დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება
28 ივლისი, 2022
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რუსეთ-უკრაინის ომის მორიგ სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება.
მათივე ცნობით, ქალაქი ხერსონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებს მოწყვეტილია, რომლის დაკარგვაც რუსული მხარის მცდელობებს ძირს უთხრის, რომ ოკუპაცია წარმატებულად გამოაცხადოს.
„უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო მატულობს. მათმა ძალებმა დიდი ალბათობით, მდინარე ინგულეცის სამხრეთით შექმნეს ხიდი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ჩრდილოეთ საზღვარს ქმნის. უკრაინამ მათი ახალი, შორ მანძილზე მოქმედი არტილერია გამოიყენა, რათა მდინარე დნეპრის გადაღმა სულ მცირე, სამი ხიდი დაეზიანებინა, რომელსაც რუსეთი მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მომარაგებისთვის ეყრდნობა. ერთ-ერთი ასეთია, ანტონოვსკის ხიდი ქალაქ ხერსონთან ახლოს, რომელიც გასულ კვირას დაზიანდა. უკრაინამ მას 27 ივლისს ხელახლა დაარტყა და ახლა დიდი ალბათობით, გადასასვლელი გამოუსადეგარია. რუსეთის 49-ე არმია მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზეა განლაგებული და ახლა, ძალიან დაუცველად გამოიყურება. ანალოგიურად, ქალაქი ხერსონი, რუსეთის მიერ ოკუპირებული პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი, ახლა სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს თითქმის სრულად არის მოწყვეტილი. მისი დაკარგვა ძირს უთხრის რუსეთის მცდელობებს, რომ ოკუპაცია წარმატებულად წარმოაჩინოს“, - ნათქვამია განცხადებაში.