თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა.
ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ მემორიალურ სვეტთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი ანწუხელიძის გმირობა და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 40 წლის გახდებოდა. გიორგი ანწუხელიძე და მისი გმირობა მთელი საქართველოსთვის გაუტეხელობის სიმბოლოდ იქცა.
მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს გიორგის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები შეიკრიბებიან.