წიწვოვანი ხე-ბუჩქნარის მოპოვება-რეალიზაციის ფაქტებზე ჯარიმები გაიზარდა
წიწვოვანი ხე-ბუჩქნარის მოპოვება-რეალიზაციის ფაქტებზე ჯარიმები გაიზარდა. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარის მოსპობა და დაზიანებისთვის ჯარიმა 1.000 ლარია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ტყის უკანონო მოპოვება-რეალიზაციაზე სულ დაჯარიმებულია 3.500-მდე პირი.
"შეიძლება წიწვოვანი მცენარე მოპოვებული იქნეს კერძო საკუთრებაში, სანერგე და პლანტაციურ მეურნეობებში. ბუნებრივ ნაძვის ხეს, აუცილებლად, თან უნდა ახლდეს მისი კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ცნობას ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი უწყება გასცემს," - აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე.
წიწვოვანი მცენარის უკანონოდ მოჭრა 1.000 ლარით ჯარიმდება, დაცულ ტერიტორიაზე წიწვოვანი მცენარის უკანონო მოჭრა - 1.500 ლარით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე - 500 ლარით. ნებისმიერ ამ ჯარიმას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანი.