დარღვევა საბაჟოზე - საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სასამართლომ ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით - 4.443.433 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფოს - 978 004 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
საბაჟო საწყობის ხელმძღვანელი პირები, კომპანიის კუთვნილ არასაბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს. ბრალდებულებმა, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოსატანად მოამზადეს 184 131 ლარის საბაზრო ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რომელიც სამართალდამცველებმა დროულად ამოიღეს.
პროკურატურამ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და 18-214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარუდგინა (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა), ხოლო იურიდიულ პირს - სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარუდგინა.
სასამართლომ ოთხივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ორ პირს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთ-ერთი მსჯავრდებული, ასევე ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ, ჯგუფურად ჩადენილი, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე და ამჟამად, ბრალდების საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კიდევ ერთ ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც ამ უკანასკნელს 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, 2 წელი კი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
რაც შეეხება იურიდიული პირს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საწარმოს სასჯელის სახედ 25 000 ლარი ჯარიმა და ლიკვიდაცია განესაზღვრა. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ მიმდინარეობს ხსენებული საწარმოს შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით