ენტონი ბლინკენი - აშშ-ს აქვს სამოქმედო გეგმა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში
26 სექტემბერი, 2022
რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს აქვს სამოქმედო გეგმა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „CBS“-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბლინკენის თქმით, ვაშინგტონს ჰქონდა მოსკოვთან კონტაქტი ბირთვული იარაღის საფრთხესთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია რუსეთმა გააცნობიეროს, რომ შედეგები უმძიმესი იქნება.
ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ რუსეთი შეწყვეტს ბრძოლას - დასრულდება ომი, ხოლო, თუ უკრაინა შეწყვეტს ბროძლას - დასრულდება უკრაინა.
"ჩვენ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინისგან ბევრი უპასუხისმგებლო რიტორიკა მოვისმინეთ. თუმცა, ჩვენ ყველანი ორიენტირებულნი ვართ იმაზე, რომ პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ამგვარ რიტორიკას ეხება. პუტინისთვის ნათელი გამოსავალი ამ ომიდან, რომელიც დაიწყო, არის ის, რომ მან ეს ომი დაასრულოს. ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება - იმ ქვეყნისთვისაც, რომელიც მას იყენებს და მრავალი სხვა ადამიანისთვისაც.
პრეზიდენტმა ბაიდენმა გადაწყვიტა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინელების დასახმარებლად, რომ მათ თავი დაიცვან. ჩვენ ასევე ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნები რუსეთზე ზეწოლისთვის გავაერთიანოთ. ჩვენ ასევე გვსურს, რომ ეს ომი არ გაფართოვდეს“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.