აშშ-ის პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა
16 ივლისი, 2022
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა. ბაიდენმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან ოფიციალური შეხვედრა გამართა, რა დროსაც პრინცს განუცხადა, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას საუდის არაბეთის ხელისუფლებას აკისრებს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეხვედრისას საუდის არაბეთის პრინცმა მკვლელობასთან კავშირი უარყო და აღნიშნა, რომ დამნაშავეებს პასუხი აგებინა.
ამასთან, როგორც ცნობილია, ლიდერების საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა არაბეთის ნახევარკუნძულის უსაფრთხოება იყო, რა დროსაც ბაიდენმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთისა და ისრაელის თანამშრომლობის გაღრმავება აუცილებელია ირანისგან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის განმავლობაში ეს ახლო აღმოსავლეთში ჯო ბაიდენის პირველი ოფიციალური ვიზიტია.