DW - გერმანია საამიროებისგან თხევად ბუნებრივ გაზს მიიღებს
25 სექტემბერი, 2022
გერმანიასა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] მიწოდებაზე შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას DW ქვეყნის სახელმწიფო სააგენტო WAM-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეთანხმებას ხელი აბუ-დაბიში, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და საამიროების პრეზიდენტ მუჰამად ბინ ზაიდ ალ-ნაჰაიანის შეხვედრის დროს მოეწერა. ენერგეტიკის სექტორში ახალი შეთანხმების ფარგლებში, გერმანული კომპანია RWE 137 ათას კუბური მეტრის მოცულობის LNG-ის მიღებას უზრუნველყოფს.
გერმანიისთვის, როგორც რუსულ გაზზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყნისთვის, ახალი მიმწოდებლის პოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი Nord Stream-ის გაჩერების შემდეგ გახდა.
კერძოდ, ომამდე გერმანია საკუთარი მოხმარებული გაზის დააახლოებით 55% მოსკოვიდან ყიდულობდა, მოცულობის გაზრდის მიზნით კი Nord Stream 2-ის ამუშავებას გეგმავდა.
შოლცი შეხვედრებს გერმანიის ბიზნესის იმ წარმომადგენლებთან ერთად მართავს, რომლებიც განსაკუთრებით ზარალდებიან ამ ზამთარს გაზის დეფიციტით. ვიზიტის ფარგლებში კანცლერი საუდის არაბეთის პრინცს მოჰამედ ბინ სალმანსაც შეხვდა.
როგორც შოლცმა ჟურნალისტებს უთხრა, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიცირება და მხოლოდ ერთ წყაროზე დამოკიდებულება “ნამდვილად აღარ განმეორდება”.
ავტორი - მარიამ ვარადაშვილი