წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალესა და სოფელ ფახულანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალესა და სოფელ ფახულანის დამაკავშირებელი 8 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოში შესასვლელები.
დასრულებულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე ადგილზე გაეცნო.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შედეგად, სოფლების მოსახლეობისთვის გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდა.
რეაბილიტაციის დაწყებამდე გზა სრულად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. პროექტის განხორციელებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის გრძელვადიანი დადებითი სოციალური ეფექტი ექნება. ახალი გზა შეამცირებს მტვერს, ვიბრაციას, გამონაბოლქვსა და ხმაურს. გზის რეაბილიტაციის შედეგად, შემცირდა მგზავრობის დროც.
სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის ივლისში დაიწყო და 2022 წლის ოქტომბერში დასრულდა.
სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობდა და მისმა ღირებულებამ 5 მილიონი ლარი შეადგინა.