრუ წრფეზე, სახით რაღაც მომავლისაკენ, რაღაც აწმყოს წერტილში, არ ტოვებდა ზურგს უკან რაღაც დაუბრუნებელ წარსულს და ქოშინით არ არბოდა ამ წარმოსახვითი პროგრესის აღმართზე, სანამ არ დაეცემოდა მასზე და დინება მის გვამს სხვა მორბენლების წარსულში არ ჩაიტანდა.

ნამდვილი ყოფისას დრო წრიული გახლდათ და დაუხრელი. ეს კოპერნიკამდე და ბრუნომდეც იცოდნენ ბერძნებმაც, ეგვიპტელებმაც და, რა თქმა უნდა, ქართველებმაც. ამ წრიულობაში, თუ წელი-წადისა (რომელიც ქართულში სარტყელს აღნიშნავს), თუ წელიწადის დროებისა, ადამიანი მარადისობის გულის გარშემო მოძრაობდა ლაღად, რასაც დასთესდა, იმას იმკიდა, ქვე-ყანაზეც, და ზე-ცაშიც. უკან დანატოვარი ისევ წინ ხვდებოდა, და არავის ჰქონდა ხიბლი იმისა, რომ რაღაცას გადააბიჯებს და ის წინ აღარ დახვდება.

არ იყო ღრუბელი, რომელსაც ყველა მიშტერებოდა: ჯერ ჭორებში, მერე მარატის გაზეთში, პარიზის რესტორან Le Procope-იდან გადმოყოფილი ზარის სახით, და აწი ბრტყელ შუშაზე, რომელიც სულ ხელისგულზე უდევთ ჩვენს შვილებს, ან ბალიშზე, როდესაც ისინი მარტონი არიან პირისპირ ჯოჯოხეთთან, არა ნამდვილ ყოფასთან.

ამ დინებიდან ავადობით ამოვარდნილიც კი, უცნაურ მდგომარეობას განვიცდი. ვერაფრით ვერ ვთავისუფლდები მაგ დინებისაგან.

რაც ბიჭობიდან კაცობაში გადავედი და დროის წრიულობა აღმოვაჩინე, ყოველთვის ვაკეთებდი მარტო იმას, რაც ქვეყანასა და ოჯახს გამოადგებოდა, ანუ ვზრუნავდი, თუმცა, ჯეელობაში ვინ არ გართობილა და ვის არ უსეირნია მეგობრებთან ერთად. მაგრამ ახლაც, ამ ზრუნვის ინერციით შეპყრობილი, ვცდილობ ვაკეთო ზედმიწევნით ის, რაც ოჯახს სჭირდება, რაც ახლა, პირველ რიგში, ნიშნავს მოწესრიგებულ და ყურადღებიან მკურნალობას და რამდენადაც „ოფსილა“ მრჩება, სხვა საქმის კეთებას, ამ დღიურის ჩათვლით.

და აი, საოცრება, ისევ ძლივს ვერევი დღეებს, თითქოს რა მევალება კარგად ყოფნის შუალედებში და ისევ მიფრინავს დღეები წარმავალი, ხაზოვანი დროის ცრუ სურათად.

„დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,

და ყვავილების არის მრავლობა.

ჩემთვის დღესავით არის ნათელი,

რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.

წელიწადები წავლიან ძველნი,

შეიცვლებიან ქარით სიონი,

როგორც ერთია ქვეყანა მთელი,

ისე ერთია გალაკტიონი…“

ჯერ ერთი, დააკვირდით, დღეები ბრუნავს. მერე, რამ დააწერინა პოეტთა მეფეს ეს სიტყვები, „ისე ერთია გალაკტიონი“? რა თქმა უნდა, არც ამპარტავნებამ და არც თვითგანდიდებამ. როგორც „დროშები ჩქარა“ არაფერ კავშირშია ალისფერ დროშასთან და „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო ანკარა“ პირდაპირ წმინდა წერილიდანაა, როგორც:

„რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,

ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,

მიუწვდომელი – როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოსად ევლინებოდე.

დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული –

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყვარულის დღესასწაული“

არ ეძღვნება არც მერის, არც ოლგას, და არცერთ ქალს და არის პირდაპირ ლოცვა უფლისადმი, წრიული დროისადმი, ჭეშმარიტი ყოფისადმი, ურომლისოდაც, თუ ის არ არის ის, ვისაც ვფიქრობთ, არაფერს აზრი არა აქვს, ზუსტად მასე „ისე ერთია გალაკტიონი“ არ თქმულა ჩემს მიერ ერთხელ ნახსენები „მელექსეობის ამპარტავნებით.“

ჩვენს ათეიზმიდან ათეიზმში გადასულ საზოგადოების ნაწილს ეს არ შეიძლებოდა გაეგო, და ვნანობ, არც ახლა ესმის, ეს სულ სხვა რამ არის.

ერთია გალაკტიონი, როგორც ერთია ნებისმიერი გალაქტიკა, როგორც ერთია სამყარო, როგორც ღმ-ერთია ერთი, და ეს ერთობა არის არა ყოფილი ცისკრის ვარსკვლავის დაცემულობა, რომლის ანაბეჭდებსაც აზეიმებენ ღირსეულ ხალხს, მათ სახელზე ტროტუარებზე, არამედ იგია ერთობა.

თითქმის ყველა ძველი თბილისური ოჯახის შთამომავალს აქვს ამბები მასზე, მათ შორის მეც, ოთხიდან სამი შტოს მხრიდან და ერთს მოვყვები აქ ბოლოს.

ბიძაჩემი, დეიდაჩემის ქმარი, ჩემი საყვარელი გოგი ჟღენტი, მიყვება, მისი საოცარი იუმორით, მამამისის, ბესოს მონაყოლს.

ცეკაში, კანდიდ ჩარკვიანის დროა მგონი უკვე, ვასილ მჟავანაძემდე, უცნაური ვითარება შეიქმნა: რომელიღაც, ნაკლებად დიდებულ პოეტს – არა აქვს მნიშვნელობა ვის – აქვს პოეტი-აკადემიკოსის წოდება, და ჯერ კიდევ ცოცხალ გალაკტიონს – არა. გადაწყვიტეს, გამოასწორონ და სხდომაზე დაიბარეს. იპოვეს, როგორც ყოველთვის, კოლმეურნეობის მოედანზე, თავის საყვარელ მემწნილეებთან და მემწვანილეებთან ქეიფობდა.

შემკრთალი შემოვიდა, ხუმრობა საქმე არაა, შავი მანქანით მიაკითხა ორმა კაცმა ბაზარში, რა იცის რა ხდება, ყველა მეგობარ-ნათესავ და ცოლ-მოკლულმა მგოსანმა. ბესო რომ დაინახა, გული მოეცა, მის გვერდზე დაჯდა უხერხულად, მუხლებზე პორთფელი ეჭირა ხელებით. სხდომა არ შემწყდარა, უბრალოდ გადმოსძახეს, „მოგესალმებით, ამხანაგო გალაკტიონ, დაიცადეთ, თქვენი საკითხი მალე განიხილება.“

მალე დაიწყო განხილვაც, და როდესაც მეფე მიხვდა, რომ არ სჯიან და აჯილდოვებენ, ფერი მოეცა, ჯილდო რაში ედარდება, ცოტა ბაზრის ზარხოშიც დაუბრუნდა და ღიმილით გადახედა ბესოს.

ჯილდოსადმი წარდგენის შემდეგ, რეგლამენტისამებრ, ხომ არ არის საწინააღმდეგო აზრიო. ჰოდა, უცებ, ჰოი საოცრებავ, მე მაქვს საწინააღმდეგო აზრიო, აიწია ხელი სხდომაზე მოწვეულმა კომკავშირის პირველმა მდივანმა, აი, ადრე რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოსდიოდათ და ახლა რომ მათ შვილებს ის მზე დასავლეთიდან ამოსდით.

გაოცდა ყველა, მისცეს სიტყვა ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს და მანაც დაასაბუთა რატომ არის წინააღმდეგი: ამხანაგი გალაკტიონი სვამს, ეწევა მოუწესრიგებელ ცხოვრებას, ცუდ მაგალითს აძლევს საბჭოთა ახალგაზრდობას, ხშირად ნახულობენ, უკაცრავად, ბინძურად ჩაცმულს, მე გეკითხებით, ახლა სად მონახეთ ის, ალბათ ბაზარში ისევ, ხომ? მემწნილეებთან? მაპატიეთ, მაგრამ, ალბათ ახლაც ნასვამი ბრძანდება, და როგორ შეიძლება მიანიჭოს ჩვენმა პარტიამ პოეტ-აკადემიკოსის წოდება, შესაბამისი სამინისტროს შუამდგომლობით ადამიანს, რომელიც ასე ცხოვრობს და ამდენს სვამს?

ბესოს ეღიმება, იმიტომ, რომ ხედავს ცნობისმოყვარეობით ახალგაზრდისადმი მომღიმარ გალაკტიონს. დარბაზში სიჩუმე. ყველას კარიერა გაახსენდა, პირველი კომკავშირელი მართალია პარტიის ხაზთან მიმართებაში, მითუმეტეს რომ « пьянству бой!» მარადის ჟღერდა წითელი იმპერიის სივრცეებში, ანდროპოვის მშრალ კანონამდე ბევრად ადრე.

და უხერხულ სიჩუმეში გაისმის მგოსნის თბილი ხმა: „შენ სვაავ, ბიძიკო?“

„ვინ მე?“ – პასუხობს ქვეყნის მომავალი – „არა, რა თქმა უნდა, ამხანაგო გალაკტიონ!“

კვლავ სიჩუმე. და მერე მგოსნის განაჩენი კრებას:

„ჰოდა, მივანიჭოთ ამ კაცს პოეტი-აკადემიკოსის წოდება, და მე გამიშვით ისევ, სადაც ვიყავი!“

ასეთი კოსმიური იუმორისა და ჭვრეტის მეფე, როდესაც სტრიქონს წერს, მის გაგებას გული გონიერი სჭირდება. ახლა ძია რეზო გაბრიაძის „გალაკტიონოლოგიას“ ვკითხულობ, რომელიც მან ჩვენი ბოლო შეხვედრისას მაჩუქა. და მინდა, როგორმე მასზეც მოვყვე, როგორც მის ხელში გაზრდილმა ერთ-ერთმა ადამიანმა, განსაკუთრებით ჩვენს ბოლო საუბარზე ჭიანჭველის ფილოსოფიაზე, და ის საოცრებაც მინდა ვახსენო, როგორ დავასაფლავეთ ძია რეზო გალაკტიონის საფლავის გვერდზე, სულ რაღაც ორმოცდაათმა კაცმა, რომელთაგან ოცამდე უცხოელი მეგობრები იყვნენ, არცერთი მთავრობის წევრის გარეშე, სანამ მათ პანთეონში დაგეშილი ტელე-ტერორისტები ელოდნენ მოშვერილი რადიაციული ზარბაზნებით, ამ ჩვენს უბედურ დროებაში, მაგრამ, ეს მერე იყოს.

ჯირითს რომ დავუბრუნდეთ, ისევ ჩემს საყვარელ დედულეთს გავიხსენებ. თიბათვეს ჭალაში ციცინათელების კორიანტელი იცოდა ჩვენს ეზოში, სააბაშიძეოში, ზალიკაშვილების კუთხეში. სანამ ყვირილა საღამისოდ ახმაურდებოდა, სანამ მშრომელი ხალხის დღე შავთეთრი ტელევიზორების სამ არხთან მიქრებოდა, სანამ დათო ყიფიანის და რამაზ შენგელიასადმი „შენ გენაცვალე“ გაისმოდა, და სანამ ბაბუ ჩაფშვნილს მაჭმევდა, ეზოში დავდევდით მათ მე, თათა და ბესო და ვინც შემოგვრჩებოდა დღიდან ნათესავი ეზოში. ამ ჯირითში იყო საოცარი ნატვრა, მაგრამ ერთი-ორჯერ დაჭერილი და ქილის ქვეშ ჩასმული ციცინათელა დილას ნებისმიერ გულგაცრუებაზე უარესი სიცარიელე იყო, ამაზე დავუწერე ერთხელ ჩემს რუს მეგობრებს ჩემს ფილოსოფიურ-პოეტურ ესეში «Нет Ничего».

როგორ შევწყვიტოთ ეს ჯირითი, სანამ სიცარიელე დაისადგურებს ჩვენში, და როგორ არ ნიშნავს ეს უშრომველობას და ჩვენს ზოგჯერ სანიმუშო უქნარობას, არ გაგიკვირდეთ, იქნებ, მომავლის არქიტექტურაზე საუბრისას ვიმსჯელოთ როგორმე ისევ.

11.09.2021

XXII თავი.

ყველა ქართველურ ტომში, დღევანდელობის ჩათვლით, შეურაცხმყოფელად ითვლება იმის წარმოდგენა, რომ ჩვენ აქ ოდესმე საიდანღაც მოვედით. ადგილობრიობას, ანუ ავტოქტონურობას, ჩვენს ცნობიერებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი გავლენა ჩვენს ზნეობრივ წესზეც უზარმაზარია.

ასე, მაგალითად, ჩვენთვის ნებისმიერი ომი იყოფა დამპყრობლურ და თავდაცვით ომებად და გამონაკლისის გარეშე, ჩვენს თვალში, პირველი – უზნეოა, ხოლო უკანასკნელი – წმინდა.

სხვა კულტურების უმრავლესობაში ასე არ არის. ჩვენ ამ ჩვენს მკაფიო გაყოფაში ძალიან გვგვანან ძირეული კავკასიელები, მაგრამ, ერთა უმრავლესობისათვის, რომლებიც ათასწლოვანი გადასახლებების შედეგნი არიან, რამდენად ავტოქტონურადაც არ უნდა მიიჩნევდნენ ისინი ამჟამად თავს, ომის მორალი სულ სხვაა.

მართალია, ახლა ლიბერალურმა დიქტატურამ თავისი ყალბი lingua franca დაგვიდგინა, რომლისაც თვითონაც არ სწამს და რომელსაც თვითონ არღვევს გაუთავებელი ომებით, მაგრამ, ეს დროებითი მოვლენაა, ისევე, როგორც კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგემები.

მაგ lingua franca -ში ისეთი სისულელეები ითქმის, როგორებიცაა: „დემოკრატიები ერთმანეთში არ ომობენ,“ „არა ძალადობას,“ „საერთაშორისო თანამეგობრობა,“ „ერთა თანასწორობის პრინციპი,“ და ბევრი სხვა. მოდით, ნუ დავხარჯავთ ამეებზე დროს.

თანამედროვე დასავლური იურისპრუდენციის ერთ-ერთი მთავარი ფილოსოფოსი და გასული საუკუნის დიდი მოაზროვნე, კარლ შმიტი, თავის ცენტრალურ წიგნში „მიწის ნომოსი“, გვაძლევს ერების უფლებების განმარტებას, შუა საუკუნეების ღვთისმეტყველისა და მოაზროვნის, ისიდორე სევილიელის ეტიმოლოგიურ ენციკლოპედიაზე დაყრდნობით.

ამ განმარტებით, ერების უფლებებში შედის: მიწის დაპყრობა, ქალაქების მშენებლობა, თავდაცვითი ნაგებობების აგება, ტყვეების აყვანა და გაცვლა, მშვიდობა, დაზავება, ელჩების ხელშეუხებლობა და უცხოელებზე ქორწინების აკრძალვა.

კავკასიელს ამ განმარტებაში პირველივე საზრისი, მიწის დაპყრობა, როგორც ერის უფლება, ეგრევე ყურს ჭრის.

ამ ფუნდამენტურ განმარტებაში, რომელზეც ვინმე იტყვის, რაღა დროს ეგ არის ვესტფალიის, ერთა ლიგის და გაეროს პირობებშიო, სინამდვილეში, ძალიან კარგად ჩანს ინდოევროპული ცივილიზაციის ზნეობრივი კოდი.

გავიხსენოთ ისიც, რომ ჩვენ არ ვართ ინდოევროპელები. და, თუმცა, ჩვენც მათთან ერთად იაფეტის შტოს განვეკუთვნებით, ეს შტო ორად იყოფა, ინდოევროპულ და კავკასიურ შტოებად.

ინდოევროპელებთან შედის თანამედროვეობის 360-მდე ენა, რომელზეც 3 მილიარდი ადამიანი ლაპარაკობს, ხოლო, მხოლოდ მათ შორის უმსხვილეს 12 ენაზე – დაახლოებით 1.7 მილიარდი ადამიანი.

ჩვენი მეზობელი სომხებიდან დაწყებული, ყველა სლავი, ყველა გერმანიკული წარმოშობის, ლათინური სამკუთხედის ერები, ბერძნები, ფინო-უგრები, საერთოდ, ყველა ევროპელი, ინდუსები და უამრავი სხვა, ყველანი ინდოევროპელები არიან და არქეო-ლინგვისტების უმეტესობა თვლის, რომ პროტო-ინდოევროპულ ენასთან ყველაზე ახლოს თანამედროვე ლიტვური ენა დგას.

იაფეტის მეორე შტოს შევადგენთ ჩვენ, რამდენიმე კავკასიური ერის ჩათვლით, ჩვენი რაოდენობა შეუდარებლად უფრო მცირეა, ამ ჩვენი შორეული ნათესავების მასასთან შედარებით, მაგრამ, ეს არ არის ამ ჩვენი ორი შტოს ძირეული განსხვავება.

ძირეული განსხვავება არის ის, რომ ჩვენს შტოში ყველა თავს მიიჩნევს – და ამაში მათ მეცნიერების აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება – ავტოქტონურ მოსახლეობად, ხოლო, მთელი ეს გიგანტური ინდოევროპული მასა დედამიწაზე გაუთავებელი მოძრაობის შედეგია.

ამ ჩვენს უძრაობას და მის გავლენას ჩვენს ლოგოსზე, ეძღვნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი ნააზრევი, რომელსაც „იბერიული ლოგოსი“ ჰქვია. წერილობითი მონოგრაფია ჯერ არ დამიმთავრებია, მაგრამ, საუბრის სახით – ზაზა შათირიშვილთან, სოსო მანჯავიძესთან და რამდენიმე სხვა მეგობართან ერთად, იგი უკვე რამდენიმე წელია საჯაროდ დევს.

ამ გააზრების ფარგლებში, მე ხაზს ვუსვამ ძირეულ განსხვავებას წარღვნის მერე ედემის არ მაძებარ და მაძებარ ლოგოსებს შორის, და ამ პრიზმაში, ყველაფერი, რაც ინდოევროპელებს შორის ხდება, ამ კულტუროლოგიური თვალსაზრისით, მათი შიდა საქმეა.

მაგრამ, საქმე უფრო რთულადაა და სანამ ამ სირთულეზე გადავიდოდე, მინდა ვახსენო ნოეს დანარჩენი ორი შტო, ჩვენგან ძირითადად სამხრეთ-დასავლით განსახლებული ქამიტური და ჩვენგან სამხრეთ-აღმოსავლით განსახლებული სემიტური შტოები.

ამ ორის გავლენა მსოფლიო ისტორიაზე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იაფეტურისა, მაგრამ, მოდერნსა და პოსტმოდერნში საქმე გვაქვს სწორედ იაფეტური შტოს ინდოევროპული განშტოების დროებით დომინაციასთან, რომელიც ჩვენს გაუნათლებელ ლიბერალებს პერმანენტული ჰგონიათ.

ჩვენი და ინდოევროპელების, როგორც ჭეშმარიტი ავტოქტონებისა და გაავტოქტონებული მომთაბარეების, ურთიერთობათა სირთულეს რომ დავუბრუნდეთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ზე-ეროვნული მნიშვნელობის სარწმუნოებრივი ფაქტორი, რომლის მიხედვით, ნათესაობაც წესით უფრო ძლიერია, ვიდრე სისხლით, ისევე, როგორც ჩვენს წესში მირონით ნათესაობა შვიდ თაობაზე გადადის, ხოლო სისხლით – ოთხზე.

ამ თვალსაზრისით, თვალსაჩინოა, როგორ იჩენს ძირეული ლოგოსი თავს ერთმორწმუნე ინდოევროპელსა (არა აქვს მნიშვნელობა ბერძენი იქნება ის, თუ რუსი) და კავკასიელ ქართველს შორის.

ინდოევროპელი, თავისი მაძებარი ლოგოსის ძახილით, როგორც კი ძალას იკრებს, მარადის იმპერიისაკენ ისწრაფვის და მას მორალურად, ჩვენი სარწმუნოების ფარგლებში, პავლე მოციქულის ეპისტოლეში ნახსენები წმინდა მეფის, „კატეხონის“ – ანუ ანტიქრისტეს შემაჩერებლის ფუნქციით ამართლებს.

ამიტომაა, მეორე და მესამე რომიც ექსპანსიური (ისევე, როგორც ყველა ჯანიანი ინდოევროპული სახელმწიფო), და ვერაფერ ამორალურს ამ ექსპანსიურობაში ვერ ხედავს, რადგან, სხვანაირად, მის მორალურ სისტემაში ხდება ანტიქრისტეს ექსპანსია.

განსაკუთრებული შემთხვევაა სერბი ხალხი, რომელმაც სარწმუნოების დაცვის ჩვენსავით გმირული გზა გამოიარა და ძლევამოსილების ზღურბლზე მათმა წმინდა მეფე ლაზარემ შეგნებული არჩევანი გააკეთა: კოსოვოს ბრძოლის წინ მას მაცხოვარი გამოეცხადა და შესთავაზა – ან ოსმალოზე გამარჯვება და «Великаja Србjиа»-ს შექმნა, მაგრამ, მართლმადიდებლური სულის დაკარგვა, ან კოსოვოს ველზე მხედართმთავრებთან ერთად ჭეშმარიტებისათვის დაღუპვა, ოსმალოს ქვეშ 500 წელი ყოფნა, მაგრამ, მართლმადიდებლობის შენარჩუნება. და ლაზარემ მეორე აირჩია, შეგნებულად.

არავის ისეთი სიღრმით არ აღუწერია იმპერიის მიერ მართლმადიდებლობის შენარჩუნების ზნეობრივი სირთულეები, როგორც სახელმწიფოებრივი აზროვნების ტიტანს, ლევ ტიხომიროვს, თავის ეპოქალურ ნაწარმოებში «Монархическая Государственность», და ჩემი აზრით, არავინ ისე არ გაწვალებულა ამ სირთულეებისაგან, როგორც რუსი ხალხი.

თუ მას, ამ მიმდინარე ბრძოლაში, წმინდა საწყისებთან დაბრუნება უწერია, და თუ ჩვენც, ჩვენთან უფრო ახლო მყოფი, ანტიოქიურ-სირიული ასკეტური ქრისტიანობის მრავალსაუკუნოვან გზას დავუბრუნდით ჩვენი აღდგენადი მონარქიის ფარგლებში, მაშინ, შესაძლოა, ამ ორივე ერს კიდევ ერთი საშუალება მიეცეს, ამჯერად სწორი, და არა „მე შენ გადაგარჩინე და ჩაგყლაპე და შენ უმადური გამექეცი“ მოდელით, რომელშიც არავითარი პერსპექტივა არ არსებობს.

ამ მოდელის, როგორც ორი დამოუკიდებელი მართლმადიდებელი სახელმწიფოს კონცეფცია, მე ვრცლად მაქვს გაშლილი ჩემს ნაშრომში «Второй Иерусалим и Третий Рим». მის მიხედვით, ეს ჩვენი მოკავშირეობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გამთლიანებით რუსეთის კეთილი ნების შემთხვევაში, და ამის საფუძველზე უმნიშვნელოვანესი „შეურწყმელი და განუყოფელი“ დიქოტომიის შექმნით, ქალკედონის კრების განმარტებითი ანალოგიის მიხედვით.

ამიტომ ვარ მე „სამშობლოს მოღალატე“ იმ გაყიდული, ან მათ მიერ ზომბირებული ძალებისათვის, ვისაც, ნებისმიერ შემთხვევაში, სურთ მტრობა რუსეთთან და არ ესმით ამის უპერსპექტივობა ჩვენი ქვეყნისათვის.

უფრო მნიშვნელოვანს რომ დავუბრუნდეთ, სწორედ ამ ჩვენი ავტოქტონურობის გამოა, რომ ჩვენ არცერთი ინდოევროპული იმპერიული მოდელი არ გვერგება და საქართველოს განვითარების გზა გადის ჩვენი სიღრმისეული, არ მაძებარი, კავკასიური ლოგოსის გააზრებაზე, რომლის მიხედვითაც უნდა აეწყოს ჩვენი ქვეყანაც, მისი პოლიტიკაცა და მისი ეკონომიკაც.

ყველაფერ ამის სათავეში უნდა მოექცეს ჩვენი უნიკალური ქვეყნის სულიერი მისიის სიღრმისეული და კულტურული გააზრება და ამ ნააზრევის სინამდვილეში განხორციელება.

ეს არავის არ სჭირდება ჩვენზე უფრო, ამას ვერავინ იზამს ჩვენს გარდა, ამას მიუძღვნა თავისი სიცოცხლე მისმა უწმინდესობამ და ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, რა ბედნიერები ვართ, რომ ის გვყავს და მისი წინამძღოლობით გავდივართ უკანასკნელ კლდეებს სცილასა და ქარიბდას ურთულესი ფარვატერისა, რომლის შემდეგაც ან დავიღუპებით, ან იმ სამშვიდობოს გავალთ, რომელსაც ნატრობდნენ საუკუნეების მანძილზე ჩვენი ერის საუკეთესო შვილები.

12.09.2021

- ლევან ვასაძე და მეგობრები – საუბარი #3 – “იბერიული ლოგოსი” (სრული ვერსია): https://www.youtube.com/watch?v=vFnmMzA6QGY

- Леван Васадзе – Второй Иерусалим и Третий Рим (ლევან ვასაძე - მეორე იერუსალიმი და მესამე რომი): https://www.youtube.com/watch?v=Io3TfP3gHWw

XXIII თავი

არის ჩემი ნაშრომების ნაწილი, რომლებიც გასული წლების მანძილზე ტელემიმართვების სახით ქვეყნდებოდა, თუმცა, როგორც ეს არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, მე მათაც ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი, უმეტეს შემთხვევაში, წინასწარ ვწერდი და ისე ვკითხულობდი, რათა არაფერი მნიშვნელოვანი არ გამომრჩენოდა ან ზედმეტი არ მეთქვა. იმ სამოცდაათიოდე ტელემიმართვასა და მეგობრებთან ოციოდე საუბარს, ამ ოთხიოდე წლის განმავლობაში ოც მილიონამდე ნახვა დაუგროვდა, რაც, ჩვენი მოსახლეობის სიდიდიდან გამომდინარე, იმაზე მეტყველებს, რომ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მარტო ჩვენ არ გვაინტერესებდა.

მე არაერთხელ მითქვამს, რომ სიტყვა, გინდ თქმული, და გინდ ნაწერი, არაფერზე ნაკლები საქმე არაა, თუ მეტი არა, და ჩვენი სკეპტიკური შემომძახებლები, საქმე აკეთეთ, საქმეო, ამას ან არ, ან ვერ იგებდნენ ეს წლები, მიდი და გაარჩიე მათში „ტროლი“ ზომბისაგან.

და ის ხალხიც, ვინც ეს წლები ე.წ. საქმეს აკეთებდა, ანუ პრაქტიკულ პოლიტიკაში მონაწილეობდა, რას აკეთებდა რომ, სიტყვის თქმის გარდა – თუმცა, ვაგლახ, რომ ბევრი, ან უმეტესი მათგანი, მაგით არ იფარგლებოდა და ხალხის ხარჯზე ჯიბეს ისქელებდა. ვფიქრობ, ის კორუფცია, რომლის მომსწრეებიც ჩვენ გავხდით ლიბერალურ რესპუბლიკაში, არც კი დაესიზმრებოდათ კომუნისტების ყველაზე კორუმპირებულ ეშელონებსაც კი – მათი ვოლგები და გადამალული ოქრო შაყირია იმასთან შედარებით, რაც ანტიეროვნულმა რესპუბლიკამ მოუტანა მის მმართველებს ბოლო 30 წლის განმავლობაში და ამას ბოლო არ უჩანს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ კომუნიზმს მივტირი, თუმცა, ამასაც ბევრი აკეთებს.

მითები ლიბერალურ რესპუბლიკებში კორუფციის არ არსებობის შესახებ, ისევე, როგორც ნებისმიერ სახელმწიფოში, ალბათ იდიოტებისთვისაა, მაგრამ, ის, რაც ჩვენთან ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. და გასაგებია, რომ ვაშინგტონის მრავალ მილიარდიანი ლობიზმის ინდუსტრიაცა და ბრიუსელის ლეგენდარული ბიუროკრატიაც სხვა არაფერია, თუ არა ბიუროკრატიის ლეგალიზებული კორუფცია, მაგრამ, ჩვენ, მგონი, აქაც ყველას გავასწარით, როგორც საბჭოთა დროს ვაჯობეთ ყველას იმდროინდელ კორუფციაში.

არ ვიცი, რას დავუკავშირო ეს, რომელ ჩვენს ეროვნულ თვისებას, მაგრამ, ამ ბოლო თვეებში ჩვენი ხელისუფლების მაღალი ეშელონების წევრებისაგან მსმენია, რომ ეს უცხოური ვალები მაინც არასოდეს არ დაბრუნდება, ეს ყველას გვესმის და ამიტომ, ჩვენც დინებას მივყვებითო, ანუ, იგულისხმება, ქვეყანას ამ ვალებით ვტვირთავთ და არ ვთვლით, რომ მას რამეს ვპარავთო.

იგივე მახსენდება საბჭოთა დროს მასიური პარვის პირობებში, თუმცა, ნაკლებად მასშტაბურის, ვიდრე ახლა ხდება, ახლა პირდაპირ შეთქმული მანქანა მუშაობს ამაზე და ჩათრეული ჰყავს ვალის მომცემიცა და ვალის ამღებიც, ვალის გამნაწილებელიცა და ვალის მიმღებიც, და აი, საბჭოთა დროსაც იგივე იყო: გამოიტანდნენ ბიუჯეტს ობიექტისათვის „გოსპლანიდან“ ჩვენი „ბნელიტის“ მამები, გაიქანებდნენ ჯიბეში და არ მიაჩნდათ, რომ მას ქვეყანას ჰპარავდნენ, მიაჩნდათ, რომ ამას რუსებს ჰპარავდნენ. ახლა ამერიკელებს და ევროპელებს ჰპარავენ. და ვართ ასე.

ჩემი აზრით, ეს სახელმწიფოებრიობის კულტურა-დაკარგული ერის სინდრომია, და თუმცა, კიდევ ერთხელ, კორუფცია ყველგან არსებობს, რუსეთში რომ არის, ისეთი უნდა, ან აგერ, ჩინეთი ყოველწლიურად 3 ათასამდე კორუფციონერს ხვრეტს საჯაროდ, მაგრამ, ირონიაც ისაა, რომ ჩვენთან თითქმის არავინ არ ისჯება. შეიძლება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არცერთი გზის დამგები, არცერთი კორპუსების მშენებლობის ნებართვების გამცემი და არქიტექტორი, არცერთი მეაფთიაქე, არცერთი ნარკომოვაჭრეებზე ხელის მიმფარებელი მოსამართლე და პოლიციელი არ დასჯილიყო? ჰოდა, რისი იმედი გვაქვს ამ ჭაობში ჩაფლულებს, რომ ერთი ვიღაც მოვა და ყველაფერ ამისაგან გაგვათავისუფლებს? და როგორ, იქნებ, ჩვენც ეგეთები ვართ, უბრალოდ, იმიტომ ვზუზუნებთ, რომ ჩვენ არ მიგვიშვეს მაგავე სალაფავთან?

რამდენს გყოლიათ ახლობელი ან ნათესავი, ვინც რამე საქმეში ან თანამდებობაზე დაგინიშნავთ და იმდენი უბაცაცია, რომ თვალის ხუჭვისაგან თვალები გტკენიათ და არანაირ მინიშნებებს და პირდაპირ საუბრებს არ გამოუღია შედეგი? უფრო სწორედ, ასე ვიკითხოთ: არის კი საქართველოში ადამიანი, ვისაც ეს არ უნახავს, ან არ ჩაუდენია თვითონ? და მე რომ ამ შეკითხვებს გულისტკივილით ვსვამ, ამიტომ ვარ ქვეყნის მოღალატე და მოგზავნილი აგენტი? და ჩვენ გვგონია, რომ რაღაც უცხოური, გაუთავებელი „რეფორმებით“ და ცინიკური „ტრენერებით“ მოვერევით ამას?

გახსოვთ, პირველ თავში, როდესაც მე ჩვენი ვარდნის პოეტური და ფილოსოფიური პრობლემები აღვწერე, პოეტურზე პასუხისას მოგახსენეთ, რომ არ შემიძლია უფსკრულში ცქერა და მასზე წერა და მირჩევნია ცა ვეძებო, რომელიც სულ უფრო გვშორდება? და, თუმცა, ზოგჯერ მეც გამირბის თვალი ქვევით, როგორც წინა აბზაცებში მოხდა, მაინც არ შემიძლია ამ მდგომარეობაში დიდხანს გაძლება. უკვე გამოქვეყნებულ ნაშრომებს რომ დავუბრუნდეთ, თუნდაც ტელემიმართვების ან სხვადასხვა სტატიების სახით, ნება მიბოძეთ, ზოგჯერ მათ დავესესხო, არა იმიტომ, რომ ამ დღიურის წერა მეზარება, არამედ იმიტომ, რომ ამ ფორმატს სხვა თავისებურებები აქვს, და ის, რაც შეიძლება ადამიანმა ტელემიმართვების სმენისას გამოტოვოს, კითხვისას აუცილებლად ჩაებეჭდება გონებაში. ამიტომ, იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ფიქრი უკვე განვლილს დაუბრუნდება, მე, მიუხედავად თავის შეწყენის საფრთხისა, ნაშრომების რაღაც ნაწილს აქაც მოვიშველიებ, მითუმეტეს, რომ დიდი ალბათობით, ყველას ყველაფერი ნანახი მაინც არც ექნება.

ამიტომ დღეს, რაც დრო დაგვრჩა, ორიოდე სიტყვით ვისაუბროთ “დაკარგულ თაობაზე”.

ომის, კრიზისებისა და გაჭირვების შედეგად დაცემულ ქვეყანაში, კულტურულ აღორძინებას ყველა ერი ვერ ახერხებს. ამ აღორძინებისათვის აუცილებელი სასიცოცხლო ძალების მოკრება მარტივი საქმე არ არის, და ის ერი, ვინც ამ ჭაპანს წევს, ხშირად ამას ახდენს არა მხოლოდ შინაგან წყაროებზე დაყრდნობით, არამედ, სხვა კულტურებზე წამხედურობითაც.

ასე ქნეს ე.წ. ოქროს ხანის შემდგომმა ამერიკელებმაც გასული საუკუნის 20-30-იან წლებში. პირველი მსოფლიო ომის და მას მოყოლილი უოლ-სტრიტის „დიდი დეპრესიის“ თაობამ ამერიკული ლიტერატურის, ვიტყოდი, მეოთხე პერიოდის რენესანსი (კოლონიალურის, რევოლუციურისა და მე-19 საუკუნის პერიოდების შემდეგ), არა მხოლოდ ეროვნულ, ამერიკულ ფესვებს დააფუძნა, არამედ, ევროპაზე წამხედურობასაც.

ობიექტურობისათვის უნდა ითქვას, რომ ამ ევროფილიას ამერიკელთათვის ასე დამახასიათებელი მერკანტილური ახსნაც ჰქონდა. ფრანგული ფრანკის მკვეთრმა, თუ არ მეშლება, 12-ჯერადმა ვარდნამ დოლართან მიმართებაში, ძალზედ იაფი გახადა ამერიკული ბომონდისათვის პარიზში ბოგინი.

“They Do Things Better in Paris” – „ყველაფერი უკეთ კეთდება პარიზში“, გახდა მთავარი ლოზუნგი ამერიკული ემიგრაციის ნაკადებისათვის ორ მსოფლიო ომს შუა პერიოდში და ერთგვარი “კულტურული პილიგრიმაჟის” მდინარედაც გადაიქცა, რომელშიც ირეოდა მწერალიცა და პოეტიც, მხატვარიცა და კრიტიკოსიც, ძაღლიცა და კატაც. მონპარნასზე, კაფე „როტონდა“-ში ფანტასტიკურად ნიჭიერი ერნესტ ჰემინგუეი თავისი კალმის უნაყოფობაზე წუხდა და ვინ იცის, იქნებ, უცნობელი თვალით გადაავლებდა მზერას მაძებარ კაკაბაძესა და გუდიაშვილს და დაღონებულ თაყაიშვილს; უნიჭო და გარყვნილი გერტრუდა სტაინი, იანკი-ფობიური ფრანგების გულის გასახეთქად, 12 ცილინდრიანი ფორდითა და მანტოთი დაშლიგინებდა; ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი უფრო მაგრად ერთობოდა, ვიდრე მისივე რომანის გმირები და ნიუ-იორკსა და პარიზს შორის მიდი-მოდიოდნენ ლიტერატურის კორიფეებად უკვე შერაცხული შერვუდ ანდერსონი, ეზრა პაუნდი და ჰენრი მილერი. ამერიკელთა წინა თაობის კულტურული ინფერიორულობის კომპლექსი, ლამის მარკ ტვენის დროიდან მოყოლებული, დამღად აჯდა ამ სიცოცხლითა და ხმაურით სავსე, საინტერესო ამერიკელებს, და ამ კულტურული ვაკუუმის შევსების მაძებარი ამერიკული ბომონდი, სინამდვილეში, იმ ჰედონისტურ-ეგოცენტრულ შარბათს ეწაფებოდა, რომელიც ნახევარი საუკუნის შემდეგ, ამერიკული აკადემიური წრეების ცინიზმის გამო, „ყვავილების შვილების“ თაობამდე მიიყვანდა შეერთებული შტატების კულტურას, და მერე, კიდევ მაგდენივე დროის შემდეგ, მის სრულ ამჟამინდელ ლიბერალ-მარქსისტულ კრახს გამოიწვევდა. მაგრამ ახლა, მაგის დრო არ იყო, ამერიკელი მწერლების ამ თაობისათვის, მარკესის ალეგორია რომ ვიხმაროთ, სამყარო ისეთი ახალი იყო, რომ ნივთებს სახელი არ ჰქონდათ და მათზე უბრალოდ მითითება იყო საჭირო, და აი, ამ ეკლექტიკურ მიქსში, საკუთარი სამშობლოდან შორს, „ფრანციცულობის“ წამხედურობაში იბადებოდა ამერიკული კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი პლასტი ჩვენი პლანეტისათვის.

მისი, როგორც „დაკარგული თაობის“ სახელწოდების, წარმოშობის შესახებ რამდენიმე მცდარი ვერსია არსებობს, სინამდვილეში კი, ეს ასე მოხდა: ამაზრზენი გერტრუდა სტაინის მოპყრობით გაღიზიანებულმა პარიზელმა, ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, პროფილაქტიკის ხელოსანმა, შეამკო ეს ტუტუცი ქალი ამ ეპითეტით, უთხრა, რა გაგვიწყალეთ საქმე, თქვენ, ყველანი, დაკარგული თაობა ბრძანდებით თქვენი ქვეყნისათვისო და ურჩია, წაეთრიეთ თქვენს ამერიკაში ყველანიო. სტაინმა ესეც საკუთარი პიარისთვის გამოიყენა და ეს სახელი მთელი თაობის „ნიკად“ დააწესა.

50-იოდე წლის შემდეგ, მე, 19 წლის ასაკში, ამერიკაში, ნიუ-იორკში, სტრუქტურული გეოლოგიისა და მინერალოგიის სასწავლად გაცვლით ჩასულმა საბჭოთა სტუდენტმა, ჩემი კურატორების გასაკვირად, ვთხოვე მათ, თუ იყო ამის შესაძლებლობა, „დაკარგული თაობის“ კურსზეც ჩავერიცხე ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტზე.

ლეიქ პლესიდის მიდამოებში განლაგებული ამ პატარა, ძალიან ლამაზი უნივერსიტეტის კვალობაზე, მაინც ეგზოტიკური ინტერესი აღმომაჩნდა და ვგონებ, განგება იყო, რომ ძალიან, ძალიან გამიმართლა მასწავლებელ-პროფესორში, ქალბატონ პატრიცია მორსში, რომელიც, იქნებ, ახლა აღარც კი ბრძანდება ცოცხალი.

პროფესორი მორსი, როგორც იტყვიან, თავისთვის შესაფერის ეპოქაზე ერთი საუკუნით გვიან დაბადებული ადამიანი გახლდათ. მას ძალიან გაუკვირდა თავის კურსზე ჩემისთანა სტუდენტის ჩარიცხვა, რომელიც მისი საყვარელი ჯონ სტეინბეკის აღწერის მიხედვით, სწორედ იმ ჯორჯიიდან იყო, სადაც რუსებს გარდაცვალების მერე მოხვედრის ოცნება ჰქონდათ, როგორც სამოთხეში.

როგორც ერთხელ თვითონ მითხრა, მით უფრო უცნაური იყო მისთვის, რომ მე, როგორც საბჭოთა რეპრესირებული ბაბუა-ბებიების თაობის შვილს, კურსის თითქმის ყველა წიგნი წაკითხული მქონდა და ამიტომ, სანამ ჩემი ამერიკელი თანაკურსელები ტექსტებს ეცნობოდნენ, მე და პროფესორი მორსი “დაკარგული თაობის” სამყაროში ვმოგზაურობდით, მე ხუმრობით ვციტირებდი ჰემინგუეის მიერ საკუთარი მკვდარი კატისათვის დაწერილ ეულოგიის ტექსტს და ერთად ვიცინოდით ამაზე, ის კი, თავისებურ ახსნას მაძლევდა იმისა, თუ რატომ ვერასოდეს ვერ წერდა ჰემინგუეი იმ ადგილის შესახებ, სადაც იმ მომენტში ფიზიკურად იმყოფებოდა.

მე ნამდვილად არ გახლდით მისი საუკეთესო მოსწავლე, ისიც მახსოვს, როგორ მითხრა, მისტერ ვასაძე, თქვენ არ იცით წესიერი „ფეიფერების“ წერა იმ მეთოდით, რომელსაც ჩვენ კოლეჯამდე სკოლებში ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, თქვენ საიდანღაც გაქვთ წიგნისადმი ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია აღარ, თუ ვეღარ ვასწავლით ჩვენი ლიტერატურის სტუდენტებსო. როდესაც ვუთხარი, რომ ეს დამოკიდებულება სულაც არ იყო ჩემი რაიმე პიროვნული თვისება და იგი, უბრალოდ, ჩვენი ქართული, ან თუნდაც აღმოსავლურ ქრისტიანული, კულტურისათვის დამახასიათებელ იდეალიზმს წარმოადგენდა, ვგონებ, მან ვერ გაიგო რას ვგულისხმობდი.

მე, მიამიტ რომანტიკოსს, „დაკარგულ თაობაში“ ბევრი გულგაცრუება მელოდა. ეს იყო აშკარად თითიდან გამოწოვილი და სხვებთან ასიმეტრიულად გატოლებული ჰენრი მილერის “Tropic of Cancer”-იც, ჩემთვის მდაბიო და ნაცრისფერი სტაინის „ელის ტოკლასის ავტობიოგრაფიაც“ და, ქართული პოეტური სტანდარტისათვის დიდი არაფერი, მაგრამ, ამერიკელების მიერ გაღმერთებული პაუნდის პოეზიაც. მაგრამ, ყველაზე დიდი შოკი, რა თქმა უნდა, ჩემთვის იმის აღმოჩენა იყო, თუ რამდენად მართავდა, თურმე, ლიტერატურული კრიტიკა და ნაცნობობა იმას, რასაც მე, მიამიტი, საკუთარი გემოვნებისა და ინდივიდუალური არჩევანის პროდუქტად მივიჩნევდი.

დავანებოთ თავი იმას, რომ, მაგალითად, ბოსტონში, ჟარგონი რომ ვიხმაროთ, ე.წ. „სვეცკი რაუტზე“ იქვე გაცნობილ, ცოლთან ერთად იტალიაში მიმავალ, კანადური გაზეთის – „ტორონტო სტარის“ – ყველასათვის უცნობ რეპორტიორს, ერნესტ ჰემინგუეის, შერვუდ ანდერსონი, რატომღაც, სრულიად არაპროპორციულად მაქებარ სარეკომენდაციო წერილს ატანს იმდროინდელი ამერიკული პარიზის „მამაშა“ გერტრუდა სტაინთან, სადაც წერს: „ძვირფასო გერტრუდა, ძალიან გთხოვ, შენს წრეში გულითადად მიიღო და ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინო ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდა კაცს, რომელიც, მერწმუნე, ოდესღაც ამერიკული ლიტერატურის სიამაყე გახდება.“ და ეს ოცდახუთიოდე წლის კაცზე, რომელსაც მაგ დროისთვის არაფერი დაუწერია, საგაზეთო რეპორტაჟების გარდა და თავი არაფრით გამოუჩენია, გარდა იმ ფაქტისა, რომ პირველ მსოფლიო ომში, 19 წლის ასაკში, სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად მუშაობისას, დაჭრილი მებრძოლის დახმარებისას, რბილ ადგილას დაიჭრა, რატომღაც, ლამის პირველ მსოფლიო ომში დაჭრილ პირველ ამერიკელად იქნა მონათლული და რომლის პორტრეტებითაც აჭრელდა ამიტომ მთელი ამერიკის ავტობანები. ჩავთვალოთ, რომ ეს, ამ დიდი ამერიკელი ლიტერატორის, შერვუდ ანდერსონის, აუხსნელი, ლამის გენიალური წინასწარმეტყველების უნარის გამოვლინება გახლდათ, და არა თავიდანვე კარგად დაგეგმილი პიარ-სტრატეგია იმ მწერლისათვის, რომლის გენიალურობაშიც მე პირადად ეჭვი არასოდეს შემპარვია – არც მანამდე, და არც მაგ ამბის გაგების შემდეგ.

მაგრამ, აი, უკვე ის ფაქტი, რომ როდესაც „დაკარგულმა თაობამ“ ამერიკულ კულტურაში არაპროპორციული ხვედრითი წილი აკრიფა და აშკარად გაჩნდა დაკვეთა, საპირწონედ, ამერიკიდან გაუსვლელი მისივე თანამედროვე გენიოსების გამოჩხრეკვაზე, და რომ სწორედ ამის ფონზე „ამოიქექა“ უილიამ ფოლკნერი და იმავე შერვუდ ანდერსონისა და ეზრა პაუნდის მიერ მოხდა მისი განდიდება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამთრგუნველ ფაქტად მომეჩვენა იმდროინდელ ახალგაზრდა რომანტიკოსს, რომელსაც, კიდევ ერთხელ, მანამდე ეგონა, რომ თავისუფალია, თვითონ, ობიექტურად ირჩევს, რა მოსწონს და რა არა, და რომ მას ამ არჩევანის გაკეთებაში კულისებიდან არავინ მართავს.

ეს, მითუმეტეს, როდესაც აღმოვაჩინე, რომ როდესაც ფოლკნერს ხელი მოჰკიდეს, განადიდეს და „გაქაჩეს“, იმ დროისათვის მას ყველა თავისი რომანი უკვე დაწერილი ჰქონდა, ზოგი ცოტ-ცოტა გამოცემულიც, მაგრამ, ისინი თაროზე იმტვერებოდა და არავის აინტერესებდა დიდად, 1949 წელს მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებამდე.

ასეა თუ ისე, არ არსებობს მეოცე საუკუნის კულტურა „დაკარგული თაობის“ გარეშე. რითია ის საგულისხმო ოცდამეერთე საუკუნის ქართველთა დაკარგული თაობისათვის, თითქოსდა, სად ისინი და სად ჩვენ, სად მათი კულტურული ტრადიცია და სად ჩვენი, სად მათი ისტორიული მომენტი და სად ჩვენი, სად მათი პრობლემები და სად ჩვენი, ისინი ალთას, ჩვენ კი – ბალთას.

მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ არც მთლად მასეა საქმე. ახლა, ჩემმა მტერმა მიჰბაძა ჰემინგუეის ლოთობასა და თვითმკვლელობაში და, მითუმეტეს, სტაინს ცხოვრების წესში, მაგრამ ის, რაც ამ კულტურული ამერიკელების ნაკადში უდავოდ არის პირადად ჩემთვის შესაშური და ჩვენი თაობისთვის – სასურველი, არის მათი დაუოკებელი ჟინი პლანეტაზე მოძრაობისა, საკუთარ ქვეყანაზე გარედან შეხედვისა, მერე მასში დაბრუნებისა და მისი კულტურის მსახურებისა, ის, რაც ასე გვაკლია ჩვენს თავსა და ერთმანეთის გინებაში, ამ ჩვენს პატარა სამყაროში ჩაკეტილ დიდი კულტურის წარმომადგენლებს, რომელსაც მე, ერთ ჩემს ნააზრევში, არ-მაძებარი ლოგოსის მატარებლები ვუწოდე – არა საწყენად, არამედ გასახარად.

მაგრამ, მეჩვენება, რომ ჩვენი ეს სტატიკურობა და არ-მაძებარობა ხშირად ჩამყაყებულობაში გადაგვეზრდება ხოლმე, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც მუშაობა ეზარება და საკუთარი ქვეყნის ტრადიციის ღალატსა და გინებაზე სურს ფულის შოვნა და თავი უცხოთა წამხედურობით მოაქვს.

ამიტომ, მოდით, ამ ჩვენმა დაკარგულმა თაობამაც ბევრი ვიმოძრაოთ, ვიკითხოთ და ვიშრომოთ, მთელს მსოფლიოს მოვედოთ, მაგრამ, ერთი პირობით: რომ ამას საქართველოსთვის, მისი ტრადიციებისთვის, ქართული ოჯახისთვის და ერთმანეთის მხარდაჭერისა და გამრავლებისათვის ვაკეთებთ.

13.09.2021

XXIV თავი

რა არის კარგად ყოფნა… და რა არის ცუდად ყოფნა? თითქოს, ამაზე მარტივი კითხვა რა უნდა იყოს?! ამ დროს, მთელი ცხოვრებაა ვრწმუნდები, რომ ამაზე რთული კითხვა ცოტა თუ მოიძებნება ამქვეყნად.

ხორციელ ჭრილში, თითქოს, ყველაფერი მარტივია – თუ ხორცი კარგადაა, ესე იგი, კარგად ხარ. მაგრამ, განა ადამიანი მხოლოდ ხორცია? თურმე, ძველები ავადობისას ამბობდნენ, ქრისტე მესტუმრაო. ჩვენთვის ეს ამ დროში წარმოუდგენელი სიმაღლეა.

ან, ავიღოთ შვილები. ყველა მშობელი იტყვის, ოღონდ თქვენ იყავით კარგად და მე არაფერი მინდაო. და რა არის შვილების კარგად ყოფნა? ბევრი ფული, კარიერა, ბინები და მანქანები? არა, იტყვის ბევრი მშობელი, მთავარია ჯანმრთელობა. და რომელ მშობელს არ გაუსკდება გული შვილის ავადობაზე, მტერს არ ვუსურვებ მაგას, მაგრამ, რამდენია, რომ შვილი ჯანმრთელი და უზრუნველყოფილი ჰყავს და, სამწუხაროდ, ამ უზრუნველობისაგან ის ისეთ არჩევანებს აკეთებს, რომ სულსაც იღუპავს და ხორცსაც? განა ჩვენი ქვეყანა ამის საგოდებელ სასაფლაოდ არაა ქცეული?

მაშ, რა არის კარგად ყოფნა? როგორც ჩვენი მამა გვასწავლის, თავისთავად მატერიალურ საშუალებას არ გააჩნია მორალური განზომილება. ის უბრალოდ იარაღია. გააჩნია რაში იყენებს იარაღს თავად ადამიანი.

თუ თვითგანდიდებისათვის, შვილების განებივრებისათვის, სხვებისადმი ზურგის შექცევისათვის, და ღმრთის ნაცვლად, ვინც მას ეს მისცა, ფუჭი იმედის ამ მიცემულზე დამყარებისათვის, ის უსინდისოდ რჩება და წვალებას იწყებს.

როდესაც ეს ავადობა დამეტაკა, მე – (კვეხნით არ ვამბობ) წარსულში, როცა ამის საშუალება მქონდა, ბევრად მეტის გამცემი სხვა მრავალთა, უცნობთა ავადობებისათვის – არ აღმოვჩნდი მზად ამისათვის.

და თუმცა, არც არავინ იცის, რამსირგძეა ჩემთვის ეს გზა – რადგან ეს ქრონიკულ, ანუ თითქმის უკურნებელ სენად ითვლება – რამდენ დროსა და საშუალებას წაიღებს, მაგრამ, აი, მოვიდნენ კაცები და დამიდგნენ გვერდში.

მე არ მითხოვია, თვითონ, რამდენიმე, როგორც კაცებს სჩვევიათ, თვითონვე მითხრეს და გააკეთეს, ჩუმად, მეგობრობით.

და მე მათ სახელებს არ ვიტყვი, იმიტომ, რომ თავად ვიცი, როგორი რიგები გიდგება სახლთან და ყველგან, სადაც ხარ, როცა რამის გაცემის საშუალება გაქვს.

და როდესაც უფალი ინებებს, ან მე, ან ჩემი ოჯახი მაგ კაცებს „არ შევარჩენთ“ ამ ქველმოქმედებას, ვიჩხუბებთ და დავუბრუნებთ, მაგრამ, აქ ამაზე არაა საუბარი.

რამდენიმე წლის წინ შაყირი იქნებოდა ჩემთვის ამის ყველაფრის ტვირთვა, მაგრამ, ყოვლად მოწყალე უფალმა აქაც დამანახა თავისი საოცარი ხელი, რისა მეშინოდეს?!

კიდევ უფრო მეტი სიძნელეა სხვა სახის, არა-ნივთიერი დახმარების აღმოჩენა ადამიანისათვის: ან სამსახურით, ან წახალისებით, ან სიტყვის შეწევნით, ანუ ნებისმიერის, რასაც ჩვენ სიკეთეს ვუწოდებთ.

მანდაც რამდენი შეცდომა დამიშვია, ჩემი ადვილი აღტაცებადობის გამო. არც ვარ დარწმუნებული, ვისაც დავხმარებივარ, ხშირად, მიმიმართავს მისი ცხოვრება უკეთეთესობისკენ, თუ უარეს განსაცდელში ჩამიგდია, მათ შორის ჩემს მიმართაც.

სიკეთის კეთებასაც, არა მხოლოდ ნივთიერი საშუალებებით, არამედ, სხვანაირადაც, დიდი სიფრთხილე და სიბრძნე სჭირდება, ოღონდ არა ისეთი, ადამიანი რომ ამ მიზეზს ეფარება და სინამდვილეში ღორობს. ჩემი მოკრძალებული გამოცდილებით, სუფთა გულით გაკეთებულ სიკეთეს, თუნდაც შეცდომით, უფალი მაგ გულის სისუფთავისათვის ასწორებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სიკეთის მიმღები ადამიანის ქმედებების პირობებში.

მაგრამ, რამდენი შემთხვევა ვიცით, რომ ადამიანზე რაღაც სასჯელი იქნა დაშვებული და ახლობლებმა, მისი ამ სასჯელისაგან არიდების გამო, ის გადამალეს ან ქრთამით გამოაშვებინეს და იგი უფრო მძიმე განსაცდელში ჩავარდა, ვიდრე მას ელოდა, ან საერთოდ დაემშვიდობა სიცოცხლეს და ატირა და აგოდა თავისი მაშველებიცა და სხვებიც.

განა, დიდ წილად, ამ ამბების ანთოლოგიად არაა ქცეული ჩვენი ქალაქური სასაფლაოების თანამედროვე ნაწილი, რომლებიც მალე ქალაქს ჩაყლაპავენ და ვეღარც გავარჩევთ, სად ვართ მკვდრები და სად არიან ცოცხლები?!

დაგპირდით, რომ როგორმე ისევ არქიტექტურაზე ვისაუბრებთ და შევასრულებ ამ დღეებში, ოღონდ, ეს არ იქნება უბრალოდ ესთეტიკაზე საუბარი. არქიტექტურული პოლიტიკა ქვეყნის პოლიტიკის ძირეული ნაწილია, ის განსაზღვრავს დემოგრაფიას, ახდენს გავლენას ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, კულტურაზე, ჯანმრთელობაზე და, საერთოდ, ქვეყნის ბედზე.

და მე არ მგონია, პოლიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მიმდინარე დაღუპვაში ნაკლები ბრალი მიუძღვოდეთ საცხოვრებლების მშენებლობის აურაცხელ, კორუმპირებულ გამცემებსა და გამყიდველებს, რომლებიც უნდა დაისაჯონ, და, სამწუხაროდ, არქიტექტორების ნაწილსაც. მაგრამ, ამაზე ცალკე ვისაუბროთ.

ჩვენს დღევანდელ სასაუბროსა თუ საწერს რომ დავუბრუნდეთ, მე ვფიქრობ, რომ კარგად ყოფნა არის სიკეთის კეთება.

დააკვირდით, მარტო ქართულშია, მე რამდენადაც ვიცი, კიდევ ერთი საოცრება: „სიკეთე“ და „კეთება“ ერთი ფუძის სიტყვებია. ანუ, თუ აკეთებ, სიკეთე უნდა იყოს, ან გამოდის, რომ არაფერს არ აკეთებ.

მე მეოთხე წელია აკადემიურად ვსწავლობ ფილოსოფიას და მინდა, როგორმე, ცოტ-ცოტა მასზე მოგიყვეთ და რაც მეტს ვსწავლობ, მით უფრო ვრწმუნდები სოკრატეს სისწორეში, როდესაც მან თქვა, რომ იცის მხოლოდ ის, რომ არაფერი არ იცის.

მაგრამ, ზემოხსენებული ქართული ენის მორიგ უდიდეს საიდუმლოებას რომ დავუბრუნდეთ, შემიძლია გითხრათ ასამდე ფილოსოფოსის უკვე გამცნობმა (თუმცა, ვთვლი, რომ ერთ დიდ ფილოსოფოსსაც კი ვერ შეისწავლის ბოლომდე ადამიანი, მთელი ცხოვრებაც რომ მარტო ამას მიუძღვნას) და მათი ათიათასობით ნაწერი გვერდის წამკითხველმა ფილოსოფიის უვიცმა, რომ ეს ჩვენი ქართული საოცრება ეხმიანება პარმენიდეს, პლატონის, პლოტინესა და ჰაიდეგერის და სხვათა – მაგრამ, პირველ რიგში ამ ოთხი ბურჯის – მთავარ ამოცანებს ყოფიერებისა და არ ყოფიერების, ან, როგორც ჩვენები ზოგჯერ თარგმნიან – არსებობისა და არ არსებობის, ან არარას შესახებ და, ქართული ამპარტავნებით არ ვამბობ, პირდაპირ ჭრის მათ.

ერთი დიდი ათონელი მამა ამბობდა, რომ უსხენებელს სამი საფეხური აქვს, თუ როგორ უშლის იგი ადამიანს სიკეთის კეთებაში.

პირველი, რომ უბრალოდ არ გააკეთებინოს ეს სიკეთე, სხვადასხვა ხრიკებით.

მეორე, თუ ადამიანი პირველ საფეხურს დასძლევს, ისე ქნას, რომ ეს სიკეთე ადამიანს ცუდად გამოუვიდეს, რაზეც ზემოთ ვწერდი.

მესამე საფეხურს კი, თითქმის ვერავინ გადის. თუ ადამიანმა პირველიც დაძლია, ანუ სიკეთე ქნა, და მეორეც, ანუ ის მართლა კარგად გამოუვიდა, მესამე საფეხურზე, თურმე, უხსენებელი ადამიანს სიამაყით ათქმევინებს, თუნდაც გულში, აი, რა კარგი საქმე გავაკეთეო, და იქ ნულდება, მთავრდება მაგ ადამიანისათვის ამ სიკეთის სულიერი სარგებელი, იმიტომ, რომ მას ავიწყდება, რომ ისიც უბრალოდ იარაღია სიკეთის ხელში, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა იარაღი – სულიერი, თუ უსულო.

ღმერთმა და ჩვენი დიდებული წინაპრების წესმა და ლოცვამ დაგიცვათ ყველანი ამ ურთულეს გზაზე.

დღეს სულმნათი ბაბუაჩემი, ვის სახელსაც მე ვატარებ, პროფესორი ლევან ჭანტურიშვილი, 100 წლის გახდებოდა. იგი ჩვიდმეტი წლის წინ წაიყვანა უფალმა, ჩემს მოლოდინში, ჭალაში, „ფეხზე მდგარ მაკლა“, კაცივით, წამოწვა „ზალაში“, თავიო, ბუბას დაუძახა და მწამს, უფლის წყალობით, წავიდა იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. ის იყო ჩემთვის, მამაჩემთან ერთად, ყველაფერი კაცურის მასწავლებელი და მაგ საფეხურებზე საოცარი სიმსუბუქით მოსიარულე გენიოსი.

15.09.2021

XXV თავი

მე დაგპირდით, რომ ხანდახან ადრინდელი ნაშრომების მცირე ნაწილს გამოვიყენებ და უკვე ვთქვი, რომ ამას ვიზამ არა იმიტომ, რომ დღიურის წერა მეზარება, არამედ იმიტომ, რომ ტელემიმართვის ან რაიმე სხვა სახით გამოქვეყნებულ სათქმელს სხვა აღქმა აქვს და ასეთ უცნაურ ჟანრს, რომელსაც მეც პირველად ვხვდები – ვგულისხმობ, კიბერ სივრცეში მფრინავ ელექტრონულ ჩქამებს ამ ონლაინ დღიურისა – სხვა. რა საინტერესო იქნებოდა, რას იზამდნენ კალმის ბუმბერაზები ჩვენს დროში ასეთ სივრცესთან მიმართებაში.

რეი ბრედბერის საოცარი მოთხრობა აქვს, თუ როგორ უხმობს ის კოსმიური სილამაზის აღსაწერად, დროის მანქანის მეშვეობით, თომას ვულფს, საავადმყოფოდან გამოჰყავს იგი სიკვდილის სარეცელიდან და ამ კოსმიურ მოგზაურობაზე ითანხმებს, მერე კი, თავისი უზადო კალმით ახერხებს და ისე გადადის ვულფის ენაზე, რომ ვერ გაარჩევ და მაგ ენით აღგვიწერს ვულფის თვალებით დანახულ კოსმოსს.

წინა თავებში ნახსენებ „ირრუბაქიძეში“, რომელსაც რობაქიძის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ციტატა აქვს ეპიგრაფად წამძღვარებული – თუმცა, როგორ შეიძლება რობაქიძის ზღვაში რაიმე ერთი აირჩიო კაცმა – მე მას ამ ამბის გახსენებით მოვუხმობ, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის აღდგენა აღწეროს, რადგან ამ ჩამოქცევის აღწერას, მარტო აღდგენის აღწერა თუ შეაჩერებს:

„..ჩემი სამშობლოა შენი ნამწერლარი,

დემონთა ლეგიონს რომ სძლია ფარულად,

თოვლში ჩარჩენილი ბორჯღლის ნაპერწკალი,

აწ აალებული ძლევის სიხარულად.

მისი მოდიდების ღვარცოფთა სიახლეს

ჩვენს დროში ვინ აღწერს, რომელ ნიაგარად?

მე, როგორც ბრედბერი – თომას ვულფს, გიახლებ,

რომ გვიქრონიკოსო ქართულ ნიაღვარად…“

ვინმე ისევ ცინიზმით იტყვის, რაებს აფრენო. რაებს და ნატვრას და, უფლის წყალობით, მასზე მიბმულ შესაძლის ქმედებას, მაგრამ, ქმედება ნატვრის გარეშე პლატონის ღოროპოლისში ქექვაა მხოლოდ, ანუ პოლიტიკუმის, როგორც პოეზიისა და ფილოსოფიის უმდაბიოესი ქვე-სახეობის სამი პლატონისეული საგნის სულ ქვედა, ყველაზე უგვანო დონე, რომელსაც, ვერ გავქცევივართ, რაც თავი გვახსოვს.

უკვე დაწერილის ხანდახან დღიურში გადმოტანას რომ დავუბრუნდეთ, მე აქაც ვეცდები ავწონ-დავწონო მისი შესაბამისობა დღიურის მთავარ ამოცანასთან, რომელიც პირველივე თავში დავსახე მკაფიოდ: ყველა თავი ვინმეს რამეში დაეხმაროს.

ეს წერილი ათიოდე წლის წინ დავწერე ჭალაში და ის, აწ აღარ არსებული, ლიტერატურული ჟურნალის – „ჩვენი მწერლობის“ ფურცლებზე გამოვიდა, სათაურით: „ლევინისა და ვრონსკის კრებითი პერსონაჟის პარადიგმა“ და არა მგონია, ის ბევრს ენახა, ჩვენ ხომ დანარჩენ კულტურასთან ერთად ლიტერატურაც მოგვიკლეს და მასთან ერთად მოკლეს ჟურნალებიც, გარდა, რა თქმა უნდა, ლიბერალურისა.

და რადგან ახლა კვლავ რუსეთში მომიწია ყოფნა, და რამდენი ჩემი ბინის, ან, კვირაში ერთხელ, ჩემი კლინიკის ფანჯრიდან გავიხედავ, მასზეც ვფიქრობ თანაგრძნობითა და გულისტკივილით, იქნებ, ეს სათქმელი ასახავდეს ნაწილს ჩემი საფიქრალისა.

ტოლსტოის კითხვისას, მერამდენედ ვფიქრდები რუსეთის ტრაგიკულობაზე. ეტყობა, ყველა ერს რაღაც თავისი გამორჩეული თვისებები აქვს და ზოგჯერ, უბედურების ტრაგიკული, თუმცა, ნატვრანარევი განცდა რუსეთისათვის ერთ-ერთი ასეთი თვისებაა.

ეკლესიისა და რწმენის უარყოფით, აღსარებისა და ზიარების გარეშე გარდაცვლილი, გრაფი ტოლსტოის სულიერი ტრაგედია წლებით ადრე იჩენს თავს, მის მიერ ოთხი წლის განმავლობაში, აშკარა წვალებით შექმნილ შედევრში – „ანა კარენინა“. არა იმდენად ანას ტრაგიკულ პერსონაჟში, რომელიც კულტურულად გამოფიტულ დასავლეთს დღემდე აშტერებს და აოგნებს, მთავარი დასავლური ფასეულობის – ამქვეყნიური ცხოვრების თვითხელყოფის გამო, არამედ, კონსტანტინ დმიტრიევიჩ ლევინის ძიებანში, რომელთანაც ავტობიოგრაფიულ იდენტიფიკაციას ჩემს თვალში გრაფი ვერ გაექცევა, რასაც არ უნდა ამტკიცებდეს ჩვენი დროისათვის უკვე უსაშველოდ გასქელებული ტოლსტოლოგია.

დიდებულია მწერლის გადაწყვეტილება – კონსტანტინე ლევინის ძიების სიღრმე მისივე მიწათმოქმედების დაუღალავ მცდელობასთან დააწყვილოს. მე, როგორც მიწადაკარგულ გეორგიანელს, ეს ძალიან კარგად მესმის და გულზე მხვდება. თავად ძიების წიაღსვლები – გრაფი არ მიწყენს – ზოგან მოსაბეზრებელი, ზოგან კი – ზერელე მეჩვენება, თუმცა, იქნებ, ეს ჩემივე ბრალიც არის.

ქალაქისა და „свет“-ის მოერთგულე პერსონაჟების სრული პალიტრაც – სტეპან არკადიჩიდან დაწყებული და გრიშა ვესელოვსკით დამთავრებული – ლევინის პიროვნებასთან შედარებით, აშკარად უფრო ზედაპირული და ფერმკრთალია, და ამაშიც იგრძნობა ტოლსტოის განზრახი და იქნებ, ცოტა ზედმეტად შეუნიღბავი სიმბოლიზმი.

რა თქმა უნდა, ალექსეი ალექსანდროვიჩ კარენინის დრამა დიდია, მაგრამ, ოსტატი მასაც წარმოსახავს სიცოცხლის ნაკადებისაგან დამშრალ, визгливый კაცად, რომელსაც დიდი პირადი შეურაცხყოფის ფონზეც კი, როგორც ქალაქელს, ბევრის არაფრის თავი აქვს და მშობიარე ანას პატიების ცნობილი სცენის შემდეგ – ღვარძლნარევ, უსულგულო და გამოწურულ ლიმონად გვევლინება.

რუსი მამაკაცის მარადიული ფობია ცოლის მოღალატეობისა, რომელთან მიმართებაშიც ქართველი კაცის ქცევა და ამ ქცევით გამოწვეული ისტორიულ-გეოპოლიტიკური შედეგები, იქნებ, ცალკე წერილადაც ღირდეს, არის ალბათ ის, რითიც „კარენინა“ ყოველთვის უფრო ახლოს იქნება რუსი კაცისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვისთვის, ზუსტად ისევე, როგორც ვირტუოზულად ასახული რუსი ქალის ზოგჯერ აშარი ბუნება, „კარენინას“ რუსი ქალებისათვის უსაყვარლესი რომანის ადგილს უნარჩუნებს უკუნისამდე.

მეჩვენება, რომ გრაფი ვრონსკი მწერლისათვის თითქმის ასრულებს პერსონაჟებზე გადანაწილებულ ტოლსტოისვე ალტერ-ეგოს, არა მარტო მთავარი გმირის ვაჟკაცური თვისებების გამო, რომელთანაც თვითგაიგივებას ვერცერთი მწერალი ვერ გაექცევა – ამირეჯიბი იქნება ეს – თუთაშხიასთან, მაინ რიდი – მორის ჯერალდთან, თუ ჰიუგო – ვალჟანთან – არამედ, იმიტომ, რომ ვრონსკი სირცხვილისაგან მალვაში, თავისთვის მოულოდნელად, სოფელში ბრუნდება და ლევინისადმი საპირისპირო სამიწათმოქმედო სტრატეგიით (ლევინის სასოფლო-სამეურნეო მსოფლხედვასთან ერთად), სრულად ასახავს თავად ტოლსტოის შეხედულებათა და პრაქტიკათა კოლოსალურ სიფართეს სოფლის მეურნეობის, მიწათმოწყობის, ეკონომიკისა და, აქედან გამომდინარე, საერთოდ რუსის ამქვეყნიური ყოფის თაობაზე.

და, თუმცა, იასნაია-პოლიანაში გახიზნული კორიფესთვის ეს ძიება ტრაგიკულად, უღმერთოდ მთავრდება, განა ვის შეუძლია გაარჩიოს, რისი ბრალია ეს: ერის ცოდვებისათვის ქვეყნის თავს მოწეული ლიბერალური ქარიშხალ-უბედურების უტყუარი მოლოდინისა, თუ კლასიკოსის პიროვნული სისუსტისა.

ორივე შემთხვევაში, ტოლსტოის აღსასრულის ტრაგედია – იქნებ, არც მთლად ჰემინგუეისებური, მაგრამ, უდავოდ დამთრგუნველი – რუსული ზამთრის მყინვარებით ესარკება თავად რუსი ერის მომდევნო და აქამდე მიმდინარე ტრაგედიას – ერისა, რომელმაც ასე კარგად დაიწყო და ასე საშინლად გააგრძელა, გაცვალა რა მშვიდობა – ომზე, თავდაცვა – დაპყრობაზე, კეთილმეზობლობა – მეზობელთან ჩხუბზე.

გრაფი თავის ნაწარმოებში ბევრგან ელაციცება ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრების ორთოდოქსული საზღვრების ხელშეუხებლობას. თუმცა, კაცობრიობისათვის ცენტრალურ, ოჯახურ საკითხში, რომლის გარყვნის სიღრმეც, ჯერ კიდევ ტოლსტოის დროინდელ რუსულ არისტოკრატიასა და სოფელშიც (გავიხსენოთ სწივას და ვესელოვსკის არშიყობა ნადირობის ღამეს სოფლის „დევკებთან“) გვაღონებს და კაცობრიობის მორალური რეგრესის გარდუვალობაზე გვაფიქრებს, მწერალი მაინც ინდომებს უერთგულოს, წარმართების ენაზე რომ ვთქვათ, კარმული სამართლიანობის ლოგიკას, სიუჟეტის კონსტრუქციაში კიწი შერბაცკაიას ბედის აღწერისას.

უმანკო „კრასავიცა“, რომელიც ალტერ-ეგოს ქვე-პერსონაჟების სადავო, თუ გამაერთიანებელი ობიექტია, ჯერ ბრწყინვალე ვრონსკის ამჯობინებს კრისტალურ ლევინს და ამის შედეგად, ლამის ჯანმრთელობის დაკარგვის ფასად, იგლოვებს თავის სისულელეს.

ვრონსკის კი, მისივე სულიერი კორუფცია უუნაროს ხდის უმანკოება დააფასოს, როგორც ოჯახის თანამედროვე მტრები იტყოდნენ, კიწი მისთვის არ არის საკმარისად საინტერესო.

მაგრამ, მოწყალე ზენა უარყოფით განადგურებულ კიწისაც და ლევინსაც წამებას კათარზისად უთვლის და ჩუქნის ბედნიერებას – მიწათმოქმედ და საკუთარი ურწმუნოებით შეწუხებულ უზადო ვაჟკაცს ანგელოზ ქალს უგზავნის, მის სასათუთე საკუთრებად, მისი თესლის გამგრძელებლად და მისი იერიქონისეული ფსევდო-კულტურისაგან განდეგილობის სრულსაქმნელად.

და, სწორედ, ჯვრისწერისა და შობის საიდუმლოებანში გულით მონაწილეობისას კურნავს იგი მას ურწმუნოებისაგან, რომელიც ასე აწამებს წესიერი პიროვნების სულს.

კიწი ლევინის ჯილდოა – თმენისა და ალალი ძიებისათვის და ლევინი კიწის ჯილდოა – სინანულისათვის.

მათი ვაჟის სიყვარულის აკვანი კი, მარადი, რიცხობრივად უმცირესი, მაგრამ, მძლე საპირწონეა სწივასა და დოლის და ანასა და ვრონსკის უოჯახობაში, ანუ, ნამდვილი სიყვარულის გარეშე შობილი და გაზრდილი მომავალი კაინიტებისა, რომელნიც მარადის იზევებენ კარიერაში, დაჩაგრავენ ლევინისანებს, მაგრამ, ვერასოდეს იქნებიან მათსავით ბედნიერნი.

ვთქვი, რომ ვრონსკი ლევინთან ერთად, თითქმის ასრულებს ტოლსტოის ალტერ ეგოს-მეთქი, იმიტომ, რომ მეჩვენება, რომ სერგეი ივანოვიჩიც, ნაწილობრივ, ამ ფუნქციის მატარებელია. იქნებ, ნაკლებად ცალსახად, ვიდრე ჭილაძის გმირის მწერალი მამა „გოდორში“, სერგეი ივანოვიჩი აშკარად ტოლსტოისებურ ნიშნებს ატარებს და თავისი ვერშემდგარი სამეცნიერო-მწერლური კარიერითა და ამ გულგაცრუების დასაამებლად, გაცხოველებული საზოგადოებრივი მოღვაწეობით პანსლავურ საკითხში, მწერლისათვის ცნობიერად, თუ ქვეცნობიერად ეხმაურება მისივე პიროვნების მრავალმხრივობას.

მართალია, ტოლსტოი ჩემთვის ბევრად ნაკლებად საყვარელი მწერალია, ვიდრე დოსტოევსკი, რომელიც ჭეშმარიტებასთან სახიფათო კამათის გარეშეც თვლის, რომ შესაძლებელია დიდი მწერლობა, ჩვენი სივრცისათვის მაინც წარმოუდგენელია თანამედროვე აზროვნება ტოლსტოის გარეშე.

არა იმდენად იმიტომ, რომ წაუკითხავი კლასიკის ტომები თითოეულ ჩვენგანს უხმო საყვედურით მარად დასცქერიან თაროებიდან, არამედ, უფრო იმიტომ, რომ მეოჯახეობისა, თმენისა და ბედნიერების კულტურასთან კაინიტურ ლიბერალიზმს არასოდეს მოსვლია იმ მასშტაბის კოლიზია, რომელიც მოხდა რუსეთისა და შესაბამისად, ნაწილობრივ ჩვენს კულტურულ სივრცეში. და ამ კოლიზიას, იქნებ, არც ჰყოლია ისეთი დიდი ჟამთააღმწერელი და მსხვერპლი, როგორიცაა გრაფი ტოლსტოი.

13.09.2021

XXVI თავი

აი, დაპირებისამებრ, საუბარიც არქიტექტურულ პოლიტიკაზე, რომელშიც ასევე გამოგვადგება ოდნავ სახეცვლილი ერთ-ერთი ადრინდელი ნაშრომის ნაწილი.

თუ XX საუკუნის მეორე ნახევარი და XXI საუკუნის დასაწყისი ჩვენი ქვეყნის მიტოვებისა და ქალაქებში უაზროდ და უმუშევრად ჩახერგვის და ამის შედეგად, ჩვენი გახრწნის, რაოდენობრივი გაწყდომისა და გაუბედურების საუკუნე იყო, თუ ქართველებს გვინდა, რომ კვლავ გავმრავლდეთ და ბედნიერება დავიბრუნოთ, XXI საუკუნის დარჩენილი ათწლეულები ქალაქების დაცლის, მათი გამოხშირვის, გატყეპარკების, გალამაზების და მიტოვებული საქართველოს ჩვენს მიერ თავიდან დასახლებისა და მასში მეოჯახე, მაგრად მშრომელი, მშვიდად ჭირთამთმენი, ერთმანეთის დამხმარე და ტკბილად მლოცველი ხალხის ცხოვრების საუკუნედ უნდა ვაქციოთ.

ამისათვის საჭიროა სწორი ეკონომიკური პოლიტიკაცა და სწორი არქიტექტურული რეგულაციებიც, მაგრამ, ყველაფრის თავი და თავი ჩვენი სახალხო შეგნების შეცვლა და ჩვენი ახალი სახალხო მოძრაობა უნდა იყოს, რომელიც მერე პოლიტიკასაც აიძულებს გამოსწორდეს.

ჩვენ უნდა დავეხსნათ ქალაქში გადასახლების პრესტიჟის გოიმურ ლოგოსს და მოდაში შემოვიყვანოთ მიწის დასახლების იდეალი. ეს კი, გახლავთ არა ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებული, არამედ ჩვენი, როგორც ერის პოეტური და ფილოსოფიური ორიენტაციის შრომითი განსხეულება.

ეკონომიკური პოლიტიკა რომ ამის წამალი იყოს, რაც XX საუკუნეში დაგვემართა, ის არ მოგვივიდოდა. საბჭოთა იმპერიაში რუსები ჩვენს ყველა ჭიან ვაშლს იბარებდნენ ოთუსბირად და ამისთვის საბჭოთა საქართველოში მთელი შემკრებ-გადამამუშავებელი სასოფლო-საწარმოო სისტემა ააშენეს, ჩვენ კი, ამ ფულის შოვნით, ყველანი ქალაქში გავრბოდით ჯინსებისა და „მარლბოროს“ ნატვრით და უდიპლომო სასიძოებს დავცინოდით, ვითომ ყველანი განათლების მიღების წყურვილით, სინამდვილეში კი, ბევრი ჩვენგანი ამას აკეთებდა ქართული მიწის საღალატებლად, სასეირნოდ და სიზარმაცისა და ჰედონიზმის ძიებაში.

მაგ ხალხის ნაწილის შვილები არიან დღეს რუსთაველზე თავიანთი მამების ნაქონ წიგნებს რომ წვავენ, „ყველა ერთად ერთის წინააღმდეგ“-ს ძახილში და ჰგონიათ, ამით თავიანთ ტუტუც შვილებს ამართლებენ.

და, თუმცა, ეგენი ჩვენი homo urbanicus hedonicus ანტიკულტურის ყველაზე ამაზრზენი ნიმუშები არიან, ვშიშობ, არც ჩვენ ვართ ბევრად უკეთესები ჩვენს გონებრივ ორიენტაციაში. სიტყვით კი გვიყვარს ქართული სოფელი და ბუნება, მაგრამ, საქმით არაფრის მაქნისები ვართ მისთვის და ქალაქში ნაშოვნ ყოველ ზედმეტ კაპიკს სოფელსა და ჩვენს მიტოვებულ მიწებს კი არ ვახმართ, არამედ – თბილისი რადგან აღარ გვყოფნის – უცხოეთში “შტრიალს” და უცხოურ პლასტმასის სათამაშოებსა და შუშის მძივებს, როგორც ჭეშმარიტი ველურები.

„ამირანის“ კინოთეატრთან პოლიციასთან უმძიმეს წნეხში ყოფნისას, გონების დაკარგვამდე მისული, დივანიდან ჩემზე მოცქირალი ჰომო ურბანიკუსების მხრიდან დაცინული და შეურაცხყოფილი, სიმწრით ვფიქრობდი, რომ გარდა იმ პოლიციელებისა, ვისაც აშკარად რცხვენოდათ ჩვენთვის წინააღმდეგობის გაწევა, იყვნენ პრემიის „მოჩალიჩე“, ნამუს-ძარღვ გაწყვეტილი აქტივისტი პოლიციელებიც. და ვფიქრობდი სწორედ მათზე, რომ ზოგიერთი ეს ოფიცერი, პუტკუნა, ბუღა-ბუღა, სოფლელი ბიჭები, სანამ აქ, ვერაზე, თავიანთი 1000 ლარიანი პრემიებისათვის მეძიძგილავებიან ათი ერთზე, მძიმე ფარების უკან დამალულები და წვივებს მამტვრევენ ჩათლახურად, თითოეულ მათგანს შეუძლია, დღევანდელ პირობებშიც კი, ყოველთვიურად ბევრად მეტის შოვნა თავის მშობლიურ მიწაზე, გენეტიკურად გამოყვანილი ზარმაცი ზაქები რომ არ იყვნენ, რომლებსაც მობილური ტელეფონის კრედიტში ყიდვითა და ბორდელში ძრომიალით, თუ სანადიროდ წასულზე კანონის უჩუმარი დარღვევით, საკუთარი ხოშის გასწორება ჰგონიათ ცხოვრების მიზანი-მეთქი.

თითოეულ მათგანს ხომ „ეპაზორება“ – მაპატიეთ ჟარგონისათვის – მიწაზე მუშაობა და თავი კაცი ჰგონია, პოლიციაში აყვანილსა და მიშას დროიდან გასუსულზე შემორჩენილს. და განსხვავებით კეთილსინდისიერი პოლიციელებისაგან, რომლებიც, მჯერა, რომ ჯერ კიდევ გვყავს, თვითონვე გაექცევა მერე პირველი ამ გარყვნის შედეგად აქ სასჯელად შემოსულ რუსის „სალდათს“ – მე რომ ჭინკები რუსეთუმეს მეძახიან – და მისი მმართველი რომელიმე უნამუსო პოლიტიკოსი ან ჩანგლებით თავდაცვისაკენ მოგვიწოდებს, ან მაგის მომწოდებელ პოლიტიკოსს კოჰაბიტაციას, სრულ ხელშეუხებლობას და საპარლამენტო პრემიების კომფორტს შესთავაზებს, სანამ ქართველების მიერ მიტოვებული სრულიად საქართველო ტირის, თბილისის ორიოდე ქუჩაზე ჩახერგილი იდიოტების და პერვერტების ჭიჭყინის შემხედვარე.

დავუბრუნდეთ დეურბანიზაციის ანუ ქალაქების დაცლისა და მიწის გავსების სასიცოცხლო აუცილებლობას საქართველოს შემთხვევაში და ვისაუბროთ არქიტექტურაზე. როგორც უკვე ვთქვით, დეურბანიზაცია, პირველ რიგში, თითოეული ჩვენგანის ტვინში უნდა დაიწყოს – როგორც ეს ჩემს და ბევრის ტვინში უკვე ხდება – მძლავრი ღონე უნდა მოიკრიფოს და ერთ დიდ ნაკადად იქცეს.

კიდევ ერთხელ, ამ ნაკადის თავში უნდა იყოს არა სარგებელისა და სიმდიდრის ძიება, არამედ ანტიქალაქური, ანუ ნორმალური, ჯანმრთელი, მშვიდი, შრომითა და დაღლით, სიყვარულითა და ოჯახით, სარწმუნოებითა და იმედით სავსე ცხოვრებისადმი დაბრუნების სურვილი.

ეს უნდა იყოს ხალხის მიერ სწორი და ბედნიერი ცხოვრების აღდგენილი იდეა, რომელიც არის არა ჩახერგილ ქალაქში საროსკიპოს, სამორინეს, დუქანსა და დასტაქარს შორის ძრწოლვით დაღლილზე, ქართულ საშინელ ტელევიზიაზე მიშტერება და – შვილს როგორ ვუყიდო მისი კლასელების ნაირი ნივთიო, იმაზე ჩლუნგი ფიქრი, არამედ, ცოლ-შვილის ერთგული კაცის მიწაზე მდგომ სახლში ცხოვრება, სადაც მისი საკეთებელი – თუ გონებრივი, თუ ფიზიკური – იმდენად მშვენიერია, რამდენადაც სახით დგას მარადიული ქართული ზღაპრისადმი და რამდენადაც კაცის უზარელობასა და სიყოჩაღეზე არის დამოკიდებული: გინდა მიწის დამუშავება იყოს ეს, გინდა სასოფლო მარნის ტურიზმი, გინდა იქ თეატრის შექმნა, გინდა საწარმოს აშენება, გინდა ინჟინერ-პროგრამისტობა, გინდა სასოფლო ტექნიკის ლიზინგში ფინანსისტობა, გინდა მხატვრობა, გინდა მწერლობა და გინდა იმ რეგიონალურ დაბაში ჭიდაობის ან ისტორიის მასწავლებლობა.

და არა აქვს მნიშვნელობა რამდენს იშოვნი, მნიშვნელობა აქვს ვის გარემოცვაში ცხოვრობ, როგორ, რა გზითა და შრომით გაქვს შენი დოვლათი შექმნილი და როგორ ახმარ მას შენს გარემოცვასა და შენს ქვეყანს და არა მხოლოდ შენს ნაღალატევ და შენგან ტელეფონში გათიშულ ცოლ-შვილს.

და მერე, ასეთი ხალხის თავში ასეთ აღორძინებულ და, რაც მთავარია, განხორციელებულ იდეას უნდა მოჰყვეს ამის შესაბამის საზოგადოებრივ იდეოლოგიაზე დაფუძნებული შედეგი, მათ შორის, ეკონომიკურ პოლიტიკაშიც. მაგრამ, ჩემი მტერი ელოდა ეკონომიკურ პოლიტიკას და ჩემმა მტერმა აკეთა ქართული მიწის თავიდან დასახლების იდეოლოგია ეკონომიკაზე და საერთოდ, სახელმწიფო პოლიტიკაზე იმედით და მის გამო.

ქალაქები, იმედია გაუმჯობესებული, რაზეც ქვემოთ ვიტყვი, ყოველთვის დარჩება უძღები შვილის ცოდვით ბოგინის ადგილად, მაგრამ, თუ გვინდა, რომ ქართული არ-მაძებარი ლოგოსი გამოვაჯანსაღოთ და ჯანსაღად ვიყოთ ამქვეყნად, ქართველებმა, განსაკუთრებით კი, დაღვინებულმა ქართველებმა, მიწაზე და არა ქალაქებში უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, და შვილებისა და შვილიშვილების გარდუვალი ცოდვის ასაკისგან შემობრუნებისა და უფსკრულში საბოლოოდ არ გადაჩეხვის ერთადერთი იმედი, მათი ბავშვობიდან მიწისა და ტრადიციის შეყვარებაში უნდა აღვადგინოთ. მასე გვექნება ტკბილი და სიკვდილამდე ქმედითი სიბერე და არა დივანზე გაშეშებული, ტელევიზორში უმეტესად გატყლარჭულ, ყროყინა, უნამუსო ბოზებზე და მამათმავლებზე მიშტერებული გულგახეთქილი სიბერე.

ამისათვის ბევრი რამ გვაქვს გამოსასწორებელი, ბიოქიმიური უცხოური ლაბორატორიის დახურვიდან დაწყებული და პოლიტიკური წყობის სრული შეცვლით დამთავრებული, მაგრამ, მთავარია გამოვიდეთ ამ უიმედობიდან, რომელშიც ვართ, შევეშვათ ამ სისტემაში კარგი პოლიტიკოსების ლოდინს, მივხვდეთ, რომ თითოეული ჩვენგანის დივანიდან ადგომაზე და მოქმედების დაწყებაზეა თითქმის ყველაფერი დამოკიდებული, მაგ პოლიტიკოსების გამოსწორების ჩათვლით და ვირწმუნოთ, რომ როგორც ერს, ნამდვილად შეგვიძლია გადარჩენა, თუ რწმენითა და სასოებით დავუბრუნდებით ტრადიციას და მასში ცხოვრებისათვის გამოვიყენებთ ნებისმიერ თანამედროვე საშუალებას, რაც კაცობრიობას მოუგონებია.

არქიტექტურა ამ დიდი საკეთებელის და გამოსასწორებელის მხოლოდ ერთ-ერთი მდგენელია, მაგრამ, მნიშვნელოვანი მდგენელი და ის არ არის დემოკრატიის საქმე, ის არის ავტოკრატორის, ანუ თვითმმართველის საქმე.

ტირანი ავტოკრატორი მმართველის, სააკაშვილის, არქიტექტურული შიზოფრენიები ცალკე ეპოპეაა და მათი ნაიარები, იქნებ, ისეთივე ღრმაც იყოს ჩვენს ქვეყანაზე, როგორც მის მიერ მიყენებული ტრავმები ქართული საზოგადოების ფსიქიკაზე.

ბიძინას ავტროკრატიის მმართველობის ხანა კი, მეორე უკიდურესობით ხასიათდება, რომელიც, რომ ვერ გაიგებ რას აკეთებს, იმას ნიშნავს. თვითონ რას აკეთებს, როგორც ქველმოქმედი – ღმერთმა ხელი მოუმართოს – ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ, მისი ხელქვეითი საქართველო რომ არაფერს აკეთებს, მათ შორის, ჩვენი არქიტექტურული კატასტროფის გამოსასწორებლად, თავის მიშას ხანიანად, ხომ სრულიად ცხადია.

მახსენდება, როგორ დასცინოდა პოლიტიკაში შემოსული ბიძინა მიშას მართლაც სრულიად მახინჯ ხიდს. ვუსმენდი მაშინ, სხვებთან ერთად, სამართლიანობის აღდგენის ფუჭი იმედით სავსე, თან ვეთანხმებოდი და თან ვფიქრობდი, ამ კაი კაცს, ხომ მხოლოდ მისი დიდი ქველმოქმედების ხათრით, რათა გული არ გაუტეხონ, არავინ ეტყვის, რომ მისი ნახელავიც ასეთივე უშნოა თბილისისთვის-მეთქი.

და ისე გამოსდიოდა, ჩემი შენ გითხარიო, იმიტომ, რომ სინამდვილეში არც კი ვიცი, რომელი უფრო უშნოა – მიშას მახინჯი ხიდი თუ ბიძინასვე „ბღრონძი“ ბიზნეს ცენტრი თბილისის თავზე, რომელიც, ეტყობა, იმ იაპონელმა მას ქაღალდზე დაუპროექტა, ადგილზე ჩამოსვლის გარეშე და ამით, პოზიციონირების პროპორციის ყველა კანონის დარღვევით, თავი შეირცხვინა მთელს მსოფლიოში.

და თუმცა, რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ქველმოქმედის მიერ საკუთარი სახსრებით აშენებულ, თუნდაც უაზროდ და არაპროპორციულად მდგომ კერძო ბიზნეს ცენტრსა (აქვს ამის უფლება, რადგან მისცეს არქიტექტურული ნებართვა) და ტირანი მიშას მიერ ხალხის ფულით აშენებულ უმახინჯეს ხიდს, მილებს, რეიხს-რეზიდენციასა და სხვა სიმახინჯეებს შორის, მაგრამ, სინამდვილეში ხომ, არცერთია ამ ჩვენი საცხოვრისის მშვენება და არც მეორე. და ეს წყვილი, მათი ამ კოჰაბიტაციის ერთგვარ არქიტექტურულ სიმბოლოდაც იქცა – ორივე შესაცვლელია, ორივე გასატანია ქართული სინამდვილიდან და ქართული პოლიტიკიდან.

ვინმე იტყვის, რა დროს არქიტექტურაზე საუბარია, ქვეყანა თავზე გვენგრევაო. მაგრამ, ეს დიდი შეცდომაა. გვენგრევა, მათ შორის იმიტომაც, რომ არასწორად შენდება და მე აქ სწორედ ამ ნგრევის შეჩერებაზე და სწორი შენების დაწყების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მდგენელზე ვსაუბრობ.

ჩემი ღრმა რწმენით, ამ ნგრევიდან თავის დასაღწევად, ეროვნულ იდეოლოგიასთან ერთად, ბევრი სხვა რამ გვჭირდება და ამ სხვა რამეებს შორის საქართველოს არქიტექტურული იდეოლოგიაც არ გახლავთ უკანასკნელი. ის უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული იდეოლოგიის ერთ-ერთი გამოვლინება და იმედია, დღევანდელი წერილის წაკითხვის შემდეგ, ბევრი დამეთანხმება მის უდიდეს მნიშვნელობაში.

როდესაც ვფიქრობდი, რითი დამეწყო ამ ჩვენს ძალზედ მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი, ისე დაემთხვა, რომ გამახსენდა, როგორ ვამთავრებდი ჩემს პროფესორ-მასწავლებელთან ერთად რენესანსის ეპოქის მეორე ტალღის ჰუმანისტების შესწავლას და ჩემი ყურადღება შესანიშნავმა ფილოსოფოსმა, ლეონ ბატისტა ალბერტიმ მიიქცია, რომელიც, განსხვავებით კოლუჩიო სალუტატის, ლეონარდო ბრუნისა და პოჯო ბრაჩოლინისაგან, ყველაფერთან ერთად, დიდებული არქიტექტორიც გახლდათ.

არქიტექტურის ესთეტიკაზე მსჯელობისას, ლეონ ბატისტა ალბერტი, რომელიც რენესანსის ეპოქის არაერთი შესანიშნავი შენობისა და ტაძრის ხუროა, გარდა იმისა, რომ უღრმესი ფილოსოფოსია, იმდენად საოცრად მსჯელობს ესთეტიკის საფუძვლებზე, რომ არ დავიზარე და მისი ორიოდე ტრაქტატიდან რამდენიმე ადგილი ვთარგმნე კიდეც თქვენთვის ქართულად. ამ ურთულესი ენით დაწერილ ციტატებში კარგად ჩანს, თუ რამდენად მარადიული და უნივერსალურია სილამაზის საფუძვლები ნებისმიერ კულტურაში. და, არა აქვს მნიშვნელობა, კოლხურ კოშკზე ვსაუბრობთ ჩვენ, ლეჩხუმურ ოდაზე თუ რენესანსის ეპოქის პალაციოზე – ჰარმონიის წესი ყველგან ერთია, როგორც თავად შენობასთან მიმართებაში, ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გარემოსადმი მისი ჰარმონიული დგომის ხელოვნებაში.

ალბერტი წერს:

„გამომგონებლობის მთელი ძალა, ხელოვნება და მშენებლობის მთელი ცოდნა თავმოყრილია დანაწევრების ოსტატობაში, რადგანაც, მთელი შენობის ნაწილები, თითოეული მათგანის თავისებურება და, ბოლოს, შერწყმა და გაერთიანება ყველა ხაზისა და კუთხისა ერთ ნაწარმოებში – ყველაფერი განისაზღვრება სარგებლიანობის, ღირსებისა და მაამებლობის თვალსაზრისით, მხოლოდ დანაწევრების ოსტატობის მეშვეობით.

თუ სახელმწიფო, ფილოსოფოსთა აზრით, არის უდიდესი სახლი და პირიქით, სახლი არის უმცირესი სახელმწიფო, მაშინ, რატომ არ ვთქვათ, რომ მისი უმცირესი ნაწილებიც კი: ატრიუმი, კსისტი, სატრაპეზო, პორტი და სხვა მსგავსი ნაწილები ასევე თავად არიან გარკვეულწილად საცხოვრებლები? და თუ ნებისმიერ მათგანში რაიმე იქნება დატოვებული უყურადღებოდ, უზრუნველობით ან დაუდევრობით, განა ეს არ მიაყენებს ზიანს მთელი ნაგებობის ღირსებასა და დიდებას?

…………………………………………………..

ნაწილები ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდნენ, რათა შენობის მთლიანობის სრულყოფილებისა და მშვენიერების საფუძვლად და საწყისად ივარგონ და რათა რომელიმე ერთმა ნაწილმა, მთელი სილამაზის მითვისებით, არ აწყენინოს ყველაფერ დანარჩენს. დაე, იყონ ისინი ერთმანეთში ისე შეთანხმებულნი, რომ ერთ მთლიანობად და სწორად აგებულ სხეულად ჩანდნენ და არა გაგლეჯილ და მიმოფანტულ ნაწილებად. გარდა ამისა, ნაწილების გამშვენებისას, საჭიროა მივბაძოთ ბუნების ზომიერებას, რადგანაც, როგორც სხვა ყველაფერში, ამაშიც, ჩვენ ერთნაირად ვაქებთ თავშეკავებულობას და ვკიცხავთ უზომო ლტოლვას მშენებლობისადმი. ნაწილები უნდა იყონ ზომიერნი და აუცილებელნი იმისათვის, რის შექმნასაც ვაპირებთ, რადგანაც მშენებლობის მთელი ხელოვნება, თუ კარგად დავაკვირდებით, წარმოიქმნა აუცილებლობიდან. ის კი, მოიწადინა სარგებლიანობამ, განადიდა გამომყენებლობამ, და, საბოლოო ჯამში, მას უნდა ემსახურა სიამოვნებისათვის, ეს სიამოვნება კი, ყოველთვის იწუნებდა ზომიერების არ ცოდნას. მაშ, იყოს შენობა ისეთი, რომ მას არ სჭირდებოდეს იმაზე მეტი ნაწილები, ვიდრე მას აქვს და მაშინ ყველაფერი, რაც მას აქვს, არცერთ შემთხვევაში არ დაიმსახურებს განკიცხვას“ [- ციტატის დასასრული].

საერთოდ, უნდა ვთქვათ, რომ აზროვნებისა და მისით გამოწვეული ცოდნის დავიწროება, დანაწევრება და პოსტ-მოდერნისტულ ფრაგმენტებად ქცევა, სწორედ სქოლასტიკური ხანის მერე გამომკრთალი რენესანსის ეპოქის სიკვდილთან ერთად დაიწყო, ე.წ. ახალი დროის ანუ მოდერნის განმანათლებელთა ეპოქაში, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ათეისტ-ლიბერალური სიბნელე მოუტანა კაცობრიობას, მეოცე საუკუნის დასასრულის პოსტმოდერნისტულ დილეგამდე მიაცილა, იმ დილეგში ჩატოვა და შუქიც ჩაუქრო, მანდ ვართ ახლა ჩვენ ყველანი დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, მანამდე კი, მოაზროვნეების მრავალმხრივობა არავის აკვირვებდა.

ანტიკური ათენის გარეუბანში, აკადემოსის ბაღში მდებარე პლატონის ფილოსოფიური აკადემიის შესასვლელზე წარწერილი – „არა გეომეტრი არ შემოვიდეს“, შესანიშნავი მაგალითია ჰოლისტური ანუ მთლიანი აზროვნების რაობისა, რომლითაც ღვთისმოშიშმა ანუ თეოცენტრულმა კაცობრიობამ ათასობით წელი იცხოვრა, სანამ მოდერნის უღმერთო ანუ ანთროპოცენტრულ უფსკრულში ჩავარდებოდა და მატერიალისტური ენტროპიის აპოკალიფსურ გზას დაადგებოდა. ჩვენ უკვე ამ კატასტროფის, ანუ ქართულად რომ ვთქვათ, დაღმა მოხვევის ბოლო ფაზაში ვცხოვრობთ და ამ ენტროპიას ყველგან ვხედავთ ჩვენს ყოფაში. საკმარისია, დავაკვირდეთ ჩვენს გარშემო აზროვნების კრეტინიზაციის გამაოგნებელ სიჩქარეს და ის ცხადზე ცხადია.

მისი შებრუნების ერთადერთი გზა მასთან აზროვნებითა და სიტყვით დაპირისპირებაა და ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკური პარტიის შექმნა და ე.წ. „საქმის კეთების“ სხვა მსგავსი ფორმები, როგორც ეს არაერთხელ გვითქვამს.

ამიტომ, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ყოფით კულტურაზე, უფრო ზუსტად კი, მის არქიტექტურულ მდგენელზე.

მე არ გახლავართ არქიტექტორი, თუმცა დიდ პატივს ვცემ ადამიანთა ყოფის ამ უმნიშვნელოვანეს ხელოვნებას და ოჯახის ორი წევრი და რამდენიმე მეგობარი მყავს არქიტექტორი.

საბჭოთა პერიოდში ქართველებს, პრინციპში, იმ პირობებისათვის ნორმალური არქიტექტურული სკოლა გვქონდა, რაც კარგად ჩანდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განვითარების მაგალითზე.

საბჭოთა იმპერიის ნგრევით, ეს სკოლაც დაინგრა. ჩვენი საუკეთესო, სასწაულად ცოცხლად დარჩენილი არქიტექტორები დღემდე უმუშევრად სხედან და სახელმწიფო უწყებებში მათ ადგილს, ხშირად, უვიცი ახალგაზრდები იკავებენ – ინგლისურის საშუალო ცოდნითა და მასალათა გამძლეობისა და კონსტრუქციის ელემენტარული არ ცოდნით, ურბანისტიკის, ფილოსოფიისა და საერთო ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

ხურო, თავის განმარტებით არსში, გამოცდილი ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც შეგირდად უდგას ახალგაზრდა, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს ის და არავითარი მოდერნიზაცია არ შეიძლება არქიტექტურაში ამ მემკვიდრეობის ჩამოშლის პირობებში ვარგოდეს.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ არქიტექტურა არ არის მხოლოდ შენობების ფორმისა და გეგმარების ხელოვნება და მეცნიერება. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ იგი არის ადამიანთა საცხოვრისის დაგეგმარების ხელოვნებაცა და მეცნიერებაც. ის დროში იცვლება, თუმცა, ცივილიზებული სოფლური და ქალაქური გარემოსათვის დამახასიათებელი სტანდარტები, რომლებიც ულმობელ ხასიათს ატარებს რიცხვებში და ისეთივე მკაცრი კანონებით განისაზღვრება, როგორებიც მოქმედებს ფიზიკასა და ბიოლოგიაში, მეტ-ნაკლებად, ძირითადად, მაინც უცვლელია თავის ლოგიკურ საწყისებში და ნაკლებადაა დამოკიდებული ამა თუ იმ ეპოქის გემოვნებით ვარიაციებზე.

რამდენი თავისუფალი ფართია საჭირო საცხოვრებელ უბანში ერთ სულ მოსახლეზე, რამდენი ტყე-პარკია აუცილებელი ჯანმრთელი ქალაქური ცხოვრებისათვის, რამდენი საბავშვო ბაღია საჭირო რამდენ ბავშვზე, რამსიგანე ტროტუარები და ფეხით სასიარულო ზონებია აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანს ქალაქი ჯოჯოხეთად არ ექცეს, როგორ უნდა გაითვალოს ახალი შენობების მხედველობითი პერსპექტივა, რათა მათ თვალი არცერთი უკვე აშენებული შენობის კუთხიდან არ ებჯინებოდეს უშნოდ და სხვა ქრესტომათიული არქიტექტურული ანა-ბანა დიდი ხანია დათვლილი და დადგენილია მსოფლიოს არქიტექტურულ სტანდარტებში.

აი, ეს ყველაფერი გაანადგურა ქართველმა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. თან, გაანადგურა ყველამ ერთად: მოხელემაც – ვინც გასცა აურაცხელი მშენებლობის ნებართვები, დეველოპერმაც – ვინც ამაზე ფული აკეთა, ბინის მყიდველმაც – ვინც ამაზე დეველოპერს ფული აკეთებინა და არქიტექტორმაც – ვინც ეს აპროექტა.

„ევროპა გვინდა“-ს ძახილში, რაც რუსები წავიდნენ, თბილისის, ბათუმის და სხვა ქართული ქალაქების შეუქცევადი აზიატიზაცია გამოვიწვიეთ, ეტყობა, ეგ იყო ჩვენი თავისუფალი ბუნების შინაარსი და გამოდის, რომ რუსები ევროპას კი არ გვიკრძალავდნენ, არამედ – გვაძალებდნენ. დავხედოთ შედარებით ფოტოებს და თუ ბრმები არ ვართ, ეს ცხადია. და, მიძახეთ ახლა ამისათვის რუსეთუმე.

მერე, არქიტექტურა არ არის ისეთი რამ, რაც მხოლოდ ესთეტიკაზე მოქმედებს. პირველ რიგში, ის მოქმედებს ფსიქიკაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, სიკვდილიანობაზე, დაავადებების სტატისტიკაზე და, თქვენ წარმოიდგინეთ, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზეც. მახინჯ, უკულტუროდ ჩახერგილ, ერთმანეთზე მიმჯდარი სახლების ქალაქებს შესაბამისი ბედი ელით, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც.

ის, რომ თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უშნო და ცუდ საცხოვრებელ ქალაქად გადაიქცა, ეს აღარავისთვის არაა საიდუმლო – ამაზე წერენ ავტორიტეტული უცხოური გამოცემებიც და ამაზე მეტყველებს თითოეული, ოდნავ მაინც განათლებული და ესთეტიკური, ადამიანის შეხედულებაც. ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენადაც დავიღუპეთ ამ პერიოდში დემოგრაფიულად, იმდენადვე დავიღუპეთ არქიტექტურულად და რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება დამთხვევა, ეს ორივე სახის დაღუპვა ერთიანი და ერთმანეთის მკვებავი ორი უარყოფითი მოვლენა გახლავთ.

ერთ-ერთი სტატისტიკური მასივის ანალიზისას გამეცინა – აბა, თუ მიხვდებით, რატომ მეტობს ისან-სამგორში გვარები, რომლებიც შვილი-ზე და ოღლი-ოვ-ზე მთავრდება და დიღომ, გლდანი-ნაძალადევში გვარები, რომლებიც ძეზე და ია-ავა-ზე მთავრდება, შიდა ქალაქური მიგრაციის ბოლო 10 წლიან ტალღას თუ არ ჩავთვლით?! ჩვენი უთავბოლო ურბანიზაციის ეს ტოპოლოგიური ნიშნები, ჩემთვის ისეთივე გულის ამაჩუყებელია, როგორც თბილისური სასაფლაოების სტილისტიკის ეკლექტიკური ევოლუციის ტენდენციები და მე, რა თქმა უნდა, მათ ამ წერილში ვერ გავწვდები, გამგები გაიგებს, რას ვგულისხმობ.

პირადად ჩემთვის, არჩევანი ემიგრაციასა და სამშობლოში დაბრუნებას შორის არასოდეს ყოფილა, სახლის დაწვისა და უკიდურესი გაჭირვების შედეგად უცხოეთში წასული, ყოველთვის ვოცნებობდი სამშობლოში დაბრუნებაზე და რითიც შევძლებდი, მის დახმარებაზე და ბუნებრივია, როგორც კი შევძელი, ასეც ვქენი, როგორც ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ. ოღონდ, ბუნებრივია, თბილისში ვეღარ ვიცხოვრებდი, იმიტომ, რომ ის, რასაც მე თბილისს ვეძახდი, აღარ არსებობს.

დავსახლდი მისგან მოშორებით, ჩემს საყვარელ კიკეთში და ქვიშასა და ტალახში ჩავყარე უცხოეთიდან ჩამოტანილი დოვლათი, მათ შორის იმისათვისაც, რომ ზოგიერთი ჩვენი ტვინარეული თანამემამულის გესლიანი ყვირილი მესმინა, საქმე აკეთე, საქმეო, და სკოლა რატომ გაქვს ფასიანი, შენ თუ კაი კაცი ხარო – ამაზეც არა ერთხელ მისაუბრია.

ამ უგუნურებას, უსამართლობას და შურიან ცილისწამებას დიდი ხანია მივეჩვიე, მაგრამ, ახლა სიმწრით ვაკვირდები კიკეთის იმავე ფსიქიკით დამახინჯების საწყის პროცესს, რომელიც, ვგონებ, ბევრისათვის ნაცნობი იქნება, იმიტომ, რომ ყველგან ერთი და იგივე ხდება.

ჩვენს მიერ აშენებული ტაძრის, სკოლისა და სპორტული მოედნების გარშემო უკვე „აჩალიჩდნენ“ უფანტაზიო მესაქმეები და მიდი-მოვდივარ, აშენებენ და იშენებენ იმავე ბლოკის კედლებიან ღობეებზე მიმჯდარ სახლებს, რომლებიც პროპორციულადაც კატასტროფაა არსებულ სივრცესთან და იქმნიან ამ ღობეების უკან საცოდავ, ჩაკეტილ სივრცეებს, სადაც არც თვითონ გაიხარებენ და არც გამვლელს გაუხარებენ თვალს.

დასავლეთშიც და საბჭოთა კავშირშიც კი, ღობის კულტურა შეუდარებლად მაღლა იყო, დაბალი სადგომით, ე.წ. ცოკოლით ანუ ყორეთი და ზედ ნამატი გამჭვირვალე გადაწყვეტილებით, წნული ლითონი იქნებოდა ის, თუ ხის წნული ჩხირი, რათა თვალს სახლი დაენახა, სახლს – გამვლელი.

ატომიზირებული მომხმარებელი ინდივიდი კი, ფსიქიურად დაიჩეხა და იშენებს და იშენებს კედლებს, გეგონება, იმ კედლების მიღმა თვითონ არ იჯდეს შეშინებული, იზოლირებული და გამოთაყვანებული.

საერთოდ, ღობეების კატასტროფული კულტურა, თანამედროვე საქართველოში, ცალკე ტირილს იმსახურებს. მახსოვს, ყველაფერი ჩემს ბავშვობაში დაიწყო, როდესაც სახერხების შემოსვლით გამრავლებული ფიცრების ღობეების ხანის მერე, რომელიღაც გენიოსმა კორუფციონერმა, ქართული აეროპორტებისათვის „გოსპლანის“ მიერ გამოყოფილი ასაფრენი ბილიკების ასფალტის ქვეშ დასაგები ლითონის ფირფიტები გაყიდა მოსახლეობაზე. გექნებათ ნანახი, ჩვენს სოფლებში ბევრგანაა დღემდე შემორჩენილი მრგვალ-ნასვრეტებიანი ლითონის ეს სიმახინჯეები. ამ აქტში ჩვენი დიდებული და უძველესი სოფლური კულტურის დეგრადაციის გროტესკული ასპექტი გამოჩნდა, 60-70-იანი წლების სოფლელმა კაცმა, ქალაქური კავშირებით გაპრანჭვა მოინდომა თანასოფლელებთან და ფიცრის ღობეზე წინ წაიწია, თან, მთლად კარმიდამოს დამალვაც ვერ გაბედა და მუშტის სიგანე რადიუსის ჭუჭრუტანებით მონახა კომპრომისი არ დამალვასა და ინდუსტრიალიზაციას შორის.

აწი, ეგ სიმახინჯეც კი სანატრელი გაგვიხდა, მთელს საქართველოში წამოჭიმული ბლოკისა და ბეტონის გაუმჭვირვალე ღობეების შემხედვარე, ისევე, როგორც მახინჯი „ხრუშჩოვკებისა“ და „ბრეჟნევკების“ არქიტექტურამ აჯობა უკვე დაღვრემილი ფიქრის გორის არქიტექტურას ვერაზე, ჩვენი შევარდნაძისეული ეპოქის დეველოპერების მაფიისა და მათი გალიბერასტებული და განარკომანებული შთამომავლობის ხელში.

ღობის ისტორიული ფუნქციები – საძოვრიდან დაბრუნებული საქონლისაგან კარმიდამოს დაცვა იქნებოდა ეს კოლხეთში, თუ შემოვარდნილი ლეკისაგან ოჯახის დასაცავად ყორის ძირას ფილთა თოფით ჩაწოლა ყვარელში, რომლებიც საოცრად იყო შეხამებული ქართველი კაცის ჰარმონიულ ყოფასთან გამვლელ-გამომვლელს მისალმებოდა, ამბავი ეკითხა, თავი საზოგადოების ნაწილად ეგრძნო – ვისღა ახსოვს.

მოდერნისტული ინდივიდუალიზმის პროვინციული ვერსიით დაავადებული ქართველი ჰომო ურბანიკუს, თუ შემთხვევით, რატომღაც, ისევ სოფელში დასახლდა, აუცილებლად ღობის ყრუ კედელს უნდა ამოეფაროს, რათა შიგნიდან მას მიაშტერდეს და თავი არა სამყაროსა და ქვეყნის გაგრძელებად იგრძნოს, არამედ – მის ატომად.

იგი ამას ავტომატურად აკეთებს, დაშტამპული აზროვნების სერიულ დეტალად, რომელიც მას თავისი განუმეორებელი ინდივიდუალიზმის გამოვლინებად მიაჩნია, იმიტომ, რომ არც ძველი ტრადიცია შერჩა და არც კლასიკური ესთეტიკური განათლება მიუღია. ამიტომ, ჩვენი თანამედროვე ყრუ ღობეები ჩვენი აზროვნების პროვინციალურობის ისეთივე თვალნათლივი გამოვლინებაა, როგორც პაპუა-ახალი გვინეას ტომის მიერ ლერწმისაგან აგებული თვითმფრინავის მოდელები და კირით თეთრად შეღებილ სახეებზე ნახშირით მიხატული ულვაშები – თეთრებზე წაბაძვის უბადრუკი მცდელობისას.

და განა მხოლოდ ღობეებსა და სახლის საკარმიდამო პროპორციებშია საქმე?! სახლთმშენებლობის კატასტროფული სტილისტური აჯაფსანდალი, ზოგჯერ, ენით აღუწერელი სიქაჯე (თან, ხშირად, რაც მეტი შესაძლებლობა აქვთ, მით მეტი), საერთო ფართების და გასასვლელების სრული უგულებელყოფა, სხვის მიერ საერთო ფართებისთვის რამე გაკეთებულის ცინიკურად დაზიანება და საკუთარი სარგებელისათვის უსინდისოდ გამოყენება და მიგდება, 90-იანებში ზოგჯერ აფერისტულად – უფასოდ ან ქრთამად – დათრეული მიწის ნაკვეთების გარშემო უმდაბიოესი ურთიერთობები და ადამიანის არ დანდობა და შანტაჟირებაც კი, ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ქაჯური ყოფითი კულტურის მაჩვენებლებია ქალაქშიც და ქალაქგარეთაც. როგორც ჩვენი კლასიკოსი იტყოდა, “გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ”. (1)

კიკეთში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ შარშან, ჩვენს ქუჩაზე მდებარე ტყის ნაკვეთი გამოიტანეს აუქციონზე, რომ გაყიდონ, გაჩეხონ, ზედ ბლოკის სახლები დადგან, ფული იშოვონ და ისევ დაამახინჯონ აქაურობა, როგორც დაამახინჯეს წყნეთი და ყველაფერი თბილისის გარშემო. არაფერი შეცვლილა, ეკონომიკის სამინისტროში რომელიმე ჩინოვნიკი ბიუჯეტის და საკუთარი ჯიბის გავსებაზე ზრუნავს, საქართველო კი – მახინჯდება და მახინჯდება, დემოკრატიული აზრთა სხვადასხვაობის ყაყანში და სულ უფრო და უფრო შორდება იმ ეფემერული ევროპის იმიჯს, რომელზეც ჩვენი ლიბერალური ბნელიტა ოცნებობსა თუ ჩუკენობს.

ანდა, კიდევ: ამასწინათ გავიგე, რომ მომცრო მიწის ნაგლეჯი, რომელიც სამოსახლო ნაკვეთსა და ჩემს მიერ დაგებულ გზას შორის იყო, სადაც სკოლის კუთვნილ ტრანსპორტს ვაყენებდით, ვიღაც ჭკუათმყოფელს სამოსახლოდ მონდომებია და ვიღაც ჭკუათმყოფელსავე მოხელეს ეკონომიკის სამინისტროდან მისთვის მიუყიდია. ახლა ჩაიდგამს ამ მიწის ნაგლეჯზე შელესილი ღობით გარშემორტყმულ ბუნკერს ეს დალოცვილი და „ჩაგვესიძება“ ამ ჩვენი რუდუნებითა და ენთუზიაზმით შექმნილი სასუნთქი სივრცის წყნეთ-თბილისზე დამგვანებით. ეტყვი რამეს და, ეწყინება. ალბათ, მისი რომელიმე ნაცნობი ცხოვრობს იქვე და ახლა ამას ჰგონია, რომ ამით ცხოვრებას გაილამაზებს და გაულამაზებს იმ ნაცნობსაც.

მე მაოგნებს და მთრგუნავს ჩვენი ერის ეს ცნობიერებითი კატასტროფა: უკულტურო ურბანიზაციისაგან გარბიხარ, ტალახში და მიგდებულ სოფელში ტაძრებს, სკოლებს, სპორტულ კლუბებს აშენებ, რათა შენი სამშობლოს ეს ნაწილი მაინც გაამშვენიერო შენივე შრომით, უცხოეთში სიმწრით ნაშოვნი საშუალებებით, იქ, ყოფაში ჩართული ხალხის ცხოვრება გააუმჯობესო და სანაცვლოდ, ამ ჩახერგილი, ნათბილისარი ჯოჯოხეთის ღრმულიდან ან უმადური ქილიკი და უვიცი უზრდელობა გეწევა, ან ესვე ჰომო ურბანიკუს გისახლდება სრული უბოდიშობით იმისადმი, რაც მის აქ გადმოხერგვამდე აკეთეს ადამიანებმა. არავითარი ესთეტიკა, არავითარი ყოფითი კულტურა, მხოლოდ უმდაბიოესი ყოფისადმი სწრაფვა, ჩვენი უმდაბიოესი სამშენებლო სტანდარტების განმგებელი კორუმპირებული ჩინოვნიკების მხრიდან მხარდაჭერილი. მერე აიშენებენ ამ ბუნკერს და მისი ღობის გარშემო თვეობით სანაგვეს ტოვებენ, სანამ მათ დასალაგებელს ვინმე არ დაულაგებს.

რა ეშველება ყველაფერ ამას. ჩემი აზრით, მხოლოდ მკაცრი იდეოლოგიური ცვლილება და უმკაცრესი ხელი.

არსებულ პოლიტიკურ სისტემაში ეს შეუძლებელია. სანამ ლიბერალების ქვეშ ვრჩებით, თბილისი დარჩება ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობის ჩამთრევ და ჯოჯოხეთური არქიტექტურით გამოწვეული ყოფითი დეგრადაციის შედეგად დამღუპველ მორევად, ქვეყანა კი – სულ უფრო დაიცლება და გაუბედურდება.

არც საცხოვრებელი, არც სამუშაო, არც საწარმოო და არც სავაჭრო შენობების დაგეგმარების გაჯანსაღებას არანაირი პირი არ უჩანს. ჩვენი მოხელეები, გეჩვენება რომ, საკუთარი იმიჯის „გაზმანვაზე“ და საკუთარი სამშენებლო კომპანიების გამდიდრებაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე დემოგრაფიული ზამთრიდან გამოსვლისათვის აუცილებელ არქიტექტურულ იდეოლოგიაზე და ვართ ამ არქიტექტურულ კოშმარში, რომელიც, ბუნებრივია, ჩვენი ყოფითი, კულტურული და შესაბამისად ეკონომიკური კოშმარიც არის.

მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის ცვლილების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ამ და სხვა სასიკვდილე პროცესების შეჩერება და შეტრიალება. ბევრად უფრო ძლიერი, ცენტრალიზებული ძალაუფლების პირობებში, ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, არქიტექტურული მკვლელობის შეჩერებაც შესაძლებელია და მისი გაჯანსაღებაც – თუმცა, ამას დაახლოებით ნახევარი საუკუნე მაინც დასჭირდება.

ქვეყნის იდეოლოგიისა და სახელმწიფოებრიობის ფორმის შეცვლის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღდგეს და თავიდან შეიქმნას გამოცდილი და პროფესიონალი და, სწორედაც რომ, მხცოვანი არქიტექტორების საბჭოების იერარქიული სისტემა, რომელიც მომავალი საუკუნის განმავლობაში რამეს უშველის თბილისს და დანარჩენ საქართველოს – უშიშროების ორგანოების მხრიდან ანტი-კორუფციული უმკაცრესი ზედამხედველობის პირობებში.

მისი მუშაობის ძირითადი მიმართულებები კი, ჩემი აზრით, ასეთი უნდა იყოს:

1. 100 წლიანი მორატორიუმი დამატებითი, კორპუსის ტიპის, საცხოვრებლების მშენებლობაზე თბილისსა და მის 20 კილომეტრიან შემოგარენში, გარდა საბჭოთა დროიდან შემორჩენილი საქარხნო ინდუსტრიული ზონების გადაკეთების შემთხვევებისა – ისიც მკაცრი პარამეტრული კონტროლით;

2. ამ 100 წლის განმავლობაში თბილისის დაძველებული საცხოვრებელი შენობების დანგრევა და მათ ადგილზე საპარკო და სარეკრეაციო ზონების მშენებლობა, ე.წ. ერთიანი „გამოხშირვისა და გამწვანების ერთიანი გეგმის“ ფარგლებში;

3. მკაცრი კონტროლი მაღალსართულიან მშენებლობაზე მთელ ქვეყანაში, მისი სრული აკრძალვით საცხოვრებელი მიზნებისათვის – გარდა იმ რეგიონების ქალაქებისა, სადაც დემოგრაფიული კლება არ არის პრობლემა;

4. საქართველოს სხვა ქალაქებსა და დასახლებებში მკაცრი პარამეტრული და პროპორციული კონტროლი ყველა ტიპის ახალ მშენებლობაზე, ამ მშენებლობით გამოწვეული თანმდევი აუცილებელი ინფრასტრუქტურით დატვირთვის დეველოპერზე დაკისრებით – საბავშვო ბაღები იქნება ეს, მოედნები, სკოლები, პარკები, თუ ავტოსადგომები;

5. სოფლური საცხოვრებელი სახლებისათვის ერთიანი სტილისტიკის შემუშავება და მოსახლეობის დახმარება მათი საცხოვრებელი სახლების ამ სტილში შესაკეთებლად, კუთხეების ისტორიული თავისებურებების გათვალისწინებით. ამისათვის გამოგვადგება საბერძნეთში მოქმედი კომერციული უძრავი ქონების მშენებლობის მხარდამჭერი კანონის მსგავსი, თუმცა, ქართულ რეალობაზე მორგებული ინიციატივა, რომელსაც საბერძნეთში „ანაპტექსია ნომოს“ ჰქვია, რომელიც, ათენში ბიზნეს მრჩევლად ყოფნისას შევისწავლე და რამდენჯერმე ვეცადე ამეხსნა ამ ჩვენი შუშისთვალება ლიბერალ-მმართველებისათვის, თუმცა, ვერაფერი შევაგნებინე.

თუ მიზანმიმართულად და დაუღალავად ვიმუშავებთ, ამ ჩვენს სამოთხისებრ ქვეყანას კვლავ მივუსადაგებთ ჩვენსავე ნახელავს და აღარ ვიქნებით ისე, როგორც ახლა, თითქოს სამოთხეში ჯოჯოხეთის მაშხალები ჩასახლებულან.

ჩემი ერთი მეგობარი წლების მანძილზე ტრადიციული ქართული სახლის არქიტექტურას იკვლევდა და ადარებდა მას ტრადიციულ ფინურ, გერმანულ და იაპონურ სახლებს. მისი კვლევის შედეგებმა განმაცვიფრა. ორი რამ დამამახსოვრდა:

1. ჯერ კიდევ 100-ოდე წლის წინ ჩვენი სახლები შეუდარებლად უფრო შთამბეჭდავი და ლამაზი იყო, ვიდრე იმ სამი პატივცემული ქვეყნისა, და

2. ამ ოთხიდან ქართული სახლის ყველა კუთხის ნაირსახეობა თავისი უცხოური პროტოტიპებისაგან გამოირჩეოდა ერთი მკვეთრი, საერთო თვისებით, დამოუკიდებლად მისი კუთხურობისა: თუ ფინურ, იაპონურ და გერმანულ ტრადიციულ საცხოვრებლებში საერთო ან სასტუმრო ოთახის ფართი მთელი სახლის 35%-ს არ აღემატებოდა, ქართულ სახლებში იგი 50%-ზე მეტი გახლდათ და ზოგან 2/3-საც კი შეადგენდა. თან, განურჩევლად იმისა, გლეხის სახლი იქნებოდა ეს, თუ სათავადო.

ანუ ქართული კულტურის სიღრმეში სძევს უდიდესი პლასტი არა თვითიზოლაციისა, არამედ ერთად ყოფნისა და სოროებში ნადავლის ინდივიდუალისტურად არ თრევის სიბრძნისა და მისი გაცოცხლება და გაფურჩქვნა კვლავ შეგვიძლია, თუ ჭკუით მივუდგებით საქმეს.

ითვლება, რომ არქიტექტურა ყველაზე კარგად ასახავს ამა თუ იმ იდეოლოგიის ისტორიულ ნაკვალევს ადამიანთა საზოგადოებაზე. თუ რამდენად არაორგანული და საცოდავია ჩვენი ეს ქართული ლიბერალური იდეოლოგიის ხანა, ჩვენს არქიტექტურულ ტრაგედიაშიც კარგად ჩანს. რაც მალე დავემშვიდობებით ლიბერალიზმს, და მათ შორის მისით მონაბერ არქიტექტურულ ქაოსს, როგორც საშინელ სიზმარს, მით მალე იგრძნობს თითოეული ჩვენგანი იმედის სიოს ჩვენს საერთო საცხოვრისში.

______________________

(1) დიმიტრი უზნაძე: “აი, რა აკლია ქართველობას”.

18.09.2021

XXVII თავი

დაკარგულ ზღაპარზე ფიქრისას, მხოლოდ ადამსა და ევას შეეძლოთ უკვე ნანახის წარმოდგენა და თუნდაც იმ პირველქმნილ, ჯერ კიდევ უხლებ, თუმცა, უკვე დაზიანებულ სამყაროში – მასზე ნატვრა და მისთვის გლოვა.

ჩვენ, ახლოსაც კი ვერ მივალთ, ჩვენს ყველაზე გამბედავ წარმოსახვაში, იმის წარმოდგენამდე, თუ რა უნდა ჩვენთვის შემოქმედს.

მაშ, სადღა იღებს ადამიანი წყაროს შთაგონებისა. პოეტები გეტყოდით რომ, იქვე, სადაც ადამი და ევა, ანუ, საწყისის გახსენებაში.

სპარს და ტაჯიკ „პოეტთა ადამი“ – რუდაკი იქნება ეს, ხაიამი, თუ რუმი, ნიზამი, თუ საადი, ბარათაშვილი, თუ პუშკინი, ტერენტი, თუ გალაკტიონი, ვაჟა, თუ ესენინი, ტენისონი, თუ ტაკუბოკუ, ლი ბო, თუ დუ ფუ – ყველა ტკბილად მისტირის საწყისს. ეს ნაკლებად სჭვივის ვრცელ და ეპიკურ პოემათა შემქმნელებში, რომელთა გადმოსახედიდან შოთა ყველა სხვას მეგობრების მათრეველებს უწოდებდა, და ესეც თითქოს ბუნებრივია, ვრცელი ტილოს შინაარსი თითქოს სხვაა – გინდა რუსთაველი იყოს ეს, გინდა ჰომეროსი, გინდა დანტე ალიგიერი და გინდა შექსპირი, თუმცა, იქაც გაკრთება ხოლმე პოეტთა ეს მარადი საჭვრეტელი.

იმ საწყისში ყოფნისას, პოეტი შეიძლება მოუსვენარი, მტირალა, მოჩხუბარი ბიჭი იყო, მაგრამ, კაცად ქმნილი, კაბადონზე მიპყრობილი მზერით, ის მას მისტირის. ამგვარად, ამ თვისებაში, ყველა ადამიანი პოეტია, იმიტომ, რომ არავის შეუძლია ბედნიერების არ ძებნა და მისი დანახვა იქ, სადაც არის.

ამას ძალიან მძაფრად და მკაფიოდ განვიცდი ამ ჩემს მდგომარეობაში, და როგორ ვთქვა, მაგრამ, საოცრად დიდ ტალღებს ვგრძნობ ნეტარებისა, ტკივილისა და წვალების მიუხედავად, ცხოვრების მდინარიდან ლამის სტიქსის ნაპირებზე გამოტანილი.

პოეტთა მეფეს, მოგონებებში – სადაც ის ხან პალტოს არ ქონაზე „დარდობს“ და ხან რაზე – საოცარი წამი აქვს აღწერილი თავის „პლეხანოვის“ ბინაში. ისე, გაკვრით ახსენებს, თუ როგორ გამოდის მზიან შუშაბანდში და უეცრად უმძაფრესი ბედნიერების გრძნობა ეუფლება. ეს არის ყველაფრისაგან დამოუკიდებელი განცდა, რომელიც ადამიანს, თვით გალაკტიონსაც კი, არ შეუძლია შეიქმნას – ის ნაჩუქარია საწყისისაგან.

და კაცმა რომ თქვას, მწერალთა მეფეს (1), რომელსაც თავი ბოლომდე პოეტად მიაჩნდა – და იყო კიდევაც უდიდესი პოეტი, უბრალოდ, ის მწერალთა მეფეა – თავის უდარებელ „რკინის საწოლში“ პოეტთა მეფის ეგ ბინა გარედან აქვს აღწერილი. ვისაც არ გინახავთ მისი სახე, როდესაც ის, ასე ოცდახუთიოდე წლის, შავ პალტოში აცილებს პოეტთა მეფეს ბოლო გზაზე, აუცილებლად ნახეთ მისი გამომეტყველება.

მათი ცხოვრება ჩვენი ცხოვრების გამართლებაა, ჩემი აზრით – რომც არ იყოს ამაზე განუზომელად დიდი წვლილი ჩვენი ბერ-მონაზვნობისა და წმინდანებისა ღვთისა და კაცობრიობის წინაშე.

მაგრამ, მარტო ეგ ორი რომ გვყოლოდა, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, უკვე აზრი ექნებოდა ყველაფერს, ამ ჩვენი უაზრო თანამედროვეობის ჩათვლით. ეს ღმერთმა ჩვენზე უკეთ იცის, კაცობრიობამ – თითქმის არა.

ნურავინ მკითხავს სხვებზე, მითუმეტეს რუსთაველზე, ის კოსმოსია – ის საეროში ყველაფერის მეფეა ერთდროულად, არ გვინდა მიდებ-მოდება აქ.

რაი ვქნათ, რომ ისევ გავამართლოთ ჩვენი არსებობა? სად, რომელ ჩახერგილ ყოფაში მოვნახოთ ის ია, რომელიც თავისი სიფაქიზით სიმახინჯისა და მდაბიოობის ბეტონის უდაბნოს გაარღვევს, სად არის ის, რისთვისაც აწი ვართ? მისი უწმინდესობა ხომ თავისთავად ეგ არის, უფრო მეტ ხარისხში, ვიდრე მგონი ნებისმიერი, ვისაც ჩვენში უცხოვრია, მაგრამ, ერში? თუ აღარ ძალგვიძს?

ან იქნებ, გვყავს და ვერ ვხედავთ, ან იქნებ, ბევრიც გვყავს, ბევრი ვერა, მაგრამ, იქნებ რამდენიმე? რას ვგავართ, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად?!

რა უნდა მოხდეს, რომ გამოჩნდეს? საწყისთან მიქცევა.

ეს გოდება ეროვნულობაზე და სარწმუნოებაზე, რომელსაც ეს რამდენიმე ბღუჯა ჭინკები და მათზე დამორჩილებული მარადი ღორები გვართმევენ, ეს პოლიტიკუმი, რომელშიც მეც მომიწია – ამდენი ნაპირზე მდგომისა და, არც ნაპირზე, და არც მდინარეში არაფრის მაქნისის გაუთავებელი ზუზუნის მერე შეტოპვა, ეს განცდა სრული ჭაობისა – ერში, განა ბერში; ეს ჩვენი უუნარობა ორივესი ერთად: სარწმუნოებისა და მაგარი მუშაობისა – ამას რა ვუყოთ?

ყველაზე მდაბიო ამ მდგომარეობაში არის: „ხალხს შია, რა დროს ეგენიაო!“ ყველაზე ხშირად ამას გაიგებთ იმისგან, ვისაც სინამდვილეში ნაკლებად შია, თავში რაღაც უძრწის და თავი კიტრი ჰგონია. „პრაქტიკული ხალხი.“ ზოგი სრულიად მიყიდული მატრიცაზე, ზოგი – მატრიცის მიერ არ აყვანილი და ნაწყენი და ეროვნულ ფლანგზე იძულებით გადმოგდებული – სარგებელზე, სკამზე, ადგილზე მომლოდინე. რამე რომ შეეძლოს, წავიდოდა და იმუშავებდა, თუნდაც მესაქმედ, მაგრამ – ზარმაცია.

ზოგი კი – კარგი, ძალიანაც კარგი, მაგრამ, უკვე გადამტვრეული და დაღლილი: ლიბერალურმა კონცლაგერმა 30 წელი გასტანა, ესენი კი, ამ გაზის კამერაში ჟანგბადის წყაროს – ზიარებასა და სხვა საიდუმლოებებს არ გაჰკარებიან. ძალიან ჭკვიანები არიან, ძალიან განათლებულები ამისათვის. ეტყვი რამეს და, შინაგან ცეცხლებს ყრიან, ვერაფერს უშველი და ხმებიან ასე ვობლებივით, თვალსა და ხელს შუა, კარგი ხალხი.

ის ინერცია, რაც საბჭოთა ინერციიდან გადმოჰყვათ, ოჯახიშვილობიდან, პიროვნული სიკარგიდან, რახანია დაიხარჯა, ისევე, როგორც ყველას დაგვეხარჯა და ამ უკიდეგანოდ გაფართოებულ არჩევანში ცუდსა და კარგს შორის, გაიწელა და „გაიდღლაპა“ ის ცენტრიც, რომელიც ადრე უფრო ვიწრო და კონკრეტული იყო, ოთხმოციანებში. ვერაფერს უშველი. შეგიძლია მხოლოდ ილოცო მათზე.

მაშ, სად მოინახოს ბირთვი ერისა. ადამიანი, ვინც ღვთისმოშიშიცაა, ხარივით მუშაც, ჭკვიანიც და მარადის მოსწავლეც? ახლა ხომ, თუ მუშაა – ძირითადად, ჭინკაა და თუ მორწმუნეა – ძირითადად, ორ ბატს ვერ მიაბარებ.

აი, ამ საველე პირობებში, საწყისთან მიბრუნება – არა მხოლოდ პოეტური, არამედ, ქმედითი – არის ჩვენი დიდგორი. როდესაც ეს გულზე ლოდად მაწვება, ახლაც, ამ ავადობისას, როდესაც ექიმები საერთოდ მიკრძალავენ რამეს, გარდა მკურნალობისა და მეუბნებიან, თუ გინდა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარო, უნდა იდარდოო, რავარია, აქაც, შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ჩვენით ვერ ვიზამთ ვერაფერს.

და დიახ, უჩვენოდაც უფალი ვერაფერს ვერ იზამს საჩვენოს, მაგრამ, მისი ნელი სიო დაჰბერავს იქ, სადაც ქარიც, მიწისძვრაც და ცეცხლიც გადაგვივლის, და როდესაც გვეგონება, რომ სულ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაშინ აავსებს ის ნელი სიო დავითის ძარღვებსა და მყესებს, გულსა და გონს, მაშინ დაემხობა გოლიათი.

ის, ვისაც ჰგონია, რომ ეს შესაძლებელია ველზე გასვლის, შურდულის აღების, სიკვდილთან სახით დადგომის, „პრაქტიკული ხალხის“ დაცინვისა და ქირქილის უგულებელყოფის გარეშე, ის მწარედ, მწარედ ცდება.

მაგრამ, ვინც ბოლომდე დაითმენს, ოჯახის ერთგულებაში, საიდუმლოებებში მონაწილეობით, მაგარ შრომასა და სწავლაში, საკუთარი ცოდვისა და შეცდომების გლოვით, ის მოესწრება მისი უწმინდესობის მზიანი ღამის აისს, მასთან ერთად.

ღვთისმშობლის შობა მომილოცნია!

_______________________________________

(1) ოთარ ჭილაძე

21.09.2021

XXVIII თავი

ეს თავები რაც მეტია, მით უფრო მიკვირს და მიხარია. სამი დღე გამოვტოვე ისევ, ერთის ნაცვლად – ქიმიის გარდა, ძალიან ღრმა, მძაფრი გაცდა მქონდა, რომ ამ გზაზეც ისევ არასწორად მივდივარ.

შეიძლება ვინანო მომავალში, რასაც ამ თავში დავწერ, იმიტომ, რომ არც საჯარო აღსარება შეიძლება და ბევრი ვერც გაიგებს, მაგრამ, რა ვუყოთ.

რაც არ უნდა ვიპრანჭო, ვერაფრით მივემსგავსები იმ ადამიანის სახებას, როგორისადმიც მოგვიწოდებს მისი უწმინდესობა, როდესაც ამბობს: იყავით, როგორც საფლავნი, რომლებსაც არც გინება სწყინთ და არც ქება ახარებთ.

ეს ყოველთვის მიჭირდა, მთელი ცხოვრება, განსაკუთრებით კი, საქმე გამიძნელდა, როდესაც საზოგადოებრივ სარბიელზე გამომაგდო სამშობლოს სიყვარულთან ერთად ამ ჩემმა მოუსვენრობამ, თუ რამ, ამ ოციოდე წლის წინ ეს პოეტი კაცი, გეგონება ის არ მეყოფოდა, რომ მესაქმეობაში მომიწია ყოფნა ამდენი წელი, თან უცხოეთში.

რომ არა დაახლოებით მაშინვე დაწყებული – როგორიც შემიძლია – ეკლესიური ცხოვრება, საერთოდ რა მეშველებოდა? და ახლა ხომ, კიდევ უარესი, როდესაც წელს ეს საძულველი პრაქტიკული პოლიტიკაც ქედზე დავიდე.

ყველანაირ განსაცდელს უფალი ადამიანს უგზავნის მის სრულსაქმნელად. ჩვენს საოცარ ენაში, მგონი, ეს უკვე ვთქვი ადრე, თვითონ სიტყვა „განსაცდელი“ ერთდროულად ნიშნავს, რომ უნდა განიცადო კიდეც, უნდა თავიც გამოსცადო მასში, და უნდა დაიცადო ანუ დაითმინო ამქვეყნიურ დროში და გქონდეს იმედი, რომ ესეც გაივლის.

და დამოუკიდებლად იმისგან, როგორ დამემართა ის, რაც დამემართა, ეს ხომ უფალმა დაუშვა ჩემს თავს?! და არ ვარ დარწმუნებული, რომ თუნდაც ახლოს ვარ ამ განსაცდელის სწორად გააზრებასთან.

თუ მომწამლეს, რაც სავსებით შესაძლებელია, უხ, მაგათი, და ამდენი ხალხი რომ გგულშემატკივრობს, რა კარგი ხარ, და აი, ეს ჯანდაბა ფიქრები.

თუ თავისით დაგემართა, მაინც რამდენი თანაგრძნობაა შენს ხალხში, და ისევ ეს დოზანა საკუთარ თავზე.

ამ დროს, სინამდვილეში, სად შენი ნამდვილი შეცდომები და ცოდვები და სად ეს განსაცდელი?! და ეგეც იქით იყოს, რამდენი განკითხვაა შენს გულში, რამდენი უპატიებლობა, რამდენი ამპარტავნება, სიკეთისა და სამშობლოსათვის ზრუნვის სახელით?!

და ეს დრო, რამდენიც არ უნდა მოეცა უფალს, ამაზე გლოვისა და ამისაგან განწმენდისათვის მოგეცა და აკეთებ ამას? ამ დღიურსაც რისთვის წერ? კი თქვი, რომ სხვებს გამოადგეს, კი ცდილობ, არ იკითხო კომენტარები, მაგრამ, სინამდვილეში, ხომ გახარებს ქება და გწყინს გინება, რომელიც მაინც მოდის შენამდე?!

და რა გწყინს, ის, რომ უსამართლოდ ან დაკვეთით გაგინებენ? და წამალი, რომ არის უსამართლობის თმენა შენი ნამდვილი ცოდვებისა და შეცდომებისათვის, რატომ არ ლოცავ იმ მაგინებლებს?

და რა გიხარია ქებაში, იმ ვირს რომ ემგვანები, იოანე ოქროპირის თქმულის არ იყოს, რომელზეც მაცხოვარი იჯდა, როდესაც იერუსალიმში შედიოდა ბზობას, და ოსანას გაგონებაზე, ვირს რომ ეგონა, რომ მაგას ეგებებიან?

რა გვეშველება? რა გეშველება? ვის მიბაძო? ახლა მაინც ხვდები, რატომაა, რომ არასოდეს ეკლესია არ აკურთხებს ადამიანს ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად და უბრალოდ ეტყვის, თუ შენ ამ უღელს აიღებ, ვილოცებ შენი სულისთვისო? და როდის არ ილოცებდა რომ, ის შენი სულისათვის?

ვის მივბაძოთ ამ უბედურ სამყაროში – გინდა, პოლიტიკაში შესულმა ადამიანებმა, გინდა, მასზე მოდარდე ადამიანებმა, ანუ ყველამ, ვისაც ათინელები იდიოტესს არ ეძახდნენ?

ყველას თავის ტრადიციაში გაუმარჯოს, ჩვენ კი – ჩვენსაში.

ჩვენსაში ყველაზე კარგი ხალხი წმინდანები არიან. მათი დიდი ნაწილი მოწამეა. თუმცა, ვინც სიკვდილით არ დაისაჯა, თითოეულმა მათგანმა მაინც გაიარა წამების გზა, რომელსაც ყველა ადამიანი გადის, უბრალოდ, უფრო წმინდად. მაგრამ, უმეტესობა უბრალოდ მოწამეა.

და ვინ აწამა – ჩვენს ტრადიციაში მათი დიდი ნაწილი, როგორც წესი, საკუთარმა ხალხმა აწამა. არიან, რა თქმა უნდა, უამრავნი სხვა ხალხებისგან ანუ დამპყრობლებისგან წამებულები, ვინც თავის გასწირა სამშობლოსათვის ომებში, მაგრამ, დიდი ნაწილი ასეთი არ არის, ჩვენისთანა, თბილისში ასი ათასი მომწყდარი და გარეჯში ექვსი ათასი მომწყდარი ერის პირობებშიც კი, ადამიანების რაოდენობის მხრივ თუ არა, ამ უპრეცედენტო, მასიური, უცხოელთა წინაშე მოწამეობის წყალობით, მოწამეობის შემთხვევების რაოდენობის მიხედვით მაინც.

დიდი ნაწილი საკუთარმა ხალხმა აწამა ან მოკლა სიმართლისათვის. აბო თბილელი თუ ეროვნებით არაბი იყო და ამიტომ, რატომღაც, „არ ითვლება“ – თუმცა, რატომ – შუშანიკიდან მოყოლებული, ილია ჭავჭავაძით დამთავრებული, რომელი ერთი ვთქვათ?

იოთამ ზედგენიძე თუ ძმები კარბელაშვილები, ანაკლიიდან და სხვა ადგილებიდან უცხოეთში გაყიდული და მონობაში დაღუპული უთვალავი უსახელო, თუ ბერი სალოსი გაბრიელი (ურგებაძე), ვინც კი, თავისით გარდაიცვალა, მაგრამ, ხერხემალში ვინ გადაამტვრია და საგიჟეთში ვინ უკეთებდა საწამლავს?!

და ვინც არ უწამებიათ, რა, სინამდვილეში, განა არ ეწამა? ექვთიმე თაყაიშვილი თავისი მოწამეობრივი გზის ბოლოს, უნივერსიტეტიდან რომ გააგდეს და მხოლოდ ოცდაათი კაცი ახლდა დაკრძალვაზე, ეგ ვინ ქნა?

და დიმიტრი ყიფიანზე ვინ გაისუსა და არ გამოესარჩლა? და მანამდე, დადიანებთან მეურვედ მსახურებაში ვინ გაუშრო სისხლი ადვოკატებით, საკუთარი ქონების გაყიდვის იძულებით და ყველა სასიკეთო საქმეში ხელის შეშლით? მგონი, მისთვის შვებაც იყო, რაც ქნა ამ თავის მაწამებელ ერზე გამოსარჩლებისას, მაგრამ, მას ვინ გამოესარჩლა რომ?

და 5 ივლისის გამო, რომ ბიჭები გვისხედან ციხეში, ერთი მაინტერესებს, რამდენი მივა კვირას პარლამენტთან რომ მათი გამოშვება მოითხოვოს, ამ ჭინკებისაგან დაშინებული, დაკომპლექსებული და ტვინარეული?

და კოჯორ-კიკეთში რომ იუნკერები იხოცებოდნენ, თბილისის დუქნები ვის მიერ იყო სავსე იმ დღეებში გუგუნით?

და ახლა, ჩვენში ყველაზე უწმინდესსა და უნეტარეს ადამიანს ვინ უშრობს ამდენი წელია სისხლს და ვინ, რა ეროვნების ხალხი აგინებს და ღალატობს მას უშუალო გარემოცვიდან გაუთავებლად?

რატომაა ეს ასე? ჩვენ ვართ ყველაზე ცუდები მსოფლიოში? მაგას ვინ დამაჯერებს?! არა.

ეს იმიტომ, რომ ჩვენი ერიც, ჩვენი ტრადიციისამებრ, იმ სარწმუნოებაში სრულიქმნა, რომელიც ჭეშმარიტია, ანუ ჭეშმარიტება მისთვის ყველაზე მაღლა დგას – თვით ეროვნებაზეც კი.

და ამიტომ, მისი საუკეთესო შვილები, რომლებსაც ჩვენ ნამდვილად არ განვეკუთვნებით, იქ, სადაც ეროვნება სცდება სიმართლეში, ამას ამხელენ. სიყვარულით, როგორც შეუძლიათ, მაგრამ, ამისათვის ისჯებიან მარადი უმრავლესობისგან, რომელიც ან ისუსება, ან არ ესარჩლება მათ – ინტერნეტში კომენტარების წერას, ან ეზოში ჭორაობას და თავის ქიცინს რა უნდა.

ეს ძველი აღთქმის ეკლესიაშიც ასე იყო.

ღვთის რჩეული ერის წმინდანებს, ძირითადად, თვითონ ესვე ერი ქოლავდა, მათ მაშინ წინასწარმეტყველებს უწოდებდნენ. უკანასკნელი მათში იოანე იყო.

იოანესაც თავი საკუთარმა ელიტამ მოაჭრა და მერე იქამდე მივიდა, რომ მესია ვერ სცნო და საკუთარი ხელით ჩააბარა ოკუპანტ რომაელებს მოსაკლავად თავად ღმერთი.

და ყველამ, ვინც ეგ ღმერთი იწამა, პირველ რიგში, სიდონიას დედამ, ვინც მცხეთაში ჯვარცმის დროს გარდაიცვალა ტკივილებისაგან, მიიღო ეგ მადლი, ანუ ეგ ჯვარი თავის წიაღში იმ ხალხის გამოზრდისა, ვინც ჭეშმარიტებისათვის საკუთარი ხალხისგან ეწამებოდა, თორემ, სხვისგან ნაწამებ სამშობლოს დამცველებს ყველა ერი და სარწმუნოება დიდად აფასებს და წმინდანებს ეძახის, არავის წყენინება არ მინდა.

და ჩვენს ტრადიციაში არავის შედარება არ ეგების ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მაგრამ, მაგიტომ უყვართ ქრისტიანებს წარმართი სოკრატე, რომ ისიც მასე მოკვდა და მისი მკვლელობაც ინანეს მერე ათინელებმა და მისი მკვლელებიც დაწყევლეს და დასაჯეს ისინი, როგორც ყველას შემთხვევაში ხდებოდა მერე.

მერე ადვილია მკვდრების სიყვარული და დაფასება და წინა ხელისუფლებაზე ამის გადაბრალება და წინა თაობებზე ამის დაბრალება. მაგრამ, სულ რომ მასე ვართ, ეს ქების მაძებარი და გინების მწყენელი ადამიანები?

თორემ, გამოსარჩლება მაშინაა ძნელი, როდესაც ავი ჰეროდიადასაგან დარიგებული მისი ასული შლომით ანუ სალომე, ახურუშებულ საკუთარ მამინაცვალსა და ბიძას, ჰეროდეს, საშინელ თხოვნას ასრულებინებს, რომ პატიმრობაში მჯდომ იოანე ნათლისმცემელის თავი მოუტანონ ლანგრით, როდესაც რომაელები, იმპერიის სიწმინდის დაცვის სახელით, თავისივე ლათინებს ლომებს აჭმევინებენ კოლიზეუმში, როდესაც კაპადუკიელ, ანუ, შესაძლებელია, წარმომავლობით გიორგიანელ გიორგის, იმპერატორი დიოკლეტიანე ალესილ ხმლებიან ბორბალზე ატრიალებს, როდესაც წმინდა ბარბარეს საკუთარი მდიდარი და ელიტის ნაწილად მყოფი მამა აგლეჯს სხეულის ნაწილებს და კვეთს თავს, როდესაც რუსებიცა და ქართველებიც მარქსისა და ლენინის, ან, თუნდაც, სტალინის სახელით ხვრეტენ და აწამებენ საკუთარ ხალხს, მაგათზე მეტი ვინ ეწამა სადმე და რომელი ერთი ვთქვათ?

აი, რა გვეშველება, ჩვენ უბედურებს და მე უბედურს. მე მგონია, რომ არა თუ ამ განსაცდელის სწორად გააზრების და შესაბამისად, ამის შედეგად, ამ ავადობის დაძლევის, არამედ, არაფრის სწორად კეთების თავი მე არ მაქვს, თუ ამას უსიყვარულოდ ვაკეთებ. და რა სიყვარულია, თუ ამ განსაცდელში, ნებისმიერი ადამიანი თვითგანდიდებაში ან სხვის განკითხვაშია, ცოდვისა და, მითუმეტეს, მისი პროპაგანდის განკითხვასა და არ დაშვებას არ ვგულისხმობ მე აქ.

ამიტომ, მე მგონია, შეიძლება ეს უბრალოდ ბოლომდე კარგად არ მესმის, რომ, მითუმეტეს თუ იმ ტრადიციაში მყოფი კულტურიდან ხარ, რომელსაც ჭეშმარიტების ტრადიცია ჰქვია, ერთადერთი გზა ადამიანისა არის ევედროს, პირველ რიგში, წმინდანებს, რომლებიც თითოეულ ჩვენგანზე უფრო ცოცხლები არიან, რომ ისინი დაეხმარნონ მას, რომ იგი ადამიანს, ანუ მათ ჰგავდეს ოდნავ მაინც.

და არ არის ამაზე მაღლა არაფერი, ამაზე უებარი არაფერი, არც ჩვენი ძვირფასი ეროვნება, და არც გაცის და გას (გაიმის) ფუღურო კერპები, მაგას როგორც კი ვბოდავთ, ამ ჩვენი ეროვნების გამო ეგრევე მოდერნი ვხდებით, ანუ, ან ნაცისტები, ან მარქსისტები, ან ლიბერალები და არა ერი შემდგარი ადამის მსგავსებისაგან, ანუ ადამიანებისაგან.

24.09.2021

XXIX თავი

ჩემი დიდი ბებიის, იოსებ ვასაძის მეუღლე – ესმა გაგუას ბიძაშვილი, ისიდორე გაგუა, თბილისში ცნობილი კბილის ექიმი იყო. მისი ბინაცა და სამუშაო კაბინეტიც რუსთაველის გამზირის დასაწყისში იმ სახლში იყო, რომლის ადგილზეც ახლა ტელეგრაფის შენობა დგას. მაშინ რუსთაველის გამზირს რუსეთის მეფისნაცვლის, გენერალ გოლოვინის სახელი ერქვა და ზედ პირველი ტრამვაი დადიოდა.

ისიდორე ბაბუა უფრო კბილის კოსმეტიკის ანუ გარეგნული სახის წამყვან ექიმად ითვლებოდა, ხოლო, კბილის დაავადებებში კი, მეორე კორიფე იყო – აპოლონ ურუშაძე, ასევე ჩვენი ახლობელი ოჯახიდან. მისი შვილიშვილი, პაოლა ურუშაძე, დიდებული პოეტი და პოეზიის თარჯიმანია, და დედაჩემის უახლოესი მეგობარი.

როდესაც ჩემს ბებია-ბაბუას, თამარ ყიფიანს და ეპიფანე ვასაძეს, რომლებიც ორივე უნივერსიტეტში მუშაობდნენ, არ ჰქონდათ საშუალება ბავშვების სხვაგან დატოვებისა, მამაჩემი და მამიდაჩემი, ცხონებული ნანა ვასაძე, ზოგჯერ ისიდორე ბაბუასთან მოჰყავდათ.

მამამ იქ ბევრი მოგონება დააგროვა, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა და თავისი თხრობისა და წერის მშვენიერი ნიჭით, ნაწილობრივ, მეც გადმომცა.

მისი უწმინდესობა ყველას გვაკურთხებს, რომ ჩვენს ოჯახებზე აუცილებლად ვწეროთ დღიურები და მოგონებები და ამ კურთხევაში უდიდესი სიბრძნე და სიყვარულია, როგორც ყოველთვის.

ამ დღიურში შესული მოგონებების ნაწილი, რომლებიც ხან გალაკტიონს და ბესო ჟღენტს ეხება და ხან კი, ვაჟას მიერ ჩემი სხვა დიდი ბებიის, ლიზიკო ლეკიშვილისადმი მიძღვნილ ლექსს, არსადაა ისტორიკოსების მიერ აღნუსხული და ასე იკარგება ერის ისტორია.

და ვინმე დიდ ადამიანს რომც არ ეხებოდეს საკითხი, ნებისმიერი ოჯახის ისტორია საინტერესოა.

ჩვენ ბევრად უფრო დიდი მატიანე გვექნებოდა ამ საუკუნეებში და ბევრად უფრო მეტი გვეცოდინებოდა ჩვენს შესახებ, რომ არა ჩვენი უგულებელყოფა ამბის ჩაწერის აუცილებლობისა.

საკუთარი ოჯახის ამბის გადმოცემით, თითოეულ ჩვენგანს შეაქვს წვლილი ჩვენი კულტურისა და ისტორიის შექმნაში.

ასე მაგალითად, ცნობილია, რომ ისლანდიური საგები სხვა არაფერია, თუ არა ისლანდიელი ხალხის ტრადიცია საკუთარი ოჯახების ამბების აღწერისა და ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ისლანდიური კულტურა, და შესაბამისად, ყველაფერი სხვა, რასაც ისლანდიელი ერი წარმოადგენს, სწორედ მათზე დგას. და ის დღემდე ცოცხლობს, მაგ უკვდავ და ცოცხალ საგებზე დაყრდნობით იღებენ ცნობილ სერიალებს და მათი ჟინით თამაშობენ უბრალო ისლანდიელი მეთევზეები ფეხბურთს ლამის ყველაზე კარგად, და ეს მასალა ოჯახების შექმნილია სინამდვილეში და არა ისტორიკოსების.

ამიტომ, არაა აუცილებელი ისტორიას მხოლოდ ისტორიკოსები წერდნენ, ეს ხშირად მავნებელიცაა ისტორიისათვის. უფრო სწორად, მათი საწერი, როგორც მეცნიერებისა, სხვაა, ხოლო ჩვენი კი – სხვა.

ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, ვართ პირველწყარონი ისტორიისა და ჩვენს საზოგადოებებში ერთმანეთის გულისა და გონის გამხარებელნი ძალზედ მარგებელი საზრდოთი, რომელსაც ჩვენი წინაპრების და ჩვენი ამბები ჰქვია.

ახლა ვიწყებ, შეძლებისდაგვარად, ისტორიის მეცნიერების ასე თუ ისე სისტემურად შესწავლას და ხშირია დიდი ისტორიკოსებისაგან – ფერნან ბროდელი იქნება ეს, არნოლდ ტოინბი, გილბერტ კით ჩესტერტონი, რობინ ჯორჯ კოლინგვუდი, უილიამ მაკნილი, ჯონ ტოში, ანრი კორბენი, ჟორჟ დიუმეზილი, ლავისი და რამბო, ლევ ტიხომიროვი, თუ მარკ ბლოკი – ამა თუ იმ ფორმით, აზრი იმის შესახებ, რომ არავის დაუმახინჯებია – განსაკუთრებით მოდერნში და პოზიტივიზმში – ისტორია ისე, როგორც ისტორიკოსს.

და ამ თვალსაზრისით, უბრალოდ ამბის მოყოლა, თუნდაც შენს წინაპრებზე, მითუმეტეს, თუ ამას სიყვარულითა და რუდუნებით ცდილობ, ნამდვილად საშური საქმეა, თუნდაც ასეთი უძლურის დღიურის ნაწილადაც კი.

ახლა, როგორც იქნა, შევძელი და ვკითხულობ ცხონებული მამიდაჩემის მოგონებებს, რომელსაც მე ვასაძეების მემატიანეს ვეძახდი და ვთხოვდი ჩაეწერა, რაც ახსოვდა ბავშვობიდან და გულში ვლოცავ მას. ავადობის მიუხედავად, ნანამ, ამ სიკეთითა და ღიმილით სავსე ადამიანმა, მოიცალა და ჩემი თხოვნა შეასრულა, სანამ ამქვეყნად იყო, და დიდი საქმე გააკეთა ჩვენი შთამომავლობისთვის.

ხოლო ნაწილი ამბებისა, რომელსაც აქ მოვყვები, როგორც უკვე ვთქვი, მე მამასგან ვიცი.

ამ ჩემთვის, ბუნებრივია, უძვირფასეს და-ძმას, როგორც ჩანს, ლიტერატურული და მჭერმეტყველური ნიჭი მშობლებისგან გამოჰყვათ, რადგან, ეპიფანე ბაბუა დიდი მეცნიერი იყო ბიოლოგიაში, ხოლო, თამარა ბებია ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადა გაიარა, გადარჩა და მასზე ისეთი დღიური დაწერა, რომ ის ლამის ყველა ბლოკადელმა იცის და სანქტ-პეტერბურგის 300 წლისთავზე სწორედ ეს დღიური იყო მთავარი საჩუქარი საქართველოდან ქალაქისთვის. მანვე თარგმნა ქართულად ლუციუს აპულეიუსის „ოქროს ვირი“ და ლიონ ფოიხტვანგერის „გოია“.

ისიდორე ბაბუასთან, დილაობით, ზოგჯერ, – მიყვება მამა, – კუშტი და ზრდილი კაცი მოდიოდა, რომელსაც ხელები უკანკალებდა. იგი დიდი პატივისცემითა და მორიდებით გადასცემდა ისიდორე ბაბუას მუქი სითხით სავსე რამდენიმე ბოთლს, ისიდორე ბაბუა მას მადლობას მოახსენებდა, ფულს გადაუხდიდა და გაისტუმრებდა.

მერე მამამ შეამჩნია, რომ ისიდორე ბაბუა ამ სითხეს შეუმჩნევლად ნიჟარაში ღვრიდა, ბოთლებს ავლებდა, და შემდეგ მოსვლაზე იმ კაცს ატანდა სავსეების ნაცვლად.

– რა ასხია, ისიდორე ბაბუა, მაგ ბოთლებში, რომლებიც იმ კაცს მოაქვს შენთან და რასაც შენ ღვრი ხოლმე? – ვერ მოითმინა ერთხელ მამამ.

– ძაღლყურძენას წვენი, შიო – გამოუტყდა მამას ისიდორე ბაბუა – რომელსაც ის კაცი კუს ტბის ფერდობებზე აგროვებს, ჩემთვის წურავს, როგორც მუშაობისას აუცილებელ ნივთიერებას და მოაქვს.

– და შენ რატომ ღვრი?

– იმიტომ, რომ სინამდვილეში არ მჭირდება, შვილო.

– და რაღატომ აწვალებ მაგ კაცს? თუ დახმარება გინდა, ისე მიეცი ხოლმე ფული.

– ეგ როგორ შეიძლება, შვილო – უპასუხა ისიდორე ბაბუამ, – მაშინ კაცი გაფუჭდება.

ჩვენს ყოფიერებაში, ზნეობის ასეთი დონე, თითქმის წარმოუდგენელია უკვე. ქრისტიანობის, ზოგჯერ, სრულიად ფუღურო გაგება, რომელიც ჩვენ დაგვჩემდა წყვეტის მერე, იმიტომ, რომ არ გვინდა ჩავუღრმავდეთ მის წიაღში და საიდუმლოებებში ყოფნას, გარდუვალ დეგრადაციას იწვევს ერისა. და ვერავითარი პოლიტიკა და რეფორმები, ეკონომიკური წინსვლა და ე.წ. პროგრესი მას ვერ შეგვიცვლის.

ერთხელ, ისიდორე ბაბუასთან ახლობლები მოსულან და უთქვამთ, ოჯახის მამა გაგვიგიჟდა, ვერცერთი ფსიქიატრი ვერ შველის და ეგება შენ უშველოო.

რა ჭირსო, რომ იკითხა, უპასუხეს, დადის რამდენიმე თვეა და იძახის, როგორ ვერ ხედავთ, თავზე ორლიტრიანი ბოთლი მადგას და ვერ ვიშორებ ვერაფრითო. სხვაში ყველაფერში ჩვეულებრივად არისო. მოიყვანეთო.

კარი რომ გაუღო, ამ ექიმებისგან ნაწვალებ და ეჭვიანი თვალით მოცქირალ კაცს, ეგრევე უთხრა:

– რა გადგას, თუ ძმა ხარ, მაგ თავზე?

– შენც ხედავ, კაცო? – გაიკვირვა ოჯახის მამამ.

– რავა ვერ ვხედავ, ორლიტრიან ბოთლს, ბრმა ხომ არა ვარ?!

– უჰ, შენ გაგახარა ღმერთმა!

– მოდი, მოდი, ერთი ეგება მოგხსნა, როგორმე!

ჩასვა სტომატოლოგის სავარძელში და დაუბა ხელები მაგარი ტყავის ქამრებით, რომლებიც იმ დროს ყველა კბილის ექიმის სავარძელს ჰქონდა. მერე ამოიღო თავისი კაუჭი და ლანცეტი და ერთი-ორჯერ ისე ატკინა თავი კაცს, რომ აყვირა. თვითონაც გაიღვათქა და ქლოშინით უთხრა, დღეს მეტს ვერ შევძლებ, წადი სახლში, მშვიდად დაიძინე და ეგებ ხვალ დავამთავროთო.

მეორე დღეს იმედიანი და თავშეხვეული კაცი ისევ ესტუმრა და შეშინებული ჩაჯდა სავარძელში. ისევ აწვალა და აყვირა და ჰაო, შესძახა და ზურგს უკან დამალული ორლიტრიანი შუშის ბოთლი დაანარცხა და დაფშვნა იატაკზე.

– უჰ, შენ გაიხარე, ისიდორე! – შვებით უთხრა პაციენტმა და თავზე ხელი გადაისვა – რაც შენ საქმე გამიკეთე, ღმერთმა გადაგიხადოს ერთი ათად.

და დაუბრუნდა თავის ოჯახს – ჯანმრთელი და დაწყნარებული.

ნიკიტა ხრუშჩოვის ჩამოსვლაც უშუალოდ შეეხო ისიდორე ბაბუას. ღიად ქართველოფობი და ფარულად რუსოფობი „იმპერატორი“, რომლის სტუმრობის დროსაც ბევრი საგულისხმო ამბავი მოხდა, ვერც ჩემს წინაპარს ასცდა. გექნებათ მაგ სტუმრობის ტელექრონიკა ნანახი, როგორ ხვდება მას ისვე ელიტა, რომლის შვილებიც და შვილიშვილებიც მერე მასევე ხვდებოდნენ ჯორჯ ბუშს.

ცნობილია მისი სიმკვახეები ამ სტუმრობის დროს, უკეთილშობილეს ვასილ მჟავანაძის მასპინძლობისას. ეს მანამდე იყო, სანამ ის ყირიმს რუსეთს ჩამოართმევდა და უკრაინას გადასცემდა – ჰესისა და წყლის არხის მშენებლობის ადმინისტრირების სიადვილის მომიზეზებით.

როცა იკითხა, ხინკლის ჭიპებს რატომ ტოვებთო და რომ უპასუხეს – ტრადიციააო, «зажрались!» ჩაიბურტყუნა და რესპუბლიკაზე ფქვილის კვოტა შეამცირებინა „გოსპლანს“, როდესაც მოსკოვში დაბრუნდა.

ფაცხებში მჟავანაძესთან ერთად ჯდომისას, როდესაც ვასილ პავლოვიჩის გულიანმა კახელმა მძღოლმა თავის ხელით შებრაწული ცვრიანი ღორის სუკები შეურბენინა და გულუბრყვილოდ უთხრა, ორ უფროსს «ешьте суки»-ო, არასწორი თარგმანის ვერავითარმა ახსნა-გამნარტებამ ვერ დააწყნარა ის და ეგ მძღოლი მერე აღარავის უნახავს, ყოველ შემთხვევაში, სამსახურში მჟავანაძესთან.

მასვე უნდა „ვუმადლოდეთ“ ვერის ბაღში პირველი მორფის გაცემის პუნქტის გახსნას – დამოკიდებულთა სამკურნალოდ, საიდანაც დაიწყო ჩვენი გახრწნა, რომელმაც თითქმის დიდი სამამულო ომის ოდენობის ადამიანი შეიწირა დღემდე და რომელსაც ბოლო არ ექნება, სანამ ლიბერალურ რესპუბლიკას არ მოვსპობთ და სანამ ეროვნულ სახელმწიფოს არ შევქმნით.

მაგრამ, ხრუშჩოვის სტუმრობა ასე დაიწყო. მატარებლით სოხუმში შემოსვლისას, უეცარი ბიძგის გამო, ხრუშჩოვის მეუღლეს წინა კბილი მოტყდა, რადგან ამ დროს ქართულ ჩაის აგემოვნებდა და ვერცხლის დამჭერიანი „სტაქანი“ წინა კბილზე ედო.

ჰოდა, ასე ხომ არ ჩამოვიდოდა იმ დროს ლამაზ და აწ გაჯოჯოხეთებულ თბილისში. ჰოდა, აფრინეს გორში ისიდორე ბაბუა, ექსტერნად, თავის ბორ-მანქანიან-კაბინეტიანად.

ქალბატონი ძალზედ კმაყოფილი დარჩა ექიმის ნახელავით და იმ დღიდან მთელი საბჭოთა კავშირის ფუნქციონერების ცოლების რიგები დადგა ისიდორე ბაბუასთან, როგორც „ხრუშჩოვის ცოლის ექიმთან“.

მას ოჯახი არ ჰყავდა, ერთი არა-ქართველი ქალი ჰყავდა დამხმარედ და მომვლელად და ერთ მშვენიერ დღეს, ისიდორე ბაბუას ბინა-კაბინეტი გაძარცვეს და წაიღეს სეიფში შენახული კბილის დამღების ოქრო, რასაც ეს წესიერი კაცი ძალიან განიცდიდა. ეჭვი იმ ქალბატონზე იყო, რომელიც მერე გაქრა, მაგრამ, მასეთი ეჭვებით არის დღემდე სავსე ეს ჩვენი უცნობელობამდე დამახინჯებული ქალაქი, რომელსაც აწი მხოლოდ დამატებით საცხოვრებელ მშენებლობაზე ასწლიანი მორატორიუმი თუ უშველის და ასწლიანივე გატყეპარკებისა და გამოხშირვის გენერალური გეგმა, მთელი დანარჩენი ქვეყნის მასშტაბით დეურბანიზაციის სწორი სტრატეგიით, რომელზეც ერთ-ერთ წინა თავში ვწერდი, არქიტექტურულ პოლიტიკაზე საუბრისას.

ჩვენი ოჯახის ისტორიაში, ითვლება, რომ გაგუების ეს შტოც გურულები იყვნენ, თუმცა, ცხადია, რომ სისხლის მხრივ, ამ ნაწილში, გვარის უტყუარად მეგრული წარმომავლობის გამო, მე მესხის გარდა, როგორც რობაქიძე ეძახდა გურიას მესხეთის უცნაურ ნატეხს, კოლხიცა ვარ, ორ თავად ბებიას თუ არ ჩავთვლით, ჩემს საყვარელ მარიამ (ბუბა) აბაშიძეს – ზემო იმერეთის მშვენებას, რომელსაც ამ დღეებში 101 წელი უსრულდება და არაფერს ეუბნებიან ჩემზე, თუმცა, მეშინია, რომ ყველაფერს ხვდება, და სვანური ფუძის თამარ ყიფიანს, რომელზეც, როგორმე, ვეცდები ცალკე მოვყვე რამე.

თუ ასეთი მოგონებები ვარგა – და ვიცი, რომ ზოგი ამას აკეთებს – იქნებ, ვცადოთ და უფრო ხშირად ვწეროთ ისინი ერთმანეთისთვის, რაღაცამ ხომ უნდა გააკეთილშობილოს ეს ჩვენი საერთო, „სელფებითა“ და ცარიელი, ზოგჯერ, სამწუხაროდ, ღვარძლიანი კომენტარებით წაბილწული საჭყეტელი კიბერ-სივრცე. ყველა ადამიანს სჭირდება მოფერება, და თუ ჩვენ ჩვენს წინაპრებს მოვეფერებით, ისინი ჩვენ გადაგვისვამენ თავზე უხილავ ხელს და მაგ შეხებაში იქნება ის სილბილე და ნუგეში, რომელიც ესოდენ მაკურნებელია ჩვენი სულისა და ხორცისათვის.

25.09.2021

XXX თავი

ამ საღამოს ემიგრანტებთან გვქონდა შეხვედრა და მთელი დღე მეგონა, რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ, უფლის წყალობით, გამოვკეთდი და მომეცა მისი ჩატარების ძალა.

ორიოდე საათიანი საუბრისას, სადაც ჩვეულებისამებრ, ჩვენს მხარდამჭერებს ჩვენი ხედვა და იდეოლოგია გავაცანი, კითხვა-პასუხისას ერთმა ემიგრანტმა მკითხა, რას ვფიქრობ საქართველოში (საბერძნეთის მსგავსად) მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თაობაზე.

და თუმცა ამ კითხვაზე არა ერთხელ მიფიქრია და მიპასუხია კიდევაც, ამ ჯერზე მან კვლავ ძალიან დამაფიქრა და აი, დაახლოებით რა აზრები გამიჩნდა.

ჯერ ერთი, ვართ რა ტოტალიტარული ლიბერალური ოკუპაციის ქვეშ, პრობლემათა იმ ნუსხას, რასაც ჩვენ ასეთი საუბრებისას განვიხილავთ ხოლმე, მხარდამჭერებთან ონლაინ შეხვედრებისას კვირაში ორჯერ, არაფერი ეშველება, სანამ ამ ოკუპაციისგან არ გავთავისუფლდებით.

არა ერთხელ მითქვამს, რომ ეს ოკუპაცია ბევრად უფრო სასტიკი და მავნებელია ერისთვის, ვიდრე თვით აფხაზეთისა და ცხინვალის ეთნო-ფაშისტური ოკუპაცია, საიდანაც 400 ათასი ქართველი გამოყარეს ქართველობის გამო – ჩვენი სეპარატისტების და მათი მხარდამჭერი კრემლის ლიბერალურივე ძალების მეშვეობით, რომლებიც ჯერ კიდევ ელცინის დროიდან მყარად ბუდობენ იქ და, ჩვენი მოძმე ერების წაკიდებით, დაქუცმაცებისა და ნგრევის ერთიან მიზანს ემსახურებიან ჩვენს რეგიონში.

ხოლო, რამდენად დამანგრეველია ჩვენი ერისთვის დანარჩენი საქართველოს ეს ლიბერალ-გლობალისტური ოკუპაცია, ციფრებისა და მტკიცებულებების სახით შევაჯამე ჩემს სამი წლის წინანდელ ტელემიმართვაში, რომელსაც ჰქვია: „ლევან ვასაძე – ორმაგი ოკუპაცია“ – ვისაც აინტერესებს, ნახოს იუთუბზე. (1)

რაც შეეხება, საბერძნეთის მსგავსად, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას ჩვენთან – ეს, რამდენიმე მოსაზრების გამო, ძალზედ დასაფიქრებელ და საფრთხილო საქმედ მიმაჩნია, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.

ჯერ ერთი, ჩვენთან, თუმცა ოთხმოცდაათ პროცენტზე მეტი მონათლული მართლმადიდებელია და „პატრიარქს ენდობა“ (რა იდიოტური ფორმულირებაა კითხვარებში ლიბერალური სოციოლოგების მხრიდან), სამწუხაროდ, ამ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ ნომინალურად შეიძლება ჩაითვალოს ქრისტიანად, რადგან, მონათვლის მიუხედავად, არ ცხოვრობს ქრისტიანული წესით.

ანუ: არ დადის კვირაში ერთხელ მაინც ეკლესიაში, არ ეზიარება წელიწადში ერთხელაც კი (ძველად, სამი კვირა უზიარებლობისას, ეკლესიიდან ქრისტიანის განკვეთა ხდებოდა), რომ არაფერი ვთქვათ წმინდა წერილის, ფსალმუნთა და წმინდანთა ცხოვრების ყოველ დღე ცოტ-ცოტა კითხვაზე, რაც ყველა ქრისტიანის ტკბილი მოვალეობაა. მათ მიაჩნიათ, რომ მართლმადიდებლობა „სისხლში აქვთ“ და რომ მისი დამოწმებისთვის, საკმარისია პატრიარქის სადღეგრძელო, ჭიქის ჭახუნი და მამათმავლობის გინება.

რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ბევრი ასეთი ადამიანისთვის – არავის განვიკითხავ და არავის არაფრისაკენ მოვუწოდებ, რადგან დავრწმუნდი, რომ ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს არასოდეს – ერთადერთი ის შეიცვალა, რომ ადრე თუ პანაშვიდებზე და გასვენებაში სადარბაზოსთან ათვალიერებდნენ ერთმანეთს, ახლა, ზოგჯერ, ამის კეთება ტაძრის ეზოში უწევთ, თორემ ის, რომ იმ ტაძარში წესის აგებას დაესწრონ და მიცვალებულის სულის შეწყალებისათვის ილოცონ, ეგ გამორიცხულია. ხშირად, არც საკუთარი შვილების ჯვრისწერას ესწრებიან, კომუნისტების დროიდან გამოყოლილი იდიოტური მითის გამო, რომ „არ შეიძლება“ და მაგ დროს სუფრის გაშლის მარიფათში ატარებენ.

ამ მდგომარეობაში, არ ვარ დარწმუნებული, რომ თუ ჩვენი ლიბერალური რესპუბლიკა, სხვა „სიკეთეებთან“ ერთად, უცებ, რატომღაც, გამოაცხადებს, რომ ჩვენთან მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა, ამის გამო, ეს უმრავლესობა იტყვის, „ა, ჰო, აბა რა გაეწყობა, წავედი აწი ეკლესიაშიო“. და არა მგონია, რომ ამრიგად, მიწის დამამარილებელი მარილის ოდენობა ამის გამო საქართველოში გაიზრდება.

მე გეტყვით, რა გაიზრდება სამაგიეროდ. ჯერ ერთი, ეკლესიაში მოსიარულე მრევლის იმ ნაწილის მედიდურობა, ვისაც ჰგონია, რომ რადგან ეკლესიაში დავდივართ და ჯვრიან ქუდებს ვატარებთ, ამიტომ არ ვართ ცოდვილთა შორის პირველნი, მეორე – კარიერის მაძებარი სასულიერო პირების პროცენტი, რომელიც ეკლესიის დევნიდან დევნამდე ყველა ეკლესიაში ხავსივით ედება და მხოლოდ დევნისას სცილდება მას რაღაცა დროით, და მესამე – გაიზრდება მეტრიანი კელაპტრებით ტაძრებში მდგომი მოხელეების რიცხვი, რომლებიც მერე გამოვლენ ტაძრიდან და ხან ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიიღებენ, ხან ნარკოდეკრიმინალიზაციასა და კულტივაციას გააგრძელებენ და მათ მიერ ქრისტიანობის სახელის შერცხვენას ბოლო არ ექნება ლიბერალურ რესპუბლიკაში.

კიდევ, მასეთ პირობებში, ოდნავ შეიცვლება გლობალისტების და მათ ქვეშ მყოფი სუს-ის დიდი ნაწილის მიერ ეროვნულობის დისკრედიტაციის სქემაც და ის ფაშისტები, ვისაც ახლა ისინი აფინანსებენ (რაზეც ერთ-ერთ წინა თავში ვწერდი), იძულებულნი გახდებიან აწი „ეკლესიურები“ გახდნენ, რაც კიდევ უარესი იქნება.

და კაცმა რომ თქვას, თავად საბერძნეთმა რა მოიგო რომ მაგ კანონით, რომლის ტექსტიც, უნდა გამოგიტყდეთ, მე ჯერ არ წამიკითხავს. ვისზე ნაკლები პერვერტების ე.წ. აღლუმები ტარდება საბერძნეთში და ვისზე ნაკლები შეტევაა ეკლესიაზე იმ ლიბერალურ რესპუბლიკაშიც.

მასე, ჩვენთან მთელი კონკორდატი მოქმედებს, რომელიც ორივე სუბიექტს – ეკლესიასა და სახელმწიფოს თანასწორუფლებიანად აღიარებს და მათი ურთიერთობის კოდექსს აღნუსხავს, მაგრამ, ვინმეს ოდესმე წაუკითხავს ეგ კონკორდატი, თუ რა? თუ მისი რომელიმე პუნქტი შეუსრულებია ოდესმე ჩვენს ლიბერალურ რესპუბლიკას?

აღმოსავლურ ანუ უფლის მართლად მადიდებლურ საქრისტიანოში, ერთიანი ეკლესიის წიაღში, ითვლება, რომ არსებობს ორი სახე ეკლესიისა, პირობითად დავარქვათ: ბერძნულ-ბიზანტიური ანუ სახელმწიფოებრივი და ანტიოქიურ-სირიული ანუ ასკეტიკურ-ბერმონაზვნული. ეს ორივე ერთია კანონიკურად და ორივე საჭიროა ერისათვის, მაგრამ, მათი შინაარსი და ისტორია სხვადასხვაა.

პირველი სამზეოს გამოვიდა, როდესაც რომის იმპერიამ ქრისტიანების ხოცვით თავი დაიღუპა და მას შეაკვდა. ყველა პირველმოწამის მაცქერალი წარმართის გულში ქრისტე იღვიძებდა და ქრისტიანების ოდენობა ამით მხოლოდ მრავლდებოდა.

II საუკუნის ბოლოსა და III საუკუნის დასაწყისისათვის, თორმეტი კაცთა მებადურის მიმდევართა რიცხვი იმპერიაში ისე გაიზარდა, რომ წმინდა კონსტანტინე იმპერატორსა და წმინდა დედოფალ ელენეს – როგორც იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის მმართველების – მიერ ამის აღიარება მხოლოდ სინამდვილის დადასტურებაღა იყო.

სენატორებისადმი თავის მიმართვაში ტერტულიანემ თქვა კიდეც: აი, თქვენ ნატრობთ რომ ჩვენ, ქრისტიანებმა, დავტოვოთ იმპერიის ქალაქები და აღარ ვიყოთ რომის ნაწილი, მაგრამ, არც კი გესმით, რომ ეს რომ მოხდეს, თქვენს ქალაქებს სიჩუმე დაეუფლება, რადგან, არა უწყით რამდენნი ვართო.

და უკვე ჯვართამაღლებამდე, რომელიც გასულ კვირას ვიზეიმეთ, ქრისტიანობის იმპერიის რელიგიად გამოცხადებას მოჰყვა კატაკომბებიდან ათიათასობით დამალული ქრისტიანის გამოსვლა, რომელთა თაობებიც გაიზარდნენ იქ და მათი მკვებავებისა და დამმალველების სააშკარაოზე გამობრძანება.

მაგრამ, ამ წმინდა ხალხში უწმინდეს ადამიანებს მანდვე გაუჩნდათ აზრი იმის შესახებ, რომ ახლა ქრისტიანობას ახალი, აქამდე უნახავი საფრთხე დაემუქრა, კერძოდ, ამქვეყნიურ ანუ უხსენებლის ხელისუფლებასთან შერწყმა, კომპრომისები ამ შერწყმის გამო და ჯვარზე მზადყოფნის უარის თქმა ამქვეყნიური სამოთხის მშენებლობის ფუჭ მცდელობაში.

სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ამ დიდმა მოსაგრეებმა ფსევდო-იდილიის მარწუხებიდან გასვლა და რადგან უკან, კატაკომბებში მალვას მათ აღარავინ აიძულებდა, მაცხოვრის მარხვისა და უხსენებლისაგან მისი ცდუნების მცდელობის ადგილებს – ანუ, უდაბნოებს მიაშურეს.

სწორედ მაშინ გაჩნდა ნელ-ნელა სირიულ-ანტიოქიური და მერე ყველგან მოდებული – საბერმონაზვნო ტრადიცია: ანტონი დიდისა, ღირსი მაკარი დიდისა, ათანასე დიდისა, და შემდგომში: საბა განწმენდილისა, წმინდა ზოსიმესა და სხვათა მამობრივი ღვაწლით – მათი დაარსებულია კაცობრიობის მთავარი მარჩენალი, წმინდა ბერობა და მათი ცხოვრების კითხვაა ყველაზე ტკბილი საკითხავი, რაც კი არსებობს ამ ქვეყანაზე.

ანდა, შევხედოთ, რა ხდებოდა ჩვენთან ამავე საუკუნეებში.

თუმცა, სრულიად ცხადია, რომ პირველი სამრევლოები ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს სამშობლოში, მისივე კურთხევით, ანდრია პირველწოდებულის ჩვენთან სამგზის მოგზაურობის შემდეგ გაჩნდა – წმინდა სვიმონ კანანელისა და წმინდა მატათა მოციქულის თანხლებით, რომელთაც, ორივემ, მოწამეობრივი აღსასრული ჩვენთანვე ნახეს, ჩვენი მეკერპეობის წყალობით, რასაც დღემდე არ ვეშვებით – ჩვენი ერის ელიტაში, ანუ დიდებულებში, ქრისტეს სარწმუნოების დამკვიდრებას სამასი წელი დასჭირდა.

და წმინდა მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მიერ, ამ ბიზანტიური სახით ჭეშმარიტი სარწმუნოების მიღებამ, ერის მტკვრისა და არაგვის შესართავში მონათვლამ და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ რომ ბოლომდე არ დაამკვიდრა ერში მართლმადიდებლობა – ეს სულ მალე გამოჩნდა.

უკვე IV საუკუნის ბოლოსა და V საუკუნეში, იმპერიაში გაჩენილმა მონოფიზიტურმა ანუ ქრისტეს ერთბუნებიანობის მწვალებლობამ, რომელმაც თითქმის ზუსტად ნახევარი იმპერია ააცდინა ჭეშმარიტებას და ჩვენი მეზობელი ზოგი ერი სამუდამოდ დაისაკუთრა, ჩვენთანაც დიდი ფესვი გაიდგა და ჩვენს ისტორიოგრაფიაში ითვლება, რომ ნახევარზე მეტი ხალხი და სამღვდელოება ჩაითრია.

და რამ უწამლა ჭეშმარიტებისგან ამ ჩვენს განდგომილებას? ისევ ეკლესიის ანტიოქიურ-სირიულმა სახემ, როდესაც ამ მწვალებლობასთან საბრძოლველად და არა რაიმე სხვა მისიით, ჩვენთან იოანე ზედაზნელი და მისი ათორმეტი კაცთა მებადური ასირიელი ასკეტი ბერი ჩამობრძანდნენ, რომლებმაც თავიანთი წმინდა ცხოვრებითა და სასწაულებით ერიცა და ბერიც კვლავ გადაარწმუნეს ჭეშმარიტების მიმართულებით და ცამეტი ტოპოსი დაარსეს, რომელთა გარშემოც შეიქმნა ის, რასაც დღეს ჩვენ ტრადიციულ საქართველოს ვეძახით და რომელმაც მერე ის ნაყოფი გამოიღო, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდხანს – 1,100 წლის განმავლობაში მმართველი ბაგრატოვანთა სამეფო დინასტია ჰქვია და რომელმაც ასევე მსოფლიოში ყველაზე მეტი – თორმეტი წმინდა მეფე მისცა საქრისტიანოს, რომლის მსგავსიც არავის შეძლებია დედამიწაზე.

და რა დონეზე ვართ დღეს დავარდნილები, რომ სასწაულად ცოცხლად გადარჩენილ მათ პირდაპირ შთამომავლებს კი არ ვეფოფინებით, საბჭოთა დროიდან გამოყოლილ შტამპებს აყოლილები, ჭინკების პროპაგანდაზე ვეგებით, „მეფე არა ისა“-ს გავიძახით და თავი ძალიან ჭკვიანი გვგონია, როდესაც ბაგრატოვანთა ამა თუ იმ შთამომავლის პიროვნებასა და გარეგნობას ვარჩევთ და არ გვაკმაყოფილებს ის.

და რომ არა ასურელი მამების ფასდაუდებელი ღვაწლი ჩვენი ისტორიის ამ გარდამტეხ წლებში, კაცმა არ იცის, როგორ წავიდოდა ჭეშმარიტებასთან ჩვენი ერთგულების ბედი და, შესაბამისად, ვინ იქნებოდა თითოეული ჩვენგანი, როგორც ეთნოკულტურულად, ისე პიროვნულად და ვიქნებოდით თუ არა საერთოდ.

დღესაც, შევხედოთ, რატომ უყვარს ჩვენს ხალხს პატრიარქი. იმიტომ, რომ ის სრული ბერია – თეთრი და სპეტაკი, უზადო და შეუპოვარი ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე, თუმცა, ყოველთვის ეფერება და ლოცულობს მათთვის. და შევხედოთ, ვინ არ უყვარს ამ ჩვენს ნომინალურად ქრისტიან ხალხს. ის ხალხი მისი უწმინდესობის გარშემო, ვინც კარგავს ამ სულს – არა სახელმწიფოებრივი, არამედ, მისგან დამოუკიდებელი, სულიერი მოღვაწისა.

და წმინდანებიც ეგეთი გვყავს, თუნდაც თანამედროვე – ღირსი მამა გაბრიელი იქნება ეს თუ ბეთანიელი წმინდა მამები, წმ. იოანე და წმ. გიორგი-იოანე.

ნურავის შეექმნება შთაბეჭდილება, თითქოს მე უღირსს რაიმე ეჭვი შემქონდეს საეკლესიო ანუ საღმრთო იერარქიის სიწმინდესა და აუცილებლობაში – მეორე უკიდურესობა, რომელშიც ბევრი „ეროვნული“ ადამიანი გაუთავებლად ვარდება, როდესაც პატრიარქს „პატივს სცემს“ და მის მიერ დადგენილ იერარქიას გაუთავებლად აგინებს.

ამავდროულად, არც ის შემიძლია უარვყო, რომ ანტიქრისტეს შემაჩერებელი იმპერიაც და იმპერატორიც საჭიროა, ის, რასაც წმ. პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში „კატეხონს“ უწოდებს.

უბრალოდ, ასეთ მართლმადიდებლურ სივრცეში – ბიზანტია იქნებოდა ეს თუ რუსეთი – ამ აუცილებელი წონასწორობის დაცვა, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთმანეთში არ შეზრდისათვის და ხალხის თვალში ერთმანეთის არ გაფუჭებისათვის, არის ამ იმპერიების უდიდესი გამოწვევა და ეს სირთულე არავის ის ღრმად არ გაუაზრებია და აღუწერია, როგორც გენიალურ ლევ ტიხომიროვს თავის ეპოქალურ ნაწარმოებში „მონარქიული სახელმწიფოებრიობა“, რომელიც, ჩემი აზრით, ნებისმიერი მართლმადიდებელი სახელმწიფო მოაზროვნის სამაგიდო წიგნების სიაში უნდა იყოს.

რა ფორმით უნდა თანაარსებობდნენ ჩვენნაირი და მასეთი ერთმორწმუნე იმპერიები, მე ვრცლად მაქვს აღწერილი ჩემს ნაშრომსა და მოხსენებაში „მეორე იერუსალემი და მესამე რომი“, (2) რომელიც რუსულ ენაზე დავწერე და წავიკითხე ჩემი მართლმადიდებელი რუსი მეგობრებისათვის, ჩემს გაუთავებელ და, ხშირად, უნაყოფო მცდელობაში ჩვენი შერიგების საქმეში წვლილის შეტანისა, რაც შეუძლებელია საქართველოს გამთლიანების გარეშე.

საერთოდ, როგორი უნდა იყოს ეკლესია: ღატაკი, განდგომილი, ასკეტური და წმინდა, თუ ძლიერი, მდიდარი, საქმის მაკეთებელი და ერში ჩართული – ეს მარადი კამათი მარტო აღმოსავლურ ანუ მართლად მადიდებლურ ეკლესიაში როდი მიდის. იმავე კამათის შედეგია კათოლიციზმში წმინდა ფრანცისკე ასიზელის მიმდევართა სკოლა, რომელმაც, დიდებული ოჯახიდან წამოსულმა და ქრისტეს სწავლებით შთაგონებულმა, საკუთარი სამოსი გაიხადა უპოვარისათვის და სიცოცხლე დალია ასკეტურ ღვაწლსა და ცხოვრებაში, და წმინდა დომინიკეს მიმდევართა სკოლა, რომლებიც თავს დომინიკანეს, ანუ ლათინურში, სიტყვების თამაშით, ღმრთის ძაღლებს (დომინი კანეს) უწოდებდნენ და თავიანთ მოვალეობად მიიჩნევდნენ მდიდარი და ძლიერი, ბევრი ქველი საქმის მაკეთებელი და აქტიური მისიონერული საქმიანობის წარმოებას მსოფლიოში. და ის, რაც ფრანცისკანული და დომინიკანური ორდენების ქიშპობამ შვა მსოფლიოს ისტორიაში, სადამდე მივიდა ის – ჯვაროსნული ომებიდან დაწყებული და მარტინ ლუთერის მხრიდან ორივეს უარყოფით დამთავრებული, და მისი განდგომისა და პროტესტის შედეგად, ევროპის ორმოცწლიანი ომით გაგრძელებული, რის შედეგადაც ევროპის მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაიღუპა, ვესტფალიაში დაზავდა და ნაცია-სახელმწიფოს ცნება შემოიღო, რომლის ფარგლებშიც და რომლის მოდერნსა და პოსტმოდერნშიც ვნადგურდებით ამჟამად ჩვენ – ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ორი პოზიცია მარადისობაში შეურიგებელია, სანამ ადამიანთა საზოგადოება არსებობს. და სანამ ჩვენებური ამ კამათში ჩაერთვებოდეს და დედა ეკლესიის წინააღმდეგ რაღაცას მოროშავდეს, კარგი იქნება, თუ იმას მაინც გააცნობიერებს, რომ მისი ე.წ. საკუთარი აზრის ჩამოყალიბებამდე – რომელიც ხშირად სხვა არაფერია, თუ არა ფეისბუქში ნანახი ნაგლეჯების კრებულის ნაზავი მის ბეტონის გალიაში ყოფასთან – რაღაცეები უკვე მომხდარა ამქვეყნად და რაც უფრო გაეცნობა ის ამ რაღაცეებს, იქნებ, მით ნაკლებად მოუნდეს პირის ამორეცხვამდე რამის თქმა.

რაც შეეხება მსგავს ოპოზიციებს ისლამში – შიიზმსა და სუნიზმს შორის და ასევე, შიიზმისა და სუნიზმის შიგნით, იუდაიზმში – განსაკუთრებით, შაბთაი ცვის (იგივე: საბათეი ლევი, საბათაი ცვი) ცრუ მესიანიზმის შემდეგ სულთნის წინაშე, და სხვა სარწმუნოებებში ამ დიქოტომიის საინტერესო მატიანეებს, „უძლურის დღიური“-ს ვერც ერთი და ვერც ათი თავი ამას, რა თქმა უნდა, ვერ დაიტევს, მითუმეტეს, რომ ისე სუსტად ვიყავი ამ დღეებში, ხუთ დღეში ერთ თავს ძლივს მოვაბი თავი.

სანამ გუშინ დაწყებულ ამ თავს დღეს ვამთავრებდი, მეუღლემ მითხრა, მიშა ბათუმში დაიჭირესო და აბა შემოტრიალდება ისევ ჩემი ეს ნაწვალები მზერა ზემოდან ქვევით, რაზეც პირველ თავში ვწერდი. და თუ ჯანი და განწყობა მეყო, ვეცდები, ჩემი აზრი მოგახსენოთ ლიბერალური სპექტაკლის ამ მოქმედებაზეც, ახლა კი, ყველას ღამე მშვიდობისა მინდა გისურვოთ.

_________________________________

(1). ლევან ვასაძე – ტელემიმართვა #17: ორმაგი ოკუპაცია. https://www.youtube.com/watch?v=nQFaNZDLsng

(2). Леван Васадзе – Второй Иерусалим и Третий Рим (ლევან ვასაძე - მეორე იერუსალიმი და მესამე რომი). https://www.youtube.com/watch?v=Io3TfP3gHWw

30.09.2021 – 01.10.2021

XXXI თავი

ახალგაზრდა კაცი, მითუმეტეს მშრომელი, ხელოსანი, მოსწავლე ან მეომარი – ბევრს არ ლაპარაკობს თავის საწყის გზაზე.

ასეა მისთვის ყანაშიც, სადურგლოშიც, სკოლაშიც, ბრძოლის ველზეც, ასეა ლელობურთშიც.

ასაკში, ნამდვილი მოაზროვნე და სულიერი ადამიანი, რომლებთანაც მსგავსებას ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ, სწორედ მასეთი ადამიანისაგან ღვინდება.

მორჩილად, მამასთან დურგლობის მოსწავლე მაცხოვარი, ოცდაათი წლისა იწყებს ქადაგებას, სანამ სამ წელიწადში მას ჯვარს ვაცვამდით, და ვისაც ჰგონია, რომ პირადი წვლილი არ მიუძღვის მაგ ჯვარცმაში, ის ვერასოდეს იქნება ქრისტიანი.

მას ვერავინ და ვერაფერი შეედრება, მაგრამ, ჯერ კიდევ მის განკაცებამდე, ეს ცოდნა სწორი დაღვინებისა კაცობრიობას ჰქონდა.

„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების“ – „ვეფხისტყაოსანის“ ეს ერთ-ერთი უღრმესი და ჩემთვის უსაყვარლესი, ფილოსოფიური აფორიზმი – რომლის შესახებაც თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი ცხოვრებიდან მოსაყოლი – ამაზეა.

ცხონებულმა ბაბუაჩემმა, მსოფლიოში ცნობილმა გეოფიზიკოსმა, პროფესორმა ლევან ჭანტურიშვილმა – ვის სახელსაც მე პატივით ვატარებ – უმაღლესი ფიზიკის ველის თეორიის კურსზე, გაუსის თეორემისადმი მიძღვნილი ლექცია, აუდიტორიის წინაშე, ჩვენდა გასაკვირად, სწორედ ამ აფორიზმით გახსნა, მე პირი დავაღე და მხოლოდ ლექციის ბოლოს მივხვდი, რომ ეს აფორიზმი ზედმიწევნით ხსნიდა გაუსის თეორემასაც.

მაგრამ, რაიმე რომ გადმოდინდეს კოკადან, ჯერ შიგნით რაიმე უნდა იდგეს. და რაც უკეთესს ჩაასხამს ოჯახი, მშობლები და თავად ახალგაზრდა თავის შიგთავსში, მით უკეთესი გადმოდინდება იქიდან დაღვინებისას.

თუ ის, საწყალი, მშობლებისგან უგულებელყოფილი, თავის ნებაზე მიშვებული და გარეთ გაგდებული მხოლოდ წვიმის წყალს, მტვერსა და მწერებს აკრეფს თავის “კლაბერობაში”, ავხორცობაში, კოკის მომწამვლელი და წამბილწავი ყოველგვარი სიდამპლის ყელში ჩასხმაში – დაღვინების ნაცვლად, მასში დაძმარებაც კი არ მოხდება. ეს იქნება ამყაყება, სევდიანი და მყრალი სურათი, რომელიც გარედანაც აისახება მასეთი კოკის კანზე, უაზრო, აწ მოუცილებელ უაზრო ნაჯღაპნზე და ნაკაწრებზე და აღარაფერი კეთილი მასეთი კოკის გავსილობისას მაქედან აღარ გადმოდინდების.

მასეთ კოკას წესიერ სახლშიც აღარავინ შეიტანს და აღარც წამოაყირავებს კეთილი ღვინის გადმოსადენად – ის ბოლომდე, დამსხვრევამდე, იმ წუმპეში იდგება, რომელსაც ის ლაღ და თავისუფალ ცხოვრებას უწოდებს, და ის, რაც მისგან გადმოდინდება, ან მისი მაგ სიმყრალით სისავსისაგან იქნება – და არა იმიტომ, რომ მას ვინმე წამოაწვენს ანუ რაიმეს მისგან დაელოდება (შეხედეთ ჩვენს ბებერ ლიბერალებს, რომელებსაც მთელი საქართველო ეუბნება, კარგი, გაჩუმდი მაინცო და ისინი ვერ დუმდებიან თავიანთი სიმყრალით სისავსის გამო) – ან იმიტომ, რომ ამ საწყალი ცხოვრებისგან უკვე ბზარები წაუვიდა ან ძირი გასძვრა, ნაცვლად იმისა, რომ კეთილი კოკისათვის ბუნებით განკუთვნილი დრო ემსახურა ადამიანებისათვის.

სულ სხვა ბედი აქვს კეთილ ხელში ჩავარდნილ კოკას ან ქვევრს, რომელზეც პატრონი თავიდანვე ზრუნავს – როგორ შექმნას, გაწმინდოს, რა ჩაასხას და რა დააღვინოს შიგნით და თიხაც მორჩილად ასრულებს ყველაფერს, რასაც მისგან ითხოვს შემქმნელიცა და მომვლელიც.

ამიტომ, თავად კოკისა და ქვევრის ბრალი და დამსახურება ცოტაა დაღვინებაშიც და ამყაყებაშიც, თუმცა, არც მთლად მასეა საქმე.

„მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?“ – ჩვენი კულტურის ეს კიდევ ერთი კოსმიური სიბრძნე იმასაც გულისხმობს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თიხასაც, რომლისგანაც შროშაში თუ კორბოულის მახლობელ სოფელ ტყემლოვანში, თუ ქართლ-კახეთის რამდენიმე სოფელში ამზადებენ უხსოვარი დროიდან კოკასა და ქვევრს, ხელოსნის, ანუ მშობლის სინდის-ნამუსსაც, რომელმაც მარტოდ დარჩენილმა თავის ქმნილებასთან, გული უნდა ჩაატანოს მის სიკარგეს და არა გონი მასზე თავისი გაუკუღმართებული წარმატების წარმოდგენას.

ამიტომ, ზოგი მათგანი სულ სხვა მიზეზით ამყაყდება. გაყიდვის სიხარბით ისე ჩქარა და უყურადღებოდ მოძერწავენ მას შემქმნელები, რომ მერე, რაც არ უნდა კარგი რამ ჩაასხან მასში, იგი თავად ვერ ივარგებს – კარგის კეთილად დასატევნელად ან დასაღვინებლად: ან გასკდება, ან თავისი ვერ-დამტევნელი, არასწორად გამომწვარი და მოუმზადებელი თვისებების გამო, ვერ შეინახავს და ვერ წარმოაჩენს იმ კარგს, რაც მასში ჩაასხეს მარად ფულზე და არასწორ წარმატებაზე მოჩალიჩე მისმა მშობლებმა, რომლებსაც ღვთის სიყვარული სამერეოდ გადაუდიათ და მართას კი გადევნებიან, მაგრამ – არა მაცხოვრის სამსახურისთვის, არამედ თავისთვის, ხოლო, მარიამს საერთოდ არც კი ცნობენ თავის დად.

ადამიანისაგან ადამის მსგავსების შეძენა მთელი ცხოვრების უწყვეტი საქმეა და ყველა ჩავარდნა, ყველა ნაკლი სამუდამოდ ემჩნევა მას, როგორც თიხისაგან ნაძერწს. ყველა განსაცდელი, ყველა ალში გახვევა არის ამ გაადამიანებისათვის მისი გამოწვა, მისივე სიმტკიცისათვის და უფალმა უკეთ იცის, რომლის იქით აღარ ღირს თიხის გამოწვა და გამაგრება ამა თუ იმ ჭურჭლისათვის.

მაჭრის ღვინობამდე კარგ მაჭრობას რომ დავუბრუნდეთ, გავიხსენოთ, რომ სოკრატე პირველად ათინელებს თვალში მოხვდათ როგორც ახალგაზრდა მეომარი – როდესაც დამარცხებულნი და გაქცეულნი განცვიფრებულნი იყვნენ ამ ახოვანი ახალგაზრდა მეომრით, რომელიც ნელი ნაბიჯით, ჩაფიქრებული მოჰყვებოდა თავის გაქცეულ თანამემამულეებს, რათა მათი საერთო სახე შეენარჩუნებინა, თუნდაც სიცოცხლის ფასად.

და მის საყვარელ მოწაფე პლატონსაც არ უწოდეს ეგ სახელი განიერი შუბლის ძვლების გამო – ეგ თვისება ადამიანს ასაკში უვითარდება თმის შემცირებისა და თავის ქალის გაგანიერების გამო. მას კი ახალგაზრდობიდანვე ასე ეძახდნენ, ჯერ კიდევ გიმნაზიუმიდან, სადაც ის ბერძნული ჭიდაობის ჩინებული და მდუმარე მოწაფე იყო და ბეჭების იმსიგანე პლატო ჰქონდა, რომ იმ ვაჟკაცურ გარემოცვაშიც კი გამოირჩეოდა.

ამიტომ, ნურავის ჰგონია, რომ კაცობის გარდა, ასევე აზროვნებაშიც არ ივარგებს ის, ვინც ახალგაზრდობაში მებრძოლია. ახალგაზრდობიდანვე მებრძოლი, პირველ რიგში, ნიშნავს ახალგაზრდას, ვინც, მშობლებისა და მასწავლებლების პატივისცემითა და დაჯერებით, თავისი თავის მოთოკვასა და ძლევაშია – გინდა ჯარი იყოს ეს, გინდა სახელოსნო და გინდა მერხი. ზოგჯერ ცელქობაც ახასიათებს და შეცდომებიც, მაგრამ, ამ დროს იგი არ კარგავს თავისი ცხოვრების ერთადერთ ლიანდაგს, რომელსაც ის ამქვეყნად მისი დანიშნულების ადგილამდე მიჰყავს – იმ სწრაფვას, რასაც არისტოტელე ენტელეხიას (ἐντελέχεια) უწოდებს, ანუ ყველა ქმნილების სწრაფვას სამყაროში მისთვის კოსმოსის (κόσμος), ანუ სილამაზის მიერ განსაზღვრული ადგილისადმი, ხოლო მატერიის ტრაგედიად მიიჩნევს ამ ყველას სწრაფვისას, ნებსით თუ უნებლიედ, ამ ქმნილებათა ურთიერთ შეჯახებასა და ხელის შეშლას. გადაცდომისას, რომელიც ყველას მოსდის, მითუმეტეს სიყრმისას – გავიხსენოთ მამათა არაერთი ლოცვა და გლოვა სწორედ სიყრმის ცოდვებზე – ამ ენტელეხიის არ დამკარგველი ახალგაზრდა სასჯელს გონიერად იღებს და გზას ასწორებს, ნების დაძაბვითა და მორჩილების გამომუშავებით, ხოლო ყალთაბანდობასა და „მე მინდა“-ს გადაყოლილ ახალგაზრდას, მერე თავად ცხოვრება მოთოკავს – ოღონდ, ის აღარც კაცად ივარგებს და აღარც მოაზროვნედ.

ამიტომ, კეთილად დაგვიღვინდება ის, ვინც თავის ნებისმიერ სასწავლებელ სარბიელზე მდუმარედ ღვრის ოფლს და მზარდი წარმატების გამო, რატომღაც, არ კარგავს მთავარს – ღვთისადმი სიყვარულსა და მის შიშს, რაც ერთი და იგივეა საბოლოო ჯამში. შიშს არა სასჯელისა, არამედ, მის ჯვარცმაში მონაწილეობის გაგრძელებისა, მისი გულის ტკენისა.

და აგვიმყაყდება ის, ვინც არ შრომობს და არ მდუმარებს ჯეელობაში ან ვისაც ჰგონია, რომ მისი „სარწმუნოება“ ცარიელი არ არის საქმეების, ანუ შრომისა და სწავლის გარეშე.

და, სწორედ, ეს ორივე აუმყრალებენ მერე ცხოვრებას მაჭრადნამყოფი, კეთილი ღვინის დამტევნელ კოკასა თუ ქვევრს, ერთი – ჭინკების მხრიდან და მეორე – ვითომ-ეროვნულების მხრიდან, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ჩვენი შვილების ცხოვრებაშიც.

რამეთუ, „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”

04.10.2021

XXXII თავი

ვაგრძელებ აქა-იქ ჩემი წინა ნაშრომების გამოყენებას და გთავაზობთ ოდნავ რედაქტირებულ ჩემს ადრინდელ ნააზრევს იმის თაობაზე, თუ რას ვებრძვით ჩვენ, რომელიც, ჩემი აზრით, დღესაც ზუსტად ისეთივე აქტუალურია.

დღეს ვისაუბრებთ რა არ მოგვწონს დასავლეთში. ხშირად გვდებენ ბრალს, რომ ვებრძვით დასავლეთს, არ გვიყვარს აშშ, ევროპა და მაშასადამე, ვართ „რუსეთის აგენტები“. ეს ყველაფერი აბსოლუტური ტყუილია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ (მე ჩემს თავს მივაკუთნებ მათ რიცხვს), ვისაც გვიყვარს ტრადიცია, ეროვნული ფასეულობები, ქრისტიანული ღირებულებები, თვითმყოფადობა, – ვებრძვით ტოტალიტარიზმს. არ ვეგუებით იმ გარყვნილების მრავალფეროვნებას, უნანებლობას და სიტუტუცეს, რომელსაც ძალით გვახვევენ თავს. ჩვენთვის ბევრად ღირებულია ნებისმიერი ქვეყნის თუ ერის უფლება, ისე მოაწყოს თავისი ცხოვრება, როგორც თავად სურს.

ტოტალიტარიზმი სპეციფიკური ტერმინია და განმარტებას საჭიროებს. მისი საფუძვლები 300-350 წლის წინ იღებს სათავეს ე.წ. მოდერნში ანუ ახალ დროში, როდესაც ჩვენთვის ძალიან საყვარელი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წარმოიშვა იდეა, რომ ღმერთი აღარ არის სამყაროს ცენტრი. ის პარადიგმა, ის წესი, რომლითაც კაცობრიობა ათასობით წელი ცხოვრობდა დედამიწაზე, სხვადასხვა რელიგიურ სისტემებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში, რაღაც ეტაპზე დასავლეთ ევროპის ხალხებმა უარყვეს, თქვეს, რომ ეს ასე არ არის. ამას თავისი ისტორიული მიზეზები ჰქონდა. ყველა ამ კულტურას ღმერთის უარყოფის სხვადასხვა გზა ჰქონდა: მარტინ ლუთერმა, რომლმაც გერმანულ ენაზე თარგმნა ბიბლია, განუდგა კათოლიციზმს, დაიწყო რეფორმაცია და ჩამოაყალიბა პროტესტანტული ეკლესია, რომლის ომმაც კათოლიციზმთან გაანადგურა ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 40% და ძალით, უსასტიკესი ფორმებით მოახდინა საზოგადოების სეკულარიზაცია. ინგლისელი და შოტლანდიელი განმანათლებლების და რეფორმატორების ხელდასმით ერთი ვექტორი იყო დიდ ბრიტანეთში, ჯონ ლოკის ფილოსოფია იქნებოდა ეს თუ მერე მისი მოწაფის ადამ სმიტის ეკონონომიკური თეორია, გნებავთ ფრენსის ბეკონის მწერლობა და ფილოსოფია. ამან თავისი წვლილი შეიტანა. იქით, საფრანგეთში, რომელი ერთი ვთქვათ, ვოლტერიდან მოყოლებული ჟან ჟაკ რუსოთი, მარატით და სხვა რევოლუციონერებით გაგრძელებული ეს ყველაფერი მივიდა ფრანგულ რევოლუციამდე, რომელმაც სისასტიკის და ადამიანის ე.წ. უფლებების საერთოდ საოცარი სტანდარტები შემოგვთავაზა. ჯერ მარტო ვან დეის გენოციდი რად ღირს, როდესაც ქალები, ბავშვები, დაახლოებით 10,000 მღვდელი დახოცეს, დაკუწეს, მდინარეში ჩაყარეს და ასე ვთქვათ, სისხლში ჩაახრჩეს რევოლუციის წინააღმდეგ აღმდგარი ხალხი და ა.შ. ანუ ტრადიციული სამყაროს ამ ამოტრიალებამ, სწორედ დასავლურ სამყაროში მიიღო ზვავის ხასიათი და ჩამოყალიბდა ლიბერალიზმად, რომლის ცენტრიც იყო ფრანგი ფილოსოფოსის რენე დეკარტის ხელოვნური კონცეფცია ინდივიდის შესახებ. ინდივიდი ნუ გვეგონება ნამდვილი, ბუნებრივი კონცეფცია, ეს მოგონილი კონცეფციაა და ხელოვნური ლათინური სიტყვაა, რომელიც ნიშნავს „განუყოფელს“ – in dividuom. დავარქვათ ამას პირველი მოდერნისტული პოლიტიკური სივრცე ან თეორია. შემდეგ ამას მე-19 საუკუნეში დაუპირისპირდა მეორე ტოტალიტარული სისტემა, რომლის აკუმულაციაც პრინციპში მოხდა კარლ მარქსში; მართალია მარქსამდე ბევრი მოაზროვნე და თეორეტიკოსი იყო, მაგრამ მარქსში მოხდა ამ იდეის ასე ვთქვათ კრისტალიზაცია. წარმოიდგინეთ, რომ სწორედ დასავლეთ ევროპაში დაინერგა და დამკვიდრდა მარქსიზმი. კარლ მარქსიც ხომ დასავლეთ ევროპელი გახლდათ, ამ შემთხვევაში გერმანელი ებრაელი (არანაირ მინიშნებას არ ვაკეთებ ანტისემიტიზმზე, რომელიც სრულიად მიუღებელია ქართული კულტურისთვის). მარქსმა თქვა, რომ ინდივიდი მთავარი არ არის, მთავარი არის ერთობა, ოღონდ ეს ერთობა აღარ იყო ტრადიციული ერთობა ღმერთის ქვეშ, როგორც ეს იყო ტრადიციულ საზოგადოებებში, მანაც ხელოვნური კონცეფტი შექმნა – კლასი, კლასობრივი ბრძოლა, ბურჟუა ჩაგრავს პროლეტარიატს, გაუმარჯოს პროლეტარიატს – ასე შეიქმნა მარქსიზმი. მესამე ტოტალიტარული თეორია, რომელიც ფაშიზმის სახით მოგვევლინა იტალიაში და შემდეგ ნაციზმის სახით გაიდგა ფესვები გერმანიაში უპირისპირდებოდა წინა ორივეს ერთად – ინდივიდის ბატონობასაც და კლასის ბატონობასაც – გვახსოვს ეს უბედურება, ადოლფ ჰიტლერი და რასის ან ნაციის სუპრემატიზმი ან აღმატებულება. ეს სამივე პოლიტიკური თეორია არის ერთი ავტორის მიერ შემქნილი. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და ამ დღეებში ალბათ დაიდება ინტერნეტში ჩვენი საუბარი მეგობრებთან ერთად, რომელსაც ერქმევა „აპოკალიფსის სამი მხედარი“ და ვისაც დაგაინტერესებთ მოისმინეთ.

ვეცადე ამ საუბარში დამემტკიცებინა, რომ ეს აშკარად ერთიანი რეჟისურაა, ერთი ფიზიკური ავტორი ჰყავთ, გარკვეული საერთაშორისო საზოგადოების სახით და ისიც კი ვცადე იმ საუბარში, მომეყოლა თუ რა გველის მომავალში. მიმაჩნია, რომ მეოთხე ტოტალიტარული თეორიაც იქნება. და აი რატომ – ეს სამი დეოლოგია ერთმანეთის ტყუპისცალია და სინამდვილეში, ერთმანეთის მეგობარია. მართალია, ჩვენს დასანახად ერთმანეთს დაამტვრიეს თავ-პირი და როგორც გვახსოვს, ჯერ მარქსიზმმა და ლიბერალიზმმა, ანუ პირველმა და მეორემ, დალეწეს ფაშიზმი, მერე პირველმა დალეწა მეორე – ლიბერალიზმმა, კაპიტალიზმმა მოკლა მარქსიზმი და მოგვევლინა ბოლო, უალტერნატივო სილამაზედ. აგერ უკვე 25 წელიწადია თითქმის მთელი პლანეტა და მათ შორის ჩვენც, ვცხოვრობთ ამ ტოტალიტარული ჰეგემონიის ქვეშ. ახლა რატომ არის ეს სამივე იდეოლოგია ტოტალიტარული და რატომ ჰგავს ისინი ტყუპისცალივით ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ებრძვიან ერთმანეთს?

პირველი არის ქრისტიანობის სიძულვილი. ხანდახან გვატყუებენ, ლიბერალებიც გეტყვიან, რომ ქრისტეს წინააღმდეგნი არ არიან, ფაშისტებიც დადიოდნენ რკინის ჯვრებით და სოციალისტებიც ამბობენ, რომ სოციალური სამართლიანობა არის სწორედ ის, რაც ქრისტეს უნდოდა. მაგრამ, სინამდვილეში ეს სამივე იდეოლოგია ანადგურებს ეკლესიას, ებრძვის მღვდლებს და ებრძვის რელიგიას, პირველ რიგში კი ქრისტიანობას. მეორე, რაშიც ისინი გვანან ტყუპისცალივით, არის მთელ დედამიწაზე გაბატონების სურვილი. ვინმე მეტყვის, რომ მასე ალექსანდრე მაკედონელსაც უნდოდა მთელ დედამიწაზე გაბატონება, ნაპოლეონსაც და ნებისმიერ იმპერატორსაც, დიახ ბატონო, მაგრამ მათ უნდოდათ, თავისი, როგორც პიროვნების სამფლობელოს მთელს დედამიწაზე განვრცობა. არ გააჩნდათ იდეოლოგია და როგორც ვნახეთ, თითოეული მათგანის გარდაცვალების შემდეგ ეს იმპერიები ინგრეოდა. აქ ლაპარაკია იდეოლოგიის გაბატონებაზე. თითოეული ამ სამიდან ამბობს, რომ მთელი პლანეტა მისი უნდა იყოს, იმიტომ რომ, თავად არის ყველაზე უკეთესი. ამბობენ, რომ ათავისუფლებენ ადამიანებს ოჯახებისგან, მღვდლებისგან, ძველი სტერეოტიპებისგან. მე მოგიტანთ ბედნიერებას, დაგიცავთ იმ ორი პოლიტიკური თეორიისგან და გაგათავისუფლებთ. და მესამე, რაშიც სამივე ტყუპისცალივით გავს ერთმანეთს – ეს გახლავთ ამქვეყნიური ბედნიერების დაპირება. არც ერთი ტრადიციული რელიგია ამას არ აკეთებს – არც ისლამი, არც იუდაიზმი, არც ბუდიზმი, არც ინდუიზმი, არც ქრისტიანობა, რომლებსაც ჩვენ პატივს ვცემთ. სხვადასხვა ხალხის რელიგიური სისტემები არ ატყუებს ადამიანს და არ ეუბნება, რომ წამომყევი, აი ცოტაც, ცოტაც, ახლა გამოჩნდება კარგი ლიდერი, ცოტაც დაგვრჩა და იქნება ბედნიერება ამ ქვეყანაზე. ტრადიციულმა რელიგიამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ტყუილია. აი, ეს სამი თვისება, კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, ტოტალიტარიზმის სურვილი, ქრისტიანობის სიძულვილი და ამქვეყნიური ბედნიერების დაპირება გახლავთ უტყუარი სიმპტომები, რომ ლიბერალიზმიც, მარქსიზმიცა და ფაშიზმიც არის ერთი ავტორის ლაბორატორიაში მოხარშული ერთი და იგივე შხამის სხვადასხვა ვარიაცია. ახლა რას გადავეკიდეთ ამ დასავლეთს. დასავლეთი აქ არაფერ შუაშია. არ ჯერათ, იტყუებიან, მაგრამ ჩვენ გვდებენ ბრალს, რომ კრემლის აგენტები ვართ. მე მიყვარს აშშ-ის კულტურა და სხვადასხვა ტელემიმართვებში ამაზეც ვილაპარაკებ (ტრაბახით არ ვიტყვი და ზოგიერთმა ჩვენგანმა რომ იცის ამერიკული, ევროპული მწერლობა, ფილოსოფია და კულტურა, ჩვენს ლიბერალებს ერთად აღებულებს გაგონილიც კი არ უნდა ჰქონდეთ). პირადად მე მიმაჩნია, რომ ამ დარჩენილი ურჩხულის, – მარქსიზმი დარჩა აქა-იქ კუბაში და ჩრდილოეთ კორეაში, ფაშიზმის ფორმებიც შემორჩა (ამაზე სხვა დროს უფრო ვრცლად ვისაუბრებ), მაგრამ ჰეგემონი სისტემისგან, რომელშიც ბოლო 25 წელიწადია ვცხოვრობთ- ლიბერალიზმ-კაპიტალიზმი, რომელზეც საუბრობენ როგორც უალტერნატივო, აბსოლუტურ „სილამაზეზე“ და გვეუბნებიან, რომ სამუდამოდ იქნება, პირველ რიგში ჩემთვის საყვარელი ამერიკელი ხალხი იჩაგრება, ჩემთვის საყვარელი ფრანგი ხალხი, სიტყვა „ევროპა“ ძალიან არ მიყვარს (ამაზე ცალკე გესაუბრებით ), გერმანელი ხალხი, ინგლისელი ხალხი იჩაგრება. ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ ისინი მძულს, როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ეს დიადი ნაციები, რომლებმაც ასეთი საოცარი კულტურები შექმნეს. პირიქით, ჩვენ მათ პატივს ვცემთ, ვუთანაგრძნობთ და მიგვაჩნია, რომ ერთად უნდა გავთავისუფლდეთ ამ ურჩხულისგან.

საკმარისია გავბედოთ და შევეწინააღმდეგოთ ამ იდეოლოგიას, მაშინვე გვდებენ ბრალს კრემლის აგენტობაში ან მიაქციეთ ყურადღება – ფაშისტებს ან კომუნისტებს გვეძახიან. რატომ ხდება ეს? ესეც ბუნებრივია- ტოტალიტარული იდეოლოგია, მისი ჰიპნოზის ქვეშ მოხვედრილი ხალხი ან მისი ცინიკური მსტოვრები ერთი მიდგომით აზროვნებენ:- თუ მათ კოორდინატთა სისტემაში არ ხარ , ანუ ლიბერალი, მაშ ვინ ხარ? რა თქმა უნდა კრემლის აგენტი. დონალდ ტრამპიც თურმე კრემლის აგენტია და ჩვენ რაღა შანსი გვაქვს, როდესაც ლიბერალიზმს და მის მკვლელ იდეოლოგიას ვუპირისპირდებით?! გავიმეორებ, 45 მილიონ ბავშვს კლავს ლიბერალიზმი ყოველ წელს დედის საშოში აბორტის მეშვეობით. ეს უფრო მეტია, ვიდრე ფაშიზმს და კომუნიზმს ერთად მოუკლავთ. ის ბავშვი ცოცხალია, ჩაიხედეთ YouTube-ში, ჩანს რა მოსდის, როცა დანა შედის, რომ მოკლას და უმოწყალოდ ჩეხავს. ჰოლოკოსტი და ორივე მსოფლიო ომი რომ შეაჯამოთ, ამდენი არ დაღუპულა. რაც აბორტი მასიური მკვლელობის პრაქტიკა გახდა მილიარდ ნახევარზე მეტი ბავშვია დედამიწაზე დაღუპული. რამდენს კლავს ფარმაკოლოგიური მაფია, რამდენს კლავს ნარკოტიკების ინდუსტრია, სწორედ ამას ვებრძვით. შეუძლებელია ეს აუხსნა ადამიანს, ვინც ეჭვის თვალით გიყურებს და სანამ თვითონ არ მიხვდება (ამაზეც ვისაუბრებ ჩემს ტელემიმართვებში) რა ფლიდ იდეოლოგიასთან აქვს საქმე და როგორ ატყუებს ის ადამიანს, სამწუხაროდ, ვერაფერს შეაგნებინებ.

რა გაეწყობა, ჩვენ მაინც სიმართლე უნდა ვთქვათ და უნდა ვეცადოთ, რომ ავხსნათ არა ფანატიკური, აგრესიული მეთოდებით, არამედ ცივილიზებული, ლოგიკური საუბრით. კიდევ ერთი მაგალითი: ტოტალიტარული იდეოლოგია თავისი ჰეგემონიის პიკში, მანიაკალურად აკონტროლებს მასმედიას. გეუბნება, რომ ბედნიერება და შენი თავისუფლება უნდა, აზრთა სხვადასხვაობაზე გიქადაგებს, მაგრამ ვაი შენი ბრალი თუ რომელიმე მის დოქტრინას არ ეთანხმები . აღარც აზრთა სხვადასხვაობა ახსოვთ. 80-ანი წლების ბოლოს, მახსოვს, სანამ საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინდელ ტელევიზიაში ჩიტი ვერ შეფრინდებოდა და კომუნისტური ეპოქის ნებისმიერი ჟურნალისტი გაგაწყვეტინებდა სიტყვას თუ ეთერში რამე ზედმეტი წამოგცდებოდა. იგივე ხდება ახლაც, ჩვენმა საწყალმა ჟურნალისტებმა, რომლებიც უფრო მეტ ზიანს აყენებენ ჩვენს ქვეყანას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკოსებიც კი, ძალიან კარგად იციან რომ არავითარი აზრის და სიტყვის თავისუფლება არ არსებობს ლიბერალიზმში. ისე უბრახუნებენ თავში, ისე უქნევენ თითებს და ისეთ ტერორში ყავთ მოქცეული აბა თქვი, რომ მამათმავლობა სირცხვილია, აბა თქვი, რომ ადამიანის უფლებები და მე-ს გამდიდრება არ არის მთავარი ამ ქვეყანაზე, ვინ გისმენს?

ამ თემაზე ცალკე ტელემიმართვასაც გავაკეთებ – ძალიან არ მიყვარს სახელების დასახელება და აქაც მოვერიდები – მოგმართავთ ყველა ჩვენს ნაცნობს და ყოფილ მეგობარს, ვინც ფლობთ ამ ტელევიზიებს და დასავლური ლიბერალური ჰეგემონიის დიქტატის ქვეშ ამდენ უნამუსობას სჩადიხართ, ჩაგრავთ თავისუფალ აზრს და ფეხქვეშ ეგებით ამ სიტუტუცის დიქტატურას. თქვენ მოგმართავთ, ჩემო ყოფილო მეგობრებო, ნაცნობებო და იმ ხალხის ნათესავებო, ვინც ამ ტელევიზიებში ხალხი დაასაქმა – ლიბერალიზმი ინგრევა, თქვენ კიდევ მოესწრებით ამ ტოტალიტარული ჰეგემონიის ჩამოშლას და იმაზე იფიქრეთ როგორ იქცევით, როგორ ატყუებთ, შხამავთ და ნერვებს უშლით ქართველ ხალხს; ან გამოდით მაგ ინდუსტრიიდან ან ნუ იქცევით მასე! გასაგებია, პიკში მყოფი ლიბერალიზმი რასაც გიშვებათ. ეს დროებითი პიკია, დამერწმუნეთ, ეს არ არის სამუდამო. მაგრამ, თქვენც ხომ რამედ უნდა ივარგოთ. ასეთი სიტუტუცე, ასეთი ქვეშ გაწოლა, ასეთი სილაჩრე, რაც ჩვენს პარლამენტარებს, ჩვენს მთავრობას და ჟურნალისტებს ახასიათებთ – სირცხვილია! სხვა ხალხები იბრძვიან მაინც. თქვენ კი, როგორც ქართველმა ბოლშევიკებმა გადაასწრეს რუს და ებრაელ ბოლშევიკებს, ასე გადაასწარით ყველას, ხელი აიღეთ ნამუსზე, სინდისზე და ა.შ. დამერწმუნეთ, ნუ იქცევით ასე, კიდევ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში, პოსტ-ლიბერალურ ეპოქაში, რომელიც მოდის და რომელზეც აუცილებლად მოგიყვებით.

07.10.2021

ლევან ვასაძე და მეგობრები – საუბარი #4 – “აპოკალიფსის სამი მხედარი”.

ნაწილი 1: https://bit.ly/3mzl8xh

ნაწილი 2: https://bit.ly/3oXZgyL

XXXIII თავი

სამი დღეა, მორიგი ქიმიის შემდეგ საავადმყოფოდან დაბრუნებული, ჩემს ბინაში დავდივარ ოთხ კედელს შუა, ბათუმის საშინელებით დადუმებული.

ჯერ ჩემი განცდის სიმწირეზე ვდარდობდი და ჩემი სხეულის თითქმის სრულ დაფიტულობას ვაბრალებდი, მერე ამდენი წამლების ზემოქმედებას, მერე ლოცვა მოვიდა და შვება ვიგრძენი – მათი გვერდში ყოფნისა, მერე ვფიქრობდი, რატომაა ჩემთვის უბრალო სტატისტიკა უცხოეთში მაგაზე უარესი ამბები – ნუთუ ასეთი ნაციონალისტი ვარ, სად არის ხოლმე მაგ დროს ეს ჩემი დაწამლული გული… და მერე, გონი ისევ ამ საშინელებას უბრუნდებოდა.

თითქოს წინასწარ იყო, რაც ხუთიოდე თავის წინ მეწერა ამ დღიურში – არქიტექტურულ იდეოლოგიაზე და მისი მიმდინარე სიმცდარის საფრთხეებზე, მერე ჩემი 2015 წლის წერილი გამახსენდა, რომელიც ჩვენი წყნეთი-სამადლოს გზის მეწყერისა და ვერეს ხეობის ტრაგედიის შემდეგ დავწერე და გამაოგნა, იქაც ნათქვამი როგორ მწარედ აგვიხდა, აი, იქიდან მოკლე ნაწყვეტები და პრინციპში, რასაც მანდ თბილისზე ვწერ, განა ზუსტად იგივე არ ეხება ბათუმსაც:

„…ტრაგედიის შემდგომი დღეების ყველაზე გამაოგნებელი ნიშანი კი არის ის, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი მედია და სახელმწიფო, განცხადებების მიუხედავად, არ ჩქარობენ იმსჯელონ კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე – არც ტექნიკურზე და, რა თქმა უნდა, არც მეტაფიზიკურზე.

ექსპერტთა აყალმაყალში ვერავინ აიღო თავის თავზე მეწყერის აშკარა ტექნიკური მიზეზის დასახელების გამბედაობა. სტიქიის ზებუნებრივ მიზეზებზე კი საერო საზოგადოებაში საერთოდ ყველა დუმს…

… იმ საშინელ ღამეს ათობით ადამიანი დაგვეღუპა და ათასობით გადაგვირჩა. გადაგვირჩა არა ჩვენი წინდახედულობით, არამედ – ღვთის წყალობით…

… გადაივლის ეს უბედურება და გავხდებით მომსწრენი იმისა, თუ ისევ რამდენი მილიონი დოლარი, ლარი, სატელევიზიო წუთი და ნერვის უჯრედი დაეთმობა გარყვნილების პროპაგანდის დაცვას, ქეშების უფლებების გაფართოებას, ოჯახური ძალადობის ვითომ აღმოფხვრას და სინამდვილეში – ოჯახის ინსტიტუტის რყევას, შუშის თვალებიანი ჩინოვნიკების მხრიდან პერვერტებისათვის სქესის შეცვლის ოპერაციებზე ზრუნვას და რა ვიცი კიდევ რა უბედურებას, სანამ ქვეყანაში ასი ათასი ჩვილი კვდება ყოველ წელს დედის საშოში აბორტის დანის ქვეშ, 75 ათასი ბუნებრივად კვდება და მხოლოდ 55 ათასი იბადება, სანამ სამას ოცდაათი ათასი ღირსება აყრილი და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანი ელოდება სამართალს და ქვეყანა თავზე გვენგრევა, სანამ 320 ათასი ნარკომანის საპირისპიროდ ქვეყანაში მხოლოდ 18 ათასი სპორტსმენია რეგისტრირებული, სანამ მთაში 24% მოსახლეობის ნაცვლად 4% დაგვრჩა და მალე მხოლოდ 1% დაგვრჩება მოშიშვლებულ სასაზღვრო ზონებში, სანამ ჩვენი ერი გადაშენების გზაზეა დამდგარი? რამდენი სერპანტინია კიდევ ასე შეკიდული, რამდენი ელბაქიძე ჩასავარდნი, რამდენი სახლი მისული წაქცევის პირას, როდის მისცემენ ეს ჩვენი ახალი ბატონები ამ ჩვენს მთავრობას ამ პრობლემებზე ზრუნვის სივრცეს, დროსა და საშუალებას?…

… ტრაგედიის მეორე დღეს ვუცქერდი ამაზრზენ „ტელე-იმედზე“ გადაბრუნებულ ურემთან მოსაუბრეებს: ტრაგედიის ადგილიდან რეპორტიორი ირჯებოდა, რომელიც არც კაცს ჰგავდა და არც ქალს, სტუდიაში ტლიკინით სახელგანთქმული მსუბუქი აზროვნების მძიმე ქალები წუხდნენ. ეს ის ურემთან მოსაუბრეები არიან, რომლებსაც ჩვეულებრივ დროს არ სცალიათ ქვეყნის მეურნეობასა და მის ნამდვილ პრობლემებზე საუბრისათვის, რადგანაც სამშობლოზე მშვიდი ზრუნვა არ არის სკანდალური ყროყინისათვის კარგი ნიადაგი. მათ უნდა გვახარჯინონ ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების თვეები და წლები მოსმენის ღილაკებზე, უნიჭო ჩინოვნიკების ფარიკაობაზე, ვინ სად დაინიშნება, იმის განხილვაზე, გეგონება, რამე იცვლებოდეს ამ დანიშვნებით ჩვენს გზებზე.

ამასობაში, მათი ყროყინის შორის პაუზებში, რეკლამა კაზინოებში გაუბედურებას სთავაზობს ზღაპრული მიწა-წყლის მიმტოვებელ და უფუნქციოდ, ტექნოგენურ თბილისში ჩახერგილ უბედურ ქართველებს, რომლებიც ამ უძრაობასა და უაზრობაში მხოლოდ იმას ელოდებიან, როდის დადგება მათი ჯერი, დაემართოთ კიბო – ყველას ჯვარი სწერია – რათა გაყიდონ ის თბილისის ბინაც და როგორმე, გაიხანგრძლივონ ჯოჯოხეთი, რომელსაც თანამედროვე თბილისში ცხოვრება ჰქვია.

თბილისი მთლიანად ტექნოგენურია. რაც საბჭოთა კავშირის დაშლის (მადლობა ღმერთს!) შემდეგ გვგონია, რომ ევროპისაკენ გავეშურეთ, თბილისის შეუქცევადი აზიატიზაცია დაიწყო. არცერთ დეველოპერს არ ეყო არც ფანტაზია და არც ნამუსი, ჩახერგილ ძველ უბნებში აღარ ეშენებინა მაღალი სახლები და ნაცვლად ამისა, გარეუბნებსა და საქარხნო ზონებში მოეხდინა კომპლექსური საცხოვრებელი ზონების განვითარება-გადატანა. არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ გამოინახა, საგადასახადო შეღავათები დაეწესებინა რეგიონებში გადასვლის მსურველი ბიზნესებისათვის, უფრო მაღალი პენსიები დაენიშნა პენსიონერებისათვის, ვინც თბილისიდან რეგიონებში გადასახლდებოდნენ, რათა ქალაქი დაცლილიყო, რეგიონი შევსებულიყო და პენსიონერების ჯანმრთელობა გაუმჯობესებულიყო და შესაბამისად, მასზე სახელმწიფოს ხარჯი შემცირებულიყო, არცერთ მუნიციპალურ საპროფილო მოხელეს არ ეყო ნამუსი, არ მიეღო მონაწილეობა ქალაქის ყოფითსა და ესთეტიკურ დაღუპვაში. გადის წლები და არანაირი ლაპარაკი, პრეზენტაციები და შეხვედრები, ანალიტიკა და გამოკითხვების მასალები არ ჭრის, შედეგს არ იძლევა. ეს იმიტომ, რომ დასავლეთიდან არ უბრძანებენ…

… გრძელდება თბილისის არქიტექტურულ-ყოფითი თვითმკვლელობა. მიჯრით მდგომი ახალი ხუხულა კორპუსები და სავაჭრო ბღრონძები მას მარაკეშს, ამანსა და 70-იანი წლების სტამბოლს ბევრად უფრო ამგვანებენ, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქალაქს. მაგრამ, მაგ ქალაქებს რას ვერჩი, ჩვენთვის არაორგანული და წინააღმდეგობრივი ვექტორისა და იდეოლოგიის გამო, ჩვენ, მაგ ქალაქების მოსახლეობისაგან განსხვავებით, სულ სხვა შედეგსა და სოციუმს ვიღებთ. ჩვენი ეთნო-ფსიქიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ასეთ სოციუმში აღარ რჩება ადგილი ქმედებისა, ჯანმრთელობისა და ოჯახური სიმრავლისათვის, ასეთ სოციუმში მხოლოდ ცინიზმი, ურთიერთსიძულვილი და მომავლის დეპრესიული შიში მრავლდება სოკოსავით.

თბილისი იღუპავს თავს და, დემოგრაფიულ მტვერსასრუტად ქცეული, ღუპავს დანარჩენ საქართველოს. არანაირი არქიტექტურულ-დეველოპერული რეგულირება – ნიშნავს არანაირ ეკონომიკურ რეგულირებას ურბანული მიგრაციისა, ქალაქი უმუშევრობისა და სოციალური უფუნქციობის გეტოდ გადაიქცა, სანამ რეგიონები ბოლო 40 წლის მანძილზე მიგდებულია თავისი თავის ანაბარა.

ახალი მთავრობის სასოფლო, მისასალმებელი, ინიციატივები ზღვაში წვეთია ჩვენს ურბანისტულ დილემასთან შედარებით. არც ლიდერები, არც ინსტიტუტები ამ კომპლექსურ პრობლემაზე სააზროვნოდ არ ჩანან. ამ მხუთავ გარემოში, მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე, დარჩენილი ცხოვრების აზრის, ანუ იდეოლოგიის და ნათელი, ჯანმრთელი მიზნების გარეშე, გამოდის დილით და პირუტყვივით იძულებულია მხოლოდ იმაზე იფიქროს, როგორ გაიტანოს თავი. ერის გენოციდთან ერთად, ცრუ-ევროპული, ლიბერასტული დროშის ქვეშ, მიმდინარეობს ერის კულტურული გამოფატვრა. ამ გამოფატვრის ქურუმები არიან ხელფასისათვის ყველაფრის მკადრებელი ქართველი ტელეჟურნალისტები და არასამთავრობოები…

… მაგრამ, ტექნოგენური, უშნო და დამანგრეველი ტენდენციები განა მხოლოდ ქართულ ურბანისტიკაშია? ისინი შემცდარი, მოტყუებული, ცრუ იდეოლოგიის მატარებელი ერისა და სახელმწიფოს მთელ ქსოვილში არიან მოდებულნი გამჭოლ მეტასტაზებად…“

სრული წერილის ლინკი:

https://www.kvirispalitra.ge/public/25604-qmtheli-qveyana-tsarghvnashiaq-rogor-gamoekhmaura-levan-vasadze-thbilisis-stiqias.html

ეს სტრიქონები 6 წლის წინ დავწერე, მაგრამ, თითქოს სამოცი წელი გავიდა და მაინც არაფერი შეცვლილა ჩვენს ქვეყანაში. წერილს ეტყობა, რომ მაშინ, ამ ნაც-ქოცურ ლიბერალურ დიქოტომიაში, კიდევ რაღაცის იმედი მქონდა, კიდევ მეგონა, რომ ამ დაწყევლილ, ლიბერალურ საოკუპაციო რეჟიმში ავირიდებდი ქე-მაინც მათი გაყალბებული „წესებით“ თამაშის საფრთხეს – ანუ ამ დამპალ, პრაქტიკულ პოლიტიკაში შესვლას, ჩემი ქვეყნის სიყვარულის მიუხედავად.

არ შემიძლია, ამ დღეებში პოლიტიკოსების მოსმენა, არცერთი მხრიდან, თუმცა, მინდა ყველანი ერთად ვიყოთ – ამ დღეებში მაინც.

ვუყურებდი ჩვენი მაშველი ბიჭების დაქანცულ სახეებს, გაუბედურებული ნათესავების ცრემლებს და გამყინავად ვგრძნობდი, რომ იდეოლოგიური ომია ყველაზე სასტიკი, მისი ნაყოფია ყველაზე მავნებელი ერისათვის, გინდა არქიტექტურული ქაოსი იყოს, რაზეც სულ ორიოდე თავის წინ ვწერდი, და გინდა, ეკონომიკურ-დემოგრაფიული, რაც ერთი ურჩხულის სხვადასხვა თავებია. თორემ, სტიქიასა და უბედურებას რა გამოლევს ამ ჩვენს ცოდვით დაცემულ სამყაროში.

დღემდე ვერ მომინახავს დაღუპულთა სახელების სრული სია. ჩემმა ამხანაგმა, ზალიკო ლუხუტაშვილმა, რომელიც მაგ ეზოში ცხოვრობდა და მეგობრები დაეღუპა მანდ, და ახლა თავზარდაცემულია ამერიკაში, სადაც სამეცნიერო ხარისხს იცავს, მომწერა ამ უდიდეს განსაცდელში მყოფთა სახელების ნაწილი:

ცოცხლები: რამაზი, დემეტრე;

გარდაცვლილები: ინგა, ანასტასია, ერეკლე, ნიკოლოზი.

დღეს დედა ეკლესიას პანაშვიდი გადაუხდია, თუ ვინმემ იცით სრული სია ოჯახებისა, როგორც იმათი – ვინც უფალმა წაიყვანა, ისე იმათი – ვინც გადარჩა, მაგრამ, თავისი ოჯახიდან გარდაცვლილთა ბედს ნატრობს, იქნებ, გამოაქვეყნოთ, რომ ერთად ვილოცოთ მათთვის.

შემინდეთ, დღეს ვეღარ დავწერ მეტს.

10.10.2021

XXXIV თავი

უხილავის მხრიდან ჩვენზე შეწევნა და მისი წინააღმდგომის ჩვენთან ბრძოლა – ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური, ყოველწამიერი მდგომარეობაა.

უხილავის მიმართ გულდახშული ადამიანი ცხოვრებას ისე გაივლის, რომ ვერც ერთს ხედავს და ვერც მეორეს, საწყალი, სულ რაღაც თავისი უბადრუკი „ლოგიკის“ საზღვრებში ფაფხურობს და მას ყველაზე უფრო ტანჯავს კითხვები: „რატომ“, „ეს როგორ“, „რისთვის“, და სხვა.

მისი მიზანი ხილულზე პოტინი და შიგნით „კარგად ყოფნაა“, სხვა ყველაფერი მას აღიზიანებს, აშინებს და დამცინველს ხდის.

ამრიგად, ასეთი ადამიანი, რადგან მისთვის უხილავი არ არსებობს, ისიც არ არსებობს უხილავისათვის, როგორც ბულგაკოვი იტყოდა, ყოველს მიეზღვას მისი რწმენისამებრ.

მეორე უკიდურესობა – ადამიანი მოწყვეტილი და დამალული ხილულისაგან, ან თავისი გამოუსწორებელი სიზარმაცის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, სულ უხილავის ფუჭ დევნაშია, ისიც პირველივით მკრეხელობს, რადგან უარყოფს საწყისისაგან მოცემულ წუთისოფელს, მასში სიკეთის კეთებას, რაც, როგორც ადრე ვთქვით, ქართულში ერთი ფუძის ორი სიტყვაა.

და ამრიგად, ასეთი ადამიანიც, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად თვითმარქვია სულიერებისა, ასევე არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, წუთისოფლისათვის. მას სულიერი სამყაროს მსახურება დაუჩემებია და სინამდვილეში, ნამდვილ ბერ-მონაზვნობას ერთი დღეც ვერ გაუძლებს, ისე დაეტაკება მას იქ ხილულის წინააღმდგომი, როგორც ეს ვიცით მამებისაგან.

მას ადვილად ატყუებენ და იტაცებენ სიზმრებითა და ხილვებით უხილავის წინააღმდგომი ძალები და აბაიბურებენ საწყალს, ვითომ სულიერებისა და ვითომ სიწმინდის ხიბლით.

ეს ორივე მდგომარეობა სხვებს კი არა, თითოეულ ჩვენგანს გვეხება და პირველ რიგში – მე. ამ ორივესგან განკურნება მხოლოდ მარხვითა და ლოცვით არის შესაძლებელი, საკუთარი ჯვრის აღებით და მშვიდ მეგზევეზე გაყოლით, მხოლოდ სიკეთის კეთებით და ამ ორივე სამყაროში მსახურებით, წუთისოფელში – ის წუთი, რაც ვართ, მარადისობაში – იმის შედეგად, რასაც ღვთის შეწევნით და ჩვენი დაცემულობის მიუხედავად ვიზამთ, სანამ ვართ ამ ქვეყნად.

მამებს, განსაკუთრებით დიდ წმინდანს, ღირს იოანე სინელს, დაწვრილებით აქვთ აღწერილი ამ გზაზე ადამიანის ნამდვილი ფსიქოლოგია.

მთელი მისი წმინდა ცხოვრებისა და სულიწმინდით შთაგონებული მოღვაწეობის ნაჟური მოცემულია საოცარი რუკის სახით, რომელზეც გადაშლილია ადამიანის უხილავ საწყისთან მიმყვანებელი სათნოებებისა და ამის წინააღმდგომი ვნებების სრული სია.

ადამიანს მთელი ცხოვრება არ ეყოფა ამ რუკის ბოლომდე შესასწავლად, თუმცა, ის ყველა ოჯახის კედელზე უნდა იყოს გაკრული.

მასში გადმოცემულია ის, თუ რომელი ვნება იწვევს რომელ სხვა, უფრო მძიმე ვნებას, და რომელი სათნოება კურნებს რომელ მათგანს.

კაცმა რომ თქვას, ეს არ არის მხოლოდ ადამიანის სულის ანატომია, ეს არის მთლიანად ადამიანის ატლასი და ანატომია, რადგან ახლაღა იწყებს პოსტმოდერნის პოზიტივისტური „მეცნიერება“ მიხვედრას, თუ რა კავშირია ადამიანის სულიერ მდგომარეობასა და მის ხორციელ ავადობებს შორის.

ამ პირველი ნაბიჯების ასახვაა გერმანელი ყოფილი ღვთისმეტყველისა და შემდგომში ექიმის, დოქტორ რაიკ გერდ ჰამერის (Ryke Geerd Hamer) ალტერნატიული სამედიცინო თეორია და მისთვის ამის გამო ოთხმოციან წლებში მინიჭებული ნობელის პრემია.

როგორ დავიცვათ ეს წონასწორობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ადამიანობა, ვიყოთ ხილულშიც სიკეთით და გვწამდეს და ვსასოებდეთ უხილავზეც, თან ისე, რომ არცერთ მხარეს არ გადავიღრიცოთ, როგორ ვიყოთ ადამიანები.

ეს მთელი ცხოვრების გზაა და მე ძალიან შორს ვარ მასზე სწორად სიარულისგან, სურვილი კი მაქვს, ალბათ, როგორც ბევრს. თვალწინ გვყავს უწმინდესი მაგალითი, მის მიერ აღზრდილი მთელი თაობა და ამით ვართ ბედნიერნი, ბევრ ჩვენგანს თვალწინ გვყავს ჩვენი დიდებული მშობლებისა და ბებია-ბაბუების, ბიძა-დეიდების, უფროსი ნათესავების მაგალითი, რომელთაგან არავინ იყო უცდომელი, მაგრამ, ამითიც ბედნიერი ერი ვართ.

ამას ებრძვის უხილავი უკვე ხილულშიც და ჩვენი მოვალეობაა მას ამის უფლება არ მივცეთ, ყოველდღე სიყვარულით ვესაუბროთ შვილებს კარგსა და ცუდზე და მოვუყვეთ მათ ჩვენს უფროსებზე.

ღირსი იოანე სინელის სულიერ რუკას რომ დავუბრუნდეთ, მის გენიალურ უბრალოებაში, ისევე როგორც „კლემაქსში“ ანუ „სულიერ კიბეში“ – მის უდიდეს ნაწარმოებში, რომელსაც ადამიანი ასევე მთელი ცხოვრება უნდა კითხულობდეს, არის ერთი ჩვენთვის სახიფათო თვისება: ჩვენ, და პირველ რიგში – მე, იმდენად დაბინძურებულები ვართ მოდერნით, რომ ეს გენიალური უბრალოება ჩვენთვის მოსაწყენია, არ არის ნიაზი ან როგორც ახლა ვეძახით – საინტერესო, გვეჩვენება, რომ ეს ყველაფერი ისედაც ვიცით.

ალბათ, უმადურობა ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ დასაძლევი ცოდვაა. თუ შევძლებ, მინდა დღიურის ერთ-ერთ მომავალ თავში, მას შემდეგ, რაც ჩემს გვერდში მგდომ კაცებს გადავუხადე მადლობა (განზრახ არ დავასახელე მათი სახელები), ჩემს ამ მიმდინარე ბრძოლაში, ამჯერად, ჩემი ექიმების გუნდზე დავწერო, სათითაოდ ვახსენო ისინი, იმიტომ, რომ, მე რომ აქამდე ცოცხალი გადავრჩი და ნელ-ნელა და ძნელად – მაგრამ, კიდევ წინ მივდივარ, რა თქმა უნდა, უფლის სასწაულია, მაგრამ, ეს სასწაული ამ საოცარი ხალხის ხელით ხდება, განსაკუთრებით კი, ჩემი კახელი ძმაკაცისა, რომელიც ოცდაათი წელია ამერიკაში ცხოვრობს და ექიმი ძმა რომ მყოლოდა, ისე არ ჩამყვებოდა ყოველდღე სამარის პირას, როგორც ეს მან გააკეთა. მასზეც მოგიყვებით, ჩვენს სასიქადულო ბატონ ლეო ბოკერიას ჩემზე გადაყოლაზეც და სხვებზეც, თუ თავს არ შეგაწყენთ.

თუ გახსოვთ, ერთ-ერთ პირველ თავში ვახსენე, რომ ძველ ჩანაწერებში ორიოდე ლექსი ვიპოვე, რომლებშიც მინატრია ის, რაც გადამხდა-მეთქი. და აი, ერთი მათგანიც. ძალიან გთხოვთ, ნურავინ ჩამითვლის მას ამქვეყნიური ჭაპანის ზიდვის დაზარებაში ან ბრძოლაზე უარის თქმაში, მაგრამ, მე ვინ ვარ, რომ სწორად ვიარო წუთისოფლის გზაზე – ეგ უფალს როგორც ენდომება, ისე იყოს.

ეს კი, კიდევ ერთი დიდი გაკვეთილია ჩემთვის, სანამ ჩემი საყვარელი შვილები, მშობლები, ბებია, ნათესავები და მეგობრები მენატრება ჩემს სამშობლოსთან ერთად და ვმადლობ ღმერთს ყველაფრისათვის:

დადუმებული ვიდოდე მზეში

დადუმებული ვიდოდე მზეში,

მომდევდეს ჟამი, ვერ მეხებოდეს,

ვიკარგებოდე მიღმიერ ხმებში,

ვკვდებოდე, მაგრამ მემღერებოდეს.

ამ უცნაური განგების აზრი,

ჩემი სიცოცხლის წუთი რომ ჰქვია,

გარკვეულიყოს სიკვდილზე ბრაზით

და ქცეულიყოს გაფრენილ ტყვიად.

თუ მძიმე ფრინავს მსუბუქზე უკეთ,

მეშველებოდეს მეც იქნებ რამე,

თავს აღარ ვგრძნობდე ფუყედ და მსუყედ

და მარინდებდეს უძილო ღამე.

ფოთოლზე ცრემლი, შრიალის ენა,

შეყოვნებული დინება დროის,

შეურევნელი ქვენა და ზენა

და განსასჯელი ჩემ საწუთროის.

რანი ვართ? რისთვის მოვედით აქა?

და რამდენს უნდა გვეფერებოდეს

ჩვენი ცოდვების მსხვერპლი ზვარაკად,

რომ უმადურებს გვემღერებოდეს?

რამდენი უნდა ვაშავოთ კიდევ,

რომ ერთხელ ვიგრძნოთ, როგორ გვწყალობენ,

როდემდე უნდა ვეფაროთ რიდეს

და ვთრთოდეთ ჩვენზე თუ რას ამბობენ?

რის მეშინია, ამაზე მეტი

რა უნდა მოხდეს, რაც უკვე მოხდა? –

უნამუსობა, ღალატი, რეტი

და სიმახინჯის შეკაზმვა კოხტად.

ამიტომ მინდა, რომ აღარ ვიყო,

ის რაცა ხდება, აღარ ხდებოდეს,

ხილულისაგან ვკვდებოდე თითქო

და უხილავში მემღერებოდეს.

ლექსი: 18/07/2017. ათონი, ვათოპედი.

13.10.2021

XXXV თავი

ნება მიბოძეთ, გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს, რამდენადაც შორს არ უნდა იყოს ეს „უძლურის დღიურის“ მთავარი მიზნებისგან.

9 წლის მანძილზე „ძებნილი“ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ნებსით დაბრუნება ვერ მოხდებოდა, ჩვენი ქვეყნის მმართველი გლობალისტური ძალების მხრიდან პოლიტ-ტექნოლოგიური ჩანაფიქრის და სააკაშვილისათვის შესაბამისი გარანტიების მიცემის გარეშე.

ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ ამ გეგმების სხვადასხვა ვარიანტებზე, რომლებიც, ნებისმიერ შემთხვევაში, მიზნად ისახავს ხელისუფლების ცვლილებას, ასევე, შეგვიძლია ვიმარჩიელოთ ახდება თუ არა ისინი, და ბოლოს, იმაზეც, თუ რამდენად არის ამ გეგმების და გარანტიების სააკაშვილისთვის მიმცემი მისი უფროსობა გულწრფელი სააკაშვილის მხარდაჭერასა და არ გაწირვაში – რაღაც სხვა, თავისი გეგმების გამო.

არც ის შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ამ ნახსენებ გეგმებსა და გარანტიებს თან დართვოდა სააკაშვილის ნაწილობრივი იძულებაც – როდემდე უნდა ერბინა სახურავებზე და რესტორნებში უკრაინაში ამ ფუნქცია დაკარგულ მანიაკს.

რა სცენარით განვითარდება მოვლენები, ამ დამნაშავეს საქართველოში ნებისმიერი მიზეზით დაბრუნების შედეგად, ამაზე მარჩიელობას, როგორც უკვე ვთქვი, არ ვაპირებ. აქ ყველას თავისი აზრი აქვს და დრო გვიჩვენებს, რა მოხდება.

მოვლენათა განვითარება, გარე ძალების პოზიციები – გლობალისტები იქნებიან ეს თუ მათ მიერ ნაწილობრივ გავლენის ქვეშვე მყოფი ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ჩვენი ერის უნარი იმოქმედოს და თავად განსაჯოს და გაარჩიოს სიცრუე სიმართლისაგან, სახელისუფლებო საკვანძო პირების მოქმედება – თუ ერის ინტერესებში, თუ საკუთარი თავისა – და რაც მთავარია, ღმერთის ნება, განსაზღვრავს იმას, თუ რა მოხდება საქართველოში უახლოეს მომავალში.

მე შემიძლია მხოლოდ მოკლე თეზისების სახით ჩამოვაყალიბო ის, თუ ჩემი აზრით, პირველ რიგში, რა არის სწორი და სამართლიანი ჩვენი ერისა და სახელმწიფოსათვის, და ასევე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის სათავეში ან სააკაშვილის, ან მისი რეჟიმის მიმდევრების მოყვანას, თუ ეს გეგმები ახდა.

დავიწყებ პირველით:

• ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ბრალი და კოჰაბიტაციის შედეგი;

• მათი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან მოხდა ქართველი ხალხის მოტყუება, სამართლიანობის არ აღდგენა და სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის არა მარტო არ დასჯა და გასამართლება ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, არამედ, ერთი-ორი საჩვენებელი გამონაკლისის გარდა, მთელი ამ რეჟიმის წარმომადგენლების სრული ლეგიტიმაცია და პოლიტიკურ და თანამდებობრივ პოზიციებზე დატოვება, ნაწილობრივი „ოცნებაში“ გადმოყვანა და დაწინაურება;

• ამავე ცხრა წლის განმავლობაში განუხრელად გაგრძელდა იმავე ლიბერალური რესპუბლიკის პოლიტიკური კურსი, რომელსაც ატარებდნენ შევარდნაძეცა და სააკაშვილიც, რომლის შედეგად ამ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში:

– ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა 5.4 მილიონიდან – 3.7 მილიონამდე;

– ნარკომანთა რიცხვი გაგვეზარდა 10 ათასიდან – 350 ათასამდე;

– აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ მოქალაქეთა რიცხვი გაგვეზარდა 10 ათასიდან – 700 ათასამდე;

– დედის საშოში, აბორტების სახით, მოიკლა არანაკლებ 1.5 მილიონი ჩვილი;

– ქვეყნიდან წავიდა მინიმუმ 1.2 მილიონი მოქალაქე;

– მოქალაქეთა საშუალო პირადი ვალი გაიზარდა მათი წლიური შემოსავლის 10%-დან 100%-მდე მაინც;

– ქვეყნის საგარეო ვალი გაიზარდა 1500%-ით მაინც და უახლოვდება ეკონომიკის ზომის, ანუ მ.შ.პ.-ს 70%-ს;

– ქვეყნის ტერიტორია შემცირდა 69 ათასი კვადრატული კილომეტრიდან – 54 ათას კვადრატულ კილომეტრამდე;

– ქვეყანაში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ჩამოსახლდა მინიმუმ ასი ათასი იმიგრანტი, რომლებისთვისაც საქართველოში არსებული ლიბერალური ანკლავი, თავისი ბორდელებით, ნარკოტიკებით და აზარტული თამაშებით ევროპის იაფი და ლეგალური ვარიანტია;

– არაფერი გაკეთებულა რუსული ოკუპაციის დასაძლევად ცხინვალსა და აფხაზეთში;

– გაგრძელდა ლიბერალური პროგრამის ყველა პუნქტის შესრულება: უცხოელებზე სასოფლო მიწების გაყიდვა იქნება ეს, გარყვნილების პროპაგანდის შეტანა სკოლებში, ახალგაზრდობის ნარკომანიზაცია, თუ სხვა;

• ყოველივე ამის შედეგად, ქვეყანაში დამკვიდრდა სრული ნიჰილიზმისა და ცინიზმის, ამქვეყნად სამართლის არარსებობის განცდა, რაც აისახება როგორც საარჩევნო მონოპოლიზირებული სისტემის უნდობლობაში, ასევე ბიძინას და „ქოცების“ ჯინაზე „ნაცების“ მხარდაჭერაში, რასაც პირადად მე ვერასოდეს გავამართლებ, თუმცა, დიდ ახსნას ეს ფენომენი არ საჭიროებს;

• ამ პოლიტიკის ქვეყნისათვის მავნებლობა, ბიძინას პირად ქველმოქმედებასთან შედარებით, არის განუზომლად დიდი და მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის ყველას მოვუწოდებ პირად შეურაცხყოფაზე უარის თქმას და ნებისმიერი ქველი საქმის დაფასებას – მითუმეტეს, ამ მასშტაბის ქველმოქმედისა – ვთვლი, რომ მისი და მისი პარტიის პოლიტიკა არის ერის დაღუპვის პირდაპირი რეცეპტი;

• არც მე და არც არავინ ბოლომდე არ ვიცით დეტალები იმ წნეხისა, რომლის ქვეშაც, შესაძლოა, ამ წლებში ის და მისი გუნდი ამყოფეს გარე ძალებმა, მისივე გარემოცვისგან ვიცით, მისთვის უკანონოდ შვეიცარიულ ბანკში მოპარული დიდი თანხების შესახებ, რომლებზეც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, და, შეიძლება, ვერ წარმოვიდგენთ, რა საფრთხეებში მოუწია პირადად მას ყოფნა მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ, არაფერი ამართლებს ზემოთ აღწერილ იმ უბედურებას, რაც მისმა პოლიტიკამ დამართა საქართველოს და დააყენა ქვეყანა სააკაშვილისა და „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური საფრთხის წინაშე;

• მაგრამ, აი, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ უახლოესი წრე მან შეიდგინა მაქებლების, მეხოტბეების და ფულის გამო მისი მსახურებისაგან, ქვეყნის მმართველად სრულიად არ ივარგა, და ერთი-ორი წესიერი კაცის გარდა, “ოცნება” გაავსო ისეთივე იდეოლოგიური ლიბერალებით, როგორებიც არიან “ნაცებიც”, ლჭყპტ მანიფესტზე ხელის მომწერი 15-ვე პარტიაც, და მისივე გლობალისტებთან ვითომ შეთანხმებული პოლიტიკური პროექტი გახარიაც, თავისი ლჭყპტ აქტივისტი მოადგილე მეზვრიშვილის თაოსნობით;

• ზემოთ ხსენებული კატასტროფის გარდა, მივიღეთ პოლიტიკური სისტემა, რომელიც ქცეულია დაყოფილი, დაპირისპირებული უამრავი პარტიის ქარვასლად, რომელსაც ადვილად მართავენ გარე ძალები;

• ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღიდან 2014 წელს „ქოცების“ მიერ ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღებისა – როდესაც, ჩემს ღია წერილში მაშინვე ვუთხარი მათ, რაც დაემართებოდათ ამის გამო (ტექსტი იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1QgaaW2J4u2wf94EyhzUyKYrzIQOajFeu/view?usp=sharing) – მე ვერანაირ იდეოლოგიურ განსხვავებას ვეღარ ვხედავ „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის და ერთ ჭირად მიმაჩნია ისინი ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ხოლო, დანარჩენი საქართველო – ტოტალიტარული ლიბერალური ოკუპაციის ქვეშაა მოქცეული;

• არსებულ სახიფათო ვითარებაში, საჭიროა გაკეთდეს ის, რაც ცხრა წლის წინ „ოცნების“ მიერ უნდა გაკეთებულიყო:

– დაისაჯოს სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი;

– დაისაჯოს “ქოცების” “ნაცებზე” კოჰაბიტირებული რეჟიმი;

– საქართველოში განადგურდეს ლიბერალური რესპუბლიკა და

– შეიქმნას ეროვნული სახელმწიფო ხალხის მმართველობის – და არა ლიბერალური დემოკრატიის სახით, ძლიერი, ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის ლიდერით, რომელიც სამივე სახელისუფლებო შტოზე მაღლა იდგება და გააკონტროლებს მათ;

– ყველა ის კეთილსინდისიერი და საქმის მცოდნე მოხელე, ვინც ამ სამივე რეჟიმის პირობებში ასე გაწამდა და სასწაულად შეინარჩუნა ქვეყნის კეთილსინდისიერად მსახურების უნარი და სურვილი, უნდა დარჩეს თავის ადგილზე და ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ლიბერალური დიქტატურის წნეხისგან;

– 180 გრადუსით არის შესაცვლელი ქვეყნის იდეოლოგიური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სტრატეგია, რომლის მიზანიც უნდა იყოს საქართველოს გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კლების შეჩერება და ზრდის დაწყება;

– რა და როგორ უნდა გაკეთდეს ამისათვის, ჩვენს მხარდამჭერებს კვირაში ორჯერ ონლაინ ვესაუბრებით ამის შესახებ, ჩემი ავადობის მიუხედავად და ამ შეხვედრებზე დასასწრებად ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს საიტზე: www.eri.ge.

• ამისათვის შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ და ვერც ის უცნაური და უეცარი ავადობა, რაც მე ზუსტად ამის შემდეგ მეტაკა, და საერთოდ, ვერანაირი დაბრკოლება, ნებისმიერი ჩვენგანის ფიზიკური განადგურება და ვერანაირი მუქარა ვერ გააჩერებს ამ მოძრაობას. მის შიგნით იქნება ღალატიც, გულგაცრუებაც და ყოველივე ის, რაც არა მარტო პოლიტიკასა და ჩვენს ერს, არამედ, ჩვენს დაცემულ სამყაროს ახასიათებს, მაგრამ, ლიბერალური რესპუბლიკის მოსპობის და ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გარეშე, რომლისთვისაც ერთნაირად მიუღებელია ლიბერალიზმიც, მარქსიზმიცა და ფაშიზმიც, ჩვენი ერი განადგურდება.

ახლა, რა შეიძლება მოჰყვეს, თუ ამ უვარგის „ოცნებას”, გარე ძალები შეგვიცვლიან „ნაცებზე“, ან ლიბერალურ მატრიცაზე დამონებულ ნებისმიერ სხვა პარტიაზე. არაფერი, გარდა ლიბერალურ-გლობალისტური კურსის სხვადასხვა ვარიანტებში გაგრძელებისა, რაც აუცილებლად გამოიწვევს ზემოთ მოყვანილი, ერის დამღუპველი მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუარესებას, ტერიტორიული მთლიანობის კიდევ მეტ ჩამოშლას და შესაძლოა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურებასაც.

ყველა ის ადამიანი, ვინც მზად არის ერთობისთვის, რომელიც შესაძლებელია ჩვენი უძველესი კულტურის რაობის გარშემო და რომელსაც არავისგან არაფერი ესწავლება ნამდვილ, ტრადიციულ შემწყნარებლობაზე – უნდა გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ გამარჯვების იმედით. დარწმუნებული ვარ, რომ რასაც არ უნდა გეგმავდნენ ქვეყნის გარე მტრები და სხვადასხვა ორიენტაციის შიდა მოღალატეები, ღმერთი ასეთ ერს არ მიატოვებს და თავის ძალას მისცემს.

19.10.2021

XXXVI თავი

შემინდეთ, ამ დღეებში საერთოდ ვერ ვწერდი, სუსტად ვიყავი, მხნედ ყოფნის შეზღუდული დრო კი, ოჯახისა და მკურნალობის გარდა, მთლიანად ე.რ.ი.-ს საქმეებზე მიდიოდა.

აი, დაპირებული თავიც ჩემის ექიმების შესახებ.

კონფიდენციალურობის გამო ბევრს ვერ მოვყვები, თუმცა, ამ დღეეებში დამატებითი სამედიცინო ინფორმაცია მექნება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემი ხელოვნურად მოწამვლის ვერსიას გააძლიერებს – ექიმებისგან დამოუკიდებლად – და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ საჭიროდ ჩავთვლი, მასაც მაქსიმალურად ფაქტობრივად გაგიზიარებთ.

საერთოდ, როგორც უკვე ამ დღიურშიც მითქვამს, მოწამვლის ვერსიის ძიება და განხილვა ექიმების საქმე და კომპეტენცია არ გახლავთ, მათი საქმეა დაავადების ზუსტი დიაგნოზი და ეფექტური მკურნალობა, რასაც ისინი ჩემს შემთხვევაშიც აკეთებენ.

მაგრამ, როდესაც, რა თქმა უნდა, ჩემი კლინიკური შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნებსით თუ უნებლიედ, გაკვრით მაინც ვეხებით ხოლმე დაავადების გამომწვევ შესაძლო მიზეზებს, ისეთები მესმის ხოლმე, რომ ზოგჯერ სურვილი მიჩნდება საზოგადოებას გავუზიარო – არა რაღაც პოლიტიკური ქულების დასაწერად, არამედ ჭორების მინიმიზაციის გამო და საზოგადოებისათვის პირველწყაროს მხრიდან მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

ის, რომ ეს ინფორმაცია რაიმე საგამოძიებო მოქმედებას გამოიწვევს ამ ჩვენს ორმაგი ოკუპაციის ქვეშ მყოფ სახელმწიფოში, მაგაზე არავითარი ილუზიები აღარ დამრჩა და დიდი ხანია ხელი მაქვს ჩაქნეული ამ ნაც-ქოცურ სიამტკბილობის “საჩინოვნიკო” აპარატზეც და მათზე მიტმასნილი, მატრიცის მონა-მორჩილი, ყველა სხვა პარტიის ბინადრების მხრიდან.

ზოგიერთმა ექიმმა – აშშ-დან, გერმანიიდან, ინგლისიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან – ვისთანაც მუშაობა გვიწევს, არც კი იცის ჩემი ვინაობა, ამ შემთხვევის პოლიტიკური მდგენელი, უცნაურზე უცნაური დამთხვევების ქრონოლოგია, ჩვენი ბრძოლის რაობა, აუხსნელი ჟურნალისტური აურზაური, რომელიც ჭინკებმა თავად ატეხეს ჩემს მოწამვლაზე და მერე, როდესაც ცოცხალი დავრჩი, ერთიანად გაისუსნენ – რაზეც ვწერდი წერილში „ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები“ (იხილეთ წერილი: https://cutt.ly/bRGSi5i).

ამ ექიმებმა უბრალოდ იციან ჩემი ასაკი, ანალიზები, ხელში უჭირავთ გულიდან და ძვლიდან ამოჭრილი ნაწილაკები და ზურგის ტვინის ეგზემპლარები, რომლებიც მათ ევროპაშიც გადავუგზავნეთ და ამ მონაცემებისა და სამთვიანი მიმდინარე მძიმე ქიმიოთერაპიის ანალიზების დინამიკის მიხედვით ადგენენ დიაგნოზსაც და პროგნოზებსაც.

სწორედ მათ ობიექტურ, სამეცნიერო-პრაქტიკულ აზრზე დაყრდნობით გიზიარებთ და გაგიზიარებთ მომავალშიც ყველაფერს, რასაც, საზოგადოებისათვის საგულისხმოდ ჩავთვლი, როგორც პაციენტი, ისე, რომ ამ ექიმებს არაფერი დავუზიანო ან ვავნო.

და თუ ჩემი უახლოესი კონსილიუმი რაიმე დამატებით ასეთ ფაქტს გამოავლენს, იმავე ობიექტურობით მოგახსენებთ მასზეც.

ისიც მითქვამს, რომ ჩემს ფსიქიკას, რატომღაც ჯიუტად არ სურს დაიჯეროს, რომ მომწამლეს და მუდმივად საპირისპიროს დამტკიცების საბაბს ეძებს.

რომ გითხრათ, საერთოდ დიდად ვდარდობ ამაზე, არც ეს იქნება სიმართლე, ჩემმა მოძღვარმაც იგივე მირჩია და მეც ზუსტად მანდ ვიყავი პირველივე დღეებიდან: ყველაფერი უფლის ნებაა, დიდება მის სახელს და მადლობა მას ყველაფრისათვის!

საერთოდ არ მაქვს არც დრო, არც თავი და არც სურვილი ამ ძიებისა. უბრალოდ, ზოგჯერ, როდესაც ამგვარი ანალიზისა და სამედიცინო განხილვებისას რაღაც აშკარად ანომალიური ამოტივტივდება, გონი ნებსით თუ უნებლიედ უბრუნდება ამ საკითხს, არა რაიმე დიდი ნერვიულობით ან ვნებით, არამედ, მშვიდად.

რაც შეეხება ჩემს ნახსენებ გულწრფელ არ-სურვილს მიზანმიმართული მოწამვლის ვერსიის დაჯერებისა, არა მგონია ეს იმის გამო მქონდეს, რომ მეშინოდეს აწი რას მიზამენ, რადგან, მასეთ შემთხვევაში, შეკვეთა ვერ შესრულდა ბოლომდე.

ეგ რომ იყოს, საერთოდ გავჩერდებოდი ამ გზაზე და ვინ ვერ გამიგებდა, მაგრამ, არა – ვფიქრობ, აქ საქმე გვაქვს თუნდაც ჩემისთანა უღირსი ქრისტიანის ან უბრალოდ ადამიანის არ-სურვილთან ასეთი უმოწყალო ბოროტების არსებობა დაიჯეროს.

ვის არ გვქონია შემთხვევა, როდესაც ტელევიზორის ნაცლად, ჩვენი თვალით გვინახავს სისასტიკე – არა ტელევიზორში, არამედ პირდაპირ, და მაინც არ დაგვიჯერებია ის, რასაც ვხედავდით.

ეს იმითაც მტკიცდება, რომ ასეთ დღეებში, როდესაც მოწამვლის ვერსია უტყუარად მეჩვენება, მე არავითარი შურისძიების ან მრისხანების განცდა არ მეუფლება.

სხვაზე რომ იყოს, შეიძლება მქონოდა, მაგრამ, ჩემთან მიმართებაში, მხოლოდ ვლოცულობ ხოლმე მაგ შესაძლო ბოროტების ჩამდენი ხალხისათვის და უფალს ვევედრები შეუნდოთ მათ, თუ ისინი მართლა არსებობენ. არა იმიტომ, რომ რაღაც დიდი ქრისტიანი ვარ, არამედ, იმიტომ, რომ მართლა ასე უნდა გულს, ხატებთან მარტო დარჩენილს.

დღიურის ეს თავი კი სულ სხვა რამეზეა. უბრალოდ, მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ექიმებს, ვისი ხელითაც ნამდვილი სასწაულია, რომ აქამდე ცოცხალი ვარ და განსაკუთრებით კი, ერთ კაცზე მინდა ვისაუბრო.

ის კაცი ჩემი კახელი ძმაკაცია, ამერიკაში მოღვაწეობს და რომ ვახსენე უნდა დავწერო შენზე დღიურში-მეთქი, კაი, თუ ძმა ხარ, ჩუმად საქმის კეთებას და ლოცვას რა ჯობიაო, მომიჭრა კახურად და მეც კახურადვე ვეტყვი, არც ის ვარგა ვირო-მადლიო, და ამიტომ, მისი არ-სურვილის მიუხედავად, სწორად მიმაჩნია მასზე და ჩემს სხვა ექიმებზეც მოგიყვეთ, როგორც საოცარ თავგადასავალზე ამ თვეებში უფლისაგან გამოგზავნილი ხალხის სახით.

ამ ჩემ ძმაკაცს გელა მჭედლიშვილი ჰქვია, ასე, 30 წელია რაც ამერიკაში ცხოვრობს თავის ლამაზ ქართულ ოჯახთან ერთად, იქ ისწავლა და მუშაობს, ჯერ კარდიოქირურგი იყო, მერე ნეფროლოგი გახდა, ამჟამად ლოს-ანჯელესში მოღვაწეობს.

გელა ნაღდი კახელია, ჩვენ ერთმანეთს მაშინვე ვიცნობდით, როდესაც დაახლოებით ერთდროულად მოვხვდით ამერიკაში სასწავლებლად, მაგრამ, სულ რამდენიმე წლის წინ დავძმაკაცდით.

მასზე მაშინვე მქონდა გაგონილი, რომ არის ასეთი ვუნდერკინდი თელავიდან, რომელმაც თელავში თავისით ისწავლა ყველაფერი და ურთულეს ამერიკულ სამედიცინო გამოცდაში მსოფლიოს უმაღლეს პროცენტში მოხვდა, რომ მას აქვს რაღაც არანორმალურად მაღალი ინტელექტის მაჩვენებელი – IQ და ამერიკელებისთვისაც კი, გასაოცარი შრომისუნარიანობა.

და ჯერ კიდევ მაშინ, ბევრი ქართველი სტუდენტის – მათ შორის ჩემმა – კეთილისმყოფელმა, დოქტორმა კენ უოლკერმა (რომლის გარდაცვალებასაც, თუ გახსოვთ, მე ცალკე ტელემიმართვა მივუძღვენი: https://www.youtube.com/watch?v=xXEX0wEY7Ss), გელათი აღფრთოვანებულმა, დახმარების ხელი გაუწოდა მას ემორის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლისათვის – აშშ-ს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, სადაც მეც ვსწავლობდი მაგისტრის ხარისხზე ბიზნესის ადმინისტრირებას, ანუ საქმის მართვის მეცნიერებასა და ხელოვნებას.

ამ ბოლო თვეებში, ჩვენი ოჯახისთვის ურთულეს პერიოდში, მე და ნინოს – რომელსაც ასევე ძალიან უყვარდა კენი, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობდა საქართველოს და სულ ჩვენთან მოდიოდა – არაერთხელ გვითქვამს, კენი რომ ცოცხალი ყოფილიყო, რამდენად გაგვიადვილდებოდა ამ ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება, ახლა კი, ვხვდები, რომ ეს საქმე სწორედ გელას ხელით გაგრძელდა.

კენი ბაბუაჩემმა, პროფესორმა ლევან ჭანტურიშვილმა მონათლა მართლმადიდებლად, ნათლობისას სახელად პეტრე ეწოდა, მერე მონა ღვთისა პეტრე ჩემი მეორე ვაჟის, გიორგის ნათლია გახდა, მაგრამ, მე კენისადმი სულ ვალში ვგრძნობ თავს იმ უამრავი სიკეთისათვის, რაც მას უკეთებია ჩემთვის და ბევრი ქართველი სტუდენტისათვის ამდენი წლის განმავლობაში.

ვაგლახ, რომ მათი სრული უმრავლესობა, რომლებიც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობენ, ვერ დაბრუნდა საქართველოში, არა ფინანსების უქონლობის, არამედ ჩვენს ქვეყანაში მათთვის შესაბამისი სამედიცინო პირობების არარსებობის გამო, თუმცა, ბევრი მათგანი, შეძლებისამებრ, ბევრს აკეთებს ხალხის შორიდან დასახმარებლად საქართველოში და სხვა ემიგრანტებთან ერთად ამდენი წელია ნატრობს, როდის შეეძლება სამშობლოში ცხოვრება.

ჩემი და გელას დაძმაკაცების ამბავი კი, ასე მოხდა ამ რამდენიმე წლის წინ. გელამ მომწერა, ვიცი, რომ წლების წინ საქართველოში დაბრუნდი და მშურს შენიო, ესა და ეს ვარ, თუ გახსოვარო, როგორ არა-მეთქი, ჰოდა, თბილისში რომ ჩამოვალ, შევხვდეთო, თითო ჭიქა დავლიოთო. შენ გაიხარე-მეთქი და ასეც მოხდა.

სამადლოზე დავსხედით „აგარაკში“, ძმური სუფრა გავშალეთ და გელამ გულიდან რაღაცეები მითხრა საქებარი და ჩემგან დაუმსახურებელი, მაგრამ, მაგ პურის ჭამისას მასში სამშობლოსადმი ის დარდი და სიყვარული ვიგრძენი, რასაც ყველა კარგი ქართველი ატარებს და ეგრევე მივხვდი, რომ ეს კაცი ჩემი ძმაა.

მას მერე რამდენიმე თვეში ერთხელ მიმოწერა გვქონდა და ვიყავით ასე.

მე სულ ვექაჩებოდი, საქართველოში გადმოდი-მეთქი, მაგრამ, ჩემი რა ქაჩვა უნდა მასეთ კაცს, ჩემზე უფრო ნატრობს მაგას, ისევე, როგორც ყველა პატრიოტი ემიგრანტი.

ეს ამბავი რომ მეტაკა, ამ ჭინკების ტელევიზიებიდან გაუგია – აუხსნელად რომ ატეხეს სკანდალი მოწამლესო, მერე, ცოცხალი რომ დავრჩი, ერთიანად რომ რომ გაისუსნენ – და გულგახეთქილმა დამირეკა, რა ხდებაო.

მე უკვე თურქეთში ვიყავი, პირველი დიაგნოზის ვარაუდით დაშოკილი და იმედგაცრუებული, რომ თბილისში ვერ ვბრუნდებოდი 5 ივლისამდე.

მაგრამ, იმ თურქმა ექიმმა, გვარად გულტეკინმა (მე მერე მას „გულთექიმი“ შევარქვი), რომელიც ავსტრიაში ნასწავლი კარდიო-ექოსკოპისტი იყო და რომელმაც სრულიად შემთხვევით მნახა პირველმა, იმიტომ, რომ გულზე არავითარი ეჭვი არ იყო, ზუსტად დასვა სავარაუდო დიაგნოზი – თუ გახსოვთ, ჩემს წერილში „ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები“, რომელიც მერე ჭინკებმა წააშლევინეს ფეისბუქს „მსოფლიო საოჯახო კონგრესის X”-ს გვერდიდან და თავად გვერდი დღემდე „გაწითლებული“ ანუ ნაწილობრივ დაბლოკილი აქვთ, რომ ხალხი ხშირად ვერც ხედავდეს და ვერ აზიარებდეს იქიდან მასალებს, ვყვებოდი, როგორ შეცბა ის, როგორ დაუძახა კოლეგებს და როგორ მითხრა, რომ ეს უიშვიათესი დაავადება მარტო წიგნებში მაქვს ნანახი და მისი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ, გული გაჩერების პირას გაქვთ, არც ვიცი, როდის მოხდება ეს და ჯობია გული ხვალვე გადაინერგოთ, ალბათ, ღვიძლთან ერთად, თორემ, თვეზე მეტი სიცოცხლე თქვენ არანაირად არ გიწერიათო.

ეს მოვუყევი გელას და ამით დაიწყო ამ საოცარი კაცის ჩართულობა, რომელიც ყოველდღიური გახლავთ და სიმართლე გითხრათ, მე მსგავსი არაფერი მინახავს.

ნინომაც მითხრა, ძმა ან შვილი რომ გყოლოდა ექიმი, ასე ვერავინ ჩაგყვებოდა ბოლომდეო.

მე არ შეგაწყენთ თავს აქ გელას ქებით და ყველა დეტალის მოყოლით, ეს ფიზიკურად შეუძლებელიც არის, მაგრამ, გეტყვით რომ ლოს-ანჯელესთან დროში თორმეტი (თუ რამდენი) საათის განსხვავების მიუხედავად, საქმე გვაქვს მუდმივ კონტროლთან მისივე დახმარებით შერჩეული ექიმებისა და მკურნალობის პროტოკოლისა, ურთულესი დიპლომატიისა ამ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ექიმებთან კოორდინაციისას და გამუდმებული ლოცვისა.

ხშირად მოდის ფოტოები მის ულამაზეს ოჯახთან ერთად – უნდა ნახოთ მისი ბიჭი როგორ მღერის ქართულ სიმღერებს – დაახლოებით ასეთი წარწერით: „ახლა ღამის წირვაზე ვიყავით, ძმაო, და შენთვის ვილოცეთ მთელმა ოჯახმა, ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავ!“

და მიუხედავად იმისა, რომ გელა თავად არ არის ამ უიშვიათესი დაავადების სპეციალისტი, ჩემი მკურნალი ექიმებიც აღიარებენ, რომ გაოცებულები არიან მისი მხრიდან დეტალების ცოდნით და რაღაც ახალსაც კი იგებენ მისგან.

მაგრამ, აქ მთავარია მისი გული და დამოკიდებულება საქმისადმი, ის, რაც ნამდვილ ქართველს, ქარ-თუელად ქმნის (იხილეთ: ლევან ვასაძე და მეგობრები – საუბარი #3 – “იბერიული ლოგოსი” – https://www.youtube.com/watch?v=vFnmMzA6QGY).

გელათი რომ არ შემოვიფარგლოთ, უკვე ნახსენები თურქი ექიმის გარდა, არ შემიძლია არ ვახსენო და მადლობა არ ვუთხრა ჩემს მთავარ მკურნალ ექიმსაც და კიდევ რამდენიმე ადამიანს – თან, ნება მიბოძეთ, ეს მსუბუქად და თანმიმდევრობით გავაკეთო, რათა თავი არ შეგაწყინოთ.

სტამბოლშივე ყოფნისას საოცრად გამიმართლა, რომ გავიცანი ჩვენი იქაური გურჯი, ახოვანი, თავადის ჯიშისა და ქცევის ადამიანი, დიდებული კარდიოლოგი, ბატონი ისმეტ მიქელაძე და მისი მეგობარი, ქართულ-თურქული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე თურქეთის მხრიდან, ბატონი ჯემალ აღაიშვილი, მეუღლით, ულქუ მიქელაძით.

ეს სწორედ ის საღამო იყო, როდესაც მე და ნინო, განაჩენის მსგავსი ამ დიაგნოზით განცვიფრებულები, სასტუმროში ვისხედით და რვა შვილზე ვსაუბრობდით – ნინოს ანგელოზებრივ და უვაჟკაცეს პიროვნებაზე მე აქ არც კი დავიწყებ წერას.

ამ დროს შემეხმიანა ბატონი ისმეტი, საქართველოში თურქეთის ელჩს, ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს შეუთვლია ბატონი ჯემალ აღაიშვილისთვის, თურქეთში ჩემი ვიზიტის შესახებ და ვახშამზე დაგვპატიჟა.

რა გვევახშმებოდა მე და ნინოს, მაგრამ, ვესტუმრეთ ამ კარგ ხალხს და ბოსფორის პირას, მშვენიერ საღამოს, ერთ-ერთი რესტორნის ტერასაზე გავიცანით ერთმანეთი.

ის სიყვარული და ის ნატვრა, ამ მესამე თაობის საქართველოდან გადმოხვეწილი გურჯებისა, ის მოფერება და სადღეგრძელოები, რაც იქ ითქვა, ცალკე პოეზიაა, და მიუხედავად ჩვენი მძიმე მდგომარეობისა (მე უფრო ნინოზე ვდარდობდი, ვიდრე ჩემს ფიზიკურ კონდიციაზე), მალამოდ მოედო ჩვენს გულს, მეორე დღესაც გაგრძელდა, უკვე ბატონი ჯემალის სახლში ჩვენი სტუმრობისას, სადაც კიდევ ერთი საოცარი გურჯი წყვილი გავიცანით და ამრიგად, უფლის ნება იყო, რომ ამ ურთულეს შაბათ-კვირას ჩვენ მარტონი არ ვყოფილიყავით და ამ კარგ ხალხთან ერთად გადაგვეყოლებინა გული.

მე მათ ვერ დავუმალავდი ჩემს მდგომარეობას და შეძლებისდაგვარად, რბილად ავუხსენი, რაც ხდებოდა და ის შეწუხება, ის გვერდში დგომა, ის გამხნევება, ალტერნატიულ ექიმებთან ჩვენი გაგზავნა და „ღმერთით, ყველაფერი კარგად იქნება“, რაც მაგ ადამიანებმა იმ დღეებში სტამბოლში არ დაგვაკლეს, მე და ნინოს არასოდეს დაგვავიწყდება. მარტონი რომ ვყოფილიყავით, ბევრად უფრო გაგვიჭირდებოდა, თუმცა, არც მე და არც ნინო არ ვართ მხდალი ადამიანები.

ამასობაში გელასთან რამდენიმე საუბარი მქონდა, მან, რა თქმა უნდა, იმთავითვე იცოდა რა არის ამილოიდოზი, თვითონაც მითხრა, არ არსებობს, ეგ უიშვიათესი რამ ამ საღ-სალამათ კაცს ასე უცბად დაგტაკებოდა მაგ ინტესივობით, მითუმეტეს, რომ შენი აპრილის შემოწმების საბუთები ვნახე და სრულიად სუფთა იყავიო და დავიწყეთ ფიქრი, რა გვექნა.

ცხადი იყო, რომ წინ გველოდა გრძელი და რთული სპეციალიზირებული კვლევები, საკითხი იყო სად და როგორ ჩაგვეტარებინა ისინი – ჩემი გულის კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე და გაუთავებელი კოვიდ-შეზღუდვების გამო, სხვადასხვა ქვეყნების ჩაკეტვის პერმანენტული საფრთხის პირობებში.

მე გელას ისიც ვუთხარი, რომ მიუხედავად მიღებული შოკისა, როგორც კი საქართველოს მოვშორდი, ეგრევე უკეთ გავხდი, დასიებული ფეხები დამიცხრა, ხველამ, რომელიც ორიოდე თვე განუწყვეტლივ მახრჩობდა, იმ დღესვე გამიარა, ძილი დამიბრუნდა და ქოშინიც შემიმცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაფერი წამალი არ დაუნიშნავთ ერთი აბი ბანალური შარდმდენის გარდა.

რაც მთავარია, როგორც მერე გაირკვა, ასევე თავისით, აუხსნელად დაიწყო გაუმჯობესება გულის ფრაქციის მაჩვენებელმა ანუ მისი კუმშვისა და ჟანგბადის გამოსროლის ინდიკატორმა, რაც უკვე ვერანაირად ვერ აიხსნება ვერავითარი შარდმდენით.

და რომ, ასევე ჩემნაირმა ხველამ, რომელიც ბოლო დღეებში აეკიდათ გურია-აჭარაში მხარდამჭერებთან შეხვედრებზე ჩემთან ერთად მყოფ სოსო მანჯავიძესაც, შოთა გლურჯიძესაც და ლევან დადიანსაც, მათ უმალ და უკვალოდ გაუარათ (მადლობა ღმერთს), როგორც კი ერთმანეთს დავშორდით – როდესაც 16 ივნისს მე ბათუმიდან თურქეთში გადავფრინდი, ისინი კი თბილისში დაბრუნდნენ ოჯახებთან, იმის მოლოდინში, რომ სტამბოლში უცბად გავივლიდი სამედიცინო შემოწმებას და 5 ივლისამდე კვლავ თბილისში დავბრუნდებოდი.

რადგან იყო ნებისმიერ მომენტში გულის გაჩერების საფრთხე და ასევე, მისი სასწრაფო გადანერგვის პირველადი რეკომენდაცია, გელას ვკითხე, ბატონ ლეო ბოკერიასთან ხომ არ გადავფრინდე მოსკოვში, რადგან ბაკულევის სახელობის გულის ქირურგიის ცენტრი, რომელსაც ბატონი ლეო ხელმძღვანელობს, მსოფლიოში ყველაზე მეტ ოპერაციას აკეთებს გაჩერებულ გულზე – წელიწადში 6 ათასს.

გელამ მითხრა, რას ამბობ, ბოკერია და მისი ცენტრი მსოფლიო ავტორიტეტები არიან მაგ სფეროში, მე სტუდენტობაში მისი ნაშრომებით ვსწავლობდი მოციმციმე არითმიას და ერთხელ შევხვდი კიდევაც, და სანამ ჩვენი გაუთავებელი კვლევები იქნება, მაგაში მაინც დაზღვეულები ვიქნებით, ძალიან კარგი აზრიაო.

შევეხმიანე ბატონ ლეოს, მანაც უმალვე გადმომირეკა, ყურადღებით მომისმინა, მითხრა, ლევან, 50 წელია ამ სფეროში ვარ და მასეთი შემთხვევა სულ 2 მინახავს, არა მგონია ეგ გჭირდეს, ჩამოდი და ყველაფერს გავარკვევთო.

მაქედან იწყება ლეო ბოკერიას ჩემზე გადაყოლა, საოცარი ყურადღება და ზრუნვა.

მან მომიჩინა თავისი ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მოადგილე, ნინოწმინდელი და თბილისში ნასწავლი სომეხი კაცი, არტაკ ისპირიანი, სიმშვიდისა და ზრდილობის განსახიერება, საქართველოს სიყვარულითა და არაჩვეულებრივი იუმორით სავსე ადამიანი და ბაკულევის ცენტრის სპეციალისტებმა სულ რამდენიმე დღეში შეძლეს ძალიან ძნელი რამ და სამწუხაროდ, კომპლექსურად გამორიცხეს ყველა სხვა ტიპის გულის დაავადების ალბათობა… დეტალებით თავს არ შეგაწყენთ.

ეს იყო ძალზედ ინტენსიური კვლევების კომპლექსი და მათვე ჩამიტარეს – ჩემი დაძინების გარეშე – კისრის არტერიიდან გულში დანით შესვლის ურთულესი ოპერაცია ანუ ბიოფსია და გულიდან ამომაჭრეს 6 ნაწილაკი, რათა ისინი გადაეგზავნათ იშვიათი დაავადებების სპეციალიზირებულ ტარეევის ინსტიტუტში, პროფესორ მოისეევთან – სეჩენოვის პირველ სამედიცინო ინსტიტუტში.

ჩემი ასაკის, ჯანმრთელობისა და კლინიკური სურათიდან გამომდინარე, პროფესორი მოისეევი და მისი კოლეგა, პროფესორი რამეევიც უნდობლად შეხვდნენ ამ დიაგნოზს, მაგრამ, სამწუხაროდ, სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში ჩატარებულმა გულის ნაწილაკების ანალიზმა, სისხლის გაღრმავებულ ანალიზებთან ერთად, დიაგნოზი დაადასტურა.

როდესაც გავიგე, რომ ნამდვილად ამილოიდოზი მჭირს, რომ მისი სამი ძირითადი ტიპი არსებობს და რომ AL ტიპი ყველაზე აგრესიული და საშიშია ჩემთვის, მაგრამ, სამაგიეროდ, ის არ არის გენეტიკური, ვლოცულობდი, რომ ჩემს შემთხვევაში სწორედ AL ტიპი დადასტურებულიყო, რადგან ამდენ ბავშვზე და მათ შთამომავლობაზე არ ყოფილიყო მისი გამეორების საფრთხე.

და როდესაც (მადლობა ღმერთს) სწორედ ეს მოხდა – გენეტიკური და ის მესამე ტიპი გამოირიცხა და AL ტიპის შეძენილი ამილოიდოზი დამიდასტურდა – ბუნებრივია, მე ეს უკვე მივიღე, როგორც უდიდესი საჩუქარი და შვება და ვმადლობდი უფალს ამისათვისაც.

იქვე გაჩნდა ეჭვი მეორე დაავადებაზეც, კერძოდ, სისხლის კიბოზე, რომელსაც მრავალმხრივი ან მრავალჯერადი მიელომა ჰქვია და რომელიც მოგვიანებით ასევე დამიდასტურდა.

თუ ძვლის ტვინში დარღვევის შედეგად, ამილოიდოზი სხეულში შხამიან ცილებს წარმოქმნის, რომლებიც სხვადასხვა ორგანოებში ილექება – როგორც წესი, თირკმელებში, შემდეგ ღვიძლში და მერე, უფრო იშვიათად, გულში და მათ კლავს – სისხლის კიბო ანუ მიელომა ძვლების მსხვრევას იწვევს.

მაგრამ, აი, რა არის საგულისხმო და ნახსენებ წერილში უკვე ვწერდი ამაზე: როგორც წესი, ასეთი წყვილის შემთხვევაში, პირველადი სწორედ სისხლის კიბოა და მისი წინ წასული სტადიით გაწვალებულ, ძირითადად, ასაკოვან პაციენტებს, რომლებსაც მრავალწლიანი ქიმიისა და სხვა მკურნალობის გამო თირკმელები უფუჭდებათ, უწევთ დიალიზზე დაერთება და წლობით მისით წვალება, და სწორედ ამ დიალიზის შედეგად უჩნდებათ ამილოიდოზური შხამიანი ცილების დანალექები თირკმელებში.

მე კი, გამოდის, მიელომა, როგორც პირველადი დაავადება, რომელიც, მათ შორის რადიაციული დასხივებითა და მოწამვლით ჩნდება, რაღაცნაირად, „ზრდილობისათვის“ დამემართა საწყისი სტადიის ფორმით და, თირკმელებისა და ღვიძლის ხელუხლებლად, ისეთი ძალით ეტაკა პირდაპირ გულს, რომ კინაღამ გამიჩერა ის, თან მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ვიწრო წრეში – მათ შორის მარტ-აპრილში – პოლიტიკაში შესვლაზე დავიწყე საუბარი, სწორედ მაშინ დამეწყო ის აუხსნელი ხველაც და მერე ყველაფრის გაუარესება, თან იმ პირობებში, რომ როგორც ნახსენებ წერილში ვთქვი, როგორც კი საქართველოდან წამოვედი, ეგ რაღაც აფეთქებული და გულის გამჩერებელი ულტრა-აგრესიული ამილოიდოზის ცილების დალექვა თავისით გაჩერდა, და სანამ მე თვენახევარი იმას ვიკვლევდი, მჭირს თუ არა მართლა ეს ჯანდაბა – წინ აღარ წასულა, მიუხედავად იმ უმძიმესი შოკისა, რაც განაჩენის გამო მივიღე და ამ პერიოდში არავითარი მკურნალობისა, ერთი კინკილა აბი შარდმდენის გარდა. მეტი რაღა ვთქვა უცნაური, არც ვიცი. აქვე შეგიძლიათ იხილოთ აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ჭინკების მთავარი კოორდინატორის, კრისტინა პუშოუს წერილი ჩემზე (რომელიც მან 2019 წლის ივნისში, „ვერის ბაღის“ მოვლენების შემდეგ გამოაქვეყნა), რომ აუცილებლად უნდა გამაჩერონ: https://cutt.ly/LRHyaqG

დავუბრუნდეთ ჩემს ექიმებს.

არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი უახლოესი ორი მეგობარი მოსკოვში, ორივე განათლებით ექიმი, მაგრამ მესაქმეები, რომლებთან ერთადაც მე კორპორაცია „სისტემაში“ ვმუშაობდი და საიდანაც თოთხმეტი წლის წინ წამოვედი. მათ ჰქვიათ ლეონიდ მელამედი და ვლადიმერ გურდუსი, ვლადიმერის ქალიშვილი, ალექსანდრა, ჩემი საყვარელი ნათლულია. ისინი თავის დროზე სადაზღვევო კომპანია „როსნოში“ მუშაობდნენ, რომელსაც მე, სხვა კომპანიებთან ერთად, ვხელმძღვანელობდი, როგორც კორპორაციის სტრატეგიის უფროსი. ეს იყო მანამ, სანამ სეჩინი, პუტინის სანქციით, კორპორაციის ნახევარ ბიზნესს წაიღებდა და თავად მის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ევტუშენკოვს, გაკოტრების პირას მისულს, შინაპატიმრობაში გაუშვებდა რამდენიმე თვით.

ლეონიდი და ვლადიმერი მთელი ცხოვრების მეგობრებად დარჩნენ და ამჟამად, სამედიცინო ბიზნესშიც არიან ერთად. როდესაც ჩემი ამბავი გაიგეს და შეიტყვეს, რომ მოსკოვში ვარ, გელასავით გადამყვნენ ზედ, იმ ურთულესი გადაწყვეტილებების მიღებასა და მკურნალობის ორგანიზებაში, რასაც ნამდვილი მეგობრისგან ელოდები კაცი ასეთ დროს. თან, ისე დაემთხვა, რომ შარშან ვლადიმერი კინაღამ დაგვეღუპა უმძიმესი მედიასტინიტით და სულ ვლოცულობდით მისთვის, მისი ცოლი, გალინა, ასევე ჩემი უახლოესი მეგობარი და რუსეთში მართლმადიდებლური, საშინაო განათლების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.

ამ ორმა კაცმა, გელას ზედამხედველობის ქვეშ, მაპოვნინა ჩემი არაჩვეულებრივი მკურნალი ექიმი ისრაელში, ქალბატონი პაულინა პოტოჩენკო, რომელიც არის პროფესიონალიზმისა და ზრდილობის განსახიერება, რომელიც ხელმძღვანელობს ამ ურთულეს პროცესს და მე მისი ძალიან მადლიერი ვარ.

პროტოკოლის შერჩევისას (იყო რუსული და იყო საერთაშორისო – ჩვენ საერთაშორისო ავირჩიეთ) და პირველი ეტაპის, ანუ მრავალთვიანი მძიმე ქიმიოთერაპიის ჩატარების ადგილის შერჩევისას, რომელსაც, აი, მეოთხე თვეა რაც გავდივარ, ძალიან გამიჭირდა, იმიტომ, რომ ამდენი ჩემზე ჭკვიანი ხალხი სხვადასხვა აზრზე იყო და კამათის ბოლოს ყველა მე მეუბნებოდა: ლევან, არც შენ ხარ სულელი და შენ უნდა გადაწყვიტო, შენი სიცოცხლეა აქ სასწორზეო.

ნინო რომ არა, არ ვიცი, რას ვიზამდი, იმ დიაგნოზის დადასტურების მოლოდინზე მძიმე, ის ერთი კვირა აღმოჩნდა, რომელიც ამ კონსილიუმებზე და კონფერენციებზე დაგვეხარჯა, მაგრამ, ნინოზე არაფერს მოვყვები აქ.

ბოლოს ვილოცე და უფალს ვთხოვე, შენ გადაწყვიტე, უფალო, ხომ ხედავ, ჩემი გონება ვერ წვდება ამდენს-მეთქი. იმ ღამესვე კარგად დამეძინა და უფალმა ისმინა ჩემი ლოცვა. მეორე დღეს ყველა გადაწყვეტილება უმტკივნეულოდ მივიღე. აქაც ქართველებმა იმარჯვეს. ბოკერიამ არტაკის პირით შემომითვალა, თუ ძმა ხარ, არსად წახვიდე, დამიჯერე, მაგ გულზე რამე რომ მოგივიდეს, ამ დროს რა გიშველოო და გელამ ალტერნატიულ პროტოკოლზე კახურად მომიჭრა, ჩემს ძმას არ გავუკეთებდი მაგას ამ საერთაშორისო პროტოკოლის არსებობის პირობებშიო.

უმტკივნეულოდვე მოვნახეთ მოსკოვში კლინიკა, რომელსაც ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ლენა ბრუსილოვა ხელმძღვანელობს და მან მომიჩინა არაჩვეულებრივი ორი რუსი ჰემატოლოგი, ალექსეი ფიოდოროვი და რადიონ ტარნოვსკი, რომლებიც პაულინას და გელას შეეწყვნენ და მათთან ერთად შემიყვანეს უმძიმესი მკურნალობის ამ მრავალთვიან ზღვაში.

ამ პროცესში კამათიც არის, ზოგჯერ დაძაბულობაც, მაგრამ, აქამდე რომ ცოცხალი დავრჩი და კიდევ წინსვლის იმედი გვაქვს, უფლის უდიდესი სასწაულია, რომელსაც ის დედა-ეკლესიისა და ამდენი ხალხის ლოცვის წყალობით და ამ საოცარი ექიმების ხელით ახდენს.

მაქვს დილის და საღამოს საათები, როდესაც ადამიანს ვგავარ და მაშინ ვცდილობ, სხვებს დავეხმარო და საქმე ვაკეთო – ოჯახის იქნება ის, თუ ქვეყნის, მათ შორის, გვაქვს რეგულარული ონლაინ შეხვედრები ჩვენს მხარდამჭერებთან და სხვადასხვა დარგის მეცნიერებთან, თუ როგორ ვუშველოთ ქვეყანას, და ყველას, ვისაც მართლა აინტერესებს რაიმე, გარდა „რა გვეშველება“-ს და „ჰე, მამულო, დაღუპულო“-ს მოთქმისა და ინტერნეტში ჩემთვის გამამხნევებელი კომენტარების წერის და სიმბოლოების გზავნისა – რისთვისაც მთელი გულით გმადლობთ – ძალიან გირჩევდით, რომ გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე http://eri.ge/register/ და დაესწროთ მათ, ბევრ საინტერესოს შეიტყობთ და გაიგებთ: როგორ შეგიძლიათ ჩვენს საერთო, სახალხო საქმეში წვლილის შეტანა, დამოუკიდებლად თქვენი შეძლებისა და ასაკისა და მხოლოდ თქვენი სურვილიდან გამომდინარე – მოთქმის გარდა, რამე ვაკეთოთ ერთად. თითო ასეთი „ზუმის“ კონფერენცია 100 კაცზე მეტს ვერ იტევს, და ამიტომ, შეიძლება, ცოტა დაცდაც მოგიწიოთ, მაგრამ, თუ დარეგისტრირდებით, აუცილებლად შევხვდებით და თქვენს კითხვებსაც გავცემთ პასუხს მე და ჩემი მეგობრები.

ჩემს ექიმებს რომ დავუბრუნდეთ, მადლობა ნათქვამია, მაგრამ, ვალში ვარ ამ ხალხთან და გთხოვთ, მოიხსენიოთ ისინი თქვენს წმინდა ლოცვებში.

თუ გახსოვთ, მე იმ რამდენიმე კაცსაც ვუთხარი მადლობა, ვინც ამ განსაცდელში ფინანსურად დამიდგა გვერდში ჩუმად, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ბევრად მეტი მქონდა გაცემული ათასობით უცნობ ადამიანზე – სატრაბახოდ არ ვამბობ – იმ წლებში, როდესაც საშუალება იყო, ამ მომენტში ამისათვის მზად არ ვიყავი. მაგრამ, ეს სულ ცალკე თემაა და თუ გახსოვთ, მე განზრახ არ დავასახელე ამ კაცების სახელები, იმიტომ, რომ თავად ვიცი, როგორი რიგები დგება, მათ შორის რამდენი აფერისტისგანაც, როდესაც ხმა გავარდება, რომ ვინმეს დაეხმარე. ღმერთი და, იმედია, მე და ჩემი ოჯახიც, მაგ კაცებს ამ სიკეთეს არ „შევარჩენთ“ და როგორც კი შევძლებთ, დავუბრუნებთ, მაგრამ, ძალიან გული ამიჩუყა მათმა ქცევამ. მე არავისთვის არაფერი მითხოვია, თვითონ მოვიდნენ და მკითხეს, რითი დაგიდგეთ გვერდშიო და ჩემს პასუხზე, რითიც გინდათ, ოღონდ, იმ პირობით, რომ უფლებას მომცემთ, როცა შევძლებ, დაგიბრუნოთ-მეთქი, ყველას ეცინებოდა. პირველმა, ვინც ეს გააკეთა, ასევე ჩემი უახლოესი და უსაყვარლესი მეგობარი ქალბატონის მეუღლემ, ვისაც მთელი საქართველო იცნობს, მითხრა, კარგი რა, ლევან, შენ ჩემს ადგილას რას იზამდი, ან რა გიკეთებია მთელი ცხოვრება მაგის მეტიო და ამ საოცარ ქცევაშიც უფალმა დამანახა თავისი უსაზღვრო სიტკბოება და მერამდენედ ამიხსნა მე უღირსს, რომ „რასაცა გასცემ, შენია; რას არა, დაკარგულია“, როგორც მისით შთაგონებული ჩვენი კოსმიური გენიოსი წერს.

გთხოვთ, მოიხსენიოთ მონა ღვთისა გელა და ჩემი ექიმები, წინ გრძელი და მძიმე ბრძოლა გველის და რამდენიც არ უნდა არ-დავნებდე მე ამ ყველაფერს, უფლის ხელშია ყველაფერი, დიდება მის ნებას და სახელს, ზოგჯერ მეჩვენება, რომ მისი ხელია ეს ხალხი ჩემთვის, გარდა იმ სათნო მამებისა, რომლებიც აქ სახლში მაზიარებენ, ზეთს მცხებენ და ჩემთვის ლოცულობენ, რაც უდავოდ არის ჩემი მთავარი მკურნალობა, ურომლისოდაც მეორე ფუჭი იქნებოდა.

იმედია, ხვალამდე.

©️ ლევან ვასაძე

28.10.2021

Christina Pushaw – Don’t underestimate the threat of Georgia’s “knight in shining armour” (June 2019): https://www.neweurope.eu/article/dont-underestimate-the-threat-of-georgias-knight-in-shining-armour/

XXXVII თავი

წავიდა ნინო თბილისში (როდემდე შეუძლია 8 შვილის დედ-მამას ბავშვების ბებია-ბაბუებთან დატოვება, როგორც არ უნდა ეხმარებოდნენ და-ძმები ერთმანეთს), ჩემს მოსავლელად კი, ჩემი უსაყვარლესი და, თათა, ჩამოვიდა.

ესეც ამ უცნაური ავადობის კიდევ ერთი საჩუქარია. მე და თათას ერთად მას მერე აღარ გვიცხოვრია, რაც სამოქალაქო ომში პირველი სკოლის უკან მდებარე სახლი დაგვეწვა და მშობლებთან და აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად წყნეთში ვცხოვრობდით (ნაცრისფერი მაკარონის ამარა), სანამ თათა ჩემს არაჩვეულებრივ სიძეს, ლევან მუჯირს გაყვებოდა ცოლად.

მე მერე პრაღაში და ამერიკაში წავედი სასწავლებლად… მერე – რუსეთი, მერე – ინგლისი და მიუხედავად იმისა, რომ წელიწადის მანძილზე, როგორმე, ერთხელ ან რამდენჯერმე მაინც ვნახავდი ხოლმე თათას, ერთად ყოფნის ასეთი სიხარული რა ხანია არ მქონია.

თათა, როგორც უმცროსი და და ადამიანი, ბავშვობიდან ყველაფერში მჯობდა – გარეგნობიან-შინაგანი ბუნებიანად… ასეა ახლაც. ის არის ჩემი ანგელოზი.

როდესაც ცხრა აპრილის შემდეგ კრწანისის თვალის კლინიკის რეანიმაციიდან პალატაში გადამიყვანეს, მიღებულ ტრავმებზე და შოკზე ფსიქო-რეაქციის დრო დამიდგა.

მაწუხებდა ისეთი ჩვენებები, რაც წლების მანძილზე გამყვა და დღისითაც, როდესაც „მეღვიძა“, იმისათვის, რომ დღეში სამჯერ ჩემთვის შიგ თვალში უმწარესი ნემსი ეკეთებინათ, გადატანილის გამო ისეთ დღეში მქონდა ნერვული სისტემა, რომ, ღმერთმა მაპატიოს, პალატაში არავის ვუშვებდი.

მარტო თათას და ბაბუაჩემ ლევანს.

ვერ ვიტანდი ჩემთან ფოტოს გადასაღებად მოსულ ახალგაზრდულ ეროვნულ ტიპებს და მეგობრებს, რომლებმაც მერე ბევრმა პოლიტიკა სარჩოდ გაიხადა და გამოთაყვანდა, მაშინ შემძულდა პოლიტიკა.

ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც კი ვერ გუობდა ფსიქიკა და არ ვიცი, „მხატვრის სახლში“ იმპროვიზირებულ მორგში, ცხედრებს შორის გონზე მოსვლის ბრალი იყო ეს თუ ნაყლაპი გაზისა, თუ იმ ხორცის საკეპი მანქანისა, რაც ხელჩართულში გავიარე „სალდათებთან“.

ჰოდა, თათა მაჭმევდა ხელით, თვალებახვეულს და მესმოდა, ხანდახან, ჩუმად როგორ ტიროდა. და ბაბუ. ერთხელ, ბათუ ბიძია მოვიდა, კევლიშვილი, ჩემი ნათლია, ყველა ღირსეული ქართველი რაგბისტის მამა და მასწავლებელი, მე არ შემეძლო ასეთი დავნახვებოდი და ვითომ მეძინა, თავი მოვიმკვდარუნე, თუმცა, მალამოდ მომედო მისი პალატაში შემოსვლა და ლომისებრი აურა, მესმოდა როგორ უცახცახებდა მხრები ქვითინისგან, მაგრამ, სანამ არ გავიდა, თვალი არ გავახილე. ბათუ კევლიშვილი და ცრემლიანი ვის გაუგია?! ძველებურ ტელეფონს ვერ კრეფდა, თუ ჯიბეში ფანქარი არ ედო, იმხელა თითები აქვს.

სხვათაშორის, ის ლიბერალური, დემოკრატიული სული, რაც რაგბიშიც შემოიჭრა: უმცროს-უფროსობის არ ცნობა, სითავხედე და ძალაუფლებაზე და ფულზე ჩალიჩი, რამაც ასე გვატკინა ყველას გული, სწორედ ბათუ ბიძიას წინააღმდეგ იყო პირველ რიგში მიმართული შარშანაც, მადლობა ღმერთს, რომ არ გაუვიდათ ისევ.

მახსოვს, როდესაც ბათუ ბიძია პალატიდან გავიდა და ჩემი მკურნალი ორი ექიმი მორიგ პროცედურაზე შემოვიდა, გამწარებულმა ვკითხე, რაგბის როდის ვითამაშებ ისევ-მეთქი.

ბატონი ივა ბერაძე გადაყოლილი იყო ჩემზე, მისი ექიმები ყველანაირად მეფოფინებოდნენ, იმდროინდელი მედიცინის პირობებში და არაფერს მიმალავდნენ 18 წლის ბიჭს.

ერთმანეთს გადახედეს და ერთ-ერთმა ყრუდ მითხრა, ლევან, რაგბს კი არა, ალბათ, ვეღარც ირბენ, თვალიც რომ არა, ოცდაოთხჯერ გაქვს კეფაში და ხერხემალში მძიმე დარტყმა მიღებული, რაც ვნახეთ, ცოცხლებში ყველაზე მძიმედ შენ ხარ და რომ არა შენი რაგბისტობა, საერთოდ ვერ დავიჯერებდით, რომ ამის მერე კაცი ცოცხალი დარჩებოდაო.

მახსოვს, ბინტის ქვეშ, საღი თვალიდან სიმწრის ცრემლი ჩამომიგორდა და ცოტა კადნიერად ვუთხარი, ერთ წელიწადში ჩემს თამაშზე დაგპატიჟებთ-მეთქი. და დავპატიჟე კიდეც, თუმცა, მოხუცების ტანვარჯიშიდან ვიწყებდი, მართლა მქონდა დარღვეული ბალანსი და ვერ დავდიოდი წესიერად.

საფრანგეთის პირველი სტუდენტური ნაკრები გვესტუმრა, გუგა გეგენავას შეცვლაზე შეყვანილზე ლელო გავუტანე ფრანგებს და ჩემი კაპრონის მაისური ფრანგს ხელში შერჩა. ახალი მაისური მომცეს და საოცრება მოხდა, ისევ ხაზი გავუჭერი ჩვენი ოცდაორიდან, ვინღა დამეწეოდა და ჩემით წავიქეცი რატომღაც, წლები მესიზმრებოდა მერე ეგ ვერ დადებული ლელო.

ამას იმიტომ კი არ ვყვები, რა მაგარი ბიჭი ვიყავი-თქო, უბრალოდ, ვიხსენებ, რომ მაშინვე მივიღე საოცარი გაკვეთილი უფლის ნებისა.

რომ არა მომდევნო სარაგბო ტრავმები, სასაცილომდე საწყენი, რომლებიც გადამწყვეტ მომენტებში ავიკიდე, მე მხოლოდ ჩემს საყვარელ სპორტში დავრჩებოდი. ტრავმები მართლაც აბსურდული და სასაცილო იყო, თუმცა, ჩემთვის სატირალი. მაგალითად, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირ-დაუშლელზე, კისლოვოდსკის ოლიმპიურ ბაზაზე საქართველოს ნაკრების ზამთრის პირველი შეკრება იყო და ბენდიაშვილმა მეც დამიძახა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა, „შტანგის“ დარბაზში სიმძიმეებით ვარჯიშისას რომელიღაც ჩვენიანს 20-კილიოიანი „ბლინი“ მოუწყდა ღერძიდან, თითზე გილიოტინასავით დამეცა და ყველაფერი ჩამეშალა. და ასე შემდეგ.

თორემ, რომ არა ეგ ტრავმები და მარტო ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მე ხომ – ლექსებს შორის – დღემდე რაგბის მწვრთნელი ვიქნებოდი, ისე მიყვარს ჩვენი ეს მეომრული ხელობა – იმ ყველაფრის ნაცვლად, რაც ბევრად ნაკლებად მიტაცებდა.

მაგრამ, ახლაღა ვხვდები, რომ უფლის ნება იყო, სხვა გზებზე მევლო და მემსახურა მისთვის.

და რადგან ამ დღიურს იმ იმედითაც ვწერ, რომ მას ახალგაზრდების ნაწილიც წაიკითხავს, და რადგან ეს თავი და-ძმობაზეა, მინდა გითხრათ, შვილებო, თქვენი არაჩვეულებრივი ნიჭები და მისწრაფებები უაზროდ არ გაფანტოთ, ახლა რასაც აგროვებთ, იმის ამარა უნდა იცხოვროთ აწი.

სეირნობის წლებში ისე ნუ მოიქცევით, ისეთი რამეები ჩაიდინოთ, რომ ნორმალურ ადამიანობას ვეღარ დაუბრუნდეთ, როდესაც ეგ ჰორმონალური „ფხანები“ გადაგივლით.

გული ისე არ წაიბილწოთ, რომ ერთგულება ვეღარ შეძლოთ და, რაც მთავარია, რაც არ უნდა გინდოდეთ რაიმე მიზნის მიღწევა, გახსოვდეთ, რომ არსებობს თქვენი ნება და არსებობს უფლის ნება, რომელიც დროის მიღმა დგას და ჩვენზე უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო დროის ნებისმიერ წამში.

და ახლაც, ჩემს ნიკუშაზეც – რომელსაც მისი ძლიერი ხასიათის გამო და-ძმები სვანს ეძახიან, და რომელზეც, ცხონებულმა თეზო ჯაფარიძემ, ზამთარში, მესტიაში რომ ვიყავით ჰაწვალზე, მთხოვა, ეს ბიჭი ჩვენია და ერთი ზამთარი აქ დამიტოვე გეხვეწებიო – გატაცებული რომ არის ორთაბრძოლებით, ისევ იგივე დაგვემართა.

ისე ჩაითრია მიზანმა, რომ მკითხა, მა, სკოლას რომ შევეშვა და ჰაბიბ ნურმაგომედოვთან გადავიდე დაღესტანში სავარჯიშოდ, რას იტყვიო. მისი ხასიათის გადამკიდე, მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულადაა საქმე.

მერე, სამწუხაროდ, წელი იტკინა ვარჯიშზე, რომელმაც აღარ და აღარ გაუარა. ყველა ექიმს ვანახე და ყველა ერთსა და იმავეს გვეუბნება – არაფერი არ სჭირს, ასაკობრივია, ძალიან სწრაფად იზრდება და აუცილებლად გაუვლისო.

და ეგრევე მივხვდი, რაც ხდება. ვუთხარი კიდეც, მამი, უფალმა ეს ჩვენზე იმიტომ დაუშვა, რომ შენ ახლა სკოლის ბოლო ორი წელი მაგრად ისწავლო და მაგ ვნებას არ გადაჰყვე-მეთქი.

გამგონი კაცია და ეგრევე დამიჯერა. ფიზიკას და მათემატიკას ჩაუჯდა ისევ და ამასწინათ გავიგე, რომ ნიშნებით ისევ ერთ-ერთი საუკეთესოა სკოლაში და მაგაზე კარგი რა უნდა გაეკეთებინა ჩემთვის ამ მდგომარეობაში.

საღამოობით მინახავს, როგორ მოსდის ეს თავისი სვანური, კაცური, სიმწრის ცრემლები და მაინც, როგორც შეუძლია, იწევა „ტურნიკსა“ და ორძელზე და ილიკოს ავარჯიშებს, და ვიცი, რომ როგორც კი ამ ბარიერს გადალახავს, სწავლის მოვალეობას შეასრულებს, წელიც გაუვლის და მისი ხასიათის გადამკიდე, შეიძლება მაინც დაუბრუნდეს თავის საყვარელ სპორტს ან რამეს ეგეთს, იგივე რაგბს, რომელსაც იკა და გიო თამაშობენ ახლა, მაგრამ, აქ მადლი იმაშია, რომ მამის ისმინა და ვინც მამას უსმენს, ის ყოველთვის იმარჯვებს.

ამ ოჯახურ ამბებსაც იმიტომ ვყვები ასე ღიად, რომ მიმაჩნია, რომ საქართველო არის ოჯახი და ჩვენი გათითოკაცება და კლანებად ამოკეტვა, ყველა დროში ჩვენი ერის მტრების ნახელავია.

ჩვენ კარგს უნდა ვუზიარებდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის შვილებს და ცუდს – ვებრძოდეთ, ვირცხვენდეთ და ერთმანეთს ვეხმარებოდეთ ცუდის დაძლევაში. ახლა კი, ამ ლიბერალურ ციხეში, ყველაფერი პირიქით გვაქვს.

ცხრა აპრილის შემდგომ ზაფხულს რომ დავუბრუნდეთ, როდესაც, როგორც იქნა, საავადმყოფოდან გამომწერეს, ცოტა გაბავშვებულს და ახლად ამწვანებული ტყის დანახვით გაოგნებულს, კიკეთში ასულზე შემიყვარდა ნინოც, როგორც ჩემი სულის მალამო.

თათაც, როგორც და, ეგაა – ჩემი მალამო.

ალბათ, ყველანი დამეთანხმებით, დედმამიშვილთან რომ საუბრობ, ისე ადვილად ვერავისთან.

ნახევარი სიტყვიდან გესმით ერთმანეთის და ამბებს გაკვრით იხსენებთ და ხარობთ. ვაგლახ, რომ კომუნისტურ ეპოქაში, ისევე როგორც თანამედროვე ლიბერალ-ურბანისტულში, თითქმის ყველა ჩვენსავით იყო, ერთი-ორი და-ძმის ამარა.

ახლაღა ვხვდებით, რამდენი დავკარგეთ.

მოდერნი და ფუჭი რაციონალიზმი ადამიანს ატყუებს, რომ საჭიროა ჯერ ფული, დაგროვება და მერე ოჯახი.

სინამდვილეში – პირიქითაა. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო.

სანამ ოჯახს შევქმნიდით მე და ნინო, როგორც ციბრუტი, ისე ვტრიალებდი ჩემს საქმეებში, მოსვენება არ მქონდა, არაფერს არ ჰქონდა აზრი, რაც შემომდიოდა, ის სადღაც ქრებოდა; როგორც კი ოჯახი შეიქმნა, მისი საშუალებაც გაჩნდა, რა თქმა უნდა, დიდი შრომისა და ჭირთათმენის პირობებში.

და როდესაც მეტის საშუალება გაჩნდა, მაშინვე ვიცოდი, რომ სხვა ოჯახებსა და სამშობლოს უნდა გამოვდგომოდი, ოღონდ, იმათ, ვისაც ეს კი არ დაღუპავდა და თავის გაუმაძღარ უმადურობაში და შურში ჩაახრჩობდა (ეგეთებიც მომივიდა სამწუხაროდ), არამედ იმათ, ვინც მართლა უშენოდაც ჭაპანს ეწევა და მადლია მასზე.

და რამდენჯერ გამჭირვებია მას მერე, რამდენი უმადურობა, ცილისწამება, ღალატი , და შეურაცხყოფა მინახავს, მათ შორის ზოგიერთი ახლობლისგანაც, მაგრამ, არასოდეს დამნანებია ამ გზაზე სიარული.

ამიტომ, საყვარელო შვილებო, ვინც ერში რჩებით და არ მიდიხართ ბერში – მაგ დონეს ყველანი ვერ ვაღწევთ – რაც შეიძლება მალე შექმენით ოჯახები, რაც შეიძლება ბევრი შვილები გააჩინეთ, მაგრად იშრომეთ, ეცადეთ მოსცილდეთ ქალაქს და ბედნიერნი იქნებით მაგ გზაზე.

სხვა ყველაფერი ტყუილია.

ყველაზე მდიდარი ერებიც და ურბანისტული საზოგადოების ყველაზე მდიდარი ნაწილებიც ყველაზე ნაკლებად მრავლდებიან და როგორც კულტურები იღუპებიან, მათ ადგილს კი – სხვები იკავებენ.

შეხედეთ, რა ხდება მთელ დასავლეთ გაუღმერთოებულ ევროპაში – შარდის სუნით და ათასი ჯურის ხალხის აურზაურით გადაჭედილი ეგ საწყალი რომი და პარიზი გინდათ თქვენს მომავლად? თუ სახლი – სადმე, ზღაპრულ საქართველოში, მაგარი შრომა – გინდ კომპიუტერთან, გინდ ტრაქტორის ლიზინგის სპეციალისტად და გინდ ვენახში – და მერე, საღამოს, თქვენს ცოლ-შვილთან ერთად, თქვენნაირვე ხალხთან სტუმრობა, კოცონთან ჯდომა და თქვენი შვილების ხმების სმენა ეზოში?

ჰოდა, თუ ეს გინდათ, ამისათვის ემზადეთ აქედანვე, ქალაქს და უძღები შვილის ასაკს თავს ნუ დააღუპინებთ, მეუღლე სიყვარულით შეარჩიეთ და ერთგულებით – ოღონდ, ეგ ნუ აგერევათ წელს ქვემო ფხანებში – და, რაც შეიძლება, მეტი შვილი გაუჩინეთ საქართველოს. რაც მეტი გეყოლებათ, მით უფრო ადვილი იქნება მათი აღზრდა, რადგან ისინი ერთმანეთს აღზრდიან, თქვენი ტვირთის ნაწილს ზიდავენ და თქვენც ტკბილი სიბერე გექნებათ, მერწმუნეთ, ვიცი რასაც გეუბნებით.

სდიეთ ამ აფერისტების ტყუილებს, რასაც ოკუპირებულ უნივერსიტეტებში თავში გიტენიან, ნამდვილი განათლების ნაცვლად და – ღმერთმა დაგიფაროთ – მხოლოდ მოწყენა და სიმარტოვე გელოდებათ.

ეგ ის ხალხია, ვინც ან კომპარტიაში იყო და ახლაა ლიბერალ-მედასავლეთე ანდა ისეთი „ლუზერი“ იყო, რომ 80-იანი წლების ქართულ კომპარტიაშიც კი ვერ ხვდებოდა, რიგში იდგა და მაშინ შეცუნცულდა, როცა 9 აპრილის მერე ნამუსიანმა კომუნისტებმა პარტბილეთები დაყარეს და კვოტები გათავისუფლდა; ხვალ, ღმერთმა ნუ ქნას, ისევ რუსული ტანკები რომ შემოგრიხინდნენ აქ, ეგ მედასავლეთეები ზანდუკებიდან პარტბილეთებს „გააძრობენ“ და იყვირებენ, თქვენ გელოდით ამდენი წელიაო – მე და ჩემნაირები კი, ისევ ჯოყოლებად ვიქნებით.

მე პირველს მინდა რუსეთთან ღირსეული ურთიერთობები დავალაგოთ, იმისთვის, რომ საქართველო გავამთლიანოთ და მათთანაც ვიმეგობროთ – მაგრამ, არა ისე, რომ, მაპატიეთ, ისევ ეს ჩვენი ნეხვი ამოტივტივდეს ზედაპირზე, როგორც მუდმივი მოდგმითი მონები და თავისი ერის დამოუკიდებლობის მოღალატეები.

ეს სულ ასე იქნება, როგორც მოციქული გვასწავლის, ეს ქვეყანა ცოდვაში წევს, მაგრამ, კაინიტები ვერასოდეს იქნებიან აბელიტების და სეითიტების ნაირად ბედნიერნი და თქვენი ასარჩევია ვინ გსურთ იყოთ – ადამიანები თუ არა ადამიანები.

და თუ ადამიანობა გსურთ, მერწმუნეთ, მისი ერთადერთი გზა არის არა ინდივიდად, არამედ, პიროვნებად ყოფნა. ინდივიდი იზოლირებული ღორია, „მე“-ა, ხოლო, პიროვნება აუცილებლად ოჯახის ნაწილია.

ამიტომ, რაც მალე შექმნით ოჯახებს და რაც მეტი და-ძმა ეყოლებათ თქვენს შვილებს უღალატო მშობლებისაგან, მით უფრო მაგარი ბიჭები და გოგოები იქნებიან ისინი და მით უფრო ბედნიერი ცხოვრება გექნებათ თქვენ – რაც არ უნდა დაგმართონ, დაგატაკონ და დაგაბრალონ ჭინკებმა.

31.10.2021

XXXVIII თავი

ბოლო წლებია ჩვენს საზოგადოებაში სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ კამათი კვლავ აქტუალური გახდა. ამის გამომწვევი მიზეზები, ალბათ, უფრო პოლიტიკურ სიბრტყეში უნდა ვეძებოთ, მაგრამ, გამომწვევ მიზეზთაგან დამოუკიდებლად, თემა უდავოდ საჭირბოროტოა უფრო ფართო, ეროვნული და საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც. საგულისხმოა რომ, თუმცა თანამედროვე საქართველოში ძნელად თუ მოინახება ისეთი პოლიტიკოსი ან საზოგადო მოღვაწე, რომელიც ღიად აღიარებდეს სოფლის მეურნეობის უმნიშვნელობას საკუთარი მსოფლხედვისათვის, ე.წ. ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წიაღში ამ აზრის სისტემური საბოტაჟი მაინც ჩანს, რომ არაფერი ვთქვათ ნაც-ქოცურ 18 წლიან ცინიკურ და ფასადურ დამოკიდებულებაზე თემის მიმართ, რაც ლიბერალური იდეოლოგიის შედეგია.

„უძლურის დღიურის“ წინამდებარე თავი (ან წერილი) მიზნად ისახავს ამგვარ ანტიეროვნულ და ალოგიკურ პოზიციას ლოგიკური ანათემა მოუწყოს, პოპულარულ ენაზე დაიცვას სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების აუცილებლობის იდეა, უფრო კომპეტენტური მსჯელობის საგნად დატოვოს სოფლის მეურნეობის განვითარების გზების ძიება და ამისათვის აუცილებელი ინტეგრალური სტრატეგიისა და მისი განხორციელებისათვის საჭირო მრავალწლიანი პროგრამის შემუშავება, რასაც ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა – „ერთობა, რაობა, იმედი – ე.რ.ი.“, ქვეყნის წამყვან ექსპერტებთან ერთად, ამ კვირაში იწყებს და რომლის მუშაობის შედეგებსაც, ისევე, როგორც კიდევ 19 სხვა დარგობრივი სათათბიროს ნაშრომს, საზოგადოებას „ერი-მედია“-ს სატელევიზიო რესურსის საშუალებით წარმოვუდგენთ, რომელიც, ჩემი მძიმე ავადობის მიუხედავად, მალე ამუშავდება. 20-ვე დარგობრივ სათათბიროში – სადამდეც ჯანი გამიშვებს – მე პირადად გავუწევ მოდერაციას სამ-ფაზიან კონფერენციებს, მთელი ეს სამუშაო მოიცავს ამ დარგების დაახლოებით ათასამდე მეცნიერსა და სპეციალისტს, გასტანს რამდენიმე თვე და საზოგადოების წინაშე ნაწილ-ნაწილ იქნება წარმოდგენილი – სანამ ესენი „დომინიონის“ „ნაჩუქარი“ მანქანებით ხმებს ითვლიან და სკამებს იყოფენ.

სოფლის მეურნეობის განვითარების სკეპტიკოსთა კონტრარგუმენტები ჩვენთვის კარგადაა ცნობილი და მათ წარმოდგენაში, რატომღაც, პოსტულატურ, ლამის დოგმატურ ხასიათს ატარებს.

სანამ მათ ჩამოთვლას და ბათილად ცნობას შევუდგებოდეთ, აუცილებელია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ლიბერალური დემოკრატიით ახლად გატაცებული ახალგაზრდობის ნაწილის თოთო შეგნება ხშირად მზად არ არის განასხვავოს ამ იდეოლოგიის პროპაგანდისტული კომპონენტები ზუსტი მეცნიერებისაგან – ეკონომიკა იქნება ეს თუ სოციალური პოლიტიკა და ამრიგად, იგი ხშირად საკუთარი გაუნათლებლობის, მიმნდობლობისა და მიამიტობის მსხვერპლი ხდება, ვინაიდან, ჩვენთან დროებით შემოვარდნილ ამ მორიგ ახალ იდეოლოგიას უანგაროდ და ჭეშმარიტად მიიჩნევს.

სოფლის მეურნეობის განვითარების სკეპტიკოსთა კონტრარგუმენტები და მათი პარალელური განხილვა კი, ასე გვესახება:

1. საქართველოს ეფექტური სოფლის მეურნეობისათვის არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის მიწა.

ყველა კონტრარგუმენტთაგან ეს ყველაზე უფრო ცინიკური და თავს მოხვეული გახლავთ და ამიტომ, ამით დავიწყებთ.

პირველ რიგში, გასარკვევია, რა იგულისხმება აქ სოფლის მეურნეობაში და რა იგულისხმება აქ – ზომაში. დავიწყოთ პირველით და ვთქვათ, რომ თუ ტერმინ „სოფლის მეურნეობას“ ძალიან უხეშად გავყოფთ მეცხოველეობასა (მეფრინველეობის და მეთევზეობის ჩათვლით) და მემცენარეობაზე, აღმოვაჩენთ, რომ ზემოთ ხსენებული კონტრარგუმენტი მხოლოდ მეცხოველეობის ერთი ქვე-დარგის, კერძოდ კი, მესაქონლეობასთან მიმართებაში არის გამოყენებადი და ისიც დიდი სიფრთხილით.

გასაგებია, რომ არგენტინისა და ავსტრალიის მსგავსი ზომის ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოს ნაკლები შესაძლებლობები გააჩნია სახორცე საქონლის ველურად კვებისათვის მეჯოგეობის გზით, მაგრამ, ზუსტად იგივე ითქმის უამრავ ევროპულ მცირე ქვეყანაზეც, სამხრეთულზე თუ ნორდიკულზე (პორტუგალია იქნება ეს, ბელგია, ნიდერლანდები, თუ ნორვეგია), რომელთაც საქართველოს მსგავსი ზომები გააჩნიათ და რომელნიც, მერძევეობის ქვე-დარგის გარდა მშვენივრად ახერხებენ მეხორცეობის ქვე-დარგის განვითარებას სტაციონარულ ფერმებში – როგორც შიდა, ისე საექსპორტო ბაზრების დასაკმაყოფილებლად. დავუმატოთ ამას ქართული მიწის კლიმატური, წყალუხვობის და კომპაქტურობის ფაქტორების გამო არსებული ბუნებრივი უპირატესობები და მესაქონლეობის (თუნდაც სახორცედ) საქართველოში განვითარების სირთულე სრულიად უსაფუძვლო არგუმენტად მოგვევლინება.

ხოლო, რაც შეეხება მეცხოველეობის (ისევ და ისევ, ამ ტერმინის ფართო, არაქრესტომათიული გაგებით) სხვა დარგებს – მეღორეობას, მეცხვარეობას, მეფრინველეობას, მეთევზეობას და სხვას, აქ მცირე ზომის არგუმენტი საერთოდ გამოუყენებადია.

თითქმის 7 მილიონ ჰექტრიანი ქვეყნიდან, ჯერ კიდევ საბჭოთა სოფლის მეურნეობის სტანდარტებით, 1.5 მილიონი ჰექტარი საქართველოში სახნავ-სათესად – ანუ სოფლის მეურნეობის ყველაზე მომთხოვნი დარგისათვის ვარგის მიწად იყო მიჩნეული, რაც, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ პროპორციას შეადგენდა. დაამატეთ ამას თანამედროვე აგრარული ტექნიკისა და ტექნოლოგიების საბჭოთა საშუალებებზე უპირატესი შესაძლებლობები, საძოვრების ნაწილის სახნავ-სათესად კონვერსიის შესაძლებლობა, და ა.შ. და თუმცა, ამგვარი ინტეგრალური ანალიზი არავის ჩაუტარებია, ცხადია, რომ ჩვენი მიწის სახნავ-სათესად (და ამრიგად, ბუნებრივია, სოფლის მეურნეობის სხვა დარგებისათვისაც) გამოსადეგობის ეს პროპორცია კიდევ უფრო გაიზრდება.

საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის უვარგისობის პროპაგანდა, მისი ვითომდა სიმცირის გამო, მით უფრო ცინიკურად ჩანს, როდესაც ისეთ მაგალითს ვიხსენებთ, როგორიცაა ისრაელის სახელმწიფო, რომლის სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობიც მხოლოდ კახეთისაზეც კი საგრძნობლად მცირეა და რომელიც ევროპაში ხილ-ბოსტნეულის წარმოებითა და ექსპორტით ერთ-ერთ ღირსეულ ადგილზეა. ვინც ნამყოფია წმინდა მიწაზე, იცის, როგორი უწყლო და ქვა-ღორღიანი გახლავთ იგი. ან, მაგალითად, ნიდერლანდები – ჰოლანდია (თარგმანში: დაბალი მიწა), რომლის ტერიტორიის უმეტესობაც ზღვის დონეზე დაბლაა და გაზაფხულზე წყლით იტბორება და რომელიც, მიუხედავად ამისა, ევროპული სოფლის მეურნეობის ფლაგმანს წარმოადგენს.

2. სოფლის მეურნეობა ჩამორჩენილი ქვეყნების ხვედრია და ეს არ არის საქართველოსათვის სასურველი სტრატეგიული კურსი.

ამ კონტრარგუმენტის ჩახლართულობიდან და უზუსტობიდან გამომდინარე, მოგვიწევს რამდენიმე არგუმენტის მოყვანა, რათა ამ აბლაბუდიდან თავი დავაღწიოთ.

პირველ რიგში, შეგნებული თუ შეუგნებელი ლიბერალ-რადიკალების დასაწყნარებლად ვთქვათ, რომ აგრარული სექტორის განვითარებაზე კომპლექსური და სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილი ზრუნვა სრულიად არ გამორიცხავს ქვეყანაში სხვა დარგების განვითარებას, ან სასოფლო სექტორის ხარჯზე მათ დათრგუნვას და იგნორირებას. საერთოდ, ეკონომიკაში დარგების განვითარება ხდება არა რომელიმე დარგის ჩაგვრის ხარჯზე, არამედ, მსოფლიოში წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის – McKinsey & Company-ს ენაზე რომ ვთქვათ, ქვეყნის მიერ ამ დარგში სწორად გამოყენებული ე.წ. კონკურენტული უპირატესობების (competitive advantages) წყალობით, რომლებიც, სოფლის მეურნეობაში საქართველოს საკმარისად გააჩნია.

მეორე ის, რომ ნებისმიერი დარგის განვითარება, ნიშნავს ქვეყნის წინსვლას და არა რეგრესს, რაც თითქოსდა იმდენად მარტივი არგუმენტია, რომ არც უნდა გვჭირდებოდეს მასზე ყურადღების გამახვილება. მაგრამ, ჩვენი კლიშეებით მოაზროვნე, უნახავმა რა ნახაო, ორიოდე წიგნის წამკითხველი ანტიეროვნული რადიკალების გადამკიდე, ეტყობა, ამ პრიმიტიულ დონეზეც უნდა დავიდეთ, რათა პასუხი გავცეთ მათ უსაფუძვლო და ხშირად – არაწრფელ ფობიებსა და ვაი-არგუმენტაციას. ის, რომ ზიმბაბვესაც (რობერტ მუგაბეს მიერ ჩატარებული სახიფათო ექსპერიმენტების მიუხედავად) და ისრაელსაც განვითარებული სასოფლო-სამეურნეო სექტორები გააჩნიათ, სულაც არ განაპირობებს ზიმბაბვეს “ჰაი-ტეკ” ინდუსტრიის განუვითარებლობას ან ისრაელის სამხედრო-სამრეწველო სექტორის განვითარებას.

აქ შეიძლება ეს თეზისი ნაწილობრივ უარყოფილ იქნას სახელმწიფოს ხელში არსებული შეზღუდული რესურსების ხარჯვის ოპტიმიზაციის აუცილებლობით, რაც ამ ხარჯვების ამჟამინდელი ოპტიმალურობის დისკურსამდე მიგვიყვანს – თუმცა, ეს არ გახლავთ ჩვენი წერილის საგანი. მაგრამ, ძალიან ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ საქართველოს აგრარულ სექტორს საბიუჯეტო ინვესტიციები იმდენად არ სჭირდება, რამდენადაც ამ სექტორში ადეკვატური საგადასახადო, საბაჟო და საბანკო თანადგომის ჭკვიანური ნაზავი საგანმანათლებლო-საინფორმაციო მუშაობასთან (თუ, რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგვიფაროს, ისევ კომუნისტურ-სოციალისტური ქვეყნის მშენებლობა არ გვინდა, სადაც მთავრობა ფულს დებს სოფლებისა და ქალაქების მშენებლობაში და საწარმოებისა და მეურნეობების დაფუძნებაში).

დავუბრუნდეთ სოფლის მეურნეობის, როგორც ჩამორჩენილი ქვეყნების ხვედრის კონტრარგუმენტს და დავუპირისპიროთ მას შემდეგი ფაქტი: არ არსებობს არცერთი განვითარებული ქვეყანა ან სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი განვითარებული სოფლის მეურნეობის სექტორის გარეშე (იქნებ, ჰონგ-კონგის, სინგაპურისა და სვალბარდის გამოკლებით და მოდით, ერთად მივხვდეთ, რატომაა ეს ასე) და არსებობს უამრავი განუვითარებელი ან ე.წ. განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია განვითარებული და თანამედროვე სოფლის მეურნეობა. ამრიგად, სკეპტიკოსებისათვის სამწუხაროდ, მივდივართ უტყუარ პოსტულატამდე: გვინდა ვიყოთ განვითარებული ქვეყანა – უნდა გვქონდეს განვითარებული სოფლის მეურნეობა.

ყველა, ვინც იტყვის, რომ განვითარებულ ქვეყნებს იმიტომ აქვთ განვითარებული აგრარული სექტორი, რომ მათ უბრალოდ ამისათვის აუცილებელი რესურსი მორჩათ, იცრუებს, რადგან თითოეული მათგანის განვითარების ქრონოლოგია სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. ის, ვინც იტყვის, რომ ეს ასე მოხდა XIX და XX საუკუნეში და აწი ამ თანამიმდევრობას აქტუალურობა დაეკარგა, იცრუებს, რადგანაც XX საუკუნის მეორე ნახევრის ქრონოლოგიაც, როდესაც ინდუსტრიალიზაციასა და აგრარულ-ტექნოლოგიურ განვითარებაში ყველა მეგა-პროცესი უკვე შემდგარი იყო, იგივეზე მეტყველებს ნებისმიერი წარმატებული ქვეყნის შემთხვევაში – ისრაელი იქნება ეს, ჩილე, თუ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

3. სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი, განვითარებული ეკონომიკების GDP-შიც (Gross Domestic Product) კი, არ აღემატება საშუალოდ 10%-ს, მათი აგრარული სექტორების ეფექტურობას ჩვენ როდისღა დავეწევით და ამიტომ, რა აზრი აქვს ამ გზაზე ან კონკურენციას ან მასზე რაიმე სერიოზული რესურსების ხარჯვას.

ეს კონტრარგუმენტიც კიდევ ერთი ზედაპირულობისა და ფსევდო-ანალიტიკურობის კარგი მაგალითი გახლავთ. დავიწყოთ აგრარული სექტორის ხვედრითი წილით განვითარებულ ეკონომიკებში და დავსვათ რიგი კითხვები, რომლებიც ცხადყოფენ ზემოთ მოყვანილი კონტრარგუმენტის სიბეჩავეს:

– მაგალითად, ვინ დათვალა ეკონომიკისათვის ფრანგული რურალური ტურისტული სექტორის მნიშვნელობა, რომელიც არ იქნებოდა, რომ არა ზღაპრული ფრანგული სოფელი? სასტუმროები, რესტორნები, თეთრეულისა და ჭურჭლის წარმოებაზე შექმნილი მოთხოვნა, ფრანგული ღვინის ექსპორტზე თავის დროზე მოხდენილი დადებითი გავლენა ფრანგული სოფლის სიკარგის გამო, ქალაქურთან შედარებით სოფლის მოსახლეობის უკეთესი ჯანმრთელობის პროცენტული ეფექტი ჯანდაცვის ხარჯების ეკონომიაზე, სოფლის ინფრასტრუქტურის პირდაპირი ეფექტი სამშენებლო მასალების მოთხოვნის ზრდაზე, კულტურული ავთენტურობის გამო მოზიდული ინვესტიციები ისეთ მოულოდნელ დარგებში, როგორებიცაა, ფრანგულ სოფელში ფილმის გადასაღებად ჩასული კინოინდუსტრია და ა.შ.

– მაგალითად, ვინ დათვალა ჰოლანდიური აგრარული სექტორის ეფექტი ჰოლანდიურ მანქანათმშენებლობაზე აგრარულ სექტორში? მისი შემდგომი ეფექტი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე, ჰოლანდიელი ექსპერტების მიერ მთელ მსოფლიოში გაწეული აგრარული საკონსულტაციო სამუშაოებით ჰოლანდიურ ეკონომიკაში შემოსული მილიარდები, ქვეყანაში შემოსული ფული ამ დარგში განათლების მისაღებად ჩამოსული გადამხდელი სტუდენტების გამო, და ა.შ.

– მაგალითად, ვინ დათვალა გერმანული აგრარული სექტორის ეფექტი მისი სასუქების ინდუსტრიისა და ამ ინდუსტრიისათვის აუცილებელი დანადგარების მწარმოებელ დარგებზე? და ა.შ.

– მაგალითად, ვინ დათვალა ესპანური აგრარული სექტორის ეფექტი ამ ქვეყნის ფინანსურ სექტორზე – საკრედიტო სისტემაში ხალხის დასაქმება იქნება ეს თუ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი აგრო სადაზღვევო ქვე-სექტორის არსებობა? და ა.შ.

ახლა კი, დავამატოთ, რომ ზემოთ მოყვანილი მაგალითები პირობითად (თუმცა, კონკრეტული მიზეზების გამო) მივუსადაგეთ კონკრეტულ ქვეყნებს, სინამდვილეში კი, თითოეული მათგანი ივარგებდა თითოეულისათვის, ისევე, როგორც თითქმის ყველა ევროპული ქვეყნისათვის, ე.წ. ახალი ევროპის ჩათვლით. ბალტიისპირეთს რომ თავი დავანებოთ, ბელარუსი რომ ბელარუსია, მას ეთქმის მეტი და მეტი სიტყვა აგრარულ სექტორში – როგორც საშინაო ბაზრის, ისე ექსპორტის თვალსაზრისით.

ამრიგად, სიბეცეა აგრარული სექტორის ეკონომიკისთვის უმნიშვნელობის ქადაგება ისეთ ზედაპირულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა აგრარული სექტორის უშუალო ხვედრითი წილი ქვეყნის ეკონომიკაში. ოდნავ სიღრმისეული ანალიზიც კი, ნათელყოფს ამ სექტორის კომპლექსურ მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ქართული სამხედრო მრეწველობის დარგის პოტენციალზე ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტის იმედით აწყობილი ჯავშანტრანსპორტიორის მაგალითზე (რაც, თავისთავად, ცუდი არაა), მოდით, დავფიქრდეთ, რამდენად მეტია ჩვენი პოტენციალი აგრარული სექტორის უშუალო და ირიბ დარგებში ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის.

რაც შეეხება წინ წასული ქვეყნების დაწევის სიძნელეს, ეს რაღა არგუმენტია ჩვენისთანა ქვეყნისათვის? მაშინ მოვნახოთ დარგი, სადაც ეს ქვეყნები არ გვასწრებენ. ტურიზმი? საბანკო სექტორი? მშენებლობა? მძიმე მრეწველობა? მსუბუქი მრეწველობა? ვაჭრობა? მომსახურება? მოპოვება? თუ რომელი სხვა? თუ მასეა, მოდით, დავიკრიფოთ გულ-მკერდზე ხელი და ჩავესვენოთ ჩამორჩენილობის მარადისობაში. არა? – მაშინ, რაღა სოფლის მეურნეობას უნდა მივუდგეთ ასე?

4. ჩვენი არაკონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აუცილებელია მისი სუბსიდირება (ფული არ გვაქვს) ან საიმპორტო პროდუქციისაგან საბაჟო დაცვა (ეს გააძვირებს დახლებზე საკვებს და დაარტყამს ჩვენს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას). ჩვენ კი, ლიბერალური ეკონომიკისა და მსოფლხედვის მიმდევარნი ვართ და ეს დაგვღუპავს.

ეს არგუმენტი, ალბათ, საქართველოს ზომით ვითომ-სიმცირესთან ერთად, ყველაზე უსაფუძვლო (ან განზრახ ცინიკური) გახლავთ ჩვენს სინამდვილეში. საზოგადოდ, იგი წარმოადგენს მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის პლანეტაზე მუდმივად მიმდინარე ეკონომიკურ-პოლიტიკური დისპუტის კვინტესენციას. მაგრამ, ქვეყნის სოფლის მეურნეობის ასე გაწირვა ამ კონკრეტულ საკითხში ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ამდენი წლის განმავლობაში ულტრა-მემარჯვენე პოზიციაზე დგომით თუ გდებით – ტრაგიკულია, უარესი რომ არ ვთქვათ. თუ დავიჯერებთ ამ პოზიციის გულუბრყვილობას, მაშინ, ქვემოთ მოყვანილი არგუმენტები ცხადყოფს ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნების ისეთ ინფანტილიზმს, რომ ოთარ ჭილაძის ცნობილი რომანის გმირის, ურუქელი ნიკოს მიერ სოფლის ცხოვრების ღალატი და მსოფლიო რევოლუციის ქარებზე აყოლა არაფრად მოგვეჩვენება. ხოლო, თუ დავიჯერებთ, რომ ეს პოზიცია ქართული სახელმწიფოს უახლეს ისტორიაში შემთხვევითი არაა, მაშინ უნდა ვიფიქროთ მისი ავტორების ვინაობასა და მათ მოტივაციურ სისტემაზე.

საილუსტრაციო მაგალითად ამ ხანგრძლივი და სამწუხარო პოლიტიკის კარგად ამსახველი მორიგი ტრაგიკული ეპიზოდი ივარგებს, რომელიც წლების წინ ჩვენს თვალწინ განვითარდა, როდესაც არაჰიგიენური, ჩრდილოვანი გარევაჭრობის ობიექტებთან ბრძოლის მართებულ ლოზუნგს ამოფარებული, მეორე-მესამე დონის პოლიტიკოს-ბიზნესმენთა ინტერესმა ჩვენი ემბრიონული სოფლის მეურნეობის მორიგი სეგმენტი იმსხვერპლა. თბილისში ბაზრობების (გარევაჭრობის) მასიური აკრძალვა უცნაურად დაემთხვა სუპერმარკეტების ქსელების განვითარებას. ამ ქსელებში საკვები პროდუქტების დიდი პროცენტი კი, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოიყარა. იმავე პერიოდში თბილისის მომმარაგებელი დაბა-სოფლების პრიმიტიულმა სოფლის მეურნეობამ, რომელიც ისედაც სულს ღაფავდა და იმ დახურული გარევაჭრობების მხოლოდ ნაწილს ამარაგებდა (დანარჩენი სურსათი ჩვენს გარემოვაჭრეებს ისედაც მეზობელი ქვეყნებიდან შემოჰქონდათ), უმძიმესი შოკი განიცადა. იმავე ორიოდე (2005-2007) წლის განმავლობაში, ისეთი დაბა-სოფლებიდან, როგორიცაა, მაგალითად, დუშეთი მოხდა უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობის მორიგი მასიური გადინება. ძირითადად ქალები წავიდნენ – დამლაგებლებად, ძიძებად და მოსამსახურეებად – თურქეთსა და საბერძნეთში. უქალოდ დარჩენილი ოჯახების ბავშვების დიდი პროცენტი ისედაც დაბალი შრომითი და ყოფითი კულტურის მამაკაცებს დარჩათ მოსავლელად. მკვეთრად გაიზარდა ლოთობა (იყო დეპრესიული თვითმკვლელობების შემთხვევებიც), ყოფითი კონფლიქტების კრიმინალი, ადგილობრივ სკოლებში მკვეთრად დაეცა მეცადინეობის ისედაც დაბალი დონე. ამ ყველაფრის საპირწონედ, თურქეთში ძიძა-მონად მომუშავე ქალები სიმწრით ნაშოვნ ორ კაპიკს უგზავნიან გალოთებულ ქმრებსა და ცუდად მიხედილ ბავშვებს, რომლებიც ამავე ფულის მზარდ პროპორციას დაბის მარკეტებში, იმავე თურქულ და სხვა საკვებ პროდუქციაზე ხარჯავენ, რადგან თვითონ აღარ – ან თითქმის აღარ – აწარმოებენ იმავეს. და ვინ შეადარა, რომ ის რამდენიმე ასეული გამყიდველ-თანამშრომელი, რომელიც სუპერმარკეტების ლოგისტიკაში დასაქმდა, უკეთესი მობილური ტელეფონის ყიდვის ოცნებით და ის რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი, რომელიც უცხოეთში სახლის საყიდლად და შვილების იქ გასაგზავნად იშოვა ორიოდე საქმოსანმა, უფრო არგია ქვეყანას, ვიდრე ის ზარალი, რის ხარჯზეც ეს ყველაფერი მოხდა? როგორ შეიძლებოდა, ამ სექტორთან მიმართებაში უფრო დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით, ამდენი წლის განმავლობაში მწვადიც შეგვეწვა და შამფურიც არ დაგვეწვა?!

შეიტანეთ აბა, ნატოს წევრ თურქეთში საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქცია. გაყიდეთ იქ ქართული ცქრიალა ღვინო სახელმწიფოთაშორისი კვოტის მიღმა (400%-ანი ბაჟი!!!), ან მოუნახეთ რაიმე გზა „ბორჯომს“, „ლიკანს“ ან „ნაბეღლავს“, რომლებიც იქაური წყლის ბრენდის ERIKLI-ს ნაირ მწარე შხამ-წყალთან შედარებით, სიცოცხლის ელექსირად ისმება. ვერ მოგართვით. იქიდან აქეთ – შეიძლება, აქედან იქით – ნურას უკაცრავად.

და თუ ასეა მეზობელ თურქეთთან, მაშინ, რაღა ვთქვათ დასავლეთ ევროპაზე?! ამიტომ, ყველა კარ-ფანჯრის გაღება და ყველაფრის მოღეღვა – საპასუხო სიშიშვლისა და სიამ-ტკბილობის მოლოდინში, იმის ძახილი, მოდით, მობრძანდით, ჩვენ ლიბერალები ვართ, თქვენი წიგნები წაგვიკითხავს და ნახეთ, როგორ ვნერგავთ თქვენს თეორიებს ჩვენს პრაქტიკაში, სანაცვლოდ არაფერი გვინდა, გვჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ევროპაში მიგვიღებთ – რადიარდ კიპლინგის კაას წინაშე მოცეკვავე ბანდერლოგის პოზიციას, ხომ არ გვაგონებს რაღაცით?

ამ წერილის ავტორის კუთვნილი ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის პროფესიონალი მენეჯმენტი, ბოლო ათი წელია მილიონობით ლარს ხარჯავს უცხოურ ბაზრებზე ქართული ღვინო-პროდუქციის შესატანად და ღირსეულად წარსადგენად, არ ტოვებს არცერთ საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციას ლონდონში, დიუსელდორფში, პეკინში, სან-ფრანცისკოში, ჰონგ-კონგში და ა.შ., მაგრამ, ჯამში ამ ბაზრებზე (აშშ, გერმანია, ბრიტანეთი, თურქეთი და ჩინეთი) ექვსჯერ ნაკლები პროდუქცია იყიდება, ვიდრე ერთ, კინკილა უკრაინაში.

და დუშეთის ტრაგი-მინიატურას რომ დავუბრუნდეთ, გადავთვალოთ, რამდენი უფუნქციო ქალაქელი მოსახლის სასარგებლოდ ჩატარდა ეს აქტი პროდუქციის არ გაძვირების ვითომ-მცდელობისა და რამდენი ასე თუ ისე დასაქმებული სოფლის მოსახლის უმუშევრობა და უფუნქციობა მოჰყვა ამას. დავამატოთ რომ, სინამდვილეში, ამავე პერიოდში, თბილისსა და სხვა ქალაქებში საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი გაძვირება მოხდა, რომელშიც სუპერმარკეტებმა არანაკლები წვლილი შეიტანეს, ვიდრე საწვავის შიდა ბაზრის მონოპოლიზატორებმა – და რაღა დაგვრჩება მომხდარის გასამართლებად? ისევ ვთქვათ ბოლოს, რომ, რა თქმა უნდა, სწორი იყო ქაბულის სტილის ბაზრობების აყრა თბილისში, რა თქმა უნდა, მშვენიერია ჩვენი ქალაქებისა და დაბა-სოფლების თანამედროვე სუპერ და უბრალოდ – მარკეტებით გამშვენება (თუმცა, პარალელურად, მოვლილ და სუფთა ბაზრებსაც რა ჯობია), მაგრამ, ვკითხოთ საკუთარ თავს, რა გავაკეთეთ ამასობაში იმისათვის, რომ მათი შიგთავსი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შინაარსით შეგვევსო? და სულ რომ პროტექციონიზმი იყოს (თუმცა, ეს ასე არ არის) ქართული სოფლის მეურნეობის ბოლო თავშესაფარი, რა ჯობია: უმრავლეს შემთხვევაში სოციალურად უფუნქციო ქალაქელებისთვის დროებით ვაშლის გაძვირება და ამის ხარჯზე სოფლის მიერ ფუნქციის აღდგენა, თუ, ვაიდა, აქაოდა, ფეშენ-დიზაინერს ომლეტი არ გაუძვირდესო, დუშელი გლეხის საქათმის მოსპობა? თუ ერთი მომხმარებლის ინტერესების დაცვაში მეორე მომხმარებელი შიმშილით ხელში ჩამაკვდა და ოჯახი დაენგრა, ვინ გაზომა, რომლის ინტერესები იყო უფრო მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისათვის? იმისი, რომელიც ურბანისტულ პროცესებში ოჯახურ ინსტიტუტსა და ქვეყნის გამრავლებას ანგრევს, თუ იმისი, რომელიც ყველაფერ ამას ინარჩუნებს და ამრავლებს, ყველაფრის მიუხედავად? და ნუთუ, მხოლოდ სოფლისა და ქალაქის ამგვარი ხელოვნური და პრიმიტიული დაპირისპირების ჭრილშია შესაძლებელი ქართულ სოფლის მეურნეობაზე საუბარი?

და რა ჯობია: სულ ასე ვიყოთ კრედიტებზე და ემიგრანტების ფულზე დამოკიდებულები (რომელიც, როგორც მსოფლიოს გამოცდილება გვაჩვენებს, პირველი თაობის ემიგრაციის შემდეგ მკვეთრად წყდება, რადგან ემიგრანტთა შვილების თაობას აღარ რჩება სარჩენი ახლო ნათესავები სამშობლოში), თუ ჭკვიანურად, ცოტა გავიჭირვოთ, ჩვენს მიწა-წყალს სიმდიდრე აღვუდგინოთ, რათა ის, პლანეტის მზარდი მოსახლეობისა და რესურსების უკმარობის პირობებში, ადამიანისათვის პირველი აუცილებლობის ნაწარმსა და მისი წარმოებით გამოწვეულ სხვა სიკეთეებს გვაძლევდეს – როგორც საბადო წიაღისეული სიმდიდრისა. წყალი რომ უკვე ნავთობზე ძვირი ღირს, არაფერს გვეუბნება ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებზე სამომავლოდ?

5. საშუალო კომლის მიწის ზომა საქართველოში 700 კვ. მეტრია და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის აუცილებელი გამსხვილების გამო, სოფლის მეურნეობის განვითარება გამოიწვევს ისედაც გადატვირთულ ქართულ ქალაქებში ურბანულ მიგრაციას და ისედაც დაცლილი სოფლის დაცლას.

ამ არგუმენტის მოყვარულთა ლოგიკა, ხომ საერთოდ გაუგებარია. ჯერ ერთი, რა გამოდის, ჩვენ ხელოვნურად არ ვანვითარებთ სოფელს, რათა ორ გოჯ მიწაზე მიჯაჭვული სოფლის მოსახლეობა სულს ღაფავდეს და ქალაქისკენ არ იძვროდეს?

მერე, ეს ციფრებიც ხომ, ძალიან ზედაპირულია და სამოქალაქო რეესტრის მონაცემებს ეყრდნობა, რომლებიც ძალიან სუსტად ასახავენ სოფლის რეალობას. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენს სოფელში განვითარებული ურბანული მიგრაციის ნაკადების გამო, სინამდვილეში, ვითარება მკვეთრადაა შეცვლილი. აქტიურ, სოფელში დარჩენილ კომლთა განკარგულებაში, საშუალოდ, ბევრად მეტი მიწა იმყოფება (ზუსტად არავის დაუთვლია), ვიდრე 700 კვ.მ. ამჟამად, ძნელია ვთქვათ, ეს რაოდენობა ზემოთ მოყვანილ საშუალოზე რამდენჯერ მეტია, მაგრამ, ფაქტობრივად, უკვე მომხდარი გამსხვილების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ორია:

– ქალაქში გადასული ნათესავ-ნაცნობები, როგორც წესი, უსასყიდლო სარგებლობაში (და ძალიან იშვიათად – იჯარით) უტოვებენ თავიანთ მიწას სოფელში დარჩენილთ და ეს, ბუნებრივია, არანაირად არ აისახება რეესტრის ოფიციალურ მონაცემებში;

– სოფლის ე.წ. საერთო სარგებლობის მიწები, საძოვრები და სხვა – ზეპირი პრინციპითაა დანაწილებული სოფლის მოსახლეთა შორის და არც ეს ჩანს რეესტრში არანაირად.

ამ დე-ფაქტო მომხდარი გამსხვილების ზუსტი მასშტაბების დადგენა ჭირს და რეგიონი რეგიონისაგან მკვეთრად განსხვავდება. ასე მაგალითად, დაცარიელებულ თუშეთში და ფხოვში ერთ მოსახლეს იმდენი მიწის გამოყენება შეუძლია, რამდენიც უნდა, ხოლო, დაცლას შედარებით უფრო გადარჩენილ, თბილისის მახლობელ რომელიმე ტაბახმელაში – ეს გამსხვილება ნაკლებია. მაგრამ, უკვე მომხდარი გამსხვილების ფაქტის უარყოფა შეუძლებელია.

(აქ, სტატისტიკური ანალიზის სიზუსტისათვის, აუცილებელია გავითვალისწინოთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დროებით დაკარგული ტერიტორიების გამო, დანარჩენ საქართველოში მოსახლეობის სიმჭიდროვის ზრდა 400 ათასი დევნილის ხარჯზე. თუმცა, ეს შემჭიდროვება ძირითადად ქალაქებში მოხდა და არა სოფლებში და ამიტომ, ეს ცდომილება უმნიშვნელო იქნება სოფელთან მიმართებაში).

და თუმცა, ძალიან რთულია ამ გამსხვილების შედეგად ერთი კომლის მიწის ახალი საშუალო ზომის გამოყვანა, ვგონებთ, შეგვიძლია საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ საქართველოში იგი ამჟამად დაახლოებით ნახევარ ჰექტარს უნდა აღწევდეს. ეს კი, მიწის ნაკვეთის ის ზომაა, რომელსაც თანამედროვე ტექნიკის პირობებში კომლის გამოკვება შეუძლია და ეს ასეც ხდება – აბა, რითი უდგას სული ეს ოცდაათი წელია გადამამუშავებელ ინდუსტრია გამოცლილ სოფელს? ხოლო, იმისათვის, რომ არსებულ მიწაზე კომლმა ჭარბი, გასაყიდი სასოფლო პროდუქცია შექმნას, საჭიროა ის კომპლექსური ხელშეწყობა, რომელზეც უკვე გაკვრით ვისაუბრეთ და რომლის კონკრეტული პროგრამის შემუშავებაც, ამჟამად, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანაა.

და ბოლოს, რა საჭიროა ყველასთვის მიწის მესაკუთრეობა იმისათვის, რომ ადამიანი სოფლის მეურნეობის დარგში იყოს დასაქმებული? განა, მას არ შეუძლია, სოფლის მკვიდრი იყოს თუნდაც 700 კვ მ.-ზე და უფრო მსხვილ მეპატრონესთან მუშაობდეს მიწაზე, ტექნიკაზე ან საწარმოში, ჰყავდეს ოჯახი, თავისი კარ-მიდამოთი და იყოს წელში გამართული სოფლელი, დაბელი ან პროვინციული ქალაქის მკვიდრი? რა გადავეკიდეთ ამ გამსხვილების იმპერატიულობას, ნაწილობრივ უკვე რომც არ მომხდარიყო ის სინამდვილეში, სხვანაირად სოფელს ვერ განვავითარებთ?

6. სოფლის მეურნეობის აღორძინების სკეპტიკოსებს სხვა ვაი-კონტრარგუმენტებიც გააჩნიათ. ასე, მაგალითად:

– ჩვენ მაღალკუტურული და მაღალინტელექტუალური ერი ვართ (ვინ უარყოფს?) და ამიტომ, უფრო მალე განვვითარდებით სხვა დარგებში;

– სოფელში დარჩენილი ხალხი ძალიან უუნარო და უშრომველია, თუ რამეს ახალს ვისწავლით, ეს აქტიური ქალაქელებისგან უფროა მოსალოდნელი;

– ქართველი ზარმაცია და რაც არ უნდა ხელი შევუწყოთ, აზერბაიჯანელზე უკეთ ვერ იმუშავებს მიწაზე;

– რუსეთი მაინც ჩაკეტილია და სად გავყიდით პროდუქციას, და ა.შ.

ეს აბდაუბდა ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს და იქნებ, აღარც იყოს საჭირო აწი მისი ასე დეტალურად განხილვა.

მაგრამ, აქამდე განხილული ეკონომიკურ-სოციალური არგუმენტაციის გარდა, არსებობს არანაკლებ მნიშვნელოვანი ეთნო-კულტურული არგუმენტაციაც სოფლის მეურნეობის აღორძინების სასარგებლოდ. იქნებ, იგი საერთოდაც არ აინტერესებდეთ ჩვენს ვაი-პროგრესისტებს და ამრიგად, ამ ადგილიდან ამ სტატიის ტექსტიც მათთვის სრულიად მოსაწყენიც გახდეს (თუ უკვე ასე არ მოხდა). მაგრამ, ჩვენი საზოგადოების ამოცანაა მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების გარემოს იმ რეალობამდე მივიდეს, სადაც ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საფრთხე იქნება ქვეყნისათვის.

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისის თბილისში, როდესაც ეროვნული მოძრაობა დუღდა და საბჭოეთი ინგრეოდა, თსუ-ს გეორგაფია-გეოლოგიის, ეკონომიკის და გპი-ს ეკონომიკის ფაკულტეტთა პროფესურაში პოპულარული ტერმინი იყო „თავკომბალა დემოგრაფიები“ ან „თავკომბალა ქალაქები“, რომელშიც იგულისხმებოდა ურბანისტული დისბალანსის ქვეყნისათვის მავნებლობა სოფლის დაცლის ხარჯზე. უკვე 90-იანი წლების შუაში, ეს ტერმინი მოძველებულად იქნა მიჩნეული, „აღმოჩნდა რა“, რომ სოფლის მოსახლეობის რაოდენობა სულაც არ განსაზღვრავს სექტორის პროდუქტულობას. თითქოსდა შემთხვევით, შევიტყვეთ არგუმენტები იმის შესახებ, რომ თუ თანამედროვე აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 3% არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში და თავისუფლად კვებავს ქვეყანასაც და ახერხებს ექსპორტსაც, ჩვენს ურბანულ-რურალურ პროპორციებს რაღა უჭირთ, პირიქით, თურმე, მეტი გადახრა ყოფილა საჭირო ქალაქის სასარგებლოდ. ამგვარი არგუმენტებით მოხდა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სოფლის დაცლის პრობლემის განხილვის მარგინალიზაცია და ლიბერალურ-მოაზროვნე წრეებში მასზე მსჯელობა რეტროგრად-შავრაზმელთა ხვედრად იქნა მიჩნეული.

ამ წერილის ფორმატი, ალბათ, არ იძლევა საშუალებას სრულად გავაანალიზოთ ის საფრთხეები, რომლებიც ჩვენი ერის არსებობას ემუქრება სოფლის დაცლა-მივიწყებისას. ქვეყნის სასურსათო ბაზრის იმპორტზე სახიფათო დამოკიდებულებასა და ჩვენი სხვა საექსპორტო საქონლის ობიექტურ სიმწირეს რომ თავი დავანებოთ, ცალკე სტატია შეიძლება მიეძღვნას ისეთ უარყოფით ფაქტორებს, როგორებიცაა: უფუნქციო ურბანული გეტოების სოციალური გამოფიტულობა, ნარკომანიის, ლოთობისა და კრიმინალის კოლოსალური პროცენტი, ასეთი მოქალაქეების ადვილი ფულისათვის ყველაფერზე ზნეობრივი მზადყოფნა – კრიმინალური დაკვეთა იქნება ეს თუ პოლიტიკური, მოსახლეობის ჯანმრთელობის საშუალო მაჩვენებლების მკვეთრი ვარდნა, ჩვენი უნიკალური ქვეყნის ეთნო-კულტურული, კუთხური თავისებურებებისა და მსოფლიო საგანძურის კუთვნილი კილოკავების და ფოლკლორის წაშლა-გაქრობა, სასურველი რურალური ტურიზმის პოტენციალის შემცირება და მისი უფრო მდაბიო, რეკრეაციული ტურიზმით ჩანაცვლება, სახელმწიფოს სიმტკიცისათვის აუცილებელი ეროვნული უმრავლესობის სიძლიერის მოშლა-შესუსტება, ოჯახის ინსტიტუტის საშუალო მაჩვენებლების ვარდნა, უცხოური კულტურულ-იდეოლოგიური პროპაგანდის წინაშე აუტენტიკური თვითმყოფადობის რეზისტენტულობის მკვეთრი შემცირება, უცხოურ, ვითომ ფინანსების მიღმა უანგარო კრედიტორებზე ქვეყნის დამოკიდებულების გაუთავებელი ზრდა, აღებული ვალების ორომტრიალში მათი განმკარგველების ელიტური კორუფციის სავალალო შედეგების მოლოდინი (შევხედოთ საბერძნეთს) და ა.შ.

იქნებ, ლაკონიურობისთვის ღირდეს, გაკვრით ჩამოვთვალოთ ის სიკეთეებიც, რომლებიც სოფლის მეურნეობის აღდგენას მოჰყვება საქართველოში: ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაჯანსაღება, ეკონომიკის მრავალმხრივი ზრდის დაჩქარება, ვალებზე დამოკიდებულების შემცირება, ნაწილობრივი და ჯანმრთელი დეურბანიზაცია, ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერება, ქალაქისათვის დამახასიათებელი ფულის შოვნის მტკივნეული და ჰიპერტროფირებული კულტისგან ადამიანის მოსვენება და მისთვის ალტერნატიული ცხოვრებისეული მიზნების გაჩენა, ხელოვნების დარგებში დინებათა გაჯანსაღება და ზნეობრივი წინსვლა, ქვეყანაში სიმშვიდის, ბედნიერებისა და უსაფრთხოების განცდის გამრავლება. შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე საქართველოს პირობებში, ერის გაჯანსაღება და გაძლიერება უდრის სოფლის მეურნეობის აღორძინებას, არა ქალაქის დაკნინების, არამედ, მისი ნაწილობრივი განტვირთვისა და დარჩენილი ნაწილის უკეთესად განვითარების შედეგად.

ბუნებრივია, სოფლის ასწლიან გენოციდს, საბჭოთა კოლექტივიზაციითა და ხელოვნური ურბანიზაციით დაწყებული (რომელიც ოდნავ დაბალანსდა 30-იანი და ნაწილობრივ, 40-ანი და 50-ანი წლების დასაწყისის მასიური, თუმცა, არა ყოველთვის მიზანმიმართული აგრარული ინვესტიციებით) და პოსტ-საბჭოთა უპატრონობით დამთავრებული, უკვალოდ არ ჩაუვლია სოფლის მოსახლეობის მდგომარეობისათვის. და იქნებ, მეექვსე პუნქტში ზემოთ მოყვანილი კონტრარგუმენტთაგან ერთ-ერთი, სოფლის მოსახლეობის საშუალო შრომისუნარიანობის შესახებ, მთლად უსაფუძვლოც არ იყოს. მაგრამ, ნუთუ შეიძლება ეს გვექცეს მიზეზად ესოდენ საკვანძო თემის უგულებელსაყოფად ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე? ჩვენი ხალხი ხომ, ისეთივე ნაყოფიერია, როგორც ჩვენი მიწა და საკმარისია, მას ხელი შევუწყოთ სწორი, გააზრებული ქმედებებით – შედეგიც არ დააყოვნებს.

ალბათ, არასწორი იქნებოდა ამ მიმართულებით გასაკეთებელი საქმეების მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების იმედად მიტოვება. ქალაქში მცხოვრებთ რაც შეგვეხება, თავად ჩვენ, ხალხმა, უნდა მოვინდომოთ პირველ რიგში ჩვენს მიწასთან დაბრუნება და ჩვენი სოფლის აღორძინება. თუ ეს ტენდენცია, რომლის პირველ, დამაიმედებელ ნიშნებსაც ვხედავთ, გაძლიერდა, მაშინ იგი აისახება ჩვენი პოლიტიკოსების ქმედებაზეც.

საერთოდ, არსებულ სოფლის მოსახლეობასთან ქალაქის მოსახლეობის ნაწილის მოდინება აგრარული საქმიანობის შესაძლებლობების ძიებაში, არ არის წარმოუდგენელი რამ დღევანდელი საქართველოს პირობებში. სავარაუდოდ, არც ჩვენი ქალაქური სტუდენტობისათვის არის ამდენი ბანკის მენეჯერისა თუ უცხოური ფირმის წარმომადგენლის მოადგილის პოზიცია ქალაქში. და საერთოდ, ცალკე თემა არის ქალაქში უმუშევრად და უფუნქციოდ დარჩენილი, გამოცდილი და ჯერ კიდევ ჯან-ღონით სავსე უფროსი თაობის ნაწილი, რომელსაც სამწუხაროდ 45 წლის ასაკს ზევით ძალიან მწირი დასაქმების საშუალებები ეძლევა ქალაქში – ობიექტური და, სრულიად მიუღებელი, სუბიექტური მიზეზების გამოც. ასეთი ადამიანების ქმედითი ნაწილისათვის კუს ტბაზე სიარულს, სახლში დეპრესიაში ჯდომას და ეზოებში ნარდის თამაშს ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა მამულის თუ დედულეთის აღდგენაზე მიმართული ენერგია, ან სულაც მათი პროფესიული გამოცდილების პროვინციულ დაბა-სოფელ-ქალაქებში გამოყენება. ბოლო წლებში ამგვარი ტენდენციებიც შეინიშნება და თუმცა ისინი ჯერ-ჯერობით ასეულებში გამოისახება, სოფლის მეურნეობის განვითარების დინამიკის ზრდისას, არაა გამორიცხული, უფრო მასიური ხასიათი შეიძინოს. ამ საკითხთან მიმართებაში, საინტერესო იქნებოდა „სოფელს დამბრუნებელთა“ ან მსგავსი საზოგადოების ჩამოყალიბება, რომლის წევრებიც, თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით ერთმანეთს დაეხმარებოდნენ და გაახალისებდნენ ამ პროცესში.

მთელი ამ მოძრაობის გვირგვინი იქნებოდა საქართველოს დეურბანიზაციის სამინისტროს ან სააგენტოს შექმნა, რომელიც მსურველ მოქალაქეებს რჩევითა და რესურსებით დაეხმარებოდა. შესაძლებელია, შემუშავდეს ტიპური, ინდივიდუალური პროექტების ნუსხა – მიკრო-საკრედიტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით („მამულის აღდგენა-დასახლება“, „სოფელში პროფესიის მიხედვით დასაქმება“, და ა.შ.), რომლებიც უკვე შვილებ-გაზრდილ და უმუშევარ ქალაქელებს შეიძლება საინტერესოდ მოეჩვენოთ. რაც მთავარია, გაჩნდება საზოგადოებრივი განვითარების ახალი ვექტორი და მიზნები, როდემდე უნდა ვიყოთ შვილების უცხოეთში გაგზავნაზე და ფულის შოვნაზე დახარბებული საზოგადოება, რომლის ცნობიერებისა და სოციალურ-კულტურული ამბიციების ეპიცენტრი ყველგანაა – საქართველოს გარდა და სინამდვილეში, ქვეყნისათვის სახიფათო ცენტრიდანულ და ნიჰილისტურ ხასიათს ატარებს?

ვიყოთ ოპტიმისტები და ვივარაუდოთ, რომ რადგან აქამდე მოვედით და ასეთებს გავუძელით, იქნებ, წინსვლაც გველოდეს. მაგრამ, იგი არავითარ შემთხვევაში არ მოხდება თავისით და დამოკიდებული იქნება ჩვენი უნიკალური ერის თვით მობილიზაციის უნარზე, რომელიც მას, ღვთის მადლით, ასეთ კრიტიკულ პერიოდებში არაერთხელ გამოუჩენია.

02.11.2021

XXXIX თავი

ეს თავი რიგით არა 39-ე, არამედ მე-6-ე უნდა ყოფილიყო, ჯერ კიდევ აგვისტოში დავწერე, მაგრამ, ვერ გავიმეტე მაშინ ჩემები.

ახლა, დავრჩი რა აქამდე ცოცხალი (თუმცა წინ გრძელი და ფათერაკიანი გზა მაქვს), უკვე შემიძლია მისი გამოქვეყნება, ჩემებს ისე აღარ გავუხეთქავ გულს. ორიოდე ფრაზა შევცვალე და თითქმის უცვლელად ვაქვეყნებ, იმიტომ, რომ მიმაჩნია, სწორედ ეს თავი დაეხმარება ყველაზე მეტად იმათ, ვინც მძიმედ არის ავად. აქ რაღაცეები გამეორდება, რაც აქა-იქ მომდევნო თავებში მეწერა, მაგრამ, არა უშავს – მთავარია, ავადმყოფებს გამოადგეთ, როგორ მძიმედაც არ უნდა იყონ.

ირმა გაგვიხდა ამას წინად ავად, ჭკადუა – რაღაცნაირად, გამექცა მასზე ტელემიმართვა, რომელიც ჩავწერე და სულ ხუთი წამით მედო ქსელში, მერე გადავიფიქრე და ავიღე, მაგრამ, ვიღაცას ჩამოუტვირთავს, არც ვიცი, როგორ – იქნებ, პაროლიც კი გაუტეხეს გვერდს. შენდობას ვთხოვ ირმას და პირველ რიგში მას ვუძღვნი ამ თავს, ვიცი, რომ ყველაფერს დაძლევს და თავის საოცარ მსახურებას გააგრძელებს – ოჯახის, მეგობრებისა და სამშობლოს გასახარებლად…

ალბათ, მომავალში ამ თავს ყველაზე უფრო ვინანებ, რომ დავწერე. ვინანებ კერძო ჭრილში, ვიცი, როგორ არაკეთილსინდისიერადაც გამოიყენებს ზოგი. მაგრამ, მე მას არ ვწერ არც იმ ადამიანებისათვის, ვინც ამ მდგომარეობაშიც კი დამცინის, არც იმ ხალხისთვის, არაფერზე აზრი რომ არა აქვთ და არც ჩვენიანებისთვის. მე მას უბრალოდ ვწერ მათთვის, ვინც ავად არის და ავად იქნება აწი, ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს.

გადმოცემით ვიცი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი, ევგენი ევსტიგნეევი, ასე გარდაიცვალა: ლონდონის გულის კლინიკაში, ოპერაციის წინ, ინგლისელმა ექიმმა ზუსტად მოუყვა, რა გაკეთდებოდა ოპერაციის დროს მის გულზე, როგორ გაჩერდებოდა ის, როგორ გაუხერხავდნენ მკერდის ფიცარს, როგორ ამოუღებდნენ გულს, როგორ გაჭრიდნენ, როგორ შეკერავდნენ, როგორ ჩაუდებდნენ უკან, როგორ აუმუშავებდნენ ისევ. და ევსტიგნეევმა, როგორც აღმოსავლური კულტურის შვილმა, ეს დეტალები რომ მოისმინა, ასეთი ინგლისურ-პოზიტივისტური ზრდილი სიზუსტით, იქვე გათავდა, გულმა მოსმენილს ვერ გაუძლო. რომ შეეყვანათ და უბრალოდ ოპერაცია გაეკეთებინათ, გადარჩებოდა და იცოცხლებდა კიდევ, ალბათ, კარგა ხანს.

მე ამ მძიმე მოსაყოლს ასე არ მოვყვები. და ვიცი, რომ ჩემებს ამით გულს არ გავუხეთქავ, პრინციპში, არც არავის, ვინც ჩვენიანია – ყველას ესმის, რაოდენ უმსუბუქებს ადამიანს უფალი ყველანაირ განსაცდელსა და ტკივილს ლოცვაში. და ამას მინდა გავუსვა ხაზი ამ თავის ბოლოს.

ჩვენს აღმოსავლურ კულტურაში, ავადობაზე არათუ დეტალებში, საერთოდ საუბარიც კი ნაკლებადაა მიღებული. მოდერნის პოზიტივიზმი ამ მიდგომას უარყოფს, სინამდვილეში კი, ამ აღმოსავლურ მიდგომაში დიდი სიბრძნეა.

და მეც, რომ არა ის აუხსნელი სატელევიზიო აყალმაყალი, რაც ლიბერასტებმა საიდანღაც ატეხეს ჩემს მოწამვლაზე, იმ დღესვე, როდესაც მე ყოველგვარი განცხადებების გარეშე სტამბოლში გავფრინდი, ამდენს არც ვისაუბრებდი. მაგრამ, მათმა ამ საქციელმა და იმ საეჭვო გარემოებებმა, რაც უკვე საჯაროდ აღვწერე, სხვანაირად წარმართა ეს ამბავიც – აწი, სამწუხაროდ, ეს ყველაფერზე აისახება, მათ შორის ამ დღიურზეც.

როგორც პირველივე თავში ვთქვი, ვცდილობ, ეს კონკრეტული ნაწარმოები ისე ვწერო, რომ ყოველ ჯერზე ადამიანებს რაღაცაში დაეხმაროს. და დღეს, კიდევ ერთხელ, მინდა ეს ყველა სნეულისათვის ვცადო, ან თუნდაც ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც მომავალში მძიმე სნეულება შეიძლება შეხვდეს, ყველას ჯვარი სწერია.

როგორც ხედავთ, ამ დღიურის ძირითადი ნაწილი ჩემზე არ არის, მაგრამ, აქა-იქ ასეც მიწევს ხოლმე, დღიურია მაინც.

წარმოიდგინეთ, ასეთი კალეიდოსკოპი: ჩემი მიოკარდის კედელზე შხამებ დალექილი და გახისტებული გული ვერ ერევა ჩვეულებრივ წყალსაც კი და დალევისას მძიმდება. ამიტომ, უნდა მასვან სითხის გამომყვანი წამლები, რომლებიც გულს მიმსუბუქებს და მუშაობის საშუალებას აძლევს. ამ დაშრობას რა ჯობია, მაგრამ, რაც ქიმიის შეყვანა დაიწყეს, პირიქითაა – ამდენ შხამს გამოყვანა უნდა, თორემ ღვიძლი და თირკმელები ვერ გაუძლებს. ამიტომ ის, რაც აქ გულისათვის კარგია, ღვიძლისა და თირკმელებისთვის დამღუპველია. ამიტომ დასდევ გაუთავებლად უფაქიზეს ბალანსს: რამდენი მილიგრამი დალიე სითხე, თავის წვნიანად, რამდენი დაკარგე და გაუთავებლად არეგულირებ სითხის გამომყვან აბებს – გულის სიმძიმეს, ღვიძლის ტკივილსა და თირკმელების მაჩვენებლებს შორის. ეგეც არ გეყოფოდა და ქიმიასთან ერთად სტეროიდებს გიკეთებენ, რომლებიც, თავის მხრივ, გირევენ ამ სითხის ბალანსს და ხან გიმატებენ სითხის შეკავებას და ხან სტეროიდულ დიაბეტს გმართებენ, შაქრის ავარდნებით. მასეთ დროს ინსულინს გარჭობენ და გეუბნებიან ეს დროებითიაო, შენ კი, მიუჩვეველზე, ხან ეიფორიაში ხარ და ხან სავარძლამდე ძლივს მიდიხარ, რომ გაითიშო.

ამასობაში, მთავარი ბრძოლა ძვლის ტვინში მიდის – დაავადების შხამს და ამ ქიმიის შხამს შორის. მისი ქარიშხლები შენამდეც აღწევს და ლეგიონია მათი სახელი. ხან ნერვულ სისტემას ურტყამს და ონკანის ხმიდან დაწყებული თუ ახლობლის მოქმედებით დამთავრებული – ყველაფერი გაღიზიანებს და გულზე გირტყამს, ხან კი, სპაზმები ანუ კრუნჩხვები გეწყება, ხან სად, ხან სად. პირველი კარდიო რეანიმაციაში მომცა, პირველი ქიმიის გადასხმისას. ამაკანკალა, ამაკაწკაწა, დამღრიცა, ისრაელიდან ეგრევე მოიწერეს, გააჩერეთ გადასხმაო, სანამ გააჩერეს, გამიარა და უფრო ნელა გააგრძელეს. ანდა, ზიხარ ასე შენთვის და ხელის მტევანი ჯერ კანკალს იწყებს, მერე, თავისით, გველივით დაიღრიცება, დაკარგავს მტევნისათვის ჩვეულ ფორმას, შავად ამოყრის ვენებს, რაც აქვს და გაიკვანძება ისე, რომ ლამის გაყვიროს. მერე, უცებ, გადაივლის, დახედავ, თითქოს არც მომხდარა. მერე ტერფებს ამოგიტრიალებს წვივებისკენ და ცდილობ გაუძლო, მაინც აზრი არა აქვს წუწუნს. ან ნაბახუსევის და მაგარი გრიპიანის ნაზავი გრძნობით ხარ თითქმის სულ. ან წერ ამას და უცებ, თითქოს, მაუზერის ტყვია გაგივლის წელში და თირკმელებში. უცებ, გეტყვიან კონსილიუმზე, რომ უნდა მაინც გაგჭრან და გულზე დეფიბრილატორი ჩაგიყენონ, იმიტომ, რომ ღამით დაყენებულმა ჰოლტერის აპარატმა სიცოცხლისათვის სახიფათო არითმია და ზედმეტი ექსტრასისტოლიები დააფიქსირა და ამიტომ, დეფიბრილატორის გარეშე ეშინიათ – იმან უნდა დაგარტყას დენი მაგ დროს, გული რომ გაგიჩერდეს. მერე წავა კონსილიუმის კამათი, კარდიოლოგები გულის დაზიანების კლასიფიკაციით მიიჩნევენ, რომ შეგიძლია დეფიბრილატორის გარეშეც იყო, ამილოიდოზის ვიწრო სპეცები ამბობენ, ეს ხომ უბრალოდ გულის პაციენტი არ არის, უმძიმესი რამ ჭირს და ქიმიაზე გვყავსო. შენ კი, ელოდები განაჩენს. კარგი, გადადებენ დეფიბრილატორის ჩაყენებას, მაგრამ, რავარია მერე მშვიდად დაიძინო მის გარეშე. მერე აღმოჩნდება, რომ აპნოე-ტესტერმა ძილში სუნთქვის შეკავების დაავადება გამოავლინა და წავა კონსილიუმი, უმკურნალონ თუ არა აპნოეს მოხსნის მეშვეობით არითმიას. დაგინიშნავენ სიპაპის აპარატს და აწი, სულ ამ პლასტმასის ნიღაბით უნდა გეძინოს. თან გეუბნებიან, წვერი გაიპარსე, ნაკლებად შეგაწუხებსო და შენ ეუბნები, თავი დამანებეთ, თუ ძმა ხარ, მაინც უნდა ვიწვალო და რა აზრი აქვს-თქო და მერე უკვირთ, პირველი ხარ, ვინც ეგრევე იგუა, თან წვერითო. მერე ფსიქიატრია. გაივლი ტესტირებას უცხოური ფსიქიატრიული კლინიკის მთავარ ფსიქიატრთან (ჩვენთან ხომ დახურეს ამ გიჟებმა ფსიქიატრიული საავადმყოფოები), ოთხი სესია, გაკვირდება ერთი თვე, გესაუბრება, შეგამოწმებს ნებისმიერი სახის შესაძლო ფსიქიკური დარღვევაზე, იტყვის, ამ კაცს აქეთ შეუძლია მიმკურნალოს, ისეთი ფსიქიკა აქვსო, სრულიად დადებით დასკვნას დადებს და მსუბუქ ორგანულ დამამშვიდებელს დაგინიშნავს – ჰემატოლოგებს კი ეს სასაცილოდაც არ ეყოფათ, იტყვიან, ეგ წამალი „ისტერიჩკა“ ქალებისთვისაა, ჩვენ კი, ამ კაცის, რომელსაც გიგანტური სტრესები აქვს გადატანილი, ნერვული გამძაფრების სრული ჩაქრობა გვჭირდება, რომ ამილოიდოზის ურთულეს გულის ორგანიკას თავისუფლად ვებრძოლოთო და უფრო ქმედით დამამშვიდებლებს დაგინიშნავენ, რომლებიც მიჩვევას არ იწვევს და ფსიქოთერაპიულად არ გჭირდება, მაგრამ, ორგანო-მექანიკურად აუცილებელია. ეს ყველაფერი სამ ქვეყანას შორის, რამდენიმე ექიმი, ზოგს რა აზრი აქვს და ზოგს რა. ამ დროს, წიგნის ფურცელზე თითი გაგეკაწრება და ისე გეწვის, გეგონება, ციანიდი დაგასხეს, ან ფრჩხილებს დაიჭრი და უცებ, კუთხე ჩაგეზრდება, რაც არასოდეს მოგსვლია და დაგიჩირქდება. და წავიდა მსჯელობა რომელი ხსნარით, რომელი ფხვნილით, რომელი მალამოთი გიმკურნალონ ეს სისულელე და რომელი რა შეგიცვალონ, რატომღაც, ქიმიაში. ჯამში დღეში 20-ზე მეტ აბს და ხსნარს სვამ, ქიმია რომ არ ჩავთვალოთ.

ამასობაში, მრავალჯერადი მიელომა ანუ სისხლის კიბოც დადასტურდა. ჯერ ძვლების ჭამა არ დაუწყია, ამიტომ, „მბჟუტავის“ სტატუსი აქვს და აწი, იქნებ, ვეღარც დაიწყოს, მაგრამ ახლა ორ რამეს წყალი არ გაუვა: (1) ამ კომბინაციაში პირველადი სწორედ ისაა, როგორც სისხლის კიბოს ფორმა და ამილოიდოზი მხოლოდ მისით გამოწვეული მეორადი, მიელომაზე სახიფათო და აგრესიული დაავადებაა; და (2) მიელომას გამომწვევ შესაძლო მიზეზებში პირდაპირ წერია დასხივება და რადიაციული მოწამვლა.

და როცა კითხულობ, თუ რა, რა გელის წინ – ჯერ ძალიან ადრეა. ჯერ ოთხი თვეა მხოლოდ ქიმიიდან გასული. გრძელი გზაა, რომელსაც როგორ გაივლი, არავინ იცის და არ შეგაწყენთ მისით თავს.

და ეს ყველაფერი კაცს, რომელიც სრულიად ჯანმრთელი ვიყავი ზუსტად პოლიტიკაში შესვლამდე – აგერ, აპრილში ჩატარებული და დოკუმენტირებული კომპლექსური კვლევის მიხედვით.

სატრაბახოდ არ ვამბობ, უბრალოდ, ხაზის გასასმელად: რამდენი წლისაც ვიყავი, დღეში იმდენჯერ ვიწეოდი ძელზე, იმდენჯერვე ორძელზე, სამჯერ იმდენჯერ ვიზიდებოდი მიწიდან, ნახევარ კილომეტრს, უბრალოდ, გახურებისთვის ვცურავდი, ზაფხულში დილის ექვსი საათიდან ათამდე ბალახს ვთიბავდი შვილებთან ერთად, მერე ვსაუზმობდით სათიბში, „იუნკერები“ ამოდიოდნენ და ერთად ვაშენებდით რაგბის კლუბს და ფერმას, მერე, სადილამდე ვვარჯიშობდით რაგბს, ვსადილობდით და ვმუშაობდით საღამოს ექვსამდე, მერე, საღამოს ვწერდი და ვკითხულობდი, სანამ ბავშვებს ზღაპარს მოვუყვებოდი ან პოეზიას წავუკითხავდი და დავიძინებდით. და ეს ყველაფერი ერთ დღეში დამთავრდა.

თურქეთში მეორე საავადმყოფოს ექიმმა, რომელიც ამილოიდოზის სპეციალისტი იყო, დამათვალიერა და იქვე დამიდასტურა დიაგნოზის მაღალი ალბათობა, მითხრა, თქვენთვის ალბათ ეს მძიმე დღეა იმიტომაც, რომ გატყობთ, როგორ ცხოვრობდით აქამდეო. ახლაღა ვხვდები, რას გულისხმობდა.

ასეთი რამისას, მომხდარზე რეაქციის პირველი ფაზა, როცა გეტყვიან, სიცოცხლე ერთი თვე დაგრჩა, ან გულ-ღვიძლი გადაინერგე და მერე კიდევ ვნახოთო, არის უარყოფა და არ დაჯერება.

მერე, როდესაც თვეზე დიდხანს იკვლევ, მართლა გჭირს თუ არა ეს უიშვიათესი რამ, არის ლოცვა, რომ ეგებ, არ გჭირდეს. თან გრცხვენია, რომ ამას სთხოვ ჯვარცმულ მაცხოვარს.

მერე, როდესაც გავიგე, რომ ამილოიდოზი თითქმის 100%-ით მჭირს და უბრალოდ, უნდა დაედგინათ რა ტიპის, გავიგე რომ – თუ გენეტიკურია, უფრო კურნებადია და თუ AL ტიპის, რომელიც აღმომაჩნდა, უფრო აგრესიულია.

და ვლოცულობდი, რომ ეგ აგრესიული შემხვედროდა, რომ ბავშვებზე საფრთხე არ ყოფილიყო და ეს სიხარული მარგუნა უფალმა.

მერე იწყებ გაგებას, რომ არც მთლად მასეა საქმე, არკვევ ბოლო მიღწევებს ამ სფეროში, ჩნდება განკურნების იმედი, თუმცა, ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია და ჩემი შემთხვევა მძიმეა, იმიტომ, რომ გული აუხსნელად და საოცრად სწრაფად, ძალიან დამიზიანდა.

მერე ცალკე წამებაა როგორ, ვისთან, სად, რა პროტოკოლით იმკურნალო, კოვიდს რა უყო, ამას აღარ მოგიყვებით.

მერე, როდესაც ყველაფერს გადაწყვეტ, უკვე ექიმების ხელში ხარ და მხოლოდ ლოცვა და შესრულებაღა დაგრჩენია და ხარ იმ კალეიდოსკოპში, რომლის მეასედიც ზევით მოგიყევით.

კოვიდის გამო ყოველი ბინიდან გასვლა კლინიკაში, ამ ჩემ ჯღან სკაფანდრში, სიცოცხლის რისკია, ყოველი ჩემი გაგორება კლინიკის დერეფანში, გინდა ფილტვების სკანი იყოს და გინდა ჩონჩხის პეტ-სკანი.

თან ზემოდან ღრუბელივით გაწევს ის, რაც სხვა ავადმყოფებს თითქმის არასოდეს აწევთ: მოგიწყვეს თუ შემთხვევით დაემთხვა ასეთი რამ – რასაც ვერასოდეს გაარკვევ.

და, კიდევ, ამის ზემოდან გადაწყვეტილება, რა ქნა, როგორ იცხოვრო აწი. დააღალატო ამდენ ხალხს, ვინც იმედით შემოგხედა, თუ არ გაჩერდე.

დღეში ასობით მესიჯი, როგორ ხარ ლევან, ათასობით ლოცვა და კეთილი სურვილი, და მალე გამოჯანმრთელდი, ქვეყანაა საშველი.

როგორც კი იწყებ ქვეყანაზე ფიქრს, ისევ ლოდი გულზე, ოღონდ ნამდვილი, აი, რომ ვერ სუნთქავ. ხან გინდა გაექცე და იყო ავადმყოფი, ხან გრცხვენია ამისი.

დამცინველებზე, სატელევიზიო შარჟებზე და მაგინებლებზე არაფერს ვამბობ: „პუტინმა დაგიფაროთ, ბატონო ლევან“, „მანდ რა გინდა, აქ ვერ იმკურნალებდი?“ „გიწია ცოდვებმა, შე რუსეთუმე მოღალატე“, „გაიქეცი, რაინდო, შე აფერისტო?“ „შენ თუ კაცი ხარ, შენს სკოლაში რატომ ღირს სწავლა ამდენი?“ (სკოლაში, რომლის შენახვაზეც ორჯერ მეტი მაქვს დახარჯული, ვიდრე მის აშენებაზე, რომელიც თბილისის კერძო სკოლების ოცეულშიც კი არ შედის სიძვირით და პირველ ადგილზეა ქვეყანაში საშუალო ეროვნული გამოცდების ქულით, სკოლაში, რომლის არ დასაკეტადაც ორჯერ მაქვს მოსკოვის ეს ბინა კრედიტში ჩადებული და სკოლაზე, რომელიც ერთადერთი კერძო სკოლაა, რომელიც ბიზნესი არ არის დამფუძნებლისათვის) და რა ვიცი, კიდევ რამდენი სიშლეგე. ზოგჯერ, ფიქრობ ამ ხალხს მართლა სჯერა იმის, რასაც წერს, თუ შეკვეთას ასრულებენ, თუ რა შიგნეული ალაპარაკებთ ასეთ რამეებს?!

როგორ უნდა გაუძლო ყველაფერ ამას? მხოლოდ იობის მადლიერებით უფლისადმი, ყველაფრისათვის.

მშობლები გყავს, მაგალითის ეტალონები. მამაჩემი 50 წელია მთაში, კლდიდან მოწყვეტისას შეძენილი უმძიმესი დიაბეტით ცხოვრობს და ერთი არ დაუწუწუნია კაცს. დედაჩემი, რომლიც მას აცოცხლებს, სიმტკიცისა და სიკეთის, სიხარულისა და იმედიანობის განსახიერებაა.

უწმინდესი, რომელიც ამდენი წელია მთელ ქვეყანას ზურგით ზიდავს, უახლოესი ხალხი, ვინც მან ხალხად გახადა, როგორ ღალატობს, რეებს კადრებენ და ერთს არ დაიჩივლებს – სულ სიკეთეა და კიდევ აქეთ ესარჩლება მაგ ხალხს.

ჩვენი ხალხი, რომელიც შენსავე სიცოცხლეში განახევრდა რაოდენობით და ისეთი ღირსეულია, რომ ერთხელ არ მოუწყვია ბუნტი მატერიალური გაჭირვების გამო, მხოლოდ უსამართლობისა და უზნეობის წინააღმდეგ – ანუ, ასეთი ხალხი არ არსებობს მეორე.

შენ ამის ყველაფრის შვილი ხარ.

მერე მეგობრები, რამდენიმე კაცი პირდაპირ მხარში ამომიდგა უხმოდ, თვითონ მომაკითხეს, რა გჭირდებაო, იცოდნენ, არანაირად არ ვიყავი ამისათვის მზად – არც მატერიალურად, თუმცა, ამას ჩემზე ვინ დაიჯერებს.

მოვიდნენ და გააკეთეს თავისი საქმე თვითონ, იმიტომ, რომ არავინ იცის რა დაჯდება საბოლოოდ ეს ყველაფერი, რამდენი რამის გადანერგვამდე მივალ ან ვერ მივალ – ძვლის ტვინიდან რომელ ორგანომდეც გინდა, ღმერთმა დამიფაროს.

და კი, მოვა დრო და „არ შევარჩენ“ ამ სიქველეს და ისინი უარს მეტყვიან დახმარების დაბრუნებაზე, ვიჩხუბებთ და დავაბრუნებ მაინც – მე ან ჩემი ოჯახი, მაგრამ, ხომ გინდა ასეთი განგებაც: წლების მანძილზე, ასობით უცნობ ხალხს მილიონები შეალიე და როცა შენ დაგჭირდა, დასახმარებელი გახდი, იმიტომ, რომ აღარ გქონდა. და ეს დახმარება არც გითხოვია, თვითონ მოვიდნენ კაცები და ქნეს ჩუმად ის, რასაც კაცი აკეთებს მასეთ დროს.

ან კიდევ, ჩემი კახელი ძმაკაცი ექიმი ამერიკაში, გელა მჭედლიშვილი, რომელიც ათიოდე წლის წინ გამეცნო, შენ გენაცვალე იმისთვის, რასაც სამშობლოსათვის აკეთებო, და ეს რომ გაიგო, მთელი დასავლური მედიცინა შეძრა და მოაქუჩა, ღამეები არ ძინავს, ლამის ჩამყვეს სამარეში და ლამის ვეჩხუბო, ისე მაკონტროლებს და ისე დასდევს მისივე დახმარებით არჩეულ ექიმებს და ისე ბოლომდე კახურად არ ეშვება არავის და არაფერს.

და შენ რა უფლება გაქვს იწუწუნო, ამდენ ხალხს უჭირს, კოვიდი ცელივით წყვეტს, ამდენს შვილი ყავს ავად, რამდენს შენ თვითონ ვერ გაწვდომიხარ და ვეღარ დახმარებიხარ ამ გაუთავებელი კრიზისების და ვარდნების გამო.

და საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს მატერიალურს, გეგონება, მართლა ყველაფერი წამლებით და ექიმებით წყდებოდეს. აგერ, დაგიდგა განსაცდელი, რომლის ლოგიკური პარამეტრებიც ძალიან სავალალო გაქვს, მაგრამ, მისივე სულიერი მხარე საოცარი და მანუგეშებელი.

„ყველაფერი სიზმარია, ლევან“ – მითხრა ერთ-ერთმა ჩემმა მამამ, როდესაც პირველად ვისაუბრეთ ამაზე. დიდი ღვთისმეტყველის ნააზრევიც გამიზიარა, ამქვეყნად სტაბილური არის მხოლოდ არასტაბილურობაო და ეგრეა ზუსტად.

დღეს ერთ-ერთი წიგნაკის ნაწერებში ვეძებდი რაღაცას და გავშეშდი: ოთხი წლის წინ ლექსად მინატრია პრაქტიკულად ის, რაც დამემართა, თან ათონზე ყოფნისას. დავასრულებ მაგ ლექსს ამ დღეებში და იქნებ დავდო „პოეზია და მწერლობაზე“ ეგეც.

სითბო და ლბილი ნუგეში, რომელიც მოდის ჩემი ხატების კუთხიდან, შეუძლებელია თვითშეგნებითი იყოს. დავუდგები – კარგად ვხდები ეგრევე, მოვშორდები – ცუდად. ყველანაირი ლოცვა იწირება, ჩემი დაბნეულიც კი, ასეთ დროს. ფერება, სიმშვიდე, მე შენთანა ვარ.

მთავარი კი, წინ მაქვს. მოწიწებითი, კრძალვითი, კადნიერი, მადლიერებით სავსე, მაგრამ, მაინც სურვილი შემეცნებისა, რა განგებით, უფალო. გავიგებ, ან ამ ქვეყნად, ან იმ ქვეყნად.

და არ ვაპირებ აქ არც ჰოლივუდს და არც ბრექვას და მაგრობას, უძლურებასა შინა განმამტკიცე უფალო, მიიღე მადლობა ჩემი ყველაფრისათვის და შენ მომეც ძალი, ვიბრძოლო, იმიტომ, რომ მხოლოდ შენი ნების აღსრულებისათვის ბრძოლაში არის ქართველი ბედნიერი და იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა, ამინ!

20-21.08.21 – 03.11.21

XL თავი

აგერ, ეს უკვე „უძლურის დღიურის“ მეორმოცე თავია, დამთავრდა ქიმიოთერაპიის ოთხი თვე და წინ რამდენი მაქვს, ჯერ ზუსტად არ ვიცი… როგორ გარბის დრო.

პირველი თავის თარიღს დავხედე და… 14 აგვისტო აწერია. გამოდის, რომ თითქმის სამი თვეა, რაც ვწერ – ერთ თავს საშუალოდ, დაახლოებით 3 დღეს ვანდომებ, რაც მეტია, ვიდრე ველოდი.

მაგრამ, ეს მთლად ხაზოვნად არ ხდება. თუ გახსოვთ, წინასწარ შენდობა გთხოვეთ, რომ ქიმიის დღეს დიდი ალბათობით ვერაფერს დავწერდი, მაგრამ, ჩავარდნები უფრო ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი, მათ შორის, ქიმიის დარტყმების შედეგად სხეულის განუხრელი დასუსტების გამოც – ეს, განსაკუთრებით, ბოლო თვეა რაც დამეტყო.

როდესაც მხნედ ვარ, პირველ რიგში, ოჯახზე ვზრუნავ, რაც, მოგეხსენებათ, უამრავ რამეს გულისხმობს, თან ჩვენს საზოგადოებრივ მოძრაობაზეც და სულისათვის – ეს დღიური იქნება, წიგნის კითხვა, თუ მუსიკა – მერეღა ვიცლი.

ლოცვა ცუდად ყოფნის დროსაც შემიძლია, როგორც შემიძლია – ის მხდის კარგად, თორემ, ამ წამლებს რა ვუთხარი, ვერც გაიგებ, რა უფრო გაწვალებს, თავად დაავადება, თუ – ესენი.

მამაჩემი მოხვდა საავადმყოფოში, ეტყობა, ვერ გაუძლო ამდენ ნერვიულობას და მისმა მძიმე დიაბეტმა დაგვარტყა, გთხოვთ, მოიხსენიოთ თქვენს ლოცვებში მონა ღვთისა შიო.

როცა ვსაუბრობთ ხოლმე, ჩემთან სულ ყოჩაღობს, მაგრამ, ვიცი, სინამდვილეში როგორ განიცდის ჩემს მდგომარეობას. ამ თავის თამბაქოს მოწევასაც – ვითომ ჩვენგან საიდუმლოდ – უმატა და ჩავარდნა მოუვიდა. ბოლო ასეთი შემთხვევა 4 წლის წინ ჰქონდა და მაშინ გულზე ღია ოპერაცია და შუნტირება დასჭირდა.

მე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ, ექიმებმა შემომითვალეს, რთულად არისო, აღარ მოვყვები დეტალებს.

დედა მეცოდება, იგლიჯება ამ მდგომარეობაში.

თურმე, სხვებთან ერთად, ამ ჩემს დედ-მამას ვატყუებ მე, ლიბერასტების ვერსიით – რომლებიც ხან „კომედი შოუებს“ დგამენ ჩემს ავადობაზე და ხან სოციალურ ქსელებში დებენ პოსტებს, ნაღდი ვიცით, აფერისტობსო.

აქამდე მოსკოვის ბინაში ჩემი და მივლიდა – სანამ ნინო ბავშვებთანაა სამშობლოში, მაგრამ, გადავწყვიტეთ, ჯობდა შეგვეწყვიტა თათას აქ ყოფნა და დედას დადგომოდა გვერდში. გუშინ ერევნის გავლით თბილისში გაფრინდა – ეგეც ხომ ჭინკების დამსახურებაა, რომ პირდაპირ ვეღარ დაფრინავს რეისები – ასე რომ, დავრჩი მარტო, ჩემი საყვარელი პარასკევას, ირმას ამარა მოსკოვში და ვმადლობ ღმერთს ყველაფრისათვის. ასე ვართ ყველა ამქვეყნად, რომელიც განსაცდელისა და მზადების წუთია მარადისობისათვის.

ჩატარდა ე.წ. “second opinion” ანუ მეორე სამედიცინო აზრის კონსილიუმი ევროპის წამყვან კლინიკასთან და მის წამყვან პროფესორთან – ჩვენი ექიმების კონსილიუმის მონაწილეობით, რომელსაც, თუ გახსოვთ, ჩემი მკურნალი ექიმი ხელმძღვანელობს ისრაელიდან.

ეს „მეორე აზრის კონსილიუმი“ ორი თვე მზადდებოდა: მეორადი გადამოწმების მიზნით, ევროპაში გაიგზავნა ჩემი გულის ნაწილაკები, ხერხემლის ძვლისა და ძვლის ტვინის ეგზემპლარები და მათი ე.წ. სლაიდები ანუ შუშის პლასტინები, ზედ ჩატარებული ქიმიური ანალიზებით.

გარდა ამისა, ამ წამყვანი ევროპული კლინიკის მონაცემთა ბაზაში აიტვირთა ყველა ანალიზი, რაც კი ამ თვეებში გამიკეთებია და ასევე, აპრილში, პოლიტიკაში ჩემს შესვლამდე, აკადემიკოს ლიადოვის კლინიკაში ჩატარებული ორდღიანი კომპლექსური კვლევის ყველა დოკუმენტი, რომელთა მიხედვითაც სრულიად ჯანმრთელი ვიყავი.

პროფესორთან ვიდ