ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ აქციები დასავლეთის მიერ არის მხარდაჭერილი და მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ნაწილია
სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს ალექსანდრ ვუჩიჩი ეხმაურება. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ეს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი აქციებია, რომლებიც მისი მმართველობის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის ნაწილია.
როგორც ვუჩიჩი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აქცია დემოკრატიული გზით ჩატარდა, ავტომაგისტრალზე მოძრაობის გადაკეტვა უმცირესობის მხრიდან უმრავლესობაზე ტერორი იყო.
„ეს ჰიბრიდული მიდგომის ნაწილია, რომელიც მიზნად ხელისუფლების დამხობას ისახავს. ჩვენ ყველაფერი დეტალურად ვიცოდით, თქვენ გგონიათ, ვინმე გააკვირვეთ? ყოველთვის თავშეკავებულები ვიყავით, ქვეყანაში წესრიგი პრობლემების გარეშე უზრუნველვყავით“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთში ლითიუმის მოპოვების წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ათობით ათასი ადამიანი ბელგრადის ქუჩებში გავიდა. მოქალაქეები ევროპაში ლითიუმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაღაროს გახსნას ეწინააღმდეგებიან. მათ მიაჩნიათ, რომ პროექტის დაწყებით სერბეთის დასავლეთ რეგიონში, ჯადარში დაბინძურდება როგორც მიწა, ასევე წყალი. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს რკინიგზის ორი სადგური.