ამერიკელი ექსპერტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საქმეში უნდა ჩაერთოს, საქართველოშია - თბილისში ასევე ჩამოვა შვეიცარიელი ექსპერტი
28 აგვისტო, 2022
ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, უახლოეს საათებში საქართველოში ასევე ჩამოვა შვეიცარიელი ექსპერტი, მომდევნო დღეებში კი ქვეყანაში კიდევ ორ ამერიკელ სამედიცინო ექსპერტს ელოდებიან. მათ ასევე დაემატება ერთი ექსპერტი, რომელიც დისტანციურად იმუშავებს.
საქართველოში ახლახან ჩამოსული ამერიკელი ექსპერტი უკვე შეხვდა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს.
„მათი მიზანია, რომ ქართველ ექსპერტებთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთონ და საბოლოო ჯამში დაწერონ სასამართლოს სამედიცინო ფსიქიატრიული დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მაღალ დონეზე იქნა აწეული ჩემს მიერ ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან, არ გაჩენილიყო ზედმეტი კითხვები ექსპერტიზის პროფესიონალიზმის და მიკერძოებულობის შესახებ. მოგეხსენებათ, საქართველო გაყოფილია ორ ნაწილად, რაც ხელს უშლის სამართალწარმოებას და სამართლიანობის პრინციპს - რათა ეს პრინციპი ყოფილიყო დაცული, მოვიწვიეთ მსოფლიოში ყველაზე მეტად ავტორიტეტული ექსპერტები“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
უცხოელი სამედიცინო ექსპერტები კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილს ხვალ მოინახულებენ და საქართველოში სულ მცირე 3 დღით დარჩებიან. უახლოეს დღეებში მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლებთან, რომელთაც პატიმრობაში მყოფი მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა უკვე მოამზადეს.
გარდა ამისა, უცხოელი ექსპერტები გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან შეხვედრას.
ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ორ სამედიცინო ექსპერტზე უწყებას თანხმობა გაცემული აქვს.