ბრიტანეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების გამართვისთვის რუსეთს სანქციები დაუწესა
26 სექტემბერი, 2022

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ფედერაციას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების გამართვისთვის სანქციები დაუწესა. კერძოდ, ე.წ. შავ სიაში 92 ფიზიკური და იურიდიული პირი - მათ შორის ოთხი მილიარდერი მოხვდა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა სანქცირებული პირების ნაწილს უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზებასთან დაკავშირებულად მიიჩნევს, ნაწილი კი, მათი თქმით, ორგანიზაციულად ან ფინანსურად უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას.
სანქციები დაუწესდა სახელმწიფო კომპანია „გოზნაკს“. როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული კომპანია ოკუპირებული ტერიტორიებისთვის მილიონობით დოკუმენტს, მათ შორის რუსეთის პასპორტებს ბეჭდავს, რომლებსაც აღნიშნულ რაიონებში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს ურიგებენ.
სანქციები ასევე გავრცელდა პიარ სააგენტო „იმა-კონსალტინგზე“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა „პრეზიდენტ პუტინის საყვარელ სააგენტოდ" მოიხსენიებს. კომპანიამ სახელმწიფოს დაკვეთით ე.წ. რეფერენდუმების სარეკლამო კამპანია აწარმოა როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე
„ყალბი რეფერენდუმები, რომლებიც იარაღის მუქარით ჩატარდა, თავისუფალი ან სამართლიანი ვერ იქნება და ჩვენ მათ შედეგებს არასდროს ვაღიარებთ“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის, ჯეიმს ქლევერლის განცხადებაში.
სანქცირებულ პირებს შორის ასევე არიან უკრაინაში საოკუპაციო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, ასევე რამდენიმე ათეული პირი „გაზპრომბანკის“, „სბერბანკისა“ და „სოვკომბანკის“ ხელმძღვანელობებიდან.