ბასილაშვილმა ნავსი გატეხა - ქართველმა ჩოგბურთელმა პარიზის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხანგრძლივი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. 30 წლის ბასილაშვილმა პარიზის მასტერსზე მასპინძელი ქუენტინ ჰალისი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ ჩოგანს ბოლო 10 მატჩში 9 მარცხი ჰქონდა და ის ერთი გამარჯვებაც ზიზუ ბერგსის ტრავმის წყალობით იზეიმა. აღნიშნულ შეხვედრებში ქართველ ჩოგბურთელს სეტიც კი არ ჰქონია მოგებული.
შეიძლება ითქვას, რომ ბასილაშვილს ბოლო პერიოდში საუკეთესო თამაში ჰქონდა, რაც შედეგშიც აისახა. ქართველმა სპორტსმენმა ორ სეტში ანგარიშით 6:3, 6:4 გაიმარჯვა.
მატჩი საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზს 2 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, 5-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება არ წაუგია. ქართველი ჩოგბურთელი შემდეგ შეხვედრას იტალიელი ლორენცო მუსეტის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც თავის მხრივ, პირველ წრეში ხორვატი მარინ ჩილიჩი დაამარცხა.