ალექსანდრ ვუჩიჩი - როგორ ავუხსნა ხალხს, რომ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს და მაგალითად, არა სლოვენიას? რუსეთს არ დაურღვევია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, სლოვენიამ კი - დაარღვია
4 სექტემბერი, 2022

"როგორ ავუხსნა ხალხს, რომ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს და არა სლოვენიას? რუსეთს არ დაურღვევია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ეს სლოვენიამ, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა გააკეთეს," – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. ინფორმაციას სერბული გამოცემა „ნოვოსტი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სერბეთის პრეზიდენტმა პასუხი გასცა სლოვენიელი ჟურნალისტის კითხვებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არ დაწესების შესახებ.
,,მაშინ, ხომ არ დავაწესოთ სანქციები სლოვენიის წინააღმდეგ? მე სლოვენია, რომელიც ჩვენთვის მეგობარი ქვეყანაა, მაგალითად მოვიყვანე, მაგრამ ეს ასევე ეხება საფრანგეთს და შეერთებულ შტატებს. გთხოვთ, დააყენოთ ოდესმე თავი ჩვენს ადგილას და დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა არის რეალობა. პრეზიდენტი პაჰორი [სლოვენიის პრეზიდენტი - ბორუტ პაჰორი] არის იმ მცირერიცხოვანთა შორის, ვისაც ჩვენი ესმის," – განაცხადა ვუჩიჩმა.
