ბორის ჯონსონი დღეს სავარაუდოდ თანამდებობას დატოვებს
7 ივლისი, 2022
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს სავარაუდოდ თანამდებობიდან გადადგება.
ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ჯონსონის პრესმდივანი აცხადებს, რომ პრემიერი დღეს განცხადებას გააკეთებს.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯონსონი დღეს „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარეობას დატოვებს, პრემიერის პოსტს კი შემოდგომამდე შეინარჩუნებს.
მანამდე, ბორის ჯონსონის ყოფილმა მრჩეველმა, დომინიკ ქამინგსმა განაცხადა, რომ კაბინეტის მდივანი ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევის პროცესს უწევს ორგანიზებას.
ამ დროის მონაცემებით, ბორის ჯონსონის ადმინისტრაცია 57-მა წევრმა დატოვა.
ამასთან, დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმაც აღნიშნა, რომ წყვეტს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერას, თუმცა თანამდებობიდან არ გადადგება.