ბიზნესმენი დავით ხიდაშელი „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შესაძლო შეძენის შესახებ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს
25 ივლისი, 2022
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შესაძლო შეძენის შესახებ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
დავით ხიდაშელს „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა, თუმცა შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მის მიერ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია, ხიდაშელმა პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა. ბიზნესმენმა ერთი მხრივ აღნიშნა, რომ საქართველოში 47 პროექტი აქვს დაგეგმილი და ყველა მათგანს ბოლომდე მიიყვანს, მეორე მხრივ კი განაცხადა, რომ მის მიმართ „ჩირქის მოცხების უსაფუძვლო მცდელობებს აქვს ადგილი“.
„საქართველოში დაგეგმილი მაქვს 47 პროექტი. რამდენი ტყუილიც არ უნდა წერონ ჩემზე, ვინც არ უნდა ეცადოს დეზინფორმაციის გავრცელებას ან ჩემ შეჩერებას, მაინც მივიყვან ბოლომდე ყველა პროექტს.
მე პოლიტიკაში არ ვიღებდი, არ ვიღებ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით. მე ვარ ქართველი და ვცდილობ, დავეხმარო საქართველოს საზღვრების აღდგენა-გასწორებაში. საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ.
რაც შეეხება ტყუილებით და უსაფუძვლო დაბრალებით ჩირქის მოცხების მცდელობებს ჩემ მიმართ, ისეთი დაუცველი დემოკრატია შექმენით მანდ, რომ ჩივილსაც აზრი არ აქვს - რასაც უნდა იძახიან და წერენ, ენას ძვალი არ აქვსო რომ იტყვიან.
ამ ჩემ პასუხსაც დაამახინჯებენ, მიაბამენ რამეს და ისე გააშუქებენ, ეჭვი არ მეპარება“, - განუცხადა ხიდაშელმა „ინტერპრესნიუსს“ და სააგენტოს დამაზუსტებელ კითხვაზე, მისი მხრიდან დეზინფორმაციის ხსენება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ბანკის შეძენის თაობაზე ინფორმაციას არ ადასტურებს, აღნიშნა: „წინასწარ ლაპარაკი ტრაბახის ტოლფასია. შეგატყობინებთ როგორც გავაკეთებ ან შევიძენ რამეს“.