BTU-მ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ტექნოლოგიებში ქალების მხარდასაჭერად დასაქმების ფორუმი გამართეს
15 ივლისი, 2022
0-ზე მეტი ქართული თუ საერთაშორისო კომპანიისა და 300-ზე მეტი ქალი ბენეფიციარის მონაწილეობით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ დასაქმების მასშტაბური ფორუმი გამართეს. ფორუმის მიზანი ტექნოლოგიებში ქალების დასაქმების ხელშეწყობაა.
ფორუმი BTU-ს პროექტის „500 ქალი ტექში“ ნაწილია. პროექტის „500 ქალი ტექში“ ტექნოლოგიების სფეროში ქალების მეტ ჩართულობას ემსახურება. იგი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, 20-ზე მეტი ბიზნესკომპანიის ჩართულობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, პირველი ნაკადის მონაწილეებმა ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის ინტენსიური კურსები, კარიერული ბუთქემფი და მეწარმეობის შესახებ სემინარები გაიარეს, პრაქტიკული დავალებები შეასრულეს და ინდივიდუალურ მენტორინგში მონაწილეობა მიიღეს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ნინო ენუქიძის განმარტებით, ეს პროექტის პირველი ეტაპის დასასრულია და მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება.
„ჩვენი პროექტის დასახელება იყო „500 ქალი ტექში“, თუმცა დაინტერესების მასშტაბიდან გამომდინარე ჩვენ უკვე გვაქვს პროექტი „700 ქალი ტექში“ და რიცხვი მზარდია არსებული დაინტერესებიდან გამომდინარე. ეს გახლავთ უპრეცედენტო რაოდენობა ბენეფიციარებისა, რომლებიც დასაქმების ფორუმზე მაღალი დონის თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით არიან წარმოდგენილი. ისინი მზად არიან ტექნოლოგიურ კომპანიებში წარმატებით დასაქმდნენ. ტექნოლოგიური ცოდნის პარალელურად მათ აითვისეს უნარები, რომლებიც მარტივად დასაქმებაში დაეხმარებათ. მათ იციან, როგორ აწარმოონ მოლაპარაკება დამსაქმებელთან და, მეორე მხრივ, როგორ გახდნენ ფრილანსერები. ბენეფიციარების რაოდენობის პარალელურად იზრდება პარტნიორი კომპანიების რაოდენობაც. პროექტის საწყის ეტაპზე 10 პარტნიორი გვყავდა, ახლა კი დასაქმების ფორუმზე 50-ზე მეტი ტექნოლოგიური კომპანიაა წარმოდგენილი,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.
„500 ქალი ტექში“ პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება. UN Women - გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ანალიტიკოსის ლილი დოქიძის განმარტებით, ამ პროექტის საშუალებით ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ მნიშვნელოვნად გაზარდონ შემოსავლები.
„ტექნოლოგიური მიმართულება ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია. კვლევის თანახმად, 2026 წლისთვის ტექნოლოგიური სამუშაო ადგილები ოთხჯერ გაიზრდება. ეს კარგი ინდიკატორია მივხვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამ უნარების ათვისება, რათა შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ. პროექტის მიზანიც ის გახლავთ, რომ ქალებს მივცეთ საშუალება, დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს და შემოსავლები გაზარდონ. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში არ გვქონდა რეგიონული შეზღუდვა და ჩვენი ბენეფიციარების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ,“ - განაცხადა ლილი დოქიძემ.
მასშტაბური დასაქმების ფორუმის ფარგლებში ბენეფიციარების showcase - Pitch Yourself გაიმართა, სადაც მიმართულებების მიხედვით, პროექტის ბენეფიციარებმა სტანდარტული გასაუბრების ნაცვლად საკუთარი უნარები, დამსაქმებლების წინაშე წარადგინეს.
კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ქალებს ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე არსებული სხვადასხვა ვაკანსია და დასაქმების შესაძლებლობა გააცნეს. საგულისხმოა, რომ ბიზნესკომპანიების უმეტესი ნაწილი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და ამ პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში, ქალების გადამზადებას, სტაჟირებასა და დასაქმებას მუდმივად უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ დასაქმების ფორუმს ესწრებოდნენ ის უკრაინელი ქალები და გოგოები, რომლებიც საქართველოში უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ ჩამოვიდნენ და ახლა პროექტის ფარგლებში ციფრულ მარკეტინგსა და ციფრული პროდუქტის ტესტირებას სრული დაფინანსებით სწავლობენ.
პროექტის მეორე ნაწილი უახლოეს პერიოდში დაიწყება.