Bloomberg - დასავლეთი 1949 წლის შემდეგ ყველაზე უარესი კრიზისის ზღვარზეა
25 სექტემბერი, 2022
დასავლეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკები, ინფლაციის მაღალი ტემპის შეჩერების პროცესში, საპროცენტო განაკვეთებს ზრდიან. ამით კი სახელმწიფო ობლიგაციების კოლაფსს იწვევენ. ამის შესახებ Bloomberg წერს.
სუვერენული ობლიგაციების ბაზარი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ცუდ მაჩვენებელზეა, რაც კი 1949 წლის შემდეგ ყოფილა. მაშინ ევროპა მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებიდან იწყებდა აღორძინებას. ამის შესახებ Bank of America-ს ექსპერტები აცხადებენ.
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და დასავლეთის სხვა ცენტრალურმა ბანკებმა შეწყვიტეს საბაზო საპროცენტო განაკვეთის ნულის ფარგლებში შენარჩუნება ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით, როგორც ისინი ამას პანდემიის პერიოდში აკეთებდნენ. Bloomberg-ი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ შემობრუნებამ იქონია დიდი გავლენა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ეკონომიკისთვის ბოლო სერიოზული დარტყმა გახდა ამერიკული მარეგულირებლის მიერ მიმდინარე კვირაში მიღებული გადაწყვეტილება საბაზისო საპროცენტო განაკვეთის გაზრდის შესახებ.
ოთხშაბათს აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, სექტემბრის შემაჯამებელი შეხვედრის შედეგად, საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით - წლიურ 3-3,25%-მდე გაზარდა. მიმდინარე წლის მაისიდან მოყოლებული, მზარდი ინფლაციის შეკავების მცდელობის მიზნით, მარეგულირებელმა განაკვეთები უკვე სამჯერ გაზარდა.