ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს
29 ივლისი, 2022
ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. უცნობია, აღნიშნულებს შორის არის თუ არა პირი, რომელმაც ახალგაზრდას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.
დანაშაულში მონაწილე პირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს.
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, მცხეთის პოლიციის სამმართველოში იმ ახალგაზრდების გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომლებსაც მომხდართან დაკავშირებით სავარაუდოდ, ინფორმაცია ჰქონდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის - ნინო ვაშაკიძის შვილია.