ბათუმში შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმის რაფსოდია” დაფუძნდება
9 აგვისტო, 2022

2022 წლის 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში, საზაფხულო თეატრსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმის რაფსოდია” დაფუძნდება. მის ფარგლებში გაიხსნება საერთაშორისო საოპერო კონკურსი – “ოპერის ოქროს ხმა”, რომელიც მიზნად ისახავს განსაკუთრებული მონაცემებითა და ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა ვოკალისტების გამოვლენას და მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობას. კონკურსი სავარაუდოდ ყოველწლიური იქნება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ 18-35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მომღერლებს მთელი მსოფლიოდან.
კონკურსის დამფუძნებელი და პრეზიდენტია მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო, თამარ ივერი. ფესტივალიც და კონკურსიც, პირველად, ორი წლის წინ – 2020 წელს უნდა გახსნილიყო, მაგრამ, გლობალურმა პანდემიამ თარიღის კორექტირება გამოიწვია.
საერთაშორისო ჟიური 9 წევრისაგან შედგება, რომელთა შორის არიან: ნიუ-იორკის ოპერის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი - კონსტანტინე ორბელიანი, მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი, სოპრანო - მაყვალა ქასრაშვილი, ცნობილი საოპერო მენეჯერი - ალესანდრო არიოზი, ბერლინის “დოიჩე ოპერა”-ს გენერალური დირექტორის მოადგილე კასტინგის საკითხში - ვივიანა ბარიოსი და საოპერო სამყაროს სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები. ჟიურის თავმჯდომარე კი მეტროპოლიტან ოპერის ლინდემანის ახალგაზრდა შემსრულებლის განვითარების პროგრამისა და ლაფონტის კონკურსის აღმასრულებელი დირექტორი - მელისა ვეგნერი იქნება.
კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი, წოდება „ოპერის ოქროს ხმა”-სთან ერთად - 7,000 ევროთი დაჯილდოვდება, მეორე ადგილის საპრიზო ფონდი - 5,000 ევრო, მესამე ადგილისთვის კი - 3,000 ევროა.
კონკურსში მონაწილეობაზე აპლიკანტების განაცხადის მიღება და რეგისტრაცია წარმოებს 2022 წლის 15 აგვისტომდე. კონკურსის დასკვნითი, მესამე ტური და საზეიმო დახურვის ცერემონია 30 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის სამინისტრო და სავაჭრო პალატა.

