ანრი ოხანაშვილი - როცა საქმიანი ფორმატის ნაცვლად პოლიტიკური შოუს ელემენტებს გვთავაზობენ, ეს საწყისშივე ეწინააღმდეგება ევროპული კომისიის პირველივე პუნქტს - დეპოლარიზაციას
18 ივლისი, 2022
ეს არის მაგიდის აყირავება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის - როცა საქმიანი ფორმატის ნაცვლად პოლიტიკური შოუს ელემენტებს და პოლიტიკურ ტრიბუნას გვთავაზობენ, ეს საწყისშივე ეწინააღმდეგება ევროპული კომისიის პირველივე პუნქტს - დეპოლარიზაციას,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც რიგგარეშე სესიის მოთხოვნის საკითხს გამოეხმაურა. ოხანაშვილის თქმით, საკითხზე დღეს ბიუროს სხდომაზე მოუწევთ მსჯელობა, თუმცა, როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, რიგგარეშე სხდომის გამართვა დეპოლარიზაციის გეგმას ეწინააღმდეგება და მასში მონაწილეობას არ აპირებენ. „ჩვენ სამუშაო ფორმატიდან როგორც კი საჭიროება იქნება გადავინაცვლებთ საკომიტეტო, შემდგომ კი პლენარული სხდომის ფორმატში. ვერავინ დაგვასწრებს კომიტეტებისა თუ პლენარული სხდომის მოწვევას. კომიტეტებიც ჩატარდა და შეგიძლიათ ნახოთ, რომ მას ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, ეს არის საბოტაჟი ხალხის ნების წინააღმდეგ, ოპოზიცია რომ ასეთ რეჟიმში ცდილობს პროცესის გადაყვანას, ეს არის მაგიდის აყირავება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის. ოპოზიცია ნაცვლად იმისა, რომ სამუშაო პროცესში იყოს ჩართული და ჩვენთან ერთად აკეთებდეს იმ საქმეს, რაც საჭიროა ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის და ხალხის არჩევანის პატივისცემისთვის, როცა საქმიანი ფორმატის ნაცვლად პოლიტიკური შოუს ელემენტებს და პოლიტიკურ ტრიბუნას გვთავაზობენ, ეს საწყისშივე ეწინააღმდეგება ევროპული კომისიის პირველივე პუნქტს - დეპოლარიზაციას, ამიტომ ჩვენი ამ პროცესში მონაწილეობა ნიშნავს და უდრის პოლარიზაციის გაღრმავებას, ამიტომ ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა რომ მივიღოთ, რომელიც რეკომენდაციების პირველივე პუნქტის საწინააღმდეგოა, ეს არ შეესაბამება დეპოლარიზაციის გეგმას. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის, თუ შემოგვიერთდებიან, კარი ღიაა,"- განაცხადა ოხანაშვილმა. ცნობისათვის, პრეზიდენტმა ოპოზიციის მოთხოვნა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან მოიწვია.