დასავლეთ ირანში ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავებული ქალის გარდაცვლებას საპროტესტო აქცია და არეულობა მოჰყვა
18 სექტემბერი, 2022
დასავლეთ ირანში ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავების შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ქალის დაკრძალვის დღეს საპროტესტო აქცია და არეულობა იყო. უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
საპროტესტო აქცია გარდაცვლილი მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქ საყეზში გაიმართა, რომელიც ირანის ქურთისტანის პროვინციაში მდებარეობს. გარდაცვლილი ახალგაზრდის დაკრძალვის ცერემონიაზე მოქალაქეები ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩავიდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დემონსტრანტები ანტისამთავრობო სლოგანებს სკანდირებენ. „სიკვდილი დიქტატორის“, – სკანდირებდნენ ისინი. აქციაში მონაწილე ზოგიერთმა ქალმა კი პროტესტის ნიშნად თავშალი მოიხსნა.
საპორტესტო გამოსვლა პროვინციის დედაქალაქ სანანდაჯში გავრცელდა, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდა მომიტინგეებმა საბურავები დაწვეს და პოლიციას ქვები ესროლეს. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც ის სამ დღეში გარდაიცვალა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალი ნაცემი იყო, რასაც უარყოფს ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო. პოლიციაში აცხადებენ, რომ ამინი შეუძლოდ გახდა, როდესაც ის სხვა დაკავებულ ქალებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იცდიდა.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო საპროტესტო გამოსვლები 16 სექტემბერს თეირანშიც გაიმართა.