დეიმონ ვილსონი - დიდებული იყო ქართველი ხალხის ნების ხილვა, რომ მათ სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ - ლიდერებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა განსაზღვრონ, როგორ განახორციელონ ქართველი ხალხის სურვილი
2 ივლისი, 2022
მე ვაკვირდებოდი 20 ივნისის მოვლენებს და ვნახე, რომ თბილისში შეკრებილი ადამიანები აცხადებდნენ: „ჩვენ გვსურს, ევროპის ნაწილი ვიყოთ, ჩვენი მომავალი ევროპაშია.“ არაჩვეულებრივი იყო ქართველი ხალხის ნების ხილვა, რომ მათ სურთ, ევროპის ნაწილი იყვნენ, - ამის შესახებ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დეიმონ ვილსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი ქართველი ხალხის გამო.
„ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, შევიტყოთ, როგორ განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური აქტორები ქართველი ხალხის ნებას, ევროპის ნაწილი იყოს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის გამო, მათი ძლიერი მხარდაჭერის გამო ევროპაში დემოკრატიული მომავლის მიმართ. ვფიქრობ, ლიდერებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა განსაზღვრონ, როგორ განახორციელონ ქართველი ხალხის სურვილი,“- აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.