ბორჯომში მხრჩოლავი კერების ქრობის პროცესი გრძელდება
31 აგვისტო, 2022
ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მხრჩოლავი კერების ქრობის პროცესი კვლავ გრძელდება.
რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენიმე მეხანძრეა ამ დროისთვის ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული ან კვლავ გრძელდება თუ არა სამუშაოებში თურქეთიდან გამოგზავნილი ვერტმფრენების გამოყენება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ აკონკრეტებენ.
აღსანიშნავია, რომ უწყების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში 19 აგვისტოს გაჩნდა. ტყის მასივში ხანძრის რამდენიმე კერა გავრცელდა, თუმცა კონკრეტულად რა ფართობია დამწვარი, ჯერჯერობით უცნობია.