erimedia_ravk/m7jpcELSg.jpeg

29 კონგრესმენი ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს

ამბები
29 კონგრესმენი ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს
ამბები

29 კონგრესმენი ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს

erimedia_ravk/m7jpcELSg.jpeg
11 მაი

29 კონგრესმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს.

როგორც პრემიერისთვის გამოგზავნილ წერილში კონგრესმენები წერენ, გამჭვირვალობის კანონპროექტის მიღება ძირს უთხრის ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს.

ამასთან, წერილის მიხედვით, კონგრესმენები მოუწოდებენ მთავრობას, კიდევ ერთხელ გაიტანოს კანონპროექტი და კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ვალდებულება, გააფართოოს დემოკრატია.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო კობახიძე, გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ხელახლა დააბრუნა ერთი წლის შემდეგ, რაც სამართლიანად ამოიღო იგი განხილვიდან. ეს კანონპროექტი სიღრმისეულად ეწინააღმდეგება მთავრობის გამოცხადებულ სურვილს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრირების მიმართ და აშშ-საქართველოს 2009 წლის სტრატეგიული პარტნიორობის წესდების სულისკვეთებას, რომელსაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა თქვენს ქვეყანაში რუსული ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, კიდევ ერთხელ გაიტანოს ეს საზიანო კანონპროექტი და კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ვალდებულება, გააფართოოს დემოკრატია და ეკონომიკური თავისუფლება, დაიცვას უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა, გააძლიეროს კანონის უზენაესობა და პატივი სცეს წესდებით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებების დაცვას.

„უცხოური აგენტების“ კანონის რეალური საბაბია ის, რომ დაამყაროთ კონტროლი პარტნიორებზე, რომლებიც ათწლეულობის მანძილზე მუშაობდნენ ქართველი ხალხის გვერდით მათი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მარტივად რომ ვთქვათ, კანონის მიღება ძირს უთხრის ქართველი ხალხის ნებას, როლიც მომავალს დასავლეთში ეძებს. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი აშშ-ის კანონმდებლობაზეა დაფუძნებული, ამის ნაცვლად, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ვლადიმერ პუტინის მიერ 2012 წელს შემოთავაზებულ „უცხოური აგენტების“ კანონის მსგავსებაზე, რომელიც ასევე გამჭვირვალობის მიზნით იყო მიღებული. როგორც იცით, მას შემდეგ, ამ კანონს ვლადიმერ პუტინი და მისი ავაზაკები იყენებენ ოპოზიციის გასაქრობად, რამაც დაასრულა რუსეთის დაღმასვლა საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმში. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველ ხალხს უფრო დემოკრატიული მომავალი სურთ და ისინი ამას იმსახურებენ. ამ კანონის მიღება იქნება რუსული მავნე გავლენის გაფართოება საქართველოში“, – აღნიშნულია წერილში.

ამასთან, როგორც კონგრესმენები წერილში აღნიშნავენ, ასევე ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა, რომელიც ამ კანონს ახლავს.

„ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა ამ კანონპროექტის ირგვლივ. 29 აპრილს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ „დასჯის“ ოპოზიციას ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნისას მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამო. ბატონმა ივანიშვილმა გამოსვლაში ასევე ახსენა, რომ შეერთებული შტატები და პარტნიორები ევროპაში ცდილობდნენ, ძირი გამოუთხარონ საქართველოს სუვერენიტეტს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტს თქვენი დამოუკიდებლობის მომენტიდან, მათ შორის 16 წლის შემდეგ, რაც რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და დაიპყრო თქვენი ქვეყნის ნაწილები 2008 წელს. ჩვენ ვგმობთ ბატონი ივანიშვილის ამ შეურაცხმყოფელ და სასტიკ განცხადებებს.

ჩვენი შეშფოთება მხოლოდ გაძლიერდა კანონპროექტის ხელახალი შემოტანის წინააღმდეგ მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე თქვენი მთავრობის პასუხის გამო. ჩვენ გვაქვს ცნობები ათობით მომიტინგეზე, მათ შორის ამერიკელ მოქალაქეებზე, რომლებიც ქუჩიდან გაიტაცეს და რომლებიც პოლიციელებმა სცემეს. გასულ კვირას ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ასევე თქვენი პარლამენტის მოქმედი წევრია, თბილისის ქუჩებში ხელისუფლების სპეცრაზმმა სცემა. საინტერესოა, რომ რუსეთის პროპაგანდისტმა და ფაშისტურმა იდეოლოგმა, ალექსანდრე დუგინმა განაცხადა, რომ საქართველო სწორ მიმართულებაზეა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მხარს უჭერს კანონს. ის, რომ თქვენმა ქმედებებმა გამოიწვია თქვენი ქვეყნის ახლო პარტნიორების მხრიდან დაგმობა და იმ ქვეყნისგან შექება, რომელსაც თქვენი სუვერენული ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, უნდა იყოს ნათელი ინდიკატორი, რომ თქვენ საქართველოს არასწორ გზაზე აყენებთ“, – ვკითხულობთ წერილში.

წერილის თანახმად, კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში, კონგრესმენები მოხარული იქნებიან, გაიმართოს პირდაპირი მოლაპარაკებები სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურების მიზნით.

„სიტუაცია საქართველოში ნათელია. მთავრობას შეუძლია, აირჩიოს, მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმას ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსეთის სტილის ავტორიტარიზმისკენ. ეჭვგარეშე ვაცხადებთ, რომ ამ გზის არჩევა გამოიწვევს შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ურთიერთობის ხასიათის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ავტორიტარული მოქმედება ბელარუსში და 2004-ში ორპარტიულად მიიღო ბელარუსის დემოკრატიის აქტი, ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ შემდგომ თავდასხმებს საქართველოს აყვავებულ, ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ის იმსახურებს. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ხელს უშლის ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარული ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურების მიზნით. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ეს დამაზიანებელი კანონმდებლობა არ გაუქმდება, ჩვენ შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების წახალისებაში, მათ შორის, აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის თაობაზე, შეერთებულ შტატებში სავიზო რეჟიმის გაფართოებისა და ფინანსური სანქციების ჩათვლით მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე“, – ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო