დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - კიდევ ერთხელ განვმარტავ: ძველ სლავურ ენაზე საეკლესიო მსახურებას აღავლენენ რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, ჩეხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის ეკლესიებში
3 სექტემბერი, 2022

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"დღეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სკანდალის ძებნისა საეკლესიო წიაღში, ამჯერად [ტელეკომპანია] "მთავარი არხისგან", რომ "სვეტიცხოველში რუსული ლოცვა ისმოდა".
კიდევ ერთხელ განვმარტავ - ძველ სლავურ ენაზე საეკლესიო მსახურებას აღავლენენ: რუსეთის, უკრაინის, ბელარუსის, ჩეხეთის, სერბეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის ეკლესიებში.
დღეს მომლოცველები ბელარუსიდან არიან ჩამოსული. მათ თან ახლავთ ბულგარელი მღვდელი და დიაკონი, მონაწილეობას იღებენ ლოცვაში, ხვალ კი - მონაწილეობას მიიღებენ ლიტურგიაში.
საეკლესიო ტრადიციით, ეკლესიაში მოსულ სტუმრებს საშუალება ეძლევათ საკუთარ ენაზე წარმოთქვან ერთი ან რამდენიმე ლოცვა.
სვეტიცხოველში არ შეშვება კი, სავარაუდოდ, სიუჟეტის სიმძაფრისთვის დამატებული ეფექტია", - ნათქვამია განცხადებაში.