CNN - რუსეთმა ირანული საბრძოლო დრონები შეიძინა და მათ გამოყენებას უკრაინასთან ომში გეგმავს
30 აგვისტო, 2022
აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთი ფლობს ირანულ საბრძოლო უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც ისინი, სავარაუდოდ, უკრაინაში გამოიყენებენ, - ინფორმაციას CNN-ი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიასთან საუბარში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსებმა დრონები მიმდინარე თვის დასაწყისში ირანის აეროდრომიდან წაიღეს და აგვისტოს შუა რიცხვებში სატვირთო თვითმფრინავებით რუსეთში გადაიტანეს.
აშშ-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთმა Mohajer-6, Shahed-129 და Shahed-191 ტიპის დრონები ოფიციალურად შეიძინა და, სავარაუდოდ, მათ უკრაინის ომში გამოიყენებს. CNN-ი განმარტავს, რომ აღნიშნულ უპილოტო საფრენ აპარატს მართვადი საბრძოლო მასალის გადატანა შეუძლია და მათი გამოყენება შესაძლებელია დაზვერვის განხორციელების მიზნითაც.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, რუს ოპერატორებს ირანში ჯერ კიდევ უტარდებათ წვრთნები უპილოტო დრონების გამოყენებაზე. აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსეთი ასობით დრონის იმპორტს გეგმავს.