ანრი ოხანაშვილი რიგგარეშე სესიაზე - „ქართული ოცნება“ შოუში მონაწილეობას არ აპირებს
15 ივლისი, 2022
„ქართული ოცნება“ შოუში მონაწილეობას არ აპირებს - ძალიან რბილად რომ შევაფასოთ, ეს არის სრულიად ალოგიკური, არათანმიმდევრული და შეუსაბამო 12-პუნქტიან გეგმასთან და მის სულისკვეთებასთან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შეფასებისას განაცხადა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, რიგგარეშე სესია ჩატარდება მაშინ, როგორც კი ამის ობიექტური საჭიროება იქნება, რათა „სამუშაო პროცესიდან საკომიტეტო და პლენარულ ფორმატზე გადავიდნენ“.
„12 პუნქტიდან პირველი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა მხარეებმა დეპოლარიზაციაზე იმუშაონ. ამის მთელი არსი ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ, ერთმანეთთან დასხდომა, მუშაობა, საკითხების განხილვა და მომზადება. მივიღეთ რა - საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თვითონ საუბრობს ხოლმე შერიგებაზე, დეპოლარიზაციაზე, ახლა არის ინსტრუმენტი და ხელს უწყობს, რომ ამ ყველაფერმა, იმის მიუხედავად, რომ საკითხებს, რომელიც ჯერ ჩვენ უნდა განგვეხილა მრგვალ მაგიდასთან, გვემსჯელა და ისე გაგვეტანა პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური სახე მიიღოს და მხარეებს მიეცეთ პოლიტიკური ტრიბუნა, რათა პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს.
პოლიტიკური შეფასება ყველას მხრიდან გაკეთებულია იმის შესახებ, რომ გვაქვს 12 პუნქტი და ის არის შესასრულებელი, ამას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა. როგორც კი დაგვჭირდება ამ 12 პუნქტიდან გამომდინარე საკითხებზე სესია, ამას ვერავინ დაგვასწრებს, რადგან ეს საქმეზეა დამოკიდებული, ეს მოცემულობა გვაქვს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს. ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და ველოდებით ოპოზიციას მომდევნო კვირას, ანტიოლიგარქიული საკითხების განხილვისთვის შესაბამის ფორმატში“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. კითხვაზე, პლენარული სესიის მიუხედავად, ჩატარდება თუ არა საკომიტეტო სხდომები, ოხანაშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ პროცედურებზე მმართველი გუნდის პოზიცია ოფიციალურად დაფიქსირდება. „პროცედურებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დაფიქსირდება, თუმცა „ქართული ოცნება“ არ აპირებს ამ შოუში მონაწილეობას. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, ვმუშაობთ თითოეულ პუნქტზე, მათ შორის ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან ერთად, ვინც იღებენ მონაწილეობას 12 პუნქტის შესახებ სამუშაო პროცესში. გვქონდა სასამართლოსთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით შეხვედრა, მომდევნო კვირას გვექნება შეხვედრა შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან, რომლებიც მითითებულნი არიან 12 პუნქტიან გეგმაში, ასევე ანტიოლიგარქიულ კანონთან დაკავშირებულ საკითხზე; ვგეგმავთ ივლისშივე სასამართლოსთან დაკავშირებით მეორე შეხვედრას. ეს არის საქმიანი და არა შოუს ფორმატი. სამწუხაროდ, ამის ინსტრუმენტალიზაცია ხდება საქართველოს პრეზიდენტის ხელით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.