ბორის ჯონსონი - თუ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაში, რევანშისტული თავდასხმებისთვის ახალ სამიზნეებს იპოვის - ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, მეზობლები დაშალონ
4 ივლისი, 2022
ჩვენ ყველას გვესმის, რომ თუ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაში, ის, თავისი რევანშისტული თავდასხმებისთვის ახალ სამიზნეებს იპოვის , - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატისთვის მიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა მოკავშირეებთან გაერთიანება, რათა უკრაინამ პუტინის აგრესიასთან ბრძოლაში გაიმარჯვოს.
"ჩვენი უშუალო პრიორიტეტი, ჩვენს მოკავშირეებთან შეერთებაა, რათა უკრაინამ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ მამაც ბრძოლაში გაიმარჯვოს", - განაცხადა ჯონსონმა.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ მადრიდში ნატო-ს სამიტმა "ალიანსის ერთიანობისა და ერთსულოვნების ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რათა მხარი დაუჭიროს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება".
"ჩვენ ყველას გვესმის, რომ თუ პუტინი არ გაჩერდება უკრაინაში, ის, თავისი რევანშისტული თავდასხმებისთვის ახალ სამიზნეებს იპოვის და ჩვენ რაიმე აბსტრაქტულ იდეალებს არ ვიცავთ, არამედ ვიცავთ მშვიდობიანი სამყაროს პირველ პრინციპს, რომელიც არის ის, რომ დიდ და ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ მათი მეზობლები დაშალონ და თუ ოდესმე ეს იქნება დაშვებული, მაშინ არცერთი ერი, არსად იქნება უსაფრთხოდ", - დასძინა ჯონსონმა.