არქიმანდრიტი ეფრემი პატრიარქზე - დიდი მოთმინების ბოლოს ღმერთისგან უზომოდ დიდი მადლი მიიღო. 45 წელი ასე მართავს საქართველოს ეკლესიას
18 სექტემბერი, 2022
საქართველოს პატრიარქმა იმდენი მოთმინება გასწია, რაც არავის გაუწევია. ამიტომაც, ღმერთმა ძალიან დიდი მადლი მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც პირველად უწმინდეს ილია მეორეს შეხვდა, მიხვდა, რომ იგი განსაკუთრებული ადამიანია. არქიმანდრიტის განმარტებით, პატრიარქმა ბევრი დაითმინა, რის გამოც ღმერთისგან უზომოდ დიდი მადლი მიიღო. საუბრისას მან იოსებ ისიხასტის სიტყვები მოიშველია, რომ ძალაგამომცლელი მოთმინების ბოლოს, აშკარად გამოჩნდება ხოლმე უფლის მადლი და პატრიარქის შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს საქმე.
„დიდი მოთმინების ბოლოს ღმერთისგან უზომოდ დიდი მადლი მიიღო. 45 წელი ასე მართავს საქართველოს ეკლესიას. მან იმდენი მოთმინება გასწია, რაც არავის გაუწევია. ამიტომაც, ღმერთმა ძალიან დიდი მადლი მისცა. სხვებიც ამბობენ და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთის ნამდვილი მონაა. ღმერთის კაცია! სხვებისგანაც მესმის, რომ გამოცხადებები აქვს, ღმერთისგან უწყებები და ის, რაც შევამჩნიე კიდევ - მის ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს“, - განაცხადა არქიმანდრიტმა ეფრემმა.