ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, სიტყვის ნაცვლად, მოქმედებით დაადასტუროს, რომ პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
6 აგვისტო, 2022

ჩინეთი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, სიტყვის ნაცვლად, მოქმედებით დაადასტუროს, რომ პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის ფონზე. ეს განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ, აღმოსავლეთ აზიის სამიტის ფარგლებში, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ჩინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მსოფლიოს 160-მა ქვეყანამ დაგმო ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი, როგორც სერიოზული, დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო პროვოკაცია და გამოთქვა მხარდაჭერა ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ.
ნენსი პელოსი ჩინეთის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, 2 აგვისტოს მაინც ეწვია. საპასუხოდ ჩინეთი ტაივანის სიახლოვეს სამხედრო წვრთნებს მართავს.
ამასთან, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო, ჩინეთმა აშშ-სთან სამხედრო და კლიმატურ საკითხებში დიალოგი შეწყვიტა და ნენსი პელოსს კი, სანქციები დაუწესა.
ავტორი: სალომე თორაძე
