Der Spiegel - ევროკავშირში რუსეთის უმაღლესი წარმომადგენელი შესაძლოა დიპლომატიური საქმიანობის საფარქვეშ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდეს
გერმანული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირში რუსეთის უმაღლესი წარმომადგენელი, 48 წლის კირილ ლოგვინოვი შესაძლოა დიპლომატიური საქმიანობის საფარქვეშ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდეს. ამის შესახებ გამოცემა Spiegel-ი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს.
ლოგვინოვის საქმე უფრო ფართო ჟურნალისტური გამოძიების, Espiomats-ის ნაწილს წარმოადგენს. Espiomat-ი დიპლომატიური საქმიანობის საფარქვეშ მომუშავე რუს ჯაშუშებს სწავლობს. Spiegel-თან ერთად ამ პროექტზე ბელგიური De Tijd, შვედური Expressen, ესტონური Delfi, ლიეტუვური LRT, პოლონური VSquare და Frontstory, სლოვაკური ICJK და რუსი ემიგრანტების მიერ დაარსებული „ცენტრი დოსიე“ მუშაობენ.
2010-2014 წლებში კირილ ლოგვინოვი ბერლინში რუსეთის საელჩოში მუშაობდა, 2018 წლიდან კი ის, როგორც დიპლომატი, ბრიუსელშიа აკრედიტებული. მას შემდეგ, რაც შარშან რუსეთის ბოლო ელჩმა ევროკავშირი დატოვა, ლოგვინოვი წარმომადგენლობის დეფაქტო ხელმძღვანელი გახდა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ბელგიური სპეცსამსახურები ეჭვობენ, რომ ლოგვინოვი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურზე (СВР) მუშაობს.
ლოგვინოვის მიმართ ეჭვები შარშან გაჩნდა. პირველად ის EU Observer-ის მასალაში იყო მოხსენიებული, რომელიც შესაძლო რუსი აგენტების საქმიანობას ეხებოდა. პუბლიკაციის შემდეგ, პარლამენტმა ლოგვინოვსა და ევროკომისიის თანამშრომლებს შორის შესაძლო კავშირების გამოძიება დაიწყო, თუმცა, ევროკომისიაში ასეთი კავშირების არსებობას უარყოფდნენ.
ჟურნალისტური გამოძიების ავტორებთან საუბარში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა მარტინ ჰოისიკმა გაკვირვება გამოხატა იმით, რომ ლოგვინოვი ჯერ კიდევ არ გაუძევებიათ ბრიუსელიდან.