ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანაში მობილიზაციის გამოცხადება არ იგეგმება
23 სექტემბერი, 2022
ბელარუსი მხოლოდ მაშინ იომებს, როდესაც საკუთარი სახლ-კარისა და მიწის დაცვა გახდება საჭირო. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბელარუსში არავითარი მობილიზაციის გამოცხადება და ქვეყნის ომში ჩართვა არ იგეგმება.
მანამდე ჟურნალისტებთან შეხვედრისას ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ოპონენტები ცდილობენ რაღაც ხელმოსაჭიდის მოძებნას და მათ შორის, ავრცელებენ ხმებს, თითქოს რუსეთის მსგავსად მობილიზაციას ბელარუსიც გამოაცხადებს. "ეს ტყუილია. არავითარი მობილიზაცია არ იქნება, ჩვენ ამას არ ვგეგმავთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსი აუცილებლად მოახდენს რეაგირებას შესაძლო საფრთხეებზე, ტერორისტული აქტების ჩადენის მცდელობებზე. ამასთან დაკავშირებით, მისი თქმით, ქვეყანაში რეგულარულად ტარდება სხვადასხვა სწავლებები, იმისათვის, რომ ხალხმა იცოდეს თავისი მოვალეობები და ჰქონდეთ აუცილებელი სამხედრო უნარები.