ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ ძალის გამოყენება სომხეთის ან აზერბაიჯანისთვის გამოსავალი ვერ იქნება, დიალოგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს
26 სექტემბერი, 2022
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის აღდგენაა საჭირო. ამის შესახებ მან პარიზში, ელისეის სასახლეში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საფრანგეთი დარწმუნებულია, რომ ძალის გამოყენება სომხეთის ან აზერბაიჯანისთვის გამოსავალი ვერ იქნება და რომ დიალოგი რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს. მრავალი კითხვა, რომელიც პასუხს საჭიროებს, მხოლოდ მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ის აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან საუბარს გეგმავს. როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, შეუძლებელია მშვიდობის შენება და ამავე დროს, ძალის გამოყენების მუქარა.
„პრეზიდენტი ალიევი, რომელსაც მე დაველაპარაკები უახლოეს რამდენიმე საათში, ამბობს, რომ სურს რეგიონული არასტაბილურობის დასრულება და გამოსავლის პოვნა. თუმცა, შეუძლებელია მშვიდობის შენება და ამავე დროს, ძალის გამოყენების მუქარის გაგრძელება. სწორედ ამიტომ, საფრანგეთი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, სტაბილური, უსაფრთხო და აყვავებული კავკასიისთვის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.