Bosch რუსეთში თავის ქარხნებს ყიდის
22 აგვისტო, 2022

გერმანული საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი, Bosch რუსული ქარხნებისთვის მყიდველს ეძებს. ექსკლუზიურ ინფორმაციას „კომერსანტი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, აქტივებით უკვე რამდენიმე რუსი საცალო მოვაჭრე დაინტერესდა, თუმცა ისინი მოთხოვნილი ფასით არ დაკმაყოფილდნენ. ბაზრის მონაწილეების შეფასებით, ქარხნები შეიძლება, 4,4 მლრდ რუბლამდე (75 მლნ ევრომდე) დაჯდეს, ხოლო ყველაზე სავარაუდო მყიდველებად ჩინელ ან თურქ მოვაჭრეებს ასახელებენ.
გერმანული Bosch-ის რუსული სტრუქტურა მაცივრებსა და სარეცხ მანქანებს აწარმოებს. ელექტრონიკის რუსული ბაზრის წყარომ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ კომპანია მყიდველს სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, სოფელ სტრელნაში მდებარე ორი ქარხნისთვის ეძებს. საწარმოები კომპონენტების უმეტესობას ევროკავშირიდან იღებდა. გამოცემის თანამოსაუბრის შეფასებით, სამუშაო მდგომარეობაში ქარხნების ღირებულება 65-75 მლნ ევროს (3,8-4,4 მლრდ რუბლს) შეადგენს. თუმცა ამჟამად, როცა წარმოება გაჩერებულია, ქარხნები ბევრად იაფად იყიდება. წყაროს ცნობით, საწარმოები Bosch-ის ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. თუმცა კომპანია რუსულ სიმძლავრეებისგან მოგებას ვეღარ იღებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, მათ შორის აღჭურვილობისა და კომპონენტების მიწოდებაზე დააწესა, რის გამოც Bosch-მა მარტის დასაწყისში სანკტ-პეტერბურგთან ქარხნების მუშაობა შეაჩერა. მოგვიანებით რუსეთში Bosch-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გაჩნდა შეტყობინება, რომ ექსპორტის კონტროლის გამკაცრების გამო ქარხნები სრულად ვეღარ ფუნქციონირებენ და პროდუქციის მიწოდებას ვერ ახერხებენ.
„კომერსანტის“ ერთ-ერთი თანამოსაუბრე სავარაუდო მყიდველებს შორის ჩინური Midea-ს ასახელებს, რომელსაც, მისი თქმით, „დიდი ხანია, რუსეთში ლოკალიზება სურს.“ ასევე, სახელდება კიდევ ერთი ჩინური ბრენდი, Hisense.
Bosch რუსეთში 1994 წლიდან მუშაობს და წელიწადში მილიონზე მეტ მაცივარსა და სარეცხ მანქანას აწარმოებს. კომპანია, ასევე, ბრენდებს, Siemens-ს, Gaggenau-სა და Neff-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სერვისით უზრუნველყოფს.
Holodilnik.ru-ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ ნახევარში რუსეთში Bosch-ის მთლიანმა გაყიდვებმა მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის კატეგორიაში 540 ათასი მოწყობილობა, ხოლო 2022 წელს მხოლოდ 412 ათასი ერთეული შეადგინა. 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 18,7 მლრდ რუბლი (315 444 258 დოლარი), 2022 წელს კი 18,4 მილიარდი რუბლი (311 043 904 დოლარი) იყო. შემოსავლის 27%-ზე მეტი ჭურჭლის სარეცხი მანქანების, 12%-ზე მეტი ჩასაშენებელი ქურების, ხოლო 17% ღუმელების წილი იყო.
Citilink-ის ქსელში მსხვილ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდებს შორის 2022 წლის პირველ ნახევარში Bosch-მა, Gefest-ის, Beko-სა და Electrolux-ის შემდეგ, მეოთხე ადგილი დაიკავა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
