დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „რეფერენდუმების“ დადებითი შედეგების შემთხვევაში, რუსეთი საკუთარ მიწებზე თავდასხმად განიხილავს უკრაინის მცდელობებს, დაიბრუნოს დონბასი და სხვა ტერიტორიები
23 სექტემბერი, 2022
უკრაინის ოკუპირებულ ოლქებში „რეფერენდუმების“ დადებითი შედეგების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინის მცდელობებს, დაიბრუნოს დონბასი და სხვა ტერიტორიები, განიხილავს როგორც თავდასხმას თავის მიწებზე. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„უპირობოდ“, – ასე უპასუხა პესკოვმა შესაბამის შეკითხვას.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივნის თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღწევის შემდეგ, ამ ტერიტორიებზე ამოქმედდებდა რუსეთის კონსტიტუცია.
დღეს სეპარატისტულ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ნაწილებში დაიწყო ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. „ხმის მიცემა“ 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები ე.წ. რეფერენდუმებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
ავტორი - ქეთი ჩოხელი