ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლოა, 30 სექტემბერს გამოაცხადოს
27 სექტემბერი, 2022
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლა შესაძლოა, 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ყოველდღიურ მიმოხილვაში.
30 სექტემბერს იგეგმება რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტის ორივე პალატის წინაშე. ამჟამად, უკრაინის ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები ტარდება, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს.
ამასთან, რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება ახალი „ოლქის“ შექმნას გეგმავს, სადაც შევლენ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძული. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულ „ოლქში“ რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებულად შესაძლოა, ყოფილი ვიცე-პრემიერი, „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი დაინიშნოს.
უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. „რეფერენდუმებს“ უკანონოდ მიიჩნევენ და მათ შედეგებს არ აღიარებენ.