ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამას 1 338 გამარჯვებული ჰყავს
30 აგვისტო, 2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას 1 338 გამარჯვებული ჰყავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.
„სულ ფინალურ ეტაპზე 3 700 აპლიკანტი გადავიდა, საიდანაც 1 338-მა გაიმარჯვა. პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პროგრამის გრანტის მოცულობა წელს 30 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულ რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი) საგრანტო თანხა 40 000 ლარი იყო.
პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხამ გრანტის თანხის არანაკლებ 20% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 10%. არსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, ბენეფიციარის თანამონაწილეობამ გრანტის თანხის არანაკლებ 50% უნდა შეადგინოს, მაღალმთიან დასახლებებში კი არანაკლებ 25%. პროგრამაში გამარჯვებული ბენეფიციარი ვალდებულია გრანტის თანხის მიზნობრიობა შემდეგნაირად განსაზღვროს-კაპიტალური დანახარჯები არანაკლებ 90%, საბრუნავი საშუალებები არაუმეტეს 10%. პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდება. 2015 წლიდან 2021 წლის ჩათვლით მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 6 901 პროექტი დაფინანსდა, ინვესტიციების რაოდენობამ კი 78 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.