პრაღაში ჩეხეთის მთავრობის, ევროკავშირის და ნატო-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა
3 სექტემბერი, 2022

ჩეხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო ტალღას დაახლოებით 70,000 ადამიანი შეუერთდა. ისინი მმართველ კოალიციას მოუწოდებენ, უფრო მეტი გააკეთოს მზარდი ენერგო ფასების გასაკონტროლებლად და ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ თავიანთ ოპოზიციურ განწყობას გამოხატავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დემონსტრაციის ორგანიზატორების თქმით, ცენტრალური ევროპის მოსახლეობა ნეიტრალური უნდა იყოს სამხედრო თვალსაზრისით, ხოლო ენერგო მომწოდებლებთან, მათ შორის რუსეთთან, პირდაპირი ხელშეკრულებები უნდა გააფორმონ.
"ჩვენი საპროტესტო აქციის მიზანი არის მოვითხოვოთ ცვლილებები, უმეტესად, ენერგორესურსების (პირველ რიგში, დენის და გაზის) გაზრდილი საფასურის პრობლემის მოსაგვარებლად. შემოდგომაზე ჩვენს ეკონომიკას ეს უბრალოდ გაანადგურებს", - განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჯირი ჰაველმა iDNES.cz -თან საუბრისას.
საპროტესტო აქცია ვაცლავის მოედანზე, ქალაქის ცენტრში გაიმართა. აქციამდე ერთი დღით ადრე მთავრობა უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა, იმის პარალელურად, რომ ოპოზიცია მას ინფლაციასა და ენერგორესურსების ფასებთან მიმართებით უმოქმედობაში ადანაშაულებს.
კენჭისყრამ აჩვენა, თუ რამდენად აძლიერებს პოლიტიკურ არასტაბილურობას ევროპის ენერგეტიკული კრიზისი - გაზრდილმა ფასებმა ქვეყანა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე ინფლაციის არნახულ მაჩვენებლამდე მიიყვანა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ, რომელიც მემარჯვენე-ცენტრისტულ, ხუთპარტიულ კოალიციას ხელმძღვანელობს განაცხადა, რომ "საპროტესტო აქციის მონაწილეები არ მოქმედებენ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი პრორუსული განწყობების და ექსტრემისტულ პოზიციებთან ახლოს მდგომნი არიან".
პოლიციის შეფასებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა შუადღისთვის დაახლოებით 70 000-მდე იყო.
