ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
28 სექტემბერი, 2022
ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ბელარუსის პრეზიდენტი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.
თავის მისალმებაში ბჟანიამ ლუკაშენკოს "დიდი ხნის ნანატრი და ძალიან სასურველი სტუმარი" უწოდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ 1996 წლის იანვარში, დსთ-ს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოში, სწორედ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოვიდა ომის შემდგომი აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის წინააღმდეგი.
ლუკაშენკოს თქმით, მან რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილა.
"გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და მივედით იმ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს მიწა და ხალხი, ვინც აქ არის, ნორმალურად ცხოვრობდეს“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
მისივე განმარტებით, აფხაზეთში მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება.
„ჩვენ ჩვეულებრივი ვითარება გვაქვს. თქვენს მსგავსად, ჩვენც მშვიდობიანი, კეთილი და შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვინდა მშვიდი ცხოვრება. ხოლო, ეკონომიკა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩვენი ურთიერთობის საფუძველი უნდა გახდეს", - აღნიშნა ლუკაშენკომ.
"მე გამოცდილი ადამიანი ვარ, ბევრი წელია პოლიტიკაში ვმოღვაწეობ. დავილაპარაკოთ, მოვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ სამომავლოდ. მთავარია, რომ ხალხი აქ ღირსეულად ცხოვრობდეს, იმიტომ, რომ ეს არის სამოთხე დედამიწაზე. ამიტომ, ჩვენ გვსურს დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრული, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები", - დასძინა ბელარუსის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ ბელარუსი და რუსეთი კოორდინაციას უწევენ თავიანთ ქმედებებს.
"რუსეთი მზად არის, დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. ამისი დრო, ალბათ, დადგა. დღეს, ისე როგორც არასდროს, დავინახეთ, როგორი გახდა სამყარო. ჩვენ არ მოგვცემენ მშვიდი ცხოვრების საშუალებას. ამიტომ, ჩვენს მეგობრებთან უნდა გავამყაროთ ურთიერთობები", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ასლან ბჟანიას განმარტებით, ვითარებას ისინიც "ყურადღებით აკვირდებიან".
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მსოფლიოში შექმნილ ვითარებას. ეს თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. ალბათ, თქვენ იცით იმის შესახებ, რომ ჩვენი მოქალაქეები დონბასში იბრძვიან. სამწუხაროდ, მათ შორის არის მსხვერპლიც", - განაცხადა ბჟანიამ.
ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.