აშშ-ის კონგრესში ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პირველი მოსმენა გაიმართა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც რესპუბლიკური პარტია უმრავლესობას ფლობს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის გამოძიების ფარგლებში პირველი მოსმენა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მიერ იმპიჩმენტის პირველადი მოსმენა ემსახურებოდა იმ მტკიცებულებების მიმოხილვას, რომლებიც "რესპუბლიკელებმა" ბაიდენის ვაჟის ჰანტერ ბაიდენის ბიზნეს საქმიანობის შესახებ აქამდე შეაგროვეს.
„ამერიკელი ხალხი ითხოვს პასუხისმგებლობას კორუფციისთვის“, - განაცხადა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს კომერმა. მისი თქმით, ბაიდენმა ოჯახის წევრების საქმიანი ურთიერთობების შესახებ იცრუა და ოფიციალური მოვალეობების შესრულების პერიოდშიც არ შეუზღუდა ისინი.
ჩვენების მისაცმად სასამართლო-ბუღალტრული ექსპერტი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და სამართლის ორი პროფესორი გამოიძახეს.
ჯეიმს კომერმა წარმოადგინა ჩინეთის მოქალაქეების მიერ 2019 წელს ჰანტერ ბაიდენისთვის გადარიცხული თანხების მონაცემები, სადაც მიმღების გრაფაში ჯო ბაიდენის დელავერის სახლის მისამართი იყო მითითებული. თუმცა, როგორც მედია იუწყება, "რესპუბლიკელებმა" ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ თანხა ნამდვილად ჯო ბაიდენმა მიიღო.
ასევე, როგორც მედია წერს, წინა თვეების განმავლობაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ჩატარებულმა გამოძიებებმა ვერ მოიპოვა ბაიდენის მხრიდან არასათანადო ქცევის მტკიცებულება.
მედიის ინფორმაციით, რესპუბლიკელებს ჰანტერ ბაიდენისა და აშშ-ის პრეზიდენტის ძმის, ჯეიმსის პირად და საბანკო ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება სურთ.