ჩინეთის პრეზიდენტმა არმიას საბრძოლო მზადყოფნისკენ მოუწოდა
21 სექტემბერი, 2022

ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია „კონცენტრირებული უნდა იყოს რეალური ბრძოლისთვის მზადებაზე“.
ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა და ქვეყნის ცენტრალური სამხედრო კომისიის ხელმძღვანელმა, სი ძინპინმა განაცხადა.
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, ასეთი ინსტრუქცია სახელმწიფოს მეთაურმა ეროვნული თავდაცვისა და სამხედრო რეფორმების სემინარის მონაწილეებს გაუგზავნა, რომელიც პეკინში გაიმართა.
ჩინეთის ლიდერის დავალებით, არმიის რეფორმის მიზნების მისაღწევად, გეგმა მკაცრად უნდა დაიცვან.
სი ძინპინის ბრძანება ტაივანის ირგვლივ ვითარების გამწვავების ფონზე გამოიცა.
ოთხშაბათს დილით, ჩინეთის საბრძოლო სარდლობის აღმოსავლეთ ზონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ში იიმ თქვა, რომ აშშ-სა და კანადის საზღვაო გემების ტაივანის სრუტეში გავლის შემდეგ, ჩინეთის ქვედანაყოფები მაღალ საბრძოლო მზადყოფნას ინარჩუნებენ. სარდლობის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარები წინააღმდეგობას გაუწევენ ყველა საფრთხეს და მზად არიან დაიცვან სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.