ექიმებისა და ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება

ამბები/ წყარო: commersant.ge
ექიმებისა და ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება
ამბებიწყარო: commersant.ge

ექიმებისა და ავტომფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება

29 ივნისი, 2022

erimedia_ravk/x7oiDlqng.png

ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება აუცილებელია, ეს სადაზღვევო სექტორის განვითარებას, ასევე პაკეტების გაძვირების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ დაზღვევის ექსპერტები საუბრობენ და მიუთითებენ იმ ორ სახეობას, რომელშიც სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება პირველი რიგის აუცილებლობაა. ესაა ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირის მიმართ და ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, სადაზღვევო კომპანიები კერძო სტრუქტურები არიან და წაგებაზე ვერ იმუშავებენ. ამიტომ, თუ ფასების ზრდაა ჯანდაცვის სფეროში, ტარიფებს სადაზღვევოებიც გადახედავენ და თავად გადაწყვეტენ, ზრდა იყოს 5, 10 თუ 15%-იანი.

„ბბ დაზღვევის“ გენერალური დირექტორის კოტე სულამანიძის განცხადებით, თვითღირებულების გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ რამდენად გაიზრდება ბაზარი. მისი შეფასებით, თუ ქვეყანაში შემოვა სავალდებულო დაზღვევა, ბაზრის მოცულობა გაიზრდება, მოცულობის ზრდასთან ერთად კი სადაზღვევო კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, ფასები დასწიონ.

„სამწუხაროდ, მოცულობის ზრდა ჯერჯერობით ვერ განხორციელდა, რადგან სავალდებულო დაზღვევები ისევ არ გვაქვს საქართველოში, ვგულისხმობ ძირითად სავალდებულო დაზღვევას ავტოსატრანსპორტო საშუალებების კუთხით. ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ ბაზარზე ფასები გაიზრდება და თუ არ გაიზრდება, გაიზრდება ფრანშიზები, რითაც დაკომპენსირდება ფასების არ მომატება,“ – განაცხადა კოტე სულამანიძემ.

ესპანეთის დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ვიქტორ გარსია კალიეს განცხადებით, საქართველოში ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა განვითარებული არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. მისივე შეფასებით, საჭიროა, ქვეყანაში რაც შეიძლება მალე სავალდებულო დაზღვევაც ამოქმედდეს.

დავით ონოფრიშვილი ადასტურებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე სავალდებულო პროდუქტზე. ერთია ექიმთა სავალდებულო დაზღვევა და მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომლის კანონპროექტი მუშავდება და მისი განხილვა პარლამენტში სავარაუდოდ შემოდგომისთვის დაიწყება.

როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა განაცხადა, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია ევროკავშირის ექსპერტებისა და მსოფლიო ბანკის მონაწილეობით. როდის ამოქმედდება აღნიშნული დაზღვევა ქვეყანაში, ვადებს ხეჩინაშვილი ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ასეთი დაზღვევის ამოქმედების აუცილებლობა დღის წესრიგში დგას.

ამასთან, ხეჩინაშვილის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიებს ეს პროდუქტი აქვთ და ქვეყანაში უკვე ათასობით ექიმს აქვს ის შეძენილი.

პროდუქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, როდესაც საექიმო შეცდომის გამო პაციენტს ჯანმრთელობა უზიანდება, სადაზღვევო კომპანია, სადაც ექიმია დაზღვეული, დაზარალებულს ზარალს უნაზღაურებს. ეს ზარალი შეიძლება იყოს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარების გამოსწორებისთვის საჭირო მკურნალობა და მედიკამენტები, შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში კი მომავალში მისაღები შემოსავლის ანაზღაურება. ასევე კომპენსაცია ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, რაც ექიმის გადაცდომის შედეგად დადგა.

„მსოფლიოში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სხვადასხვა მოდელი არსებობს. საქართველოსთვის რა მოდელი უნდა ამოქმედდეს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და ეს რთული საკითხია. მსგავსი დაზღვევის პრინციპია, პაციენტის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაუროს მომავალში მის მიერ მისაღები შემოსავლები, მკურნალობის ხარჯები, მორალური ზიანი და ა.შ. რამდენად შეესაბამებოდა ექიმის ქმედებები არსებულ გაიდლაინებს, უნდა დადგინდეს სასამართლოს ან პროფესიული გაერთიანების მიერ. ეს უკანასკნელი კი საქართველოში ძალიან გაუმართავია და ამ მიმართულებითაც ბევრი მუშაობაა საჭირო. თუმცა, როდესაც სავალდებულო დაზღვევის სისტემა ამოქმედდება, ექიმი ბევრად დაცულად იგრძნობს თავს და პროფესიულ საქმიანობასაც უფრო სტაბილურად და ხარისხიანად გააგრძელებს,“ – აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიები ექიმებს სთავაზობენ შესაძლო რისკებისგან დაზღვევას მცდარი სამედიცინო ქმედების შემთხვევაში.

ექიმის პასუხისმგებლობის დაზღვევა მედიკოსს იცავს ლიცენზიის შეჩერებით ან ჩამორთმევით გამოწვეული შემოსავლის დაკარგვისგანაც.

იფარება პაციენტის ჯანმრთელობის გართულების ან გარდაცვალების გამო დაკისრებული დამატებითი მკურნალობის ან კომპენსაციის გაღების ვალდებულება მიუხედავად ექიმის ბრალეულობისა, საჩივრის წინააღმდეგ თავის დასაცავი ხარჯები.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო